გზა აფხაზეთიდან ბუჩამდე - რეალურია თუ არა ქართველთა და უკრაინელთა გენოციდის აღიარება?! - კვირის პალიტრა

გზა აფხაზეთიდან ბუჩამდე - რეალურია თუ არა ქართველთა და უკრაინელთა გენოციდის აღიარება?!

ვისაც აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდიას ნაამბობი ერთხელ მაინც მოუსმენია, ადვილად წარმოიდგენს, რამხელა ტანჯვა და უბედურება გამოიარა ჩვენმა ხალხმა 1990-იანი წლებიდან დღემდე."შვილი თვალწინ მომიკლეს და მისი თვალი გადამაყლაპეს... მერე ჩამომკიდეს... მაწამეს და მკერდი მომაჭრეს... ცხრა ადამიანი ჩემ თვალწინ ჩააგდეს ჭაში"... - ჰყვებოდა აცრემლებული დედა, რომელსაც წამებით მოკლული შვილის გლოვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასეულობით მსგავსი შემთხვევა მოხდა, ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიომ, უკრაინელებთან ერთად, ქართველების გენოციდიც უნდა აღიაროს. ჩვენი სტუმარია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ამ საკითხზე ვესაუბრეთ.

- ბატონო უჩა, რეალურია, რომ მსოფლიომ უკრაინელებისა და ქართველების გენოციდი აღიაროს?

- ჯერ უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს გენოციდი. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფის მკვლელობას, დევნას, ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას, ან ისეთ პირობებში ჩაყენებას, რომ ეს ჯგუფი ფიზიკურად განადგურდეს. დევნა ხორციელდება ეთნიკური, ეროვნული, რასისტული ან სხვა ნიშნით. უკრაინაში ამის დამადასტურებელი ფაქტები მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება, თანაც ჰააგის სასამართლომ ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო გამოძიება. გამომძიებლები უკვე აგროვებენ მასალებს და მტკიცებულებებს, რომ დამნაშავეები გამოავლინონ და დასაჯონ. ცხადია, ჩვენც გვინდა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულების გამო მსოფლიომ ქართველების გენოციდიც აღიაროს, მაგრამ სერიოზული წინაღობა გვაქვს: 1990-იან წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება არ დაწყებულა. საქმე საერთაშორისო სასამართლომდე არც კი მისულა.

- აფხაზეთში ასეულობით ადამიანი წამებით მოკლეს, ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს... ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო?

- ყველამ ვიცით, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მტკიცებულებების დროულად შეგროვება და ამ ფაქტების გამოძიება იყო საჭირო. ბუჩაში ან მარიუპოლში ჩადენილი სისასტიკის დასამტკიცებლად უამრავი ფოტო და ვიდეომასალა არსებობს. იქ ხალხი მობილური ტელეფონით იღებდა ყველაფერს, აფხაზეთის ომის დროს კი მხოლოდ ფოტოაპარატით შეეძლოთ გადაღება. 30 წლის წინ მსოფლიოს ასეთი ტექნიკური შესაძლებლობები არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს.

- გამოდის, რომ უკვალოდ ჩაიარა ყველა დანაშაულმა, რომლებიც რუსულმა არმიამ აფხაზეთსა და შიდა ქართლში ჩაიდინა?!

- სამწუხაროდ, ჩვენთან ჩადენილი სისასტიკის მთავარი გმირები დღემდე დაუსჯელი არიან. სწორედ ამიტომ წლების შემდეგ იგივე გაიმეორეს ჩეჩნეთში, ყარაბაღში, მოლდოვაში, ახლა კი - უკრაინაში. მეტიც - მათმა დანაშაულმა უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა და კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენა, თუმცა მაინც შეიძლება 30 წლის წინ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს.

- როგორ?

- საქართველოს ხელისუფლებას ახლაც შეუძლია ზოგიერთი მასალის მოძიება, მით უფრო, რომ ასეთ მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს. მან ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციებს კი არ უნდა მიანდოს, თვითონაც უნდა იმოქმედოს, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. უკრაინის პროკურატურა თავად იძიებს დანაშაულებს და ჰააგის სასამართლოს აწვდის. ახლაც შეიძლება აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას საამისო ნება არც თავის დროზე გამოუჩენია, არადა, წლები გადის, კვალი იშლება, მძიმე დანაშაულის მოწმე ბევრი ადამიანი ცოცხალი აღარ არის და გენოციდის აღიარებაც გართულდება, თუმცა საქართველოში ჩადენილია არაერთი ომის დანაშაული, ასევე - ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაც გენოციდზე არანაკლებ მძიმე კვალიფიკაციაა. ჩვენ თვალწინ ეთნიკური წმენდაც რამდენჯერმე განხორციელდა. ამის დასტურია შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან გამოდევნილი მოსახლეობა. 2008 წლის ომის შემდეგ შიდა ქართლში ქართული სოფლები რომ გადაწვეს, ესეც ეთნიკური წმენდის კლასიკური ნიმუშია. ცუდია, რომ ამ დანაშაულების გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ასეთ დროს მთავარი კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენაა. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში მომხდარი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვა პრობლემებიც აქვს.

- რა პრობლემები?

- ხელის შემშლელი ფაქტორია ის, რომ აფხაზეთში კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის მოხდა, ხოლო შიდა ქართლში - ქართველებსა და ოსებს შორის და ეს რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი წამქეზებელი და მომმარაგებელი თვითონ იყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ჰააგის სასამართლო 1998 წელს შეიქმნა და საქართველო მას გვიან შეუერთდა. 30-32 წლის წინ მომხდარ დანაშაულებს ჰააგის სასამართლო ვერ გამოიძიებს, რადგან მონაცემები და მტკიცებულებები არ აქვს. ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები აქედან გაგზავნილ ბევრ საქმეს სწავლობს, მაგრამ ეს ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა. აქედან გამომდინარე, საქართველო 2008 წელს მომხდარი ომის დანაშაულების დამტკიცებას უფრო შეძლებს, ვიდრე - 1990-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიებისას.

- მკვლელობა, დევნა, გაუპატიურება და კიდევ ბევრი დანაშაული ხომ საერთაშორისო კონვენციებით არის აკრძალული?

- დიახ, ასევე აკრძალულია ეთნიკური ნიშნით დევნა, დეპორტაცია და ეთნიკური წმენდა, რაც საქართველოში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ მთავარი მაინც ფაქტები და მტკიცებულებებია. ჰოლოკოსტი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული გენოციდი იყო, მაგრამ მისი დადასტურება მოგვიანებით მოხერხდა, ნიურნბერგის პროცესზე, როცა საჭირო მტკიცებულებები წარადგინეს. სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, ბევრი ადამიანი იყოს დაღუპული, რომ დანაშაულს გენოციდის კვალიფიკაცია მიენიჭოს. ამ ტერმინით უფრო ფართომასშტაბიან პროცესს აღნიშნავენ, როცა დამნაშავეები არ არჩევენ დიდსა თუ პატარას, ბავშვსა და ქალს. სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, ეს მართლა გენოციდი იყო თუ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. უკრაინაშიც ასეა - ჰააგის სასამართლომ უნდა დაადასტუროს, იქ მასობრივი ხასიათი ჰქონდა თუ არა ამ მოვლენებს, მაგრამ ეს ძალიან რთულად დასამტკიცებელია, რადგან დამნაშავეთა უმრავლესობა მტკიცებულებებს მაშინვე ანადგურებს.

- საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქართველებს ახლაც იტაცებენ, ციხეში სვამენ, აწამებენ და ხოცავენ. ამას რა შეიძლება ეწოდოს?

- სამწუხაროდ, ამ ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლების რეაგირება იშვიათია. ალბათ, ეს "არგაღიზიანების პოლიტიკის" ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. სამწუხაროდ, ისევ გრძელდება ბორდერიზაცია, მკვლელობა, გატაცება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიტაცება, რაც საოკუპაციო ხაზთან დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის.

- დაბოლოს, რა პრივილეგიით სარგებლობს ქვეყანა, ხალხი, რომლის გენოციდს მსოფლიო აღიარებს?

- მართალია, ათასობით დაღუპულს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ გენოციდის აღიარება და აგრესორი სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაც კარგია. შედეგად დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები კომპენსაციას იღებენ. გერმანია დღემდე უხდის კომპენსაციას ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახებს და ეს ერთგვარი გაფრთხილებაა ყველასთვის, რომ ომის დანაშაული დაუსჯელი არსად დარჩება.

სამი ყველაზე გახმაურებული გენოციდი ევროპაში

"ჰოლოკოსტი" - ასე უწოდეს ებრაელების გენოციდს, რომელიც 1941-1945 წლებში ნაცისტური გერმანიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. მეორე მსოფლიო ომამდე ნაცისტებმა მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ებრაელები საზოგადოების ნაწილად აღარ ითვლებოდნენ და მათი რასობრივი ნიშნით დევნა დაიწყეს, ომის დროს კი "სიკვდილის ბანაკები" შექმნეს, სადაც მარტო ებრაელებს კი არა, ყველა "არასასურველ" ადამიანს გაზის კამერებში ხოცავდნენ. ვარაუდობენ, რომ ჰოლოკოსტის შედეგად 17 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

"ჰოლოდომორი" - ასე უწოდეს უკრაინელების შიმშილით განადგურებას 1932-1933 წლებში. 1933 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მოსავლის სრული კონფისკაცია ჩაატარა და გლეხებს საარსებოდ ძალიან ცოტა დაუტოვა. აკრძალული იყო რაიმე სახის საკვების შეტანა უკრაინის რესპუბლიკაში. ამის გამო უკრაინაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა, განსაკუთრებით - სოფლებში, სადაც ხალხი შიმშილისგან იხოცებოდა. ისე უჭირდათ, რომ კანიბალიზმის ასეულობით შემთხვევა აღირიცხა. 2008 წელს ევროპის პარლამენტმა ჰოლოდომორი, რომლის შედეგად 7,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად ცნო.

სერბების გენოციდი ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოხდა, რომელიც ფაშისტური რეჟიმის დროს შექმნილი მარიონეტული სახელმწიფო იყო. 1941-1945 წლებში იქაც ჰქონდათ სიკვდილის ბანაკები, სადაც ადამიანებს ხოცავდნენ. მიმდინარეობდა ეთნიკური წმენდა, დეპორტაცია, გაუპატიურება... რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მუსლიმი სერბების გენოციდი განმეორდა და ამ მოვლენას "სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა" უწოდეს: 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა 8 000 ბოსნიელი-მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე მერყეობდა. 2007 წელს საერთაშორისო სასამართლომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ხათუნა ჩიგოგიძე