"ოცნება“ ცდილობს ოპოზიციაში განტევების ვაცი მოძებნოს“ - კვირის პალიტრა

"ოცნება“ ცდილობს ოპოზიციაში განტევების ვაცი მოძებნოს“

"ჩვენი ძალისხმევა არც არის საჭირო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავადაც კარგად ხედავენ, რომ ამ ქვეყნის მართლმსაჯულებაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, იზღუდება ადამიანების უფლებები, არის პოლიტიკური დევნა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური და იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელთაც მის გუნდს ბოლო დროს ხშირად უყენებს ხელისუფლება.

- მოხდა ის, რაც ცოტა ხნის წინ ზოგიერთს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა - ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვას ითხოვენ. ევროპის პარლამენტში არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ აღმოჩნდა, რომელიც "ოცნებას" მხარს დაუჭერდა. სამწუხაროდ, ევროპაში ჩვენი ხელისუფლების მიმართ ნეგატიური ერთიანობაა. იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინ, რაც ევროკომისიამ უნდა მიიღოს, ეს კარგი ნამდვილად არ არის. ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა დაინახეს და ძალიან მწვავე რეაქციაც გამოხატეს.

- რა არგუმენტი გაქვთ იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნაში ოპოზიციამ დიდი წვლილი შეიტანა?

- როდესაც მმართველი გუნდი ასეთ აბსურდულ ბრალდებას გვიყენებს, კონკრეტული არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. მე რამდენადაც ვიცი, მსგავსი არაფერი წარმოუდგენიათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრემიერის ჭორაობას იმის შესახებ, რომ ვითომ ვიღაც ევროპარლამენტარმა უთხრა, ქართველი ოპოზიციონერები ჩვენთან თქვენზე ცუდად ლაპარაკობენო. ჯერ ერთი, ასეთი უარგუმენტო საუბარი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამას გარდა, "სახალხო პარტიამ", რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა", საქვეყნოდ თქვა, რომ მხარს უჭერს ქართული სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. "ალდემ", რომელშიც გაწევრებული არიან "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიები, შეიმუშავა საქართველოსთვის მხარდამჭერი რეზოლუცია სტატუსის მინიჭების შესახებ. სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს, არც მხარდამჭერი რეზოლუცია გამოუქვეყნებია და არც სხვა მხრივ გამოუხატავს მხარდაჭერა. შესაბამისად, გამოგონილია ბრალდება, თითქოს ქართული ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის ჩაშლას. "ქართული ოცნება" გრძნობს, რომ ევროკავშირის მძიმე ვერდიქტს მოვისმენთ - ალბათ, თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, ისიც მთელი რიგი დათქმებით. ეს იცის და რადგან საკუთარ თავზე არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, ცდილობს ოპოზიციაში მოძებნოს განტევების ვაცი.

- თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ქვეყანაში არეულობა დაიწყება?

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, ევროპა საერთოდ არ გვინდაო. ხომ ცხადია, რომ ასეთი ოდიოზური გამონათქვამები უფრო გვაშორებს ევროპულ ოჯახს. თუ ევროპა და დასავლეთი არ გვინდა, მაშინ რა არჩევანი გვაქვს?! დღეს მსოფლიო სულაც არ არის მრავალპოლარული, არსებობს დასავლეთი თავისი ევროატლანტიკური სივრცით, ამერიკით და ასევე არსებობს ჩრდილოეთი - თავისი რუსეთით. ამ ორ სივრცეს შორის არის საქართველო. ქართველი ხალხი მარტივად გაიაზრებს, სად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ დასავლური სამყარო ჩვენზე უარს იტყვის. შესაბამისად, პროტესტი იქნება ბუნებრივი, ვინაიდან საქართველოში 80% პროევროპული განწყობისაა და მათ ძალიან არ მოეწონებათ, როდესაც დაინახავენ, რომ ხელისუფლებამ ისინი არათუ დააახლოვა ევროპულ ოჯახს, არამედ ძალიან დააშორა.

- დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, თუ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, მაშინ არ გვინდა ასეთი ევროპაო, ძალიან მალე გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი, რომელმაც თქვა, რომ "ქვეყნის ევროპული გზა გადახვევას არ ექვემდებარება".

- "ქართულ ოცნებაში" არიან ისეთი წევრებიც, რომელთაც გულწრფელად სურთ, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას არ გადაუხვიოს. თუმცა როცა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ჩაშალა, სწორედ ხუნდაძე ოპერირებდა ივანიშვილის სახელით. არ მიმაჩნია, რომ ხუნდაძეს რაღაც წამოსცდა. არა, მისი განცხადება არის კარგად გამიზნული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. "ქართული ოცნება" მზად არის ივანიშვილის ქონების დაცვას შესწიროს ჩვენი ევროპული მომავალი. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ დაუშვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება დიდი საპროტესტო გამოსვლები.

ხათუნა ბახტურიძე