"ვიღაცებს "მეორე ფრონტის" წყურვილი ახრჩობთ" - კვირის პალიტრა

"ვიღაცებს "მეორე ფრონტის" წყურვილი ახრჩობთ"

„იმედია, ევროპა არ დააგვიანებს, რადგან დაგვიანებული ევროპა რუსეთს ნიშნავს“

მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს არის საკითხი, რომელზეც ქვეყნის აწმყო და მომავალიც არის დამოკიდებული. პოეტი დათო მაღრაძე, რომელსაც ახლახან ჟურნალ Atelier-ის მთავარი პრიზი - "თანამედროვე პოეზია" ჟურნალის იუბილეზე მიენიჭა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გვესაუბრა.

- უპრიანი იქნება, თუ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ, იმიტომ, რომ ქვეყანა მხოლოდ აწმყოში კი არა, წარსულშიც არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. წარსულიდან თუ დავიწყებთ, ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოცემა სამართლიანი იქნება. ამის დასამტკიცებლად ჩვენი ისტორიიდან ერთი ფრაგმენტის გახსენებაც საკმარისია. მე-12 საუკუნის დასაწყისში, როდესაც გელათის აკადემია დაარსდა, მეფე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერდა, გელათის იდეა სხვად ათინად და მეორე იერუსალიმად არის ჩაფიქრებულიო. ათენი და იერუსალიმი ანტიკური კულტურისა და ქრისტიანული სულიერების ჰარმონიაა, რაც ევროპის რენესანსს დაედო საფუძვლად, მის აღორძინებას, რაც კაცობრიობის დიდი მონაპოვარია და მასთან მიახლოება, სულიერი ურთიერთობა ყველა ადამიანისთვის მიმზიდველია. თუ ქრონოლოგიურად ჩვენს ეპოქასთან უფრო დაახლოებულ პერიოდზე ვისაუბრებთ, ეს არის ერეკლეს ეპოქა - მისი გადაწყვეტილება იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მაშინდელი საქართველო იმყოფებოდა, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. საქართველოს სამეზობლო არ იცვლება, იგივეა, რაც ერეკლეს დროს იყო. ქვეყანას არჩევნის გაკეთება უწევდა რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებს შორის. რუსეთი კი მაშინ ოსმალეთის იმპერიას უპირისპირდებოდა. პეტრე პირველს ევროპაში ფანჯარა ჰქონდა გაჭრილი, გაცხარებული რეფორმები ჰქონდა, რომელიც ნაწილობრივ დასრულებული იყო. ასე ვთქვათ, ევროპიზირებულიც გახლდათ. იმპერიას იმპერატორი ეკატერინე განაგებდა. ერეკლეს გადაწყვეტილებასა და მის ვექტორს მოჰყვა მე-19 საუკუნე თერგდალეულებით, რომელიც სამი თაობისგან შედგება, სოლომონ დოდაშვილით იწყება და მისი მოწაფეებით - ნიკოლოზ ბარათაშვილითა და დიმიტრი ყიფიანით გრძელდება და ილია ჭავჭავაძე აგვირგვინებს. ყველა მათგანის საქმიანობა, სემინარიებისა და გიმნაზიების დაარსება, საგანმანათლებლო მოღვაწეობა, სწორედ თავისუფალ საქართველოს, დამოუკიდებელ, ევროპიზირებულ საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, რაშიც მხოლოდ გული და სული კი არ ჩადეს, სისხლიც ჩააქციეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა. ბევრი მათგანი შეეწირა კიდეც თავის საქმიანობას.

- ოღონდ სწორედ რეჟიმთან ბრძოლაში, არა?

- არავინ დაობს იმაზე, თუ რა ინტერესები ჰქონდა რუსეთს საქართველოში. ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა არაფერი, ისევე როგორც ის, რომ რუსეთი საქართველოს მეზობლად რჩება და ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონდა არხეინად ცხოვრების შესაძლებლობა. იმას ვგულისხმობ, რომ ორ უარესს შორის ოდნავ უკეთესი უარესის არჩევა შეგვეძლო გადარჩენისთვის. რაც შეეხება ერეკლე მეფეზე თავდასხმის ცდებს, ეს არის თანამედროვე "ქართული ლეკიანობა" და ამაში არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ჩვენს დაღესტნელ ძმებს, მასზე, როგორც იმდროინდელ მოვლენაზე ვსაუბრობ. ეს მოვლენა პერიოდულად ახლაც წამოყოფს ხოლმე თავს, ოღონდ ეთნიკურ წარმომავლობას არ გულისხმობს, ქართველებში იბადება "ლეკიანობის" განზრახვა, სადაც ერეკლე მეფე მოღალატეა, სააკაშვილი კი - გმირი და პატრიოტი.

ევროპის გზაზე სიარულისას საქართველოს სისხლი აქვს ჩაქცეული. თუნდაც წმინდა საფლავის გამოხსნაში ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული. ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ბიზანტიური, ზოგადად, ქრისტიანული კულტურის შექმნაში. მის გარეშე ევროპა წარმოუდგენელიც კი არის. ამ ყველაფრისთვის საქართველოს თავდადებული ბრძოლა იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვიმსახურებთ.

ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან დიდი სტიმული და სწრაფვა იქნება ევროპისკენ. ვისთვისაც ორჰან ფამუქის შემოქმედება ცნობილია, მან კარგად იცის, საზოგადოებაში როგორი მძაფრია ევროპის მოლოდინი და თუ ევროპა უსაშველოდ დააგვიანებს, ისეთივე მძაფრი იქნება განხიბვლაც. მე ევროკავშირის შემადგენლობის პასუხისმგებლობის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაც გააზრებული აქვთ. ვფიქრობ, ევროპა არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რაც 2008 წელს დაუშვა. არ გაიმეორებს იმას, რაც 1921 წელს ჩაიდინა, როდესაც საქართველო და სამხრეთი კავკასიის სივრცე რუსეთს დაუთმეს. იმედია, პროცესები ისე წარიმართება, როგორც ისტორიული კანონზომიერება და სამართლიანობა მოითხოვს.

- ხელისუფლება რას აკეთებს იმისთვის, რომ ისტორიული კანონზომიერება აღდგეს? ევროკავშირი ითხოვს რეფორმებს, მათ შორის დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელსაც ხელისუფლება არ თმობს.

- არასდროს არავის უპირობო მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, სწორედ სასამართლოს შესახებ მქონდა ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირება. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით, არსებულ კანდიდატებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია. მოლდოვა დღემდე დსთ-ის წევრია, უკრაინა, სამწუხაროდ, უთანასწორო ომშია ჩართული, იქ დღემდე იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ - იქ კორუფცია ლამის ხელოვნების სიმაღლეზეა აყვანილი, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობის გამო საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის ყველა პრეტენზია მეორე პლანზე გადასწია და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

სახელმწიფო მოწყობის მხრივაც საქართველო ნამდვილად წინ არის. ორი თვის წინ, აპრილში, ეს დადასტურდა კიდეც საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით. კიდევ ერთი - ვენეცია ერთადერთია, ვინც იუნესკოს ყველა პარამეტრს ერთდროულად აკმაყოფილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იუნესკომ სხვა ქალაქები არ უნდა დაიცვას.

- ფუნქციურად ეს ორი ორგანიზაცია სრულიად განსხვავებულია.

- დიახ, არავინ დაობს, რომ საქართველოში უამრავი პრობლემაა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო, მაგრამ ამ პრობლემებს საქართველო ევროპასთან ერთად უფრო მარტივად მოაგვარებს, ვიდრე მისგან მოშორებით. ქართველ საზოგადოებას განვითარების, წინსვლის ორიენტირად რუსეთი კი არა, ევროპა ჰყავს. ამ გზაზე საქართველოსაც შეუძლია სიკეთის შეტანა ევროპის სივრცეში. ამას წინათ ფლორენციაში, პალაცო მედიჩიში ჩემი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რა დროსაც, სრულიად მოულოდნელად, ქართველი ახალგაზრდები შემოვიდნენ, მომღერლები ყოფილან, ზოგი გასტროლზე ჩასული, ზოგიც იქ მცხოვრები, საეკლესიო მრავალჟამიერი შეასრულეს და წავიდნენ - კონცერტზე გვეჩქარება, ავტობუსი გველოდებაო. გამომცემელმა მკითხა, ვინ არიანო. ვუთხარი, აფიშა ნახეს, რომ თავის მიწის შვილს, პოეტს, აქ წიგნის პრეზენტაცია აქვს და აქ შეკრებილი საზოგადოების პატივისცემა ამ ფორმით გამოხატეს-მეთქი. ერთმა ჩემთვის ძალზე დასამახსოვრებელი ფრაზა თქვა, თქვენს ქვეყანაში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი გადარჩენილაო. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი რამ დამახინჯდა, უამრავმა რამემ არასახარბიელო სახე მიიღო, მაგრამ ყველაფერი არ დაკარგულა, ბევრი რამ გვაქვს ისეთი, რამაც შესაძლოა ევროპულ სივრცეში კეთილი კვალი დატოვოს. თუ ვაკრიტიკებთ პოლიტიკას, პოლიტიკოსებს, ეს ხშირ შემთხვევაში სამართლიანიც არის და საფუძვლიანიც, მაგრამ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, საზოგადოების, მოსახლეობის განწყობა ყოველთვის არ ირეკლება. ასეა არა მარტო ჩვენთან, ევროპის არაერთ ქვეყანაშიც. ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის სწრაფვა, ვინც ევროპა აირჩია, მიქელანჯელოს სივრცესთან მეტი სიახლოვეა და არა კუბილიუსთან ყავის დალევა. ეს ორი სხვადასხვა რამეა. როდესაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან გამიჯნოს, შევეცდები ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეც მათ მივბაძო, რადგან ჩემთვის ევროპა, სხვა სიკეთეებთან ერთად, კაცობრიობის იმ დღესასწაულით არის მიმზიდველი, რომელიც აღორძინების ხანამ შექმნა და არა ჩინოვნიკური ნომენკლატურითა და ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლით, რომელთაც აქედან ვინც "ამუშავებს", ძნელი გამოსაცნობი არ არის.

- ფიქრობთ, რომ მათ განწყობებზე გავლენას ოპოზიცია ახდენს?

- დიახ, საქართველოდან წასული "ლეკიანობა", სულ უფრო იკიდებს ფეხს. ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავიანთი ძალზე უღირსი საქციელით, მართლაც ყველაფრის ხარჯზე, თანახმა არიან საქართველოს ევროპისკენ გზა ჩაუხერგონ. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები კი არა, "2012 წლის პროექტის" ადამიანები არიან, რადგან სამშობლოს განცდა არა აქვთ და პოპულარობისთვის, იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში არ არიან, წირავენ მას.

- თუმცა შეუქმნას ქვეყანას უკეთესი მომავალი, წაიყვანოს ევროპული გზით, სწორედ ხელისუფლებას ევალება, რომლის არაერთი წევრი ევროკავშირისა და ევროპარლამენტარების გაუგებარი კრიტიკით არის დაკავებული.

- დიახ, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ, უფრო ეფექტურად ემოქმედათ ევროპარლამენტარებსა და საერთოდ, ევროსაბჭოსთან, ევროკომისიასთან, მთლიანად ორგანიზაციასთან, რომელიც ჩვენ მიმართ ძალიან დიდი გულისყურით, ყურადღებით გამოირჩეოდა. როდესაც ორივე მხარემ თავისი უაზრო სიჯიუტით პოლიტიკური კრიზისი შექმნა, სიტუაციის განსამუხტავად თავად ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ჩამოვიდა, თანაც არაერთხელ. მისი წყალობით განიმუხტა პოლიტიკური პოლარიზაცია, რისთვისაც მადლიერი ვარ, რადგან მაშინ პროცესის მართვა თავის თავზე აიღო. თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ დაიბრუნა, რაც, ლოგიკური იყო, რადგან მოსახლეობა იმისთვის ირჩევს მას, ავად თუ კარგად თავად მართოს ქვეყანა. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სუვერენიტეტისკენ გადადგმული ნაბიჯი და არა ჩრდილოეთისკენ, როგორც ამის წარმოჩენას მავანნი ცდილობდნენ. თუმცა სასამართლოში არსებული ხარვეზების, ხშირ შემთხვევაში უმოქმედობის მიუხედავად, ძალადობრივი რეჟიმის გასტუმრების შემდეგ, ყველაფერი შედარებითია, მაგრამ წინსვლა არის.

გასაგებია, რომ ვიღაცებს "მეორე ფრონტის" წყურვილი ახრჩობთ, მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ 2008 წელს ჩვენ მიწა-წყალი დავკარგეთ, დავკარგეთ უამრავი ადამიანი, მაგრამ აგვისტოს ომს "ნაცებმა" თავიანთ ენაზე "რუსეთისთვის ნიღბის ჩამოხსნა" უწოდეს - ანუ რუსეთის ზრახვების გამოაშკარავება, ამას თუნდაც მიწა-წყალი და ასობით ადამიანი შეეწიროს, მათთვის გამარჯვებაა და მზად არიან ისევე იზეიმონ, როგორც 2008 წელს.

- 9 ივნისს დამტკიცებულ ევროპარლამენტარების კრიტიკულ რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცულობის ხელყოფის შესახებაც" არის საუბარი.

- ამ ნაწილში კი მათ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებ. მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არ არის საქართველოში შეზღუდული. მედიაში ასპარეზი თავისუფალია, სააკაშვილის მმართველობის წლებისგან განსხვავებით, აზრის გამოხატვას არავის უზღუდავენ. სხვა კრიტიკა მისაღებია, განსაკუთრებით სასამართლოს შესახებ. ამ უწყებას აუცილებლად უნდა დაადგეს საშველი, ისე, რომ მას ქვეყნის მომავალი არ გადავაყოლოთ. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ნაბიჯი ევროპისკენ და პირიქით, მისი ნაბიჯი საქართველოსკენ. ეს ორმხრივი უნდა იყოს და მაშინ აქვს ფასი. იმედია, ევროპა არ დააგვიანებს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა დააგვიანა, ის სივრცე რუსეთმა აითვისა. დაგვიანებული ევროპა რუსეთს ნიშნავს, ამის შედეგები კი არაერთხელ ვიწვნიეთ ჩვენს ქვეყანაში, ახლა კი უკრაინაში.