"მწამს, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთის პირისპირ მარტო არ დაგვტოვებენ“ - კვირის პალიტრა

"მწამს, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთის პირისპირ მარტო არ დაგვტოვებენ“

"ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს იყო კიდევ ერთი გაფრთხილება ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის და არა მგონია, ამან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს", - ასე კითხულობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას. რა არის იოსელიანის ოპტიმიზმის მიზეზი და როგორ აფასებს ბოლოდროინდელ მოვლენებს, ამას მასთან საუბრისას შევიტყობთ:

- ვფიქრობ, საქართველოს სტატუსის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამ რეზოლუციას გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან ევროპარლამენტმა ასევე მიიღო რეზოლუცია, სადაც კომისიას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისკენ მოუწოდა. ვფიქრობ, დასავლელმა პარტნიორებმა ამ რეზოლუციით ჩვენს ხელისუფლებას მკაფიოდ მიანიშნეს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მათ რეფორმების თავიდან არიდების საშუალებას არ მისცემს, პირიქით, რეფორმების ჩატარებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

- თქვენი აზრით, დასავლელი პარტნიორების ეს გზავნილი სწორად აღიქვეს მმართველი გუნდის ლიდერებმა ან თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა?

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს რეზოლუცია ორივე მხარემ გადაჭარბებულად აღიქვა. ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ეს ამბავი თავიანთ გამარჯვებად გამოაცხადეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კი ევროპელი მეგობრების რჩევასა და გაფრთხილებას კრიტიკა დაუპირისპირეს. ასეთი რადიკალური შეფასება ორივე მხარისთვის დამახასიათებელია - ოპოზიციისთვის ყალბი მოლოდინისა და ოპტიმიზმის გაჩენაა დამახასიათებელი, ხოლო ხელისუფლებისთვის - კრიტიკის აბსოლუტური მიუღებლობა და სრულიად შეუსაბამო პასუხების გაცემა.

ყველაფრის მიუხედავად, ღრმად მწამს, რომ დასავლელი პარტნიორები არ გაგვწირავენ და რუსეთის პირისპირ მარტო არ დაგვტოვებენ. საქართველოს ამოგდება სამეულიდან ძალიან დიდი უსამართლობა იქნება.

- პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბრიუსელის შემდეგ ვიზიტი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ მათ უკვე ყველაფერი გააკეთეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის რეზოლუციას სახელისუფლებო გუნდიდან ისეთი კომენტარები მოჰყვა, ეფექტურად მუშაობის საშუალება არ ეძლევა. თქვენი აზრით, პრეზიდენტი თავს იმართლებს, თუ მმართველი გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში მას მართლაც აქვს საქართველოს პოზიციის ეფექტურად დაცვის რესურსი?

- პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი ევროპული განათლებიდან და დიპლომატიაში სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, რესურსი ნამდვილად აქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მის შესაძლებლობებს არ იყენებს.

- სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არც ივანიშვილს უნდა გადავაყოლოთ და არც სააკაშვილს, თქვენც გაგიჩინათ განცდა, რომ პრეზიდენტი დაუპირისპირდებოდა მმართველ გუნდს და სააკაშვილს თუ არა, გვარამიას მაინც გაათავისუფლებდა?

- ვერ ვხვდები, რა კავშირი დაინახეს ხელისუფლების კრიტიკასა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას შორის. არ შეიძლება პრეზიდენტს ყოველ ჯერზე, როდესაც სახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს, შენი პარტიული ინტერესი მოახვიო თავს.

- ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად არ აღიქვამთ?

- მიმაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობა არ უნდა შეფარდებოდა - მუხლი, რომლითაც გაასამართლეს, პატიმრობას არ ითვალისწინებს.

- ზოგიერთი პოლიტიკოსის დღის წესრიგში დადგა ჩვენი პროდასავლური საგარეო კურსის გადახედვა. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო კურსი მართლაც გახდეს გადახედვის საგანი?

- საქართველოს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ისეთ რეფორმას ვერ გაატარებენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას შეეწინააღმდეგება. არც მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს. ორი-სამი კაცი, თუნდაც დეპუტატები იყვნენ, საკითხს არსებითად ვერ შეცვლის. ხალხზე ვერავინ გაიმარჯვებს.

ხათუნა ბახტურიძე