"საჭმელი კი არა, წყალიც არ ჰქონდათ, ჭები ცხედრებით იყო სავსე“ - კვირის პალიტრა

"საჭმელი კი არა, წყალიც არ ჰქონდათ, ჭები ცხედრებით იყო სავსე“

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორა და დახოცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი, ამან 30 წლის წინ აფხაზეთში დაწყებული ტრაგედია გაგვახსენა. როგორც ახალდაბელი სოსო დარსალია ამბობს, ეპიზოდები, რომლებზეც ქართველები ამდენ ხანს არ ლაპარაკობდნენ, ყველამ უნდა გაიგოს, რათა იცოდნენ, რომ რუსული სამყაროს სისასტიკე ჩვენ ბევრად ადრე ვიწვნიეთ.

"იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოში ბოროტების ჩამდენები ახლა მაინც დაისჯებიან"

- როდესაც უკრაინის ომში რუსების, ჩეჩნებისა და კაზაკების არაადამიანურ სისასტიკეზე საუბრობენ, ჩემი კუთხის, აფხაზეთის ტრაგედიიდან ერთი ამბავი მახსენდება. ახალდაბაში ტყვედ აყვანილი ქართველები მწყობრში დაუყენებიათ. მათ შორის ყოფილა სკოლის 70 წლამდე მასწავლებელი რაჟდენ ქაჯაიაც. მისი მასწავლებლობის შესახებ რომ გაუგიათ, დაუნდობლად ურტყეს თურმე, თქვი, რომ ეს აფხაზეთის მიწააო. ქართველი ტყვეები ეხვეწებოდნენ, რაჟდენ მასწავლებელო, თქვი, თორემ დაგხვრეტენო, მაგრამ უთქვამს, აუცილებლად დადგება დრო, თქვენნაირებს საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებსო. საბედნიეროდ ის დახვრეტას გადაურჩა. მაშინ საერთაშორისო სასამართლოზე არაფერი ვიცოდით, იმ მოხუცმა კი იცოდა, მისი მუქარა წინასწარმეტყველებასავით ახდება. ახლა, როდესაც იგივე ხდება უკრაინაში, ისევ გამიჩნდა იმედი, რომ საქართველოში ბოროტების ჩამდენები ახლა მაინც დაისჯებიან.

გააფხაზებული ქართველები

- ხმა დადიოდა, რომ ჩვენს რაიონში სამი აფხაზური გვარდია შეიქმნა, მაგრამ ჭორი გვეგონა. არადა, იმ გვარდიის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური გვარად ჩაკვეტაძე იყო. სოფელი ახალდაბა სოხუმის ტრასაზე მდებარეობდა და ომამდე ყოველ ზაფხულს იქაური ჩაკვეტაძეები, რომლებიც ლეჩხუმიდან იყვნენ ჩასახლებული, გვარის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მათ შორის იყო გურამ ჩაკვეტაძეც. ახალდაბელი მოგვარეები ხუმრობით ჰკითხავდნენ, ქართველი ჩაკვეტაძე ხარ თუ აფხაზიო, ქართველი ვარო, უპასუხებდა. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, აფხაზების მხარეს დადგა. როდესაც ტამიშის შეტაკებისას პირველი ახალდაბელი ბიჭი დაიღუპა, ჩვენი თანასოფლელი ჩაკვეტაძეები გურამის სახლში მივიდნენ. შინ მხოლოდ მოხუცი მამა დახვედრიათ, რომელსაც შვილის ამბავი რომ გაუგია, ტირილი დაუწყია, ჩვენ ქართველები ვართ, ამ ჩემს შვილს რა დაემართა, არ ვიციო. შემდეგ, როცა ომი გამწვავდა, მათ სახლს ჭურვი მოხვედრია და ცეცხლი წაჰკიდებია, ქართველებს გამოუყვანიათ, ქართული ჩოხა-ახალუხი ეცვაო, იხსენებდნენ... გააფხაზებული ქართველები ბევრი იყვნენ, იაშვილები, ცეცხლაძეები, წერეთლები, ისინი ათარა-აბხაზიაში ცხოვრობდნენ და ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ.

"ვინც ქართულად საუბრობდა, ყველას ხვრეტდნენ"

- ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, ჭკუა ვიხმარეთ და არსენალი სრულად არ ჩავაბარეთ, ამან გადაგვარჩინა, თორემ ახალდაბაში ვინც გადარჩა, იმათაც დახოცავდნენ. დედაჩემის ძმამ ითავა და იარაღი დამალა. მე ჩემი დაჭრილი მეგობარი გამოვიყვანე და როცა აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ, სოფელში ვეღარ დავბრუნდი, არადა, ოჯახი, შვიდი თვის ფეხმძიმე მეუღლე მყავდა დატოვებული. საბრძოლო მასალის ამოწურვის შემდეგ ვინც ვერ გამოაღწია, დახვრიტეს. მათ შორის 15 ბიჭი, რომლებიც დასახმარებლად განახლებიდან იყვენენ ჩასული.

ჩემი მეუღლე და ოჯახის დანარჩენი წევრები, ბავშვები და ქალები, არხით სოფელ კინდღამდე წამოვიდნენ. სოფელში ჩარჩნენ დედა და 82 წლის ბებია. ქალები ბაღებში იმალებოდნენ. მერე მათ სხვებიც შეუერთდნენ. დედა იგონებს, მე, ნელი შელიამ და ნორა ვეკუამ რუსულიც ვიცოდით და მეგრულიც, რაც აფხაზებთან ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევდა, რადგან ქართულად მოსაუბრე ადამიანს მაშინვე ხვრეტდნენ. ოცამდე ქალი იმალებოდა ჩემი სახლის ბაღში. საჭმელი კი არა, წყალიც არ ჰქონდათ, ჭებში ცხედრები ეყარა. ერთ დღეს ნორა ვეკუა, რომლის სიძეც ჩვენი სოფლის თავმჯდომარე იყო, ქალიშვილის სახლისკენ წასულა. გზად აფხაზი მაროდიორი შეხვედრია, სად მიდიხარო. არც ვიციო, რუსულად უპასუხია. მან დაარიგა სტადიონისკენ არ წახვიდე, ქართველები ჰყავთ დასახვრეტად გაყვანილიო. თუმცა ეტყობა, რაღაც იეჭვა და ჩუმად უკან გაჰყოლია. ცოტა ხანში აფხაზების ჯგუფი ქალებს თავს დადგომია. ოცამდე ქალი ხელებაწეული გამოსულა, მაგრამ დედამ მოასწრო და ვინც რუსული არ იცოდა, გააფრთხილა, თავი ისე მოაჩვენეთ, ვითომ ყრუ-მუნჯები ხართო... გაჰკვირვებიათ აფხაზებს, ამდენს ხანს როგორ გაძელით, სად იმალებოდითო. დედას უპასუხია, მარტოხელები ვართ, წასაყვანად არავინ მოგვაკითხაო. შეუთავაზებიათ, ოქრო გექნებათ, შეგვიგროვეთ და გაგიყვანთო. არაფერი ჰქონდათ და რას მისცემდნენ. აფხაზებს გენერალი რუსლან ქიშმარია გამოუძახით, მას კი აფხაზურად დაუწერია წერილი, რომელიც ქალებს გადასცა და უთხრა, ფრთხილად იყავით, აქ იმდენი დაჯგუფება დადის, ჩვენც აღარ ვიცით, მაგრამ აფხაზები რომ მოვლენ, ეს წერილი აჩვენეთ და არაფერს დაგიშავებენო.

აფხაზურად კითხვა არც ერთმა არ იცოდა, მაგრამ წერილს მაინც ინახავდნენ. ერთხელაც სოფელში ცოლ-ქმარს ჩამოუვლია. ცოლი აფხაზი იყო, ქმარი - ქართველი, შვილი ომში დაეღუპათ და ორმოცის სუფრისთვის "სუფთა რამეს" ვეძებთო. შინაური პირუტყვი ქუჩაში ადამიანების ცხედრებით იკვებებოდნენ, ამიტომ შინაურ ფრინველსა და ცხოველს ვერ გაეკარებოდნენ და ბოსტნეული დაუკრეფიათ. ქალებს უთხოვიათ, ქიშმარიას წერილი გვითარგმნეთო. თურმე ეწერა, ქალები დაუცველი ტყვეები არიან, მებრძოლი არავინ ჰყოლიათ და ხელი არ ახლოთ, თორემ საქმე რუსლან ქიშმარიასთან გექნებათო. მისმა წერილმა უამრავი ბოევიკისგან იხსნა ქალები, მაგრამ ყველასგან ვერ დაიცვა...

"ავტომატის ჯერი მიუშვეს და ოთხივე დახოცეს"

- ერთ ჩვენებურ ბიჭს, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, სკოლის უკან სამხედრო სწავლების ჩასატარებლად მოწყობილი ბუნკერისთვის შეუფარებია თავი. სამხედრო ფორმით ყოფილა. სხვებს, ვინც იქ იმალებოდა, გაუფრთხილებიათ, ასე რომ დაგინახონ, მაშინვე დაგხვრეტენო, ამასობაში კაზაკები შეცვენილან და ბიჭი გარეთ გამოუთრევიათ. სკოლის მასწავლებელი ალექსი ცალანი და კიდევ ორი კაცი, შახი თოლორდავა და გივი ქარაია, გადაეფარნენ, არ მოკლათ, ისედაც დაჭრილია, რას დაგიშავებთო, მაგრამ... ავტომატის ჯერი მიუშვეს და ოთხივე დახოცეს.

ახალდაბაში 82 წლის ალი კანკავა ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მისი ვაჟი იბრძოდა. აფხაზები მის სახლს მიადგნენ თურმე. ალი სანადირო თოფით აივანზე მჯდარა, როგორც კი ეზოში შესულან, ჩემს მიწას არ ჩაგაბარებთო, მოასწრო და ორი მოკლა. რა თქმა უნდა, მაშინვე დახვრიტეს.

ახალდაბაში ერთადერთი ბელარუსი ოჯახი ცხოვრობდა. მათი შვილი ქართველების მხარეს იბრძოდა. ოჯახი ეზოში იმალებოდა, მაგრამ უპოვიათ. ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდათ, მშობლების თვალწინ გააუპატიურეს... საბედნიეროდ, გადარჩა.

დედა და მისი მეგობრები სოფელში დადიოდნენ და ცხედრებს მარხავდნენ. ერთხელ მის ხელში გაზრდილი ბიჭის ცხედარი უნახავს, თავი ვერ შეუკავებია და ატირებულა. აფხაზი მაროდიორი დასდგომიათ თავს, ვის დასტირიო, თან იარაღი ამოუღია. დედას ახლობელმა, ნელი შელიამ, აფხაზურად უთხრა, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო. არ დაუჯერებია და ხელყუმბარა უსვრია, მაგრამ გამოასწრეს. დედა იგონებს, როცა ცხედრებს გაჭირვებით ვმარხავდით, აფხაზები მოგვაძახებდნენ, რომ გაიძახოდით, ჩვენი მიწააო, ხომ ხედავთ, დასამარხადაც არ შეგხვდათო.

აფხაზეთიდან წამოღებული ხელჯოხი

- ყველას, ვინც აფხაზეთიდან გადმოდიოდა, მშობლების ამბავს ვეკითხებოდი. შვიდი დღე-ღამე თბილისის აეროპორტში გავათენე, იქნება ვინმემ რამე იცოდეს-მეთქი. ერთხელაც მითხრეს, დედაშენი დახვრიტესო. გადავწყვიტე ქართული წესით მაინც აღვნიშნო-თქო, მაგრამ ამ დროს შემატყობინეს, დედაშენი ცოცხალიაო. მოკლედ, ისევ ქიშმარიას უბრძოლია, კომენდანტთან ერთად ავტობუსი მოუყვანია, ენგურის ხიდზე მიდიხართ, ოჯახებს დაუბრუნდითო.

მამა და მისი თანამებრძოლები კი არხს გამოჰყოლიან. დაღლილ მამაჩემს შინდის ჯოხი მოუჭრია, გზაში რომ დაჰყრდნობოდა. დღემდე ვინახავთ. მამა ამბობდა, ეს ჩემი მიწის ხეა, აფხაზეთიდან მხოლოდ ეს დამრჩაო. როდესაც გვეკითხებიან, რა შემოგრჩათ იქაურიო, იმ ხელჯოხს ვაჩვენებთ, როგორც იმედს - უკანა გზაზე მას დავეყრდნობით.