"საქართველოს სტატუსის მიღების შანსი მაინც დიდი აქვს..." - კვირის პალიტრა

"საქართველოს სტატუსის მიღების შანსი მაინც დიდი აქვს..."

„თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი“

გასულ კვირას ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ იმსჯელეს, შედეგად კი, შეძლება ითქვას, უკიდურესად კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ლაპარაკია სასამართლო სისტემის პრობლემებზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესების განხილვას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც, როგორც რეზოლუციაში ჩაიწერა, კავშირები აქვს კრემლთან და „დესტრუქციულ როლს“ თამაშობს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში. ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა განაცალკევეს უკრაინისა და მოლდოვის მკაფიო მხარდაჭერისგან და განაცხადეს, რომ იმავე სტატუსის მისაღებად საქართველოსთან სამუშაოა. სამწუხაროდ, რეზოლუციას მმართველი გუნდისგან ადეკვატური განცხადებების ნაცვლად ისევ ყველაფრის ოპონენტებისთვის გადაბრალება და ევროპარლამენტის კრიტიკა მოჰყვა. "ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მთლიანად გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა. მიმაჩნია, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ. არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ ღირს იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ," - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ევროპარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს. როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები, იხურება თუ არა „შესაძლებლობის ფანჯარა“ საქართველოსთვის, ანუ უარს გვეტყვიან თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე? - გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე:

polit-1655030290.jpg

- რთული სათქმელია, როგორია საქართველოს ხელისუფლების განზრახვა და მოტივაცია, მაგრამ საქართველოს შანსი ჯერჯერობით მაინც დიდი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის განწყობა აშკარად კონსტრუქციულია. ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, რომ საჭიროა ერთგვარი მოტივაცია, რისთვისაც შესაძლოა კრიტიკული რეზოლუციის მიღება აღმოჩნდეს საკმარისი.თუ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ შეუძლია ევროპული კურსიდან გადახვევა, მიიჩნია, რომ ევროპის კავშირში თავისი პირობებით შეძლებს გაწევრებას, ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. ევროკავშირი მშვენივრად ხვდება, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მაღალი არ არის, მაგრამ პოლიტიკური ნების გამო მაინც გვიწვდიან დახმარების ხელს, თუმცა თუ ამ პოლიტიკურ დახმარებაზე სათანადო პოზიტიური პასუხი არ გავეცით, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოსთვის ეს შანსი დაიკარგება. ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება, თუ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი - არა. ეს იქნება უიმედობის და უპერსპექტივობის დასაწყისი, რამაც შეიძლება ვითარება როგორც საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე - ქვეყნის შიგნით გააუარესოს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ რეზოლუციაში არაერთი უზუსტობაა და ამას ოპოზიციას აბრალებენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თვითონ რას აკეთებენ, რატომ არ იმუშავეს ევროპელ პარტნიორებთან სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად? აქვე გავიხსენებ პრეზიდენტის განცხადებას, ვგეგმავდი ევროპაში დამატებით ვიზიტებს, მაგრამ მთავრობიდან უარი მითხრეს და დამარწმუნეს, ყველაფერი გავაკეთეთ კანდიდატის სტატუსისთვის და აღარ არის საჭირო ზედმეტი აქტიურობაო... რასთან გვაქვს საქმე, რა თამაშს თამაშობს "ქართული ოცნება"?

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს უკვე დიდი ხანია ნაკისრი აქვს ვალდებულება, ქვეყანაში გატარდეს საფუძვლიანი სასამართლოს რეფორმა და შეწყდეს ჟურნალისტების დევნა. ეს არ არის გუშინ დაწყებული პროცესი. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ არსებობდა ეს მოთხოვნები, მაგრამ ჩვენივე შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი არის არაევროპული. მსგავსი პოლიტიკური ქცევა ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სურვილი, პრეტენზია, შესაძლებლობა და თვითრწმენა, რომ უნდა დაემსგავსოს ევროპულ ქვეყნებს, გაუგებარია ხელისუფლების ამგვარი მოქმედება. ერთ რამესაც დავამატებ: საქართველოს ხელისუფლება რეფორმების გატარებას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ცდილობდეს, რომ ევროკავშირში გაწევრდეს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი გზა, რომელიც სახელმწიფოს, საზოგადოებას, ბიზნესს, მოქალაქეებს მოუტანს უსაფრთხო გარემოს, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება. თუკი მაინც დაირღვევა ვინმეს უფლებები, სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მოქალაქის ბედი არ იქნება დამოკიდებული ოლიგარქიული მმართველობის კეთილ ნებაზე.

- თქვენ ახსენეთ, რომ ამგვარ პოლიტიკას ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს, რისი მოტივიც, ერთი მხრივ, არის ის, რომ ხელისუფლების აზრით, ამგვარად ძალაუფლების შენარჩუნება უფრო იოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბოლო დროს გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა "ქართული ოცნების" საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხომ არ არის განპირობებული მართლაც რუსეთთან მათი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირით?

- მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ლეგიტიმაციის წყაროდ მიიჩნევს არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ ერთი ადამიანის ნებას და ეს ერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან მართავს სახელმწიფოს. დიდი ხანია, ამ დასკვნამდე აქაც და უცხოეთშიც ბევრი ადამიანი მივიდა: პოლიტიკოსები, ექსპერტები, მოქალაქეები... ეს ყველაფერი სახიფათოა დემოკრატიისთვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელია, ლეგიტიმაციის წყარო იყოს საზოგადოება, მით უფრო - ქვეყნის საგარეო კურსის თვალსაზრისით... დღეს საქართველოს საგარეო თუ საშინაო კურსი წყდება იმის მიხედვით, რა სურთ დახურულ კარს მიღმა და რა სურს საქართველოს ხელისუფლებას, ამის განმაპირობებელი არის არა ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რამდენიმე ადამიანის ნება, განზრახვა და ხედვა. ეს არის გადაწყვეტილების მიღების ყოვლად არადემოკრატიული პროცესი. საზოგადოება, პრაქტიკულად, გამოთიშულია პროცესებიდან და ამას დიდწილად ხელს უწყობს ხელისუფლება, რადგან საზოგადოებას ხშირად არ აწვდის საჭირო ინფორმაციას, ან აწვდის დამახინჯებით, თანაც საზოგადოების სახელით ისე ლაპარაკობს, რომ მისი დიდი ნაწილის მარგინალიზაციას ახდენს; ამბობს, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება, რომ ყველა, ვინც მათსავით არ ფიქრობს, მტერია და ა.შ.

ამგვარი მოქმედებები ქმნის ჩიხს, ხიდჩატეხილობასა და ელიტიზმს, როდესაც რამდენიმე ადამიანის ნება, ხედვა შეიძლება საკმარისი იყოს სახელმწიფოს სახელით გადაწყვეტილების მისაღებად. მეტსაც გეტყვით - ამ პროცესს კარგად ასახავს ფრაზა: სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, მითვისება. ეს შეიძლება მოხდეს პარტიის, კომპანიის, კერძო ადამიანის მიერ. ამ დროს სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კი აღარ მოქმედებს, არამედ მოქმედებს კერძო ადამიანის ან ჯგუფის ინტერესების შესაბამისად.

- პრემიერი ამტკიცებს, რომ თურმე არაფერია თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს...

- თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი. ჩვენ ასეთი შანსი ევროპასთან დაახლოების, შეიძლება აღარასდროს მოგვეცეს. შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ გაუქმდეს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, შეწყდეს ეკონომიკური დახმარებები. გაუცხოების პროცესთან ერთად ავტოკრატია გაძლიერდება, რის შეკავებასაც ამ ეტაპზე ქართველი ხალხი ევროპის, დასავლური ინსტიტუტების დახმარებით მეტ-ნაკლებად ახერხებს. ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც. წინა ხელისუფლების ცვლილება, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად იმანაც გამოიწვია, რომ იმჟამინდელმა ავტოკრატიულმა მმართველობამ შეაფერხა ქვეყნის ევროპული მომავალი. დასავლეთი მაშინაც ძალიან კრიტიკული იყო, განსაკუთრებით, სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, დიპლომატები მაშინაც ძალიან მკაცრად ლაპარაკობდნენ საქართველოში ავტოკრატიის საფრთხეზე. დღესაც იგივე პროცესებს ვხედავთ.

- "თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება", - ეს კი თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა რეზოლუციაზე საუბრისას.

- ასე ცდილობენ საკუთარი სიმხდალის ლეგიტიმაციას. საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის იდგა იდეაზე, რომ საკუთარი თავისუფლების და ინტერესების დასაცავად გაეღო ბევრი რამ, მათ შორის უსაფრთხოებაც. დღეს კი არარსებული კონფლიქტის საფრთხით გვაშინებენ, გამოდიან და აკეთებენ გაუგებარ განცხადებებს უკრაინაზე, ევროპარლამენტზე, ხელოვნურად ქმნიან ჰიპოთეზური ომის თავიდან აცილების რიტორიკას, ეს არის სიმხდალის და რუსეთთან მიტმასნების ლეგიტიმაციის მცდელობა. ისინი ცდილობენ ასე გაამართლონ არა მხოლოდ საკუთარი სიმხდალე, არამედ მოკავშირეების გადაგდების პოლიტიკაც. ომის დაწყება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიგიჟე იქნებოდა, ეს ყველა გონიერ ადამიანს ესმის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. თუ ვინმე რამეს ამბობდა ამაზე, ეს იყო ერთეული შემთხვევები და არანაირი გავლენა ამას ზოგად ვითარებაზე არ მოუხდენია.

"დათვს რომ ბაბაია უნდა დაუძახო", ეს რაციონალური საგარეო პოლიტიკა არ არის, ეს არის სიმხდალის პოლიტიკა.

-"თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!" - ეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მას არც პრემიერ-მინისტრი ჩამორჩა. "შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით - 300-მა ევროპარლამენტარმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა..." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

- მათთვის ღირსება და სამართლიანობა გადის იმ საზომზე, რასაც ჰქვია კონკრეტული ადამიანის, ოლიგარქის უფლებების დაცვა-არდაცვა... თუ ევროპელები ეტყოდნენ, რომ რა პრობლემაა, შეგიძლიათ ხელისუფლება მიიტაცოთ, კერძო ადამიანის ინტერესებს ემსახუროთ და მაინც გზა ხსნილი გექნებათ ევროკავშირისკენო, მაშინ ხომ დიდი სიხარულით დაუკრავდნენ ტაშს. მაგრამ დღეს რადგან ევროპელები ეუბნებიან, რომ უნდა მოიქცეთ ისე, როგორ ევროპულ სახელმწიფოს ხელისუფლებას შეეფერება, ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. მოკლედ, ეს რეზოლუცია მათი ღირსების საზომს შეეხო, ეს საზომი კი სახელმწიფო კი არა, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესებია...

-"დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორ შეაფასებთ "ქართული ოცნებისგან" ამ შანტაჟის ენას და როგორ შეიძლება აისახოს ეს ამ პროცესზე?

- ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომელთაც გავლენა აქვთ მთელ მსოფლიოზე, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე. თუ ეს მართლა ასეა და ამ ძალებს ყველაზე და ყველაფერზე აქვთ გავლენა, მაშინ გაუგებარია, როგორ არ არიან ეს ძალები ხელისუფლებაში?! ეს არასერიოზული განცხადებები, შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული, მაგრამ ამის გარდა, ეს არის წინდაუხედავი განცხადებების ციკლის გაგრძელება. პირზე რაც მოადგებათ, იმას ლაპარაკობენ, ოღონდ ეს გამიზნულია იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკურად გადარჩნენ. ამის მიღმა სახელმწიფოს ინტერესი არ ჩანს. საბოლოოდ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოიტანს. ამას ისმენენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები არიან... თანაც პრეცედენტის დონეზე ეს ყველაფერი ძალიან წააგავს მოლდოვის ყოფილი პრორუსი მთავრობის ხელმძღვანელის იგორ დოდონის, ლუკაშენკოსა და იანუკოვიჩის განცხადებებს.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკმაოდ გააკრიტიკა მთავრობა, თუმცა იმავე დროს ისევ განაცხადა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს...

- თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტს დისკრეციულად აქვს საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება, ეს განცხადება არასერიოზულია. თუ ამ უფლებაში ერევა პრემიერის აპარატი და ხელს გიშლის, ეს უკვე არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, შესაბამისად, უფრო აქტიური მოქმედებაა საჭირო. მეორე - თუკი ვინმეს სჯერა, რომ ნიკა გვარამიას გამო არ გვიშვებენ ევროკავშირში, წარმოდგენა არ ჰქონია პოლიტიკაზე. იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას საქმე არის ერთი შემთხვევა, არც მისი და არც სააკაშვილის საქმით ბევრი რამ არ იცვლება... როდესაც ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი და ერთსა და იმავე ბრალდების შემთხვევაში, ორი ადამიანიდან ერთი შეიძლება ციხეში ჩასვან, რადგან მისი პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონთ, მეორე კი გაათავისუფლონ, აი, ეს არის პრობლემა, თორემ იმაზე კი არ არის დავა გვარამია ან სააკაშვილი დამნაშავეები არიან თუ არა.

- ის, რომ "ქართული ოცნება" დღემდე ინარჩუნებს ძალაუფლებას უმეტესწილად ოპოზიციის სისუსტის შედეგია. ვერ მოხერხდა იმგვარი ძალის ან კოალიციის გამოჩენა, რომელიც მოახერხებდა ამომრჩევლის იმ ძალიან დიდი ნაწილის მიმხრობას, ვინც მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ არის ნეგატიურად განწყობილი და საკუთარ არჩევანს პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ ხედავს...

- გეთანხმებით, ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე, მას არ გააჩნია არანაირი კონცეფცია და მის მოქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ რეაქციული ხასიათი აქვს, ანუ რაღაც მოვლენა რომ ხდება, მხოლოდ ამას ეპასუხებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, ოპოზიცია ზეაქტიურია და ყველაფერი მისი ბრალიაო, ეს ასე არ არის, მეტიც, ოპოზიცია ძალიან პასიურია. ოპოზიცია რომ უფრო აქტიური ყოფილიყო, შეიძლება ხელისუფლება ბევრად უკეთესი გვყოლოდა. რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციისადმი საზოგადოების ნდობაა დაბალი. ჩვენ ისევ მოძველებულ სახეებს ვხედავთ, რომელთაც თავი პოლიტიკურად მოჭამეს, პრინციპები არა აქვთ და ა.შ. თუ ოპოზიციაში ვერ გაიგეს, რომ მხოლოდ ოპონენტის კრიტიკა საკმარისი არ არის და აუცილებელია ადამიანებს დაანახოს არსებულის ალტერნატივა, გაუჭირდებათ დააჯერონ ვინმეს, რომ ოპოზიციის გვერდით დგომა შეიძლება. ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემას შეიძლება დაერქვას განახლების უუნარობა...

- დასასრულ, მაინც როგორ ფიქრობთ, მთელი ამ პერიპეტიების გათვალისწინებით, რა ბედი ელის საქართველოს ევროპულ მომავალს?

- თუკი საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შემორჩა რაციონალური ხედვა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მან დეკლარირების დონეზე მაინც უნდა განაცხადოს, რომ გაიზიარებს რეზოლუციაში არსებულ შენიშვნებს და დაიწყებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვას. ამაზე უარის თქმა იქნება არა მხოლოდ ევროპული გზის უგულებელყოფა, არამედ ოფიციალურად ავტოკრატიის გამოცხადება. აქ მარტო ის პრობლემა არ დგას, რომ ევროპამ შეიძლება უარი გვითხრას, ამ რეზოლუციის დაგმობა იმის ნიშანია, რომ ჩვენი ხელისუფლება ავტოკრატიას ემხრობა, რა შემთხვევაშიც უფრო ინტენსიურად მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მიტაცება და მედიაზე ზეწოლაც გაძლიერდება.