ამიერკავკასიაში ერთადერთი გეოფიზიკური ობსერვატორიით იაპონელები დაინტერესდნენ - კვირის პალიტრა

ამიერკავკასიაში ერთადერთი გეოფიზიკური ობსერვატორიით იაპონელები დაინტერესდნენ

დუშეთის ორსაუკუნოვან გეოფიზიკურ ობსერვატორიას, სამწუხაროდ, უნიკალური ქართული ობიექტების სიაში იშვიათად იხილავთ, არადა, ობიექტი მართლაც უნიკალურია. ეს ამიერკავკასიაში ერთადერთი გეოფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც თითქმის ორი საუკუნის წინ, 1836 წელს ჩამოყალიბდა გერმანელი მეცნიერების დახმარებით. დღეს კი აქ ჩატარებული კვლევებით დედამიწის ფიზიკური მაგნიტური ველის მონაცემები დგინდება. რის შესახებაც აქ მომუშავე მეცნიერები ძალზე მარტივად მოგიყვებიან. არადა, დედამიწის მაგნიტურ ველზე კაცობრიობის სიცოცხლეა დამოკიდებული.

რობერტ გოგუა: ობსერვატორიის ხელმძღვანელი: - ჩვენში, სამწუხაროდ, მართლაც ბევრმა არ იცის დუშეთის უნიკალური ობსერვატორიის შესახებ. არადა, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩვენ მსოფლიოში გვიცნობენ. სწორედ ჩვენთან დგინდება დედამიწის ის "პულსი" - მაგნიტური ველი, რომელზეც არათუ მთელი დედამიწის სიცოცხლე, არამედ დედამიწის ბიოსფეროს არსებობაც არის დამოკიდებული. თუ არ იქნება მაგნიტური ველი, არ იარსებებს არც ბიოსფერო და არც არანაირი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე. მასზეა დამოკიდებული პლანეტაზე არსებული ყველა გეომეტრიული ზომა. ჩვენ ამ ველის ცვლილებების კვლევებს 1880 წლიდან დღემდე უკლებლივ ვინახავთ.

- ჯერ ის უნდა გკითხოთ, რატომ მაინცდამაინც საქართველოში დაარსდა ეს ობსერვატორია და როგორ შეინარჩუნეთ იგი. მერე კი იქნებ მიამბოთ, რით "გვემუქრება" დედამიწის მაგნიტური ველი?

- არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც ჩვენთან დაარსდა, როგორც ჩანს, პოტენციალი გვქონდა. გერმანელებმაც ხომ დიდი წვლილი გაიღეს, მაგრამ აქაურობა უპირველესად, ქართველ მეცნიერთა თავდადებულმა შრომამ შეინარჩუნა. ობსერვატორია ჯერ თბილისში იყო, მერე მცხეთაში, დუშეთში კი 1935 წელს გადმოვიდა. და ყველა სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც აქ მეცნიერები უხელფასოდ, ენთუზიაზმზე მუშაობდნენ, მათ სამეცნიერო მოღვაწეობა არ შეუწყვეტიათ. ამ ხალხმა ისიც იცოდა, რომ გეოფიზიკური ობსერვატორია საქართველოს სიმდიდრეა, როგორც მეცნიერულად, ისე კულტურული თვალსაზრისით. არაერთს უნდოდა მსგავსი სამეცნიერო ცენტრი თავის ქვეყანაშიც ჰქონოდა, მაგრამ ვერ მიაღწიეს. თუნდაც სომხეთში, გიუმრის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი სამველ მარტიროსიანი თავგამოდებით შრომობდა, რომ სომხეთში გეოფიზიკური ობსერვატორია დაეარსებინა, მაგრამ ვერ გამოუვიდა. ვერ მოხდა იმ სამეცნიერო პოტენციალის შეკრება, რომელიც ჩვენთან არის ჩადებული.

- ალბათ, ობსერვატორიაში დედამიწის მაგნიტური ველის საშიში ცვლილებაც აისახა, მაგრამ უფლება არ გქონდათ ვინმესთვის გეთქვათ.

თამაზ მათიაშვილი: ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი: - კი, ასეთიც ყოფილა... მაგალითად, 1988 წელს მაგნიტური ველის ისეთი ზრდა დაფიქსირდა ჩვენს ხელსაწყოებზე, რომ ტელეფონს მივვარდი და სპეციალისტებს დავურეკე. მათ მითხრეს, - სქემის ბრალი იქნება, გამოცვალეო. გამოვცვალე და ისევ იგივე ველი იყო. მერე კვლავ გამოვცვალე და კვლავ... მაინც არაფერი იცვლებოდა... ამ ამბიდან მალევე სომხეთში მიწისძვრა მოხდა და ქალაქი სპიტაკი მიწასთან გაასწორა. ასე არა, მაგრამ მკვეთრი ცვლილებები დედამიწის მაგნიტურ ველს მზის ქარიშხლების დროსაც ახასიათებს და ასეთ დროს ავლენს სწორედ იმ საოცარ თვისებას, რითაც დედამიწაზე სიცოცხლეს იცავს, - დედამიწის მაგნიტური ველის ნაწილაკები ბიოსფეროში იფანტებიან და მზის მაგნიტური ქარიშხლების "ნაწილაკებს იჭერენ". ამის შემდეგ მზის ქარიშხალი სიცოცხლისთვის პრაქტიკულად უვნებელი ხდება.

- თუმცა, ასტროლოგები მზის ქარიშხლების მავნებლობაზე ხშირად აფრთხილებენ ხალხს.

- ასეთი პროგნოზების მოსმენას, სჯობს ხალხმა მეცნიერებს მოუსმინოს. მზის ქარიშხალი მაშინ არის პრობლემური, როდესაც მისი სპექტრი ადამიანის ბიოლოგიურ სიხშირეებს ემთხვევა (მაგალითად, გულის შეკუმშვის სიხშირეს, - 1-2 ჰერცს) ტვინის დელტა რიტმი 0,5-3,5 ჰერცი და ა.შ). სხვა შემთხვევებში ის არანაირად საზიანო არ არის. როდესაც ქარიშხლის სპექტრი შესწავლილი არ არის, რა საჭიროა ხალხის დაშინება?!

- მიწისძვრასა და დედამიწის მაგნიტური ველის კავშირზე ბრძანეთ. მაგრამ მიწისძვრის წინასწარმეტყველება მაინც შეუძლებელია.

- დიახ, სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ მომავალში ვნახოთ, იქნებ მეცნიერებამ ამას მიაღწიოს. სამაგიეროდ, დედამიწის მაგნიტური ველი საუკეთესოდ გვაწვდის ინფორმაციას, რა ელის დედამიწის კლიმატს. ადამიანები კლიმატურ ცვლილებებს ძირითადად დაბინძურებას მიაწერენ. კი ბატონო, მაგრამ სიმართლე თუ გვინდა, ერთი ვულკანი გაცილებით მეტ დამაბინძურებელ გაზს გამოყოფს, ვიდრე ყველა ქარხანა ერთად. სინამდვილეში კი დედამიწის გეოგრაფიული მერიდიანის მიმართ მაგნიტური მერიდიანის დახრილობის კუთხე იზრდება. ანუ, დედამიწის გეოგრაფიული მერიდიანი ყოველთვის უცვლელად "დგას", მაგნიტური მერიდიანი მისადმი რაღაც კუთხით არის დახრილი. 1980 წელს ეს კუთხე დაახლოებით 0 გრადუსი იყო; 1980 წლიდან დღემდე კი თითქმის 7 გრადუსამდე გაიზარდა, რაც წელიწადში 65 კილომეტრია.

- ეს კატასტროფული ცვლილებაა, თუ ასე გაგრძელდა, რა მოხდება?

- შესაძლოა, დედამიწის ინვერსია მოხდეს, რაც დედამიწის ისტორიაში რამდენჯერმე განმეორდა. ეს არა მხოლოდ რელიეფების ცვლილებას ნიშნავს, არამედ კლიმატის რადიკალურ ცვლილებასაც, რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს.

- ესე იგი, "პოლუსები გადაადგილდება", სრული გამყინვარება ან გაუდაბნოება დაიწყება?

- ასეთი რამ უკვე იყო. თუმცა, მოდი ასე ვთქვათ: დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, ის მოძრაობს, იცვლება, ჩერდება და ისევ მოძრაობს. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, მაგნიტური მერიდიანიც შეჩერდეს და თავის ბუნებრივ მდგომარეობა დაუბრუნდეს.

- დამაიმედეთ. კარგს კიდევ რას გვეტყვით?

- მიუხედავად იმისა, დუშეთის ობსერვატორია სახელმწიფოსაგან მისახედია, ჩვენ მაინც განუწყვეტლივ ვმუშაობთ. სრულფასოვნად ვთანამშრომლობთ იაპონელ მეცნიერებთან, კიოტოს გეომაგნიტურ ცენტრთან. პლანეტის მედიაციური რუკა - ანუ რითაც თანამგზავრები, თვითმფრინავები და გემები მოძრაობენ, ჩვენი დამსახურებითაც კეთდება.

- როდესაც იაპონელებმა ობსერვატორიის სიღატაკე იხილეს, რა თქვეს?

- მათ არაფერი. სამაგიეროდ, როდესაც ხალხმა იაპონელები ობსერვატორიის ეზოში დაინახა, თქვეს, ალბათ, ობსერვატორიის მიწებს ყიდულობენო. სინამდვილეში კი ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთეს - კვლავ მსოფლიო მეცნიერთა რიგებში დაგვაბრუნეს.