"ჩემი მოკვლა ეგეთი მარტივი არ არის და არც რუსების ხელით ვგეგმავ სიცოცხლის დასრულებას" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი 22 წლის ქართველი? - კვირის პალიტრა

"ჩემი მოკვლა ეგეთი მარტივი არ არის და არც რუსების ხელით ვგეგმავ სიცოცხლის დასრულებას" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი 22 წლის ქართველი?

უკვე 3 თვეზე მეტია მსოფლიო რუსეთის ომს შეჰყურებს უკრაინაში, 100 დღეზე მეტია უდანაშაულო ადამიანები რუსეთის მარწუხების ქვეშ ასრულებენ სიცოცხლეს. ომში წვლილი ყველა ქვეყანას შეაქვს და არც საქართველოა გამონაკლისი. ჰუმანიტარული დახმარება, მორალური და ფიზიკური მხარდაჭერა ეს ის მინიმუმია, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო. ომში ქართველებიც წავიდნენ და საკუთარი სიცოცხლე ოკუპანტებთან ბრძოლისთვის სასწორზე დადეს.

22 წლის ზურა კეკელიძე ერთ-ერთი პროექტის დამფუძნებელია და საქართველოში ძირითადად, სამხედრო სამოქალაქო საქმიანობის, აღჭურვილობისა და თავდაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. დღეს უკრაინაში უცხოური ლეგიონის წევრია და საკუთარი ღირსებით უკრაინის მხარეს იბრძვის. ზურას ხმა უკრაინაში მივაწვდინეთ და ომის პირობებში ინტერვიუც ჩავწერეთ.

- ზურა, როგორ აღმოჩნდი უკრაინაში?

- უკრაინაში მარტის ბოლოს წამოვედი, მაშინ სხვა გუნდთან ერთად ვმუშაობდი, აპრილში 10 დღით დავბრუნდი საქართველოში და აპრილის ბოლოს ისევ აქ წამოვედი. ახლა, თვეზე მეტია უკრაინაში ვარ.

ვერ გაგიმხელთ, რომელ ტერიტორიაზე ვართ და ვერც იმას გეტყვით, რამდენი ქართველი ვართ ჯგუფში. შემიძლია გითხრათ, რომ ჯგუფში ქართველების გარდა, ამერიკელები, ავსტრალიელები, ფრანგები და სხვა ეროვნების მამაკაცებიც არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს დებენ სასწორზე იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვათ მტრისგან.

ფრონტის ხაზზე სიტუაცია ნამდვილად რთულია, საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიდის ყველა ლოკაციაზე, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის მიმართულებით დონეცკისა და ლუგანსკის მხარეს, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელები გარკვეულ წარმატებას აღწევენ აღმოსავლეთის მხარეში. ალყა, სავარაუდოდ დონეცკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნელ-ნელა იხსნება და დონეცკის დაიბრუნებს უკრაინული მხარე, ვეხმარებით საერთაშორისო უცხოური ლეგიონი, მათი ნაწილიც ვარ მე.

zura-4-1654976585.jpg

- რამდენი ხანი დარჩები უკრაინაში, ომის დასრულებამდე ?

- განსაზღვრული მაქვს, რომ ომის დასრულებამდე აქ ვიქნები, ბევრი საქმეა გასაკეთებელი. სხვადასხვა ტერიტორიაა, სადაც ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩემი როლი უკრაინაში სამოქალაქო პირების გაწვრთნა იყო, რასაც ძირითადად, მარტის პერიოდში ვაკეთებდი. ახლა ვიცი, იქამდე დავრჩები, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ეს ქვეყანა უსაფრთხოდ იქნება და რუსული გავლენები მინიმუმამდე შემცირდება უკრაინაში.

- მოგვიყევი როგორი სიტუაციაა მანდ, რას ამბობენ ომზე და შედეგებზე?

- არ არის სასიამოვნო სიტუაციაა, ორივე მედია, დასავლურიც და რუსულიც რაღაცებს აჭარბებს, განსაკუთრებით, რუსული. ომი უკვე სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს, ბევრი სამოქალაქო პირია დაღუპული, ასევე ძალიან ბევრი სამხედრო მოქალაქე დავკარგეთ. ის, რაც ხდება, ერთი დიდი ტრაგედიაა, რომლის დამწყები და მთავარი დირიჟორი არის რუსეთი და სანამ ამ ბოროტებას ბოლო არ მოეღება, მანამდე გაგრძელდება ეს ქაოსი უკრაინის ტერიტორიაზე.

zura-1-1654976617.jpg

უკრაინელი ხალხის მოტივაცია ძალიან მაღალია, არ ფიქრობენ იმაზე, რომ რუსეთს ერთი მეტრი მიწა მაინც დაუთმონ, ყველა კონცენტრირებულია იმაზე, რომ ომი მოიგონ ნებისმიერ ფასად. არავინ აპირებს რაღაც ტიპის მოლაპარაკებაზე წასვლას, ტერიტორიის ნაწილის დათმობას, 5-6 წელი მშვიდობიანად ცხოვრებას და შემდეგ ისევ ომს. აპირებენ ბოლომდე იბრძოლონ. ყველას ერთი და იმავე აზრი აქვს, რუსეთი აგრესორია და ამას ბოლო არ მოეღება, სანამ უკრაინა ამ ომში არ გაიმარჯვებს.

zura-5-1654977738.jpg

- შენს წასვლაზეც ვისაუბროთ, რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს როდესაც უთხარი, რომ უკრაინაში მიდიოდი?

- პირველ წასვლაზე გავიპარე, ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, რომ მივდიოდი, ოჯახის წევრებს წასვლის წინა დღეს ვუთხარი. ინერვიულეს, მაგრამ იციან როგორიც ვარ, მე-5-6 კლასიდან ჯიუტი და თავნება ვიყავი, დღემდე ასეა, თუ რაღაც მინდა, ვაკეთებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს. ახლაც ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი, თითქოს ეს იყო ჩემი შინაგანი მოთხოვნილება. ვიცოდი, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა წასვლა და ხალხის დახმარება.

ახლა რაც ხდება, ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ეს არის ჩვენი ომიც და აქ იბრძვიან ქართველი ბიჭებიც. მაქვს იმის გონებრივი და ფიზიკური რესურსი, რომ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გავუწიო. მეგობრებმა წამოსვლის წინ გამომიტირეს, თუმცა რომ ნახეს, პირველი წასვლის შემდეგ მშვიდად დავბრუნდი, იფიქრეს, მეტი აღარ მოუნდება წასვლაო. მეორე წამოსვლა უფრო ემოციური აღმოჩნდა. ოჯახსაც გაუჭირდა კიდევ ერთხელ ამის გადატანა. დედაჩემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში თავი ბედნიერად ვიგრძნო და არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ წერტილში ვიქნები, თუნდაც ეს იყოს ომი. დედაჩემი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეშინია რაიმე არ დამემართოს. ჩემი მოკვლა ეგეთი მარტივი არ არის და არც რუსების ხელით ვგეგმავ სიცოცხლის დასრულებას.

zura-2-1654976653.jpg

- რაიმეს ხომ არ ეტყოდი ჩვენს მკითხველს, იმედის მომცემს, ევროპის შუაგულიდან?

- იმედის მომცემი ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ომმა ძალიან ნათლად გამოკვეთა თეთრი და შავი. თუ ვინმეს რაიმეს გარჩევა უჭირდა, მათთვისაც ყველაფერი მარტივია - ან დგახარ უკრაინის მხარეს, ან დგახარ ბოროტებისკენ, იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც მხარს უჭერენ ხალხის გენოციდს, უდანაშაულო მოსახლეობის დახოცვას და ასე შემდეგ, თუმცა კარგი ის არის, რომ დღეს მსოფლიო უფრო ერთიანი გახდა. ვიბრძოდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, რომელთაც ძალიან კომფორტული ცხოვრება ჰქონდათ თავიანთ ქვეყანაში და ომისთვის ყველაფერი დათმეს.

სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც ამერიკაში, ბრაზილიაში თავიანთ კომფორტულ ცხოვრებას გვერდით გადადებენ და სხვის მიწაზე იმისთვის ჩავლენ, რომ თავისუფლების იდეა დაიცვან თავიანთი სიცოცხლის ფასად, მანამდე ბოროტების გამარჯვების შანსები ძალიან დაბალი იქნება. ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ბრძოლის პატივი მქონდა და მაქვს. სამწუხაროდ, ოპერაციებზე არაერთი კარგი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ, იყო რთული მომენტებიც, თუმცა ომში უკრაინა გაიმარჯვებს და საბოლოოდ ისეთ რუსეთს ვნახავთ, როგორსაც იმსახურებს საკუთარი ქცევებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და მე გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)