შეცვლილი ლანდშაფტი, უთავბოლო განაშენიანება - თბილისის "საფირმო“ ნიშანი?! - კვირის პალიტრა

შეცვლილი ლანდშაფტი, უთავბოლო განაშენიანება - თბილისის "საფირმო“ ნიშანი?!

"ბოლო დროს თბილისში უამრავი უსახური და ადგილისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობა შენდება. ქალაქს უნდა ჰყავდეს მთავარი მხატვარი და არქიტექტორი, გამოცდილი, გემოვნებიანი, გავლენიანი პირები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება. გარდა იმისა, რომ ვამახინჯებთ ქალაქს, ეს დაუსრულებელი მშენებლობებიც დიდ პრობლემად გვექცა", - გვეუბნება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე­ მჭედლიშვილი­ და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის "მკვლელობის ტოლფასია".

- ახლახან თემქაზე (ზღვის უბანში) ლამაზი სკვერი გაიხსნა, სადაც ყაზახი პოეტის, აბაი კუნანბაევის ძეგლი დადგეს. გასაგებია, ეს ყაზახეთის მხარემ დააფინანსა, მაგრამ როცა ვნახე, მას შემდეგ შემომაწვა სევდა. ახალგაზრდა კაცი ვიყავი, როცა ბახტრიონის ქუჩაზე მივიღე ბინა. იქვე, ბუკიას ბაღთან, იდგა სტელა წარწერით: "აქ აღიმართება დიდი საბჭოთა ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი". საბჭოეთი დაინგრა და წარწერას "საბჭოთა" მოაცილეს. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, თბილისის მერიაში თაობები შეიცვალა და კაციშვილი არ გამოჩნდა, ქართული პროზის საუკეთესო წარმომადგენელს, პატრიოტ ადამიანს ძეგლი რომ აღირსონ. სირცხვილია, რომ თბილისში არა გვაქვს ერეკლე მეორის ან თამარის ძეგლი... რატომღაც კრწანისში, სადაც ერეკლემ უკანასკნელი ბრძოლა გადაიხადა, პეტრე ბაგრატიონის ცხენზე ამხედრებული ძეგლი დგას. ეს ადგილი ისტორიულია ერეკლესა და მთელი საქართველოსთვის. მშვენიერია ბაგრატიონის ძეგლი, მაგრამ ის იყო რუსი მხედართმთავარი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. თავის დროზე ამ ძეგლის აღმართვა რუსეთთან მლიქვნელობის გამოხატულება იყო. -რუსეთის ადმინისტრაცია და სომხური წარმოშობის ქართული ბურჟუაზია აშენებდა და ალამაზებდა თბილისს და როცა ჩვენ ჩავიგდეთ ხელში ძალაუფლება, მოვსპეთ და გავანადგურეთ დედაქალაქი.

- კონკრეტულად, რა მხრივ გავანადგურეთ?

- მაგალითად, შეგვეძლო ნორმალურად გაგვეკეთებინა თავისუფლების მოედანი და მთაწმინდის ხედი შეგვენარჩუნებინა. მიზანშეწონილი იქნებოდა "მარიოტის" შენობა 40-50 მეტრით უკან გადაწეულიყო, იქნებოდა ღია მოედანი ქოლგებით, მაგიდებითა და გამოჩნდებოდა მთაწმინდის არაჩვეულებრივი ხედიც. დღეს "მარიოტის" შენობამ მთლიანად ჩაკეტა ყველაფერი, იმდენად გაუმაძღრები არიან, ერთი გოჯის დაკარგვაც არ უნდათ. დღემდე ვაუშნოებთ ჩვენს ქალაქს. ავიღოთ გმირთა მოედანი: 70-იან წლებში გაკეთდა მისი რეკონსტრუქცია (პროექტის მონაწილე ვიყავი და დეტალურად ვიცი). მანამდე ორი წლის განმავლობაში მიდიოდა კონკურსი საუკეთესო პროექტის შესარჩევად. გაიმარჯვა შესანიშნავი არქიტექტორის, კიაზო ნახუცრიშვილის პროექტმა, რომლის მიხედვითაც ავტომობილების ძირითადი ნაკადები გამჭოლი მიმართულებით გადიოდა: 1. კოსტავას ქუჩა - საბურთალოდან ვერესკენ და 2. ვარაზისხევი სადგურისკენ, ოღონდ ესტაკადა. მეორეხარისხოვანი ნაკადები წრეზე დადიოდნენ და მოძრაობა მშვენივრად იყო განტვირთული. იმხანად ახალი არჩეული იყო შოთა ყავლაშვილი (თბილისის მთავარი არქიტექტორი) და მან თქვა, ესტაკადა არ უნდა გაკეთდეს, ქალაქს აუშნოებსო. როგორც აღმოჩნდა, მართალიც იყო, თუმცა ამის გაკეთება სჯობდა იმას, რაც ჩვენმა ექსპრეზიდენტმა და ექსმერმა უგულავამ გააკეთეს. უმძიმესი შეცდომები იქნა დაშვებული, რამაც უფრო გაჭედა მოძრაობა, არადა, ამაში 20 მილიონი გადაიყარა. ეს სპაგეტივით ჩახვეული ესტაკადა, ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილის იდეაა. ამათ ეგონათ, რაც მეტი ესტაკადა გაკეთდებოდა, მით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, არ გაამართლა.

- შეგიძლიათ ჩამოთვალოთ მერები, რომელთაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს თბილისის აღორძინებაში?

- აღსანიშნავია მიხეილ ჩერქეზიშვილი (მე-20 საუკუნის დამდეგს), რომელმაც ევროპის უკანასკნელი მიღწევების დონეზე ააშენა თბილისის ტრამვაის ხაზი და ფუნიკულიორი. მან ბელგიელი სპეციალისტები ჩამოიყვანა და შექმნეს მთლიანი სისტემა, დაწყებული დეპოებითა და თბოელექტროსადგურებით, დამთავრებული მსოფლიოში ულამაზესი ფუნიკულიორით. პრინციპი, რომელიც ჩერქეზიშვილმა გამოიყენა, დღემდე გამოიყენება.

თბილისის განვითარებაში უზარმაზარი როლი ითამაშა ლავრენტი ბერიამ (ცეკას პირველი მდივანი). მან შემოიკრიბა ახალგაზრდა არქიტექტორები, ინჟინრები და თბილისის განვითარების არაჩვეულებრივი გეგმა შეადგენინა. მანვე დააგეგმარებინა თბილისის სანაპიროები, ააშენებინა ცირკის შესანიშნავი შენობა, თამარის ხიდი... ეს განივი რკინაბეტონის ულამაზესი ხიდი რომ არ ყოფილიყო, საბურთალო არ იქნებოდა. 60-იანი წლების დამდეგს იქ ტრიალი მინდორი იყო, დღევანდელი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე კი - ვენახები.

დიდი წვლილი აქვს შეტანილი შოთა ბუხრაშვილსაც. მის დროს დაიგეგმა და აშენდა თბილისი-აეროპორტის ავტომაგისტრალი, მერე გაგრძელდა თბილისის სანაპიროების მშენებლობა, ჩატარდა თბილისის რეკონსტრუქცია, ძველი, მუხრანის ლითონის ხიდს რომ ეძახდნენ, ახლით - ბარათაშვილის ხიდით შეიცვალა. მაშინ დაიგეგმა და აშენდა ვახუშტის ხიდიც. მისი მიღებული თბილისის განვითარების გენგეგმის მიხედვით, კიდევ 6 ხიდი უნდა აშენებულიყო, რადგან განივი კავშირების უქონლობა ახშობს თბილისს და საშინელ საცობებს, გამონაბოლქვს იწვევს. ვახუშტის და გლდანის ხიდების აშენების შემდეგ 50 წელი გავიდა და თბილისში ხიდი აღარ აშენებულა.

- დედაქალაქის რეკონსტრუქციის დროს რა შეცდომები იქნა დაშვებული.

- სანაპიროზე იყო აშენებული შესანიშნავი რამდენიმესართულიანი შენობა ლამაზი ინტერიერ-ექსტერიერით, ასწლოვანი ვერხვებით გაშენებული ეზოთი (ყოფილი რესტორანი "არაგვი"). ეს ყველაფერი განადგურდა - მოვიდა ვიღაც უწესო კაცი, ამ ნაგებობის დანგრევა და უზარმაზარი შენობის მაინცდამაინც იქ აშენება მოინდომა. 25 წელიწადი გავიდა, ეს ადგილი რამდენჯერმე გაიყიდა, მან ბევრი მფლობელი გამოიცვალა და დღემდე არავინ ჩანს, რამე ააშენოს.

თავის დროზე, როცა პირველი გიმნაზია აშენდა (თბილისური ნაგებობების ავტორი ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ოტო სიმონსონია), იქაურობა ისე დაპროექტდა, რომ მაშინდელ გალავინსკზე (რუსთაველი) მოსეირნე ხალხს მთაწმინდის ხედი დაჰყურებდა. ამის შემდეგ რა ვქენით? გიმნაზიის უკან უზარმაზარი ლამაზი სახლი დგას (სანატრელია, ასეთი შენობა სხვა ადგილას მდგარიყო), მაგრამ იმ სახლს გიმნაზიის შენობა ეფარება, თვითონ ის შენობა კი მთაწმინდის ხედს ფარავს. ამხელა სახსრების ჩაყრით ამაზე უკუღმართი რამის გაკეთება თუ შეიძლებოდა, არ ვიცი, წარმოუდგენლად ბრიყვული გადაწყვეტილებაა.

შევარდნაძემ პროფესიონალების შემოკრება იცოდა, მათ შორის მხარს უჭერდა შოთა ყავლაშვილს, რომელმაც გაალამაზა თბილისი. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელება იყო ბარათაშვილის ქუჩა უსახური შენობებით. ყავლაშვილმა ამ საშინელებისგან ბრწყინვალე ქუჩა შექმნა - ეს არის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქუჩა ორიენტირებულია ისე, როგორც საჭიროა. მის ღერძზე პირდაპირ ზის შესანიშნავი სამების ტაძრის შენობა. წარმოიდგინეთ, ვერის ბაღის ფლატეზე მტკვრის პირიდან რომ გავდიოდით, შემოდგომა-გაზაფხულზე მოჩანდა კავკასიონის პანორამა თავისი თოვლიანი მწვერვალებით. ულამაზესი გადასახედი ადგილია. ცხონებულმა ვახო რჩეულიშვილმა იქ საცხოვრებელი კომპლექსი ჩადგა, რომელმაც მთლიანად ჩაკეტა ეს პანორამა და ვერის ბაღს მოუსპო სივრცე.

- უსახური შენობების, თანაც შეუსაბამო ადგილებში მომრავლებაზე ვინ არის პასუხისმგებელი? ან რას ემსახურება დაუსრულებელი მშენებლობები და ექსპლოატაციის ვადების გაგრძელება.

- თავის დროზე, მერიას შევთავაზეთ, უფასოდ შეგისრულებთ "დოქების" დემონტაჟის პროექტს და სხვაგან გადავიტანოთ, შესანიშნავი ფუტურისტული ნაგებობაა, იყოს თუნდაც დიდ დიღომში-მეთქი. უარი გვითხრეს. შოთა ყავლაშვილს (არქიტექტორ რამაზ კიკნაძესთან ერთად გაკეთდა პროექტი) რიყის ტერიტორიაზე ჩაფიქრებული ჰქონდა საწყლოსნო კომპლექსი, უნდა გაკეთებულიყო აკვაპარკი ღია და დახურული აუზებით, იქით მტკვარი იქნებოდა, ის არც ხედს დაფარავდა.

დღეს ყველა ინვესტორი თავისი სურვილითა და გემოვნებით დგამს შენობებს და მომკითხავი არავინ ჰყავს. შიშის და ფულის გამო ხელმძღვანელი პირები მათ გავლენაში ექცევიან. საშინელებაა, როცა ვერ იყენებ შენს უფლებებს და შენს ქალაქში ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. შეიძლება მშენებლობის ვადები გაგრძელდეს იმიტომ, რომ თავის დროზე ტენდერი არასწორად ჩატარდა, ერთმა ფირმამ აიღო ობიექტი, ვერ გააგრძელა და მიატოვა, მერე სხვა მონახეს ან ვერა და ასე შემდეგ... ჩვენთან ძალიან ცუდი, მახინჯი პრაქტიკაა - როცა არის მსუყე ლუკმა, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტი, ხანდახან ხელმძღვანელები თავიანთ ბიძაშვილ-მამიდაშვილს ან მეგობარს ეუბნებიან, მოდი, ჩამოაყალიბე ფირმა და ტენდერში გაიმარჯვებო. ხელმძღვანელი ახალჩამოყალიბებულ ფირმას ტენდერში გაამარჯვებინებს, რომელსაც გარდა ნაცნობობისა, არც კადრი ჰყავს და არც პრაქტიკა გააჩნია. შემდეგ ეს გენმოიჯარე ფირმა უკვე ეძებს რეალურ ფირმებს, რომელთაც საქმეს გააკეთებინებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ყველა ერთმანეთის ძმა და მეგობარია, ვინც მსუყე პროექტებს იღებს, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომაც გრძელდება უსასრულოდ მშენებლობები, გვაქვს დაუმთავრებელი სახლები...

ჩვენი ყველაზე დიდი გასაჭირი ხედების ჩახერგვაა. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, ახლა დეველოპერული ფირმების ბუმია, გაივლის 20-30 წელი, თქვენ გამოცდილი სპეციალისტები იქნებით და, ალბათ, მნგრეველი ფირმების შემოტანა-ჩამოყალიბება მოგიწევთ საქართველოში-მეთქი. ბოლო წლებში რაც აშენდა, დიდი ნაწილი დასანგრევია. ზოგი კი ისეა აშენებული, სამწუხაროდ, ვერ დავანგრევთ.

თავის დროზე, ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან, ყოფილი ვერის ხიდის (ამჟამინდელი - გალაკტიონის) მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია ჩატარდა, ხიდი გაფართოვდა და მისი ღერძი მარჯანიშვილის ქუჩაზე დასვეს. კირხე, ლუთერანული ეკლესია დაანგრიეს და შეიქმნა მარჯანიშვილის მოედანი. იყო ასეთი ცნობილი არქიტექტორი, მიხეილ მელია, რომელსაც მთლიანი არქიტექტურული ანსამბლის შექმნა სურდა. მან ამ ხიდის ღერძზე დასვა მარჯანიშვილის ქუჩის ტროტუარი. ჩანაფიქრით, მარჯანიშვილის ქუჩა განიერი იქნებოდა, შუაში ჭადრებით გაყოფილი. ამ იდეის ხორცშესხმას ხელი შეუშალა მარჯანიშვილის თეატრმა, რომელიც ვიწრო ქუჩის გათვალისწინებით აშენდა და ქუჩის გასაფართოებლად საჭირო იყო მისი ბორბლებზე შეყენება და უკან გადაგორება. საინჟინრო პრაქტიკაში ეს სირთულეს არ წარმოადგენდა. საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა და დარჩა ისე, როგორც არის. 2000-იანების დასაწყისში ბევრჯერ წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ თეატრი გადაგვეგორებინა და გამოვიდოდა მშვენიერი, ფართო, მსუბუქი ქუჩა. არა, ამათ პირიქით დაავიწროეს. დღეს იქ ორი ზოლია და გვაქვს საშინლად ვიწრო, ჩახუთული და მუდმივად საცობებიანი ქუჩა.

თბილისში საქვეითო ქუჩები არა გვაქვს და ესეც დიდი პრობლემაა. ასეთი შესანიშნავი ლანდშაფტითაა შემოსილი თბილისი და საქვეითო ქუჩები უნდა იყოს. ასეა პარიზში, ბარსელონაში, ნებისმიერ ევროპულ ქალაქში - ცენტრის ნახევარზე მეტ ფართობზე სულ საქვეითო ზონებია კაფეებით, რესტორნებით, მაღაზიებით, ქვაფენილითა და დასეირნობს ხალხი. კალას უბანში, აბანოთუბანში შეიძლება ამის გაკეთება, რათა ისეირნონ ტურისტებმა და ჩვენმა ხალხმაც ისიამოვნოს.