"საქართველო არ არის პატარა ქვეყანა, სადაც ყველაფერი იოლად გამოვა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"საქართველო არ არის პატარა ქვეყანა, სადაც ყველაფერი იოლად გამოვა" (ექსკლუზივი)

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს. დამშვიდობების წინ "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოახერხა ელჩთან გასაუბრება. როგორ აჯამებს თავის საქმიანობას, რატომ აქვს კულტურულ მემკვიდრეობას პოლიტიკური ასპექტი, რა ბედი ელის ქართულ ღვინოს თურქეთში და სხვა საინტერესო თემებზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ქალბატონო ჯერენ, ამას წინათ საელჩოში გამართულ ვახშამზე საქართველოში სტუმრად მყოფმა ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, რომლის მუშაობის მიზანი, წესით, სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ხალხთა ურთიერთობის განმტკიცება უნდა იყოს, თქვენ უკეთეს ადგილზე მუშაობის გაგრძელება გისურვათ(?!), რასაც თქვენი ღირსეული პასუხი მოჰყვა - არ არსებობს თურქეთის ელჩისთვის უკეთესი ადგილი მსოფლიოში, ვიდრე საქართველოაო! ახლა, როცა თქვენი მუშაობის პერიოდს აჯამებთ, როგორ ფიქრობთ, მოახერხეთ თურქი ხალხისთვის ისეთი საქართველო გაგეცნოთ, როგორიც თქვენ დაინახეთ?

- საქართველოში ოთხ-ნახევარი წელიწადი ვიმუშავე. სამწუხაროდ, აქედან ორი წელი პანდემიამ წაგვართვა. ელჩისთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობს, საკუთარი ქვეყნის წარდგენა, მეორე - ორმხრივ ურთიერთობაში ხარვეზების წარმოქმნამდე მათი აღმოფხვრა, მესამე - სამშობლოში იმ ქვეყანაზე, სადაც მუშაობს, პირველწყაროდან საკუთარი მოსაზრებების, შეხედულებების გაზიარება თავისი ქვეყნის სხვადასხვა უწყების თუ საზოგადოებისთვის. მე ჩემს მთავარ სტრატეგიად დავისახე, სოციალური მედიის დახმარებით წარმომეჩინა ჩემი ქვეყანა საქართველოში და საქართველო - ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ, ორივე ქვეყნის წარდგენისას აქცენტები პოლიტიკურ ურთიერთობებზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ - ადამიანებსა და გარემოზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩემი, როგორც ერთი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ არის. საჭიროა კავშირების გაბმა სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებს, მაგალითად, ჟურნალისტებს, მეცნიერებს, ხელოვანებს შორის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიმუშავე, როგორც ობობამ და მოვქსოვე ერთგვარი ქსელი (რა თქმა უნდა, არა - ბუზების დასაჭერად), რომელიც შედგება სხვადასხვა ორგანიზაციისგან, რომლებსაც ერთმანეთი სჭირდებათ და ერთად მუშაობენ. მოვიარე მთელი საქართველო, შევიძინე მეგობრები, მათთან შეხვედრები კი დაწვრილებით აღვწერე სოციალურ მედიაში და ახლა უკვე ჩემი თურქი მეგობრები უკავშირდებიან ჩემს აქაურ მეგობრებს, ჩამოდიან, ზოგი - სასრიალოდ, ზოგი - ფოტოების გადასაღებად... ისინი ჩამოდიან იმიტომ, რომ დაინახეს ჩემი თვალით დანახული საქართველო.

- ეს საკმარისია? ერთია, როცა ორგანიზაციები უკავშირდებიან ორგანიზაციებს, კონკრეტული ადამიანები - კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ თუ უფრო ფართოდ გავშლით საკითხს, დავინახავთ: მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ვართ ერთმანეთთან, თითქოს აქტიური მიმოსვლაც გვაქვს, ერთმანეთს მაინც არ ვიცნობთ. ვერ ხერხდება იმ ძაფის გაბმა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის უნდა არსებობდეს.

mecheti-1655038830.jpg
ფოტო: გიორგი მაღრაძე

- მართალი ხართ, და ჩემი აზრით (შეიძლება სხვა სხვაგვარად ფიქრობდეს), საქართველომ სტრატეგიულად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი თურქეთში, როგორც ევროპულ და არაბულ ქვეყნებში კეთდება. თურქეთში მილიონამდე ქართული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს. მე არ ვიცი, სხვა ქვეყნებში არის თუ არა მსგავსი რამ, მაგრამ თურქეთში ქართული ენისა და ლიტერატურის ოთხი ფაკულტეტია. მსურველების შეგროვების შემთხვევაში თურქეთის საშუალო სკოლებში არის ქართული ენის შესწავლის საშუალება. რა თქმა უნდა, ქართული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. რატომ არ შეიძლება ანკარაში, სტამბოლში ან თუნდაც ტრაბზონში იყოს ქართული რესტორანი? არადა, არ არის... კარგია, რომ ახალგაზრდებმა ინტერესი გამოხატეს და საქართველოში ჩამოსვლა დაიწყეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენად თუ მთებში სახეტიალოდ - ეს კარგი ტენდენციაა და შედეგსაც მოიტანს. ინსტაგრამზე არის გვერდი "ფრანი გოგო". ეს გოგონა ამჟამად მარტვილშია, ჰყავს ძალიან ბევრი გამომწერი და ისეთ რეკლამას უკეთებს საქართველოს, მერწმუნეთ, ბევრი ფირმა რომ ვერ შეძლებს.

- კი, მაგრამ ეს ხომ საზოგადოების განწყობაზე არ აისახება... ჩემს წინა კითხვაში ტურიზმის განვითარებაზე არ გამიმახვილებია ყურადღება...

- საზოგადოების განწყობისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები პირადად გაეცნონ ერთმანეთს. ადრე საქართველოს თურქეთში იცნობდნენ, ცოტა არ იყოს, საშიშ ქვეყნად, სადაც ქუჩაში უსაფრთხოდ ვერ გახვალ, ამიტომ ჩამოსვლას ერიდებოდნენ. საქართველოს იმიჯს აფუჭებენ ის ადამიანები, რომელთაც თურქეთში დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე ბათუმს აფარებენ თავს. ზოგიერთი მათგანი სამორინეების ბიზნესში არიან ჩართული, მათი ბიზნესი და აქ ყოფნა კი ცუდ გავლენას ახდენს.

ბლოგერები და მათი გვერდები კარგია, რათა მოვუყვეთ საზოგადოებას, რომ ბათუმის გარდა არის სხვა საქართველოც, რომ ეს საქართველო ძალიან ლამაზი და თბილია, რომ თავისი გულით, სტუმართმოყვარეობით ძალიან ჰგავს ჩვენს საზოგადოებას... ასეთი კონტაქტების გარეშე ძალიან ძნელია თურქეთში საქართველოს შესახებ განწყობის შეცვლა ან, პირიქით, საქართველოში თურქეთზე წარმოდგენის გადასხვაფერება. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ რაღაცის შეცვლა მოვახერხე. შეიძლება ეს მცირედია, მაგრამ უკვე არსებობს საფუძველი, რომელზეც უნდა დაშენდეს უნივერსიტეტების თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობის ერთმანეთისთვის გაცნობა და ა.შ. ართვინისა და რიზეს გარდა, თურქეთის სხვა რეგიონებში ადამიანებმა არაფერი იციან თქვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, არ იციან ისტორია, რომელიც ამ კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება. ეს ყველაფერი მათ უნდა მოვუყვეთ, მეცნიერებმა, არქეოლოგებმა ერთად უნდა იმუშაონ. რამდენმა ქართველმა იცის გობეკლი თეფე (ნეოლითური ხანის ძეგლი) და რამდენია იქ ნამყოფი?

- შეიძლება ჩვენთვის იქ წასვლა ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ცოდნით ვიცით...

- და რამდენი თურქია დმანისში ნამყოფი? პირველად ახლახან მოხვდნენ დმანისში თურქი ჟურნალისტები თქვენი წყალობით და ამისთვის მადლიერი ვართ. ძალიან მინდა, ქართველმა მეცნიერებმა ნახონ გობეკლი თეფე, რადგან ისიც და დმანისიც „"ნეიშენელ ჯეოგრაფიკის" პირველ ასეულშია. ჩვენ, ორმა ქვეყანამ, შეგვიძლია ჩავრთოთ აზერბაიჯანი, სომხეთი და მსოფლიოს ჩვენი რეგიონი გავაცნოთ კულტურით, ხელოვნებით, ტურიზმით და არა - ომებით და პრობლემებით.

- კულტურული მემკვიდრეობა ახსენეთ და გავიხსენოთ, რომ 2017 წელს საქართველოს კულტურის მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კულტურული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც, ბოლო წლებია, "მკვდარია", თუმცა კი დაიწყო ძალიან აქტიურად: პარხალი, ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით კარგად გააკეთა თურქულმა მხარემ, რისიც მადლიერი ვართ, თუმცა, უკვე სამი წელია, მიუხედავად ოქმში ჩაწერილი უფლებებისა, ქართველ სპეციალისტებს ხელი არ მიუწვდებათ ოშკის პროექტზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

- კულტურის სფეროს რაც შეეხება, ურთიერთობა აქ ყველაზე იოლია, იმიტომ, რომ ხელმოწერილია ოქმი და თურქულმა მხარემ მისი ყველა ვალდებულება შეასრულა(?!). ქართველი ექსპერტები იყვნენ თურქეთში, ჩვენი ექსპერტებიც ჩამოვიდნენ აქ. მერე დაიწყო პანდემია, 2021 წლის შემდეგ კი ამ ოქმს ვადა გაუვიდა, თუმცა მხარეებმა მისი განახლების შესახებ უკვე იმსჯელეს. მე არ მსმენია, რომელიმე მეცნიერს გამოეთქვა თურქეთში კვლევის მიზნით წასვლის სურვილი და ეს ვერ მოეხერხებინა. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში არის აკადემიური წრეები, რომელთაც შეიძლება თქვან, რომ წასვლა უნდოდათ და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. შეიძლება მართლაც არ მივეცით ამის ნება, რადგან ოქმით გათვალისწინებულია, როგორი უნდა იყოს ეს პროცესი. ამისთვის მათ უნდა მიმართონ კულტურის სამინისტროს, რომელიც ადგენს მკვლევართა ჯგუფს თურქეთში წასასვლელად. თვითნებურად წასვლის მეც წინააღმდეგი ვარ. დავაზუსტებ: არ მახსენდება შემთხვევა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მოემართა ჩვენთვის, რომ მეცნიერთა ჯგუფს უნდა თურქეთში კვლევისთვის ჩასვლა და ჩვენ ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა. უნდა დავინტერესდე და გამოვიკვლიო, მართლაც მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი. თუ იქ ჩასვლა გვინდა შესწავლის მიზნით, ეს სხვაა, თუ ფოტოს გადასაღებად - სხვა, და თუ ვინმეს სურს, გვაკონტროლოს, ეს ცალკე საკითხია. რა უნდა გააკონტროლონ? ორივე მხარემ იმიტომ მოვაწერეთ იმ ოქმს ხელი, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს.

oshki-1655038830.jpg

- ამ ეტაპზე ოქმი მოქმედი არ არის...

- თუმცა ამის გამო ოშკში სამუშაოები არ შეჩერებულა - დაწყებულია პროექტი და რა თანხის საშუალებაც იქნება, მისი შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.

ახალქალაქში არის ციხე და ამ ციხეში არის ძველი ოსმალური პატარა მეჩეთი. მედიით გავიგე, რომ მისი რესტავრაცია კიდევ გადადებულა, ჩვენ კი განვიცდით, რომ ამ პატარა მეჩეთს იყენებენ, როგორც ბოსელს. გუბერნია ცდილობს, ძეგლი დაიცვას - მას კეტავენ, თუმცა მუდმივად ჩნდებიან ვიღაცები, ვინც ხსნიან და შიგ პირუტყვს ერეკებიან. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ურთიერთობებია, რომ მსგავს საკითხებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ვცდილობთ, კულტურის სამინისტროს, გუბერნიის მონაწილეობით ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენ გვინდა ამ მეჩეთის რესტავრაცია და ახალ ოქმში, რომელიც გაფორმდება, ეს საკითხი პრიორიტეტული იქნება, თუმცა თავად ახალქალაქის ციხე ქართული ისტორიული მემკვიდრეობაა. შესაძლოა ეს იყოს ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ეს, უპირველესად, არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ასევე ოშკიც არის თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა. მე ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია ოშკი საქართველოს კულტურის, ისტორიის, რელიგიის თვალსაზრისით, მაგრამ მასზე პასუხისმგებელი თურქეთია და ეს ჩვენ გავითავისეთ. იგივე შემიძლია ვთქვა ახალქალაქის ციხესთან დაკავშირებით. იმ მოტივით, რომ ახალქალაქში საქმე არ კეთდება, შემიძლია ოშკის რეაბილიტაციის შეჩერება? რა თქმა უნდა, არა. ოშკი ჩვენიც არის.

- ძველი ოქმის თანახმად, ორივე მხარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია უნდა ჩატარებულიყო ექსპერტების ერთობლივი მონაწილეობით. თურქეთის ტერიტორიაზე ილახება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ინტერესები თუ ახალქალაქში, ჩვენთვის ეს ერთი და იგივეა, ანუ ძეგლებს არ ვყოფთ რაღაც ნიშნით, რომ მაინცდამაინც ის უნდა გაკეთდეს და ეს - არა. თუ ოქმით გათვალისწინებული შეთანხმება ირღვევა, ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ შესაბამის სამსახურებს, მაგრამ მანამდე ეს ხომ უნდა ვიცოდეთ...

- მაშინ მაინტერესებს, ოშკის შესახებ თუ იცით, ამ მეჩეთის შესახებ რატომ არ იცით?

- ოშკის შესახებ მუდმივად ვსვამთ კითხვებს, პასუხებსაც ვიღებთ, ახალქალაქის მეჩეთის შესახებ კი ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის...

- ერთობლივი ოქმის მნიშვნელობაც ის არის, ისეთი ურთიერთობა დამყარდეს, რომ ყველა ძეგლის შესახებ ყველამ იცოდეს. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს ოქმი განახლდეს.

- და მისი ამოქმედება ორივე მხარისთვის სავალდებულო უნდა იყოს...

- გეთანხმებით, თუმცა ამისთვის მხოლოდ ხელმოწერა არ კმარა, ამ ყველაფრის სულს უნდა ჩასწვდე. თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელმაც იცის კულტურული მემკვიდრეობის ფასი, ამიტომ გეტყვით: თურქეთის საზოგადოებაში უკვე ხმამაღლა ისმის კითხვები ახალქალაქის მეჩეთის თაობაზე... თურქებმა ოშკი არ იციან, თორემ ეს იციან. ამიტომ ვამბობ, რომ კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დამოკიდებულება, რომ რაც ჩემია, მხოლოდ ის გავაკეთოთ, არ ივარგებს. ეს ყველაფერი არის ჩვენი, ყველასი, ამიტომ ყველა ძეგლს ერთნაირად უნდა მივხედოთ. ერთ მაგალითს კიდევ გეტყვით: ახალციხეში, რაბათის ციხეზე, ერთ წარწერას ვერ ნახავთ ოსმალურს. როდესაც რესტავრაცია გაკეთდა, მისი ოსმალური არქიტექტურული იერსახე განადგურდა. ქვევით არის ოსმალური აბანოები, რომლებიც დანგრეულია და მათ რეაბილიტაციას არავინ ჩქარობს. ამ ყველაფერზე ლაპარაკი დაწყებულია, მაგრამ ამოქმედება ჭირს, რასაც ორი მიზეზი აქვს. პირველი უფულობაა, რადგან თურქეთში ძალიან ძვირი პროექტებია. ათასობოთ ძეგლია, მეტიც - ანტიკური ქალაქებია,­ დასახლებები,­ თავისი თეატრებით და ა.შ. და ვცდილობთ, იქიდან ფული მოვინარჩუნოთ, რომ ქართულ ძეგლებს მოვახმაროთ. დაახლოებით სამი მილიონი დოლარია დახარჯული ქართული ძეგლების რეაბილიტაციისთვის. ქართველ ბიზნესმენებს კერძო საუბრისას უთქვამთ, ჩვენ მოგცემთ ფულს, რომ ქართული ძეგლები გააკეთოთო.

- თურქეთის კანონმდებლობით ეს აკრძალულია...

- მე მათ ვპასუხობ, თუ ამდენი ფული გაქვთ, ჯერ აქ გააკეთეთ, ჩვენ ჩვენსას მოვუვლით და თქვენ თქვენებს უპატრონეთ-მეთქი. კულტურული მემკვიდრეობის საკითხს აქვს პოლიტიკური ასპექტიც, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხები კულტურული მემკვიდრეობის ფორმატში დარჩეს. ჩვენ ვხედავთ, რომ მესამე ქვეყნები ცდილობენ, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაში, ისტორიისა და იდენტობის გამოყენებით, ბზარი გააჩინონ, ამიტომ მჯერა, რომ საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ეს პროცესი ძალიან ფრთხილად სამართავი იქნება. მე მადლიერი ვარ როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროსი, ისე ქართველი მეცნიერების, მაგრამ როგორც სუვერენული სახელმწიფო, ვერ დავუშვებთ, თურქეთში ენთუზიასტები წავიდნენ და იქ ინსპექცია ჩაატარონ. ასევე, თუ თურქეთიდან ეცდება ვინმე, პირადი გამორჩენის მიზნით ჩამოვიდეს აქ, მათ საქმიანობასაც ყველანაირად შევუშლით ხელს. თუ მოქალაქეები ან არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვაწვდიან ინფორმაციას და ნაკლოვანებებზე თავიანთ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ, გაგვიხარდება, მაგრამ თუ ადამიანი ჩვენთან მოსვლამდე ფეისბუკზე დაწერს, ნახეთ, თურქები რას უშვრებიან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასო, ან, პირიქით, ნახეთ, ქართველები მუსლიმურ სასაფლაოებს როგორ ანადგურებენო, ეს არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნება. ისინი ვერ ხვდებიან, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. სხვა მხრივ, მე ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები სწორი გზით მიდის...

- ანუ უკეთესია, ვიდრე მაშინ იყო, სანამ მუშაობას შეუდგებოდით?

- მე ძალიან კარგი ელჩი შევცვალე. მაშინ რეგიონშიც, მსოფლიოშიც სხვა ვითარება იყო, საქართველოშიც სხვა მინისტრთა კაბინეტი მუშაობდა, მე ვერ შევადარებ ჩემსა და ჩემი წინამორბედის პერიოდებს, რადგან ისინი განსხვავებულია...

- თქვენი მუშაობის საწყის პერიოდს მაინც რომ შევადაროთ?

- ჩვენი საუბრის დასაწყისში ობობას ქსელზე ვისაუბრე და თუ ჩემს საქმიანობას შევაფასებ, ვიტყვი, რომ ამ ნაქსოვზე საკუთარი მოტივი ამოვქარგე. კარგსა და ცუდზე თუ ვისაუბრებთ, არის საკითხები, რომლებშიც წინ წავიწიეთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით მეტს ველოდი, თუმცა სასურველს ვერ მივაღწიეთ...

- კონკრეტულად?

- მაგალითად, მე ვფიქრობდი, ველოდი კიდეც, რომ მეტი თურქული ინვესტიცია იქნებოდა და მიზნადაც მქონდა დასახული მილიარდი დოლარი ახალი ინვესტიციის სახით, თუმცა ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწიე...

- "ენკა" შეიძლება ამისთვის ცუდი მაგალითი ყოფილიყო...

- არა. ჩამოდის ახალი ინვესტიციები, ასე რომ, ჯერ ჩემი პერიოდის „საბუღალტრო დავთარი“ არ დამიხურავს. მივუახლოვდი ჩემს მიზანს, თუმცა მინდა წინ მეტი ნაბიჯი გადაიდგას. ამ ინვესტიციების გამოყენებით მინდა თურქეთში საქართველოს ექსპორტი გაიზარდოს, ხოლო მსოფლიოში - საქართველო-თურქეთის ერთობლივი პროდუქციის ექსპორტი. მაგალითად, მზად არის ხელშეკრულება საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის გაყვანის შესახებ. შარშან, პირველად, თურქეთში 98 000 ლიტრი ქართული ღვინო გაიყიდა. თავდაპირველად კვოტა იყო მილიონი ლიტრი, რაც მილიონ-ნახევრამდე გავზარდეთ. თურქეთში „საფერავი“ მოლდოვიდან თუ შემოდის, ქართული ღვინის იმპორტიც ხომ შესაძლებელია...

- თურქეთში ქართულ ღვინოს არ იცნობენ?

- მეგობარ ბიზნესმენებს ვეუბნები ხოლმე, მართალია, კარგი ღვინო გაქვთ, მაგრამ შინ ჯდომით და მხოლოდ ძახილით, კარგი ღვინო მაქვსო, ღვინოს ვერ გაყიდით-მეთქი. შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თურქეთში პირველად წარადგინეს ქართული ღვინო, რისთვისაც ლევან დავითაშვილის მადლიერი ვარ. არსებობს სტერეოტიპი, რომ თურქეთში ღვინო არ გაიყიდება, თუმცა მთელი მსოფლიო ყიდის თურქეთში ღვინოს, საქართველო კი - არა. რატომ მინდა, გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში? იმიტომ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას სურვილი გამოთქვა, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს 3 მილიარდ დოლარამდე, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ჩამოდის სამორინეებში სათამაშოდ. მე არ მიყვარს ეს საქმე, მაგრამ ესეც ეკონომიკური აქტივობაა, თუმცა ეს ფული ორი ქვეყნის ურთიერთობებში არ ჩანს, მე კი ვისურვებდი თვალსაჩინო, ხელშესახებ, წარმოებაზე დამყარებულ კომერციულ ურთიერთობას, რომელსაც დიდი შედეგიც მოჰყვება. ვფიქრობ, ჩემი შემცვლელი ამას თავს კარგად გაართმევს.

- საქართველოში თქვენს მუშაობას რთული პერიოდები დაემთხვა, ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც, აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო, აღიქმებოდა თურქეთ-სომხეთის კონფლიქტად; ასევე ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესები, თუმცა მანამდე იყო თქვენთვის, როგორც დიპლომატისთვის, ყველაზე რთული 2016 წელი, სამხედრო გადატრიალების მცდელობა...

- მე 2016 წლის 15 ივლისს ვმუშაობდი ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. პოლიციელები, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, ჩემთვის პატივსაცემი სამხედრო პირები, დეპუტატები - პრეზიდენტის სასახლის წინ მდგომი ადამიანები, ამ გადატრიალების ორგანიზატორებმა, სამშობლოს გამყიდველებმა დახოცეს. იმ დღეს პოლიციის სპეციალური ძალები მოღალატეების თვითმფრინავებმა დაბომბეს ისეთი რაკეტებით, რომლებიც ჩვენ PKK-ს ("ქურთების მუშათა პარტია") წინააღმდეგაც არ გამოგვიყენებია. ამ დაბომბვის შემდეგ პოლიციელების გვამების აკრეფაც კი შეუძლებელი გახდა. მე ეს ყველაფერი ანკარაში გადავიტანე. ჩვენი მინისტრის მითითებები სამინისტროდან ყველა საგარეო მისიაში ჩემი ხელმოწერით დაიგზავნა. იმ ღამეს მე ვესაუბრე ჩვენს ელჩებს და ვიცი, ისინი რას გრძნობდნენ. თუ არ გაქვთ ქვეყანა და თავისუფლება, თქვენ არაფერი გაქვთ! მე ვიცოდი, რომ ჩვენი ელჩები სამშობლოს მოღალატეებს ბრძოლის გარეშე არ დაუთმობდნენ საელჩოებს. სარფის საზღვარზე იდგნენ სამშობლოს მოღალატეთა წარმომადგენლები და ელოდნენ გამარჯვებას, რომ თურქეთში შემოსულიყვნენ.

- გინდათ თქვათ, რომ ჩვენს მხარეს იდგნენ?

- დიახ, დიახ, საქართველოს მხარეს იდგნენ სარფის საზღვართან და მინდა გითხრათ, რომ ისინი დღემდე იქ არიან.

დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინდელი ჩვენი ელჩი საქართველოს მთავრობამ არ მიატოვა, გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ კი მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვლა სამუშაო გრაფიკი, ჩამოვიდა თურქეთში და ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა დაუდასტურა.

- ამას მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა...

- ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ! ტყუილად არ მითქვამს, რომ საუკეთესო ქვეყანაში ვმსახურობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთახში ელჩი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მისი ქვეყნის დროშაც ამ ქვეყანაში დაცულია. არ ვუსურვებ არც ერთ ქვეყანას, ისეთ პრობლემას შეეჯახოს, როგორსაც ჩვენ შევეჯახეთ "ფეტოს" სახით. თურქეთში გვაქვს გამოთქმა: "თუ ამას ვინმე დაივიწყებს, სისხლი გაუშრეს!" ყველას გაუშრეს სისხლი, ვინც იმას დაივიწყებს, რაც ჩვენ დაგვმართეს.

ყარაბაღის კონფლიქტს რაც შეეხება, თურქეთი ამ ომში არ ჩარეულა. ის მხარს უჭერდა აზერბაიჯანს სამხედრო აღჭურვილობით და ეს არ იყო დაფარული. ჩვენ აზერბაიჯანთან გვქონდა თანამშრომლობის ხელშეკრულება და არც ეს იყო დაფარული, მაგრამ ომი ძალიან ცუდი რამაა.

მე დიპლომატი ვარ და მშვიდობის მომხრე. როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოსადმი თურქეთის პოზიცია არის ურყევი - ეს გახლავთ მათი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ გვინდა რეგიონში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება, მშვიდობის განმტკიცება. მე ომის დროს გამუდმებით ამაზე ვლაპარაკობდი და ვფიქრობ, ჩემი სიტყვა ქართველმა საზოგადოებამ მოისმინა. ადამიანები თვალებში ჩახედვით ვერ უგებენ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ.

თურქეთის მოწინააღმდეგე რეგიონში არიან, მაგალითად, დაშნაკები, PKK და სხვა სეპარატისტები, რომელთაც მხარს უჭერენ რუსეთის გარკვეული წრეები. მათთან დაკავშირებით ყველაფერი შუქდება ნეგატიურად და "ფეტოსთან" დაკავშირებითაც იმავეს ვაწყდებით... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და გადაწყვეტილების მიმღები უწყებების, ასევე საზოგადოების ნდობა არ დაიკარგოს და ეს წრეები არ მოექცნენ ნეგატიური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, თუმცა კონფლიქტის დროს ასეთი პრობლემა არ მიგრძნია.

რაც შეეხება ნამახვანს, საკითხი ეხებოდა კერძო ფირმასა და საქართველოს მთავრობას, მაგრამ ვინაიდან ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით დაიწყო თურქეთის საწინააღმდეგო საუბარი და გამოიკვეთა პოზიცია, რომელიც ემუქრებოდა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მე ჩავერიე, როგორც თურქეთის ელჩი და ამ ხნის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა საქართველოს მთავრობასთან. დიპლომატი და ელჩი სხვა რამეს ვერც ინატრებდა. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ქვეყნებში, სადაც ვმუშაობთ, გამოვასწოროთ პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების ქმედებები. ჩვენი ვალია მოსაზრებების გაზიარება, რათა შევქმნათ ჩვენი საერთო მომავალი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება საქართველოს მთავრობისთვის. თვალს ვადევნებდი ფირმისა და ხელისუფლების საქმიანობას და ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება. ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესახებ და ეს პრობლემა კარგად გამოააშკარავა ნამახვანმა. მაგალითად, ფეისბუკში არის გვერდი, რომელიც მოწინააღმდეგეებმა შექმნეს. თითქოს მწვანეები არიან, რომლებიც საქართველოში დიდი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან. მათ შეუერთდა ახალგაზრდა სოციალისტების ჯგუფი. უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, თუ საქართველოს ახალ თაობაში ამგვარი ჯგუფები არსებობდა... ახალგაზრდა მემარცხენეებს ვგულისხმობ, რომლებსაც კავშირი აქვთ ევროპასთან და რომლებმაც თურქეთის ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ თურქული ინვესტიციისკენ მიმართეს. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ ისლამოფობიური წრეებიც... მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით - არ აქვს მნიშვნელობა, ამას ის ფირმა გააკეთებს თუ სხვა. მე, როგორც თურქეთის ელჩი, ვისურვებდი, ეს პროექტი განახორციელოს თურქულმა კომპანიამ, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მასზე ხელი არ უნდა ავიღოთ - პროექტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ნამახვანმა დამანახვა, რომ საქართველო არ არის პატარა ქვეყანა, სადაც ყველაფერი იოლად გამოვა. საქართველო მრავალმხრივი და ძალიან საინტერესო ქვეყანაა.

- ბოლო ხანს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისგან ისმის მინიშნებები, რომ უკრაინა თავისთვის არასასურველ პირობებს უნდა დასთანხმდეს, თუკი ამას ომის შეწყვეტა მოჰყვება. ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებს თურქეთი, იყოს გამორჩეული აქტორი ამ პროცესში: ერთი მხრივ, უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, თუმცა, ამავდროულად, რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

- მიმდინარეობს უკრაინის პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის პროცესი, რასაც, ბუნებრივია, თურქეთი მხარს უჭერს. ჩვენ ველოდებით, რომ პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდება და უკრაინის ოკუპაციის მიზნით მიმდინარე ეს შეტევა დასრულდება. ამ მიზნით თურქეთი მართავს მოლაპარაკებებს როგორც უკრაინასთან, ასევე - რუსეთთან. თურქეთი არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, რომელიც ინარჩუნებს ორმხრივ ურთიერთობას რუსეთთანაც და უკრაინასთანაც რეგიონში მშვიდობის დამყარების მიზნით.

- იდეა საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის შესახებ ბოლო დროს სულ უფრო მკვეთრ კონტურებს იძენს. იდეის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭიროებისას თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი გახდება, როგორც ეს აზერბაიჯანთან დაკავშირებით არაერთხელ ვნახეთ?

- თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სამი სახელმწიფოა, რომელთა ინტერესები და რეგიონსა და მსოფლიოსთან დაკავშირებული შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მას მოკავშირედ მივიჩნევთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, არამედ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაშიც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ იმოქმედებს თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხოლო თურქეთი ყოველთვის, ყველა პლატფორმაზე, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სწორედ ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც მოკავშირეები ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ჩვენ გვსურს და მხარს ვუჭერთ მომავალში თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის განმტკიცებას.

ნინო ბურჭულაძე