„ახლა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციაა“ - კვირის პალიტრა

„ახლა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციაა“

"პრემიერის განცხადება ნიშნავს იმას, თითქოს რაღაც გვინდა გამოვტყუოთ ევროპელ პარტნიორებს, თან ისეთი რამ, რისი გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ", - ასე გამოეხმაურა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა. ცნობისთვის: პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა: "ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს...". ამასთან, პრემიერმა ევროკავშირის რეზოლუციას აღმაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი უწოდა და დასძინა, რომ რეზოლუცია ტყუილებითა და არაზუსტი ინფორმაციითაა გაჯერებული. ოპოზიციონერი ხვიჩია იმედოვნებს, რომ ევროპელი პარტნიორები ამ ერთხელ კიდევ გვაპატიებენ. მისი თქმით, "უცნაური რაღაცები ისმის და მოგვცემენ დროს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად".

- ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიზანი ის არის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ და უარი ვათქმევინოთ ისეთ რამეზე, რაზეც უარის თქმა ჩვენთვის არ შეიძლება. არ ვიცი, რამდენად ავარდებიან ამ გამომწვევ ქმედებებზე ჩვენი პარტნიორები. პირადად მე ვისურვებდი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ისინიც ხომ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობაში დღეს უცნაური და ახირებული ხალხია. იქნებ ამ ერთხელ დაგვინდონ.

- თქვენ რა განწყობა შეგიქმნათ ევროკავშირის რეზოლუციამ, დოკუმენტმა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი ასე აღაშფოთა?

- ვფიქრობ, ამ რეზოლუციით დასავლელი პარტნიორები ქართველ ხალხს კიდევ ერთ შანსს აძლევენ, იმის მიუხედავად, რომ დღეს აქ მათთვის არცთუ ისე მოსაწონი ხელისუფლებაა. ნახეთ, რა დღეში ჩავიგდეთ თავი, დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებმაც ამდენი რესურსი გაიღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დღეს სანქცირებით გვემუქრებიან.

- თქვენი აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ქვეყნის სანქცირების ტოლფასია?

- არა, ვფიქრობ, ქვეყანას შანსს აძლევენ, მაგრამ თუ ხელისუფლებაში მყოფი პირები სულ ასე იმოქმედებენ, ასე ილაპარაკებენ და ხალხი არაფერს მოიმოქმედებს, მერე არ ვიცი, რა მოხდება. ევროკავშირში ძალით არავინ შეგვათრევს, რუსეთის იმპერია კი არ არის, რამე დაგვაძალოს. სიმართლე რომ გითხრათ, გაოცებული ვარ, საქმე იქამდე როგორ მივიდა, რომ დასავლეთი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობს. ეს "ქართული ოცნების" ძალიან სერიოზული ჩავარდნაა დიპლომატიაში, თუ, რა თქმა უნდა, ძალით არ გააკეთეს ყველაფერი. ისიც ვერ წარმომიდგენია, ძალით რატომ უნდა გინდოდეს საკუთარი ლიდერის სანქცირება.

- პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლს როგორ ხედავთ მთელ ამ ამბავში?

- პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან სწორი და დროული განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ქვეყანა, ჩვენი ბავშვების მომავალი არ უნდა გადავაყოლოთ არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. მეც მის მსგავსად ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ევროპული მომავლის გარდა, არ არსებობს რამე სხვა მომავალი. საინტერესოდ მენიშნა მისი ნათქვამი, რომ პასუხისმგებელია კონსტიტუციის წინაშე, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. შესაბამისად, ველოდები ზურაბიშვილის საქართველოში დაბრუნებას და მის მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

- ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს გვარამიასა და სააკაშვილის გათავისუფლება?

- არა, მე ეს იმთავითვე გამორიცხული მქონდა.

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

- ახლა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციაა. გამოდის ეს ხალხი და ლანძღავს, შეურაცხყოფს დასავლელ პარტნიორებს. ერთადერთი გამოსავალი ამჯერად ამ ისტერიკის შეწყვეტაა.

- თუ ამ ყველაფრის შემდეგ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, პროცესების როგორ განვითარებას ელით.

- თუ სტატუსს ვერც უკრაინა მიიღებს და ვერც მოლდოვა, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება, მაგრამ თუ სტატუსის გარეშე მხოლოდ საქართველო დარჩება, მაშინ ყველაფერში დამნაშავე "ქართული ოცნება" იქნება.

ხათუნა ბახტურიძე