„სამძიმარი კი არა, დროული დახმარება გვჭირდება“ - კვირის პალიტრა

„სამძიმარი კი არა, დროული დახმარება გვჭირდება“

გასულ კვირას უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის გამო თითქმის მთელი საგურამო დაიტბორა. წყალდიდობამ ძალზე დააზარალა მოსახლეობა - დატბორილია სარდაფები, ავტოფარეხები, ავტომანქანები, გზისპირა სურსათისა და ტანსაცმლის მაღაზიები. განადგურებულია სახლის სახურავები, ნათესები, ბოსტნები, ბაღ-ვენახები... დაიტბორა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე, რის გამოც თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მთელი თბილისი უწყლოდ დარჩა. უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისია, მაგრამ ჯერ უცნობია, აუნაზღაურებენ თუ არა ხალხს ზარალს. მოსახლეობა ეჭვობს, რომ უხვი ნალექი ხეტყის უკონტროლოდ ჭრისა და სხვა დარღვევების შედეგია.

"სახლის სახურავის შეკეთებაში თუ არ დამეხმარებიან, გზები მაინც მოაწესრიგონ"

ზეინაბ ნოქრიშვილი: - სტიქიამ სახლის სახურავი დამიზიანა, ახლაც ეზოში ყრია კრამიტის ნამტვრევები, წყალი ჩამოგვდის. ეზო, სარდაფი, ჭიშკარი და ღობე ერთიანად გაპარტახებულია. მერიაში რომ მივედი, განცხადება შემოიტანეო, მითხრეს. სახლის სახურავის შეკეთებაში თუ არ დამეხმარებიან, გზები მაინც მოაწესრიგონ. სტიქიამ უკვე გვაჩვენა თავისი ძალა და აუცილებლად განმეორდება. ყველაფერი გამიფუჭდა, ნარგავები და ნათესები მთლიანად წალეკა. ხილ-ბოსტნეულს ისეთი ფასი აქვს, ვფიქრობდი, ოჯახისთვის საკმარისს მაინც მოვიწევდი, მაგრამ წყალმა ერთიანად წაიღო. ხალხმა თავისით გამოიყვანა გზები ქუჩამდე, ისიც ამ ძლიერი წვიმის დროს ჩამოიშალა.

"გარშემო ტყე სულ გაჩეხილია და წყალს ვეღარაფერი აკავებს"

მიქაელ ბანცური: - თავსხმა წვიმა საათზე მეტხანს გაგრძელდა, თან საშინელი სეტყვაც დაერთო, რამაც ზედაზნის მთიდან შლამი და ქვა-ღორღი წამოიღო. ცენტრალურ გზაზე იმდენად აიწია წყლის დონემ, მანქანები მიცურავდნენ. საგურამოს ცენტრში შევარდნილმა წყალმა მაღაზიები იმდენად დააზიანა, მეპატრონეები იძულებული გახდნენ, დაეხურათ. ეს ადამიანები ბანკიდან გამოტანილი კრედიტით მუშაობდნენ, სტიქიის შემდეგ კი ყველაფერი გამოიტანეს და ნაგავში გადაყარეს. უმრავლესობას დაეტბორა ავტოფარეხები და მანქანები.

განსაკუთრებით ისინი დაზარალდნენ, ვისაც პირველ სართულზე ჰქონდათ კერძო ბიზნესი, სურსათის ან ტანსაცმლის მაღაზიები. ჩვენს კვების ობიექტსაც იგივე რომ არ დამართოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში მუხლამდე წყალში ვიდექი და წყალს კალაპოტს ვუცვლიდი. რამდენჯერმე ისეთი ძლიერი ნაკადით წამოვიდა, წავიქეცი.

თუ კიდევ ისე ძლიერ გაწვიმდა, აუცილებლად განმეორდება წყალმოვარდნა, რადგან გარშემო ტყე სულ გაჩეხილია და წყალს ვეღარაფერი აკავებს. ცენტრალური გზა გააკეთა სახელმწიფომ, მასთან დამაკავშირებელი გზები კი, საშველი რომ არ დაადგა, მოსახლეობამ გააკეთა კუსტარულად. წყალმა კი ამ კუსტარული გზებიდან ქვა და ღორღი წამოიღო. თუ კიდევ განმეორდება მსგავსი სტიქია, შეიძლება ტრაგედიაც მოხდეს. ბევრჯერ ვთხოვეთ გზების გაკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. ერთი გზა უშველის ამხელა დასახლებას?! არც გვერდზე სოფლები არიან კარგ დღეში... მაგრამ მარტო გზა ხომ არ არის, სანიაღვრე სისტემები არა აქვს და ამიტომაც შეიქმნა ამდენი პრობლემა. იმ დღეს ზედა უბანში ქორწილი იყო და თქეში რომ წამოვიდა, ისეთი ნიაღვარი და ქვა-ღორღი მოჰყვა, რომ შეშინებული ხალხი ღობეებ­ზე ახტებოდა. ქორწილში ვიღა გაჩერდებოდა...

wyaldidoba2-1655032308.jpg

"წლებია ვითხოვთ, მთავარ ქუჩასთან დამაკავშირებელი გზები მოაწესრიგონ და სანიაღვრე სისტემები გამართონ"

ლალი ბზიკაძე: - ზემოდან ნიაღვარი ისე მოდიოდა, სახლიდან ვერ გამოვდიოდით. ხვეწნა-მუდარით გაკეთებული მარნის სამანქანო გზა სტიქიამ სულ ჩამოშალა. ახლა ხელახლა უნდა დავიწყოთ აქეთ-იქით სირბილი, იქნებ როგორმე გაგვიკეთონ. მერე ვინ იცის, ბიუჯეტში როდის გაითვალისწინებენ და აღადგენენ... თუ გააკეთეს, ხომ კარგი, თუ არადა, ისევ ხალხმა საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთოს.

რამდენი წელია ვითხოვთ, მთავარ ქუჩასთან დამაკავშირებელი გზები მოაწესრიგონ და სანიაღვრე სისტემები გამართონ. მოსახლეობა იზრდება და სახლები შენდება. საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გაყვანაზე კი არც ფიქრობენ. ჩვენ თავად ვთხრით სანიაღვრეებს. კიდევ კარგად გადავრჩით, არადა, ყველაფერი გაპარტახდა: სარდაფები, ავტოფარეხები დაიტბორა, ნათესები განადგურდა. ეზოში იმხელა წყალი დადგა, ძაღლი თავის ლეკვებიანად დახრჩობას ძლივს გადავარჩინეთ. რამდენი ხანია ჩვენი კორპუსის სახურავიდან წყალი ჩამოდის, ახლა კი სტიქიამ უჭეროდ დაგვტოვა. რამდენი განცხადება გვაქვს დაწერილი, ვეხვეწებით მცხეთის მერიას, სრულად დაფინანსებას არ გთხოვთ, ნახევარში მაინც შემოგვეხიდეთ, რომ ღია ცის ქვეშ არ დავრჩეთ-მეთქი... გვეუბნებიან, დაგეხმარებითო, მაგრამ არაფერი იცვლება.

ცოტაც და, კორპუსი დაჯდება. აქ ოცზე მეტი ოჯახი ვცხოვრობთ. მარტო ერთი კორპუსი კი არა, უამრავია ასე, ნელი სიკვდილის მოლოდინში. სტიქიას ვინ შეაკავებს­?.. ამ ხნის ქალი ვარ და მსგავსი წარღვ­ნა არ მინახავს. ნიაღვარს იმხელა ლოდები მოჰქონდა, ვინმეს რომ დაჯახებოდა, უბედურება დატრიალდებოდა. იმ დღეს მანქანები წყლით შუამდე იყო დაფარული. წვიმა კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო, ქვემოთ ჩაგვიტან­და­. არავინ იცის, ხვალ-ზეგ რა იქნება. რა­მე რომ მოხდება, დამწუხრებული სახეებით­ დაიწ­ყებენ კამერების წინ საუბარს. სამძიმა­რი­ კი არა, დროული დახმარება გვჭირდე­ბა­...

როგორც საგურამოელები ამბობენ, ის, რაც დასახლებში ხდება, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის ბრალია. "სანამ სტიქიამ პრობლემები არ ამოატივტივა, მცხეთის მერია არაფერს იმჩნევდა. არც ახლა გვაქვს იმედი, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ. ზარალის დათვლა არ ნიშნავს პრობლემების მოგვარებას. ყოველ გაწვიმებაზე შიშით უნდა ვიყოთ. მერია გვპირდება, დაგეხმარებითო, მაგრამ ჯერ საქმე არ ჩანს", - ამბობენ საგურამოელები.

რას აპირებს მცხეთის მერია, ამის გარკვევას "კვირის პალიტრა" მცხეთის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან შეეცადა. მანამდე ის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციარული სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2016-2018 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვითხრა, დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე დაგვთანხმდა.

- უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

- მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემები საკმარისი არ არის.

- დიახ, სავარაუდოდ, დასამატებელი და გასადიდებელი იქნება. შესაბამისი სამსახური შეისწავლის, სად და რა რაოდენობით იქნება საჭირო.

ერთბაშად მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა ზედაზნის მიმართულებით არსებულმა სანიაღვრე სისტემამ, რადგან ტყიდან იმდენი ქვა-ღორღი წამოვიდა, არხი გაჭედა. არ ვიცი, რა ზომის სისტემა უნდა ყოფილიყო, რომ იმხელა ნალექი გაეტარებინა. ჯერ არ ვიცით, რა ოდენობის თანხა დასჭირდება ამას, ისევე, როგორც არ არის დათვლილი ის თანხა, რომლითაც მოსახლეობის დახმარებას შევძლებთ.

ამ ეტაპზე 30-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, მაგრამ ეს საბოლოო მონაცემები არ არის. ასე რომ, სტიქიამ გვაჩვენა, რომ დამატებითი არხები აუცილებელია.

- რასაც დიდი დრო დასჭირდება, არა?

- დროც და ბიუჯეტიც. თანხები სამომავლო ბიუჯეტში უნდა გავითვალისწინოთ... განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საგურამოს ზედა უბნებში, სადაც საავტომობილო გზებს ძირი აქვს გამოცლილი, რაც სასწრაფოდ მოსაგვარებელია. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ყველაფერს დრო და ფინანსები სჭირდება.

P.S. დრო და ფინანსები გასაგებია, მაგრამ მორიგი სტიქია თუ ტრაგიკულად დასრულდა, დროზე, ფინანსებზე და სხვა ბიუროკრატიულ დეტალებზე საუბარი დაგვიანებული იქნება.