„ქართული ოცნების“ რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ევროპა არაევროპულად იქცევა“ - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნების“ რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ევროპა არაევროპულად იქცევა“

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასის“ მქონე უწოდა და შემდეგ მისი ეს განცხადება სხვებმაც სხვადასხვა ვარიაციით გაიმეორეს, პრეზიდენტმა ბრიუსელიდან განაცხადა, რომ ვიზიტი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც ამბობს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს და აღარ არის საჭირო ზედმეტი აქტიურობა. "მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 10 ივნისს, მეორე დღეს კი პრემიერმა მის განცხადებებს სიცრუე უწოდა. რას ნიშნავს ეს განცხადებები ქვეყნისთვის, სადამდე შეიძლება მივიდეს "ქართული ოცნების" პრეზიდენტთან დაპირისპირება და როგორ აისახება ქვეყნის პერსპექტივაზე, "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

dzabiradze.jpg

- "ქართული ოცნება" იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. რაც შეეხება კურსის შეცვლას, ეს რთული სათქმელია, რადგან ბოლო თვეებია, მმართველი პარტია გამუდმებით და მიზანმიმართულად აკრიტიკებს მხოლოდ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. სხვებზე კრიტიკა არ გამიგია. შესაბამისად, კურსი კი არ შეცვალა, უბრალოდ, გააძლიერა რიტორიკა და ესეც იმან განაპირობა, რომ მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო რეფორმების გაკრიტიკება, არამედ ივანიშვილის სანქცირებაც, რაც, როგორც ჩანს, უკვე მომწიფებულია და გულწრფელად გითხრათ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მათი რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ამომრჩეველი დაარწმუნონ, თითქოს ყველაფერი გააკეთეს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ევროპა არაევროპულად იქცევა. ეს არის "ოცნების" ლიდერთა განცხადებების მოტივი.

- რეზოლუციის ტექსტს თავი რომ დავანებოთ, ყველა ამ განცხადების გათვალისწინებით და დამატებით პრეზიდენტის ნათქვამი, რომ მას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული შეხვედრები აუკრძალეს, რა შანსი რჩება, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ?

- ახალი არაფერია, ტონი გამძაფრდა, თორემ აქამდეც, 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ამას არ ამბობენ? დაემატა ის, რომ თურმე ევროპა გვეუფროსება და ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ხუნდაძემ თქვა, და ძალიან ძნელია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება.

ევროპა რომ არავის ეუფროსება, რად უნდა ამას ლაპარაკი. არის პირობები, რაც უნდა შეასრულო, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გინდა. წევრობა და კანდიდატობა პირობებზეა დამოკიდებული და ღირსება არაფერ შუაშია. ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ის რეფორმები, რომლებიც ამისთვის არის საჭირო, არ არის საკმარისი და ამას უშველის იმის ძახილი, რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო? არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცისთვის ჩალის ფასიც არ ჰქონდეს, მაგრამ, თუ ევროპისკენ მიილტვი, მაშინ ჩალის კი არა, ოქროს ფასი აქვს. როგორც ჩანს, „"ქართული ოცნება" შიშობს, რომ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და წინასწარ გაღმა შეედავეს პრინციპით ცდილობს საკუთარი მრევლის დარწმუნებას, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ.

რაც შეეხება ზურაბიშვილს, ის კარგა ხანია ჩამოშორდა მთავრობას და ცდილობს დამოუკიდებელი პოზიცია შეინარჩუნოს. ჩემი აზრით, სრულიად მართებულია და სწორი, როცა ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა უნდა, სად უნდა და როგორ უნდა და არა ივანიშვილის თუ სააკაშვილის. ამიტომ ზურაბიშვილის პოზიცია დღეს წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მისწრაფებებსა და მოტივაციას. შესაბამისად, მისი ეს განცხადებები აუცილებელია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს მმართველი პარტიისგან განსხვავებული აზრი აქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი პოზიციაა და ხელს შეუწყობს იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომლის მიღებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და გულწრფელად გითხრათ, რისი იმედიც მაქვს.

- ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას ბოლო პერიოდშიც აუკრძალა ურთიერთობა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან სტატუსის მიღების საკითხის შესახებ. ხელისუფლების განცხადებების გამო კი ისეთ საფრთხეს ხედავს, რომ ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. ეს დამატებითი აკრძალვები მიუთითებს თუ არა, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, და პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის დაპირისპირება რა პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს?

- ვფიქრობ, „"ქართული ოცნების" პიარი, რაც 24 თებერვლის შემდეგ დაიწყო, მისი ლიდერების განცხადებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, როგორმე დაარწმუნონ რუსები, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა არ მივიღოთ მონაწილეობა რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებაში. ვერ ბედავენ, პირდაპირ თქვან, რომ რუსულ ორბიტაზე არიან, მაგრამ დანარჩენი, რაც ხდება, და მათ შორის ისიც, რომ ზურაბიშვილს აუკრძალეს სახელმწიფოს სახელით ელაპარაკა ჩვენს პარტნიორებთან, ყველაზე უკეთეს ვარიანტში რუსებისთვის კიდევ ერთი სიგნალია იმის საჩვენებლად, ყველაფერს ვაკეთებთ, ეს სტატუსი რომ არ მოგვცენ, ჩვენ ვიცავთ ნეიტრალიტეტსო. თუმცა ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, მოგვცემენ თუ არა სტატუსს, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ ჩნდება ხელისუფლებისა და უპირველესად ივანიშვილის წინაშე აუცილებლობა კონკრეტული განცხადებები გააკეთოს, სად ვართ, სად არის "ქართული ოცნება" და ქართული სახელმწიფო. არის ჩვენს პარტნიორებთან, მიჰყვება იმ იდეას, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, რომ ევროპისკენ მივდივართ, თუ უკვე უკან ვიხევთ და რუსულ ორბიტაზე ვრჩებით. აუცილებლად დადგება ეს საკითხი გაშიშვლებული სახით და არა ისე, დღეს "ქართულ ოცნებას" მანევრირების საშუალება რომ აქვს. ვნახოთ, რა პოზიცია ექნება ივანიშვილს. საინტერესოა, რომ იტალიაში ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, ამ ქვეყანამ, რომელიც მანამდე ორჭოფობდა საქართველოსთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მხარს გვიჭერს და, თუკი მისი ვიზიტი სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდებოდა, ცხადია, ძალიან კარგი შედეგი დადგებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამის შეეშინდა "ქართულ ოცნებას" და ამიტომაც ჩამოართვეს მოლაპარაკებებში ოფიციალური სტატუსი.

- ამის გამო რა პროცესებია ქვეყანაში მოსალოდნელი, ხელისუფლების დაპირისპირება პრეზიდენტთან, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრს გამოხატავს, რა ფორმას მიიღებს, სადამდე მივა?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სტატუსს მოგვანიჭებენ თუ არა. თუ მოგვანიჭეს, რისი დიდი იმედიც მაქვს, მაშინ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც არის. ცხადია, "ქართული ოცნება" სტატუსზე უარს აშკარად ვერ იტყვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რუსეთისკენ მივდივართ. თუ ეს განცხადება გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ "ქართული ოცნება", რომელსაც უკვე ისედაც უმძიმესი პერიოდი აქვს, მომენტალურად დაკარგავს ყოველგვარ ლეგიტიმაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში. ამიტომ ამას "ოცნება" ჯერ ვერ იტყვის, შესაძლოა ძალიანაც სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის. თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ პროცესები სულ სხვა მიმართულებით წავა. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ბოლო პერიოდში ძალიან სწორად მოქმედებდა, როდესაც ევროპაში ვიზიტებით მიდიოდა. ყველამ ერთობლივად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მხარს უჭერენ. სამაგიეროდ, მთლიანად დაიმსხვრა ხელისუფლების პროპაგანდა, რომ ოპოზიცია ევროპაში დადის და ჩვენი გაწევრების წინააღმდეგ მუშაობს. ამით დაიმსხვრა მითი, რომ მხოლოდ ოპოზიცია უშლის ხელს სტატუსის მიღებას, სხვა ყველაფერი რიგზეა და, თუკი ვერ მივიღებთ, მხოლოდ მათი ბრალი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ თავად „"ქართული ოცნების" პარტნიორმა პოლიტიკურმა პარტიამაც არათუ სასიკეთო ვერაფერი თქვა მათ სასარგებლოდ, არამედ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ფონი ოპოზიციის სასარგებლოდ არის შექმნილი. არ ვიცი, 20 ივნისს რას აპირებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამ აქციას გადადებენ და ხელისუფლებას საშუალებას არ მისცემენ კიდევ ახალი რაღაც ააგოროს. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია გააგრძელებს მხარდაჭერის პროცესს. ისევ ჩავიდნენ დელეგაციები არა მარტო ბრიუსელში, არამედ წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც კი ჩვენზე კითხვები აქვთ. ამისთვის ყველა რესურსი გამოიყენონ 24 ივნისამდე მაინც. ხელისუფლება შეეცდება ნეგატიური შედეგი ისევ ოპოზიციას დააბრალოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა უკვე შელახულია, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. ამიტომ ოპოზიციამ „ოცნებას“ ამის საშუალება არ უნდა მისცეს. საქართველოში მიტინგები აუცილებელი არაა, მოსახლეობის 80%-ზე მეტი ისედაც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ევროპაში მუშაობა უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე აქ 20 ივნისს ღონისძიების ჩატარება. საზოგადოებამ ოპოზიციასა და პრეზიდენტთან ერთად უნდა დაიწყოს აქტიურობა, იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები თუ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტები და აქტიური კომუნიკაცია. ეს უფრო წაადგება ქვეყანასაც და ოპოზიციასაც. თუ მაინცდამაინც აქციის ჩატარება სურთ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ეს არის არა საპროტესტო, არამედ მხარდამჭერი აქცია, რომელიც დასრულდება ჩვენი პარტნიორებისადმი მიმართვით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

რუსა მაჩაიძე