იტალიელების ეროვნული გმირი - ქიზიყელი ბიჭის თავგანწირვის ამბავი - კვირის პალიტრა

იტალიელების ეროვნული გმირი - ქიზიყელი ბიჭის თავგანწირვის ამბავი

"შენ ხომ იტალიელი არა ხარ და რა გრჯის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავს რომ სწირავო, ეკითხებოდნენ იტალიელები მეორე მსოფლიო ომში თავიანთ მიწაზე მებრძოლ ქართველ პარტიზანს ფორე მოსულიშვილს. ქიზიყელი ბიჭი კი პასუხობდა, აქ უნდა ვუტირო დედა ფაშისტებს, ჩემს ქვეყანაში რომ ვეღარ ჩავიდნენ და ოჯახი არ ამიწიოკონო. იბრძოლა ბოლომდე, თან ისე, რომ სიცოცხლეშივე გმირად იქცა, სიკვდილის შემდეგ კი იტალიურ ლეგენდად.ფორე მოსულიშვილის მსგავსად, ევროპის ქვეყნების ისტორიებში ბევრ ქართულ გვარ-სახელს ნახავთ, რომლებმაც ევროპაში თავიანთი კვალი დატოვეს. ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა საუკუნეების წინ დაიწყო და დღემდე ოცნებად გვაქვს ქცეული ევროპული სახელმწიფოს შექმნა, ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. ,,ჩვენ ევროპელები ვართ, მაშასადამე ქართველები", - ეს ფრაზაც უახლესი საქართველოს ისტორიიდანაა და ნათლად ასახავს სურვილს, ვიაროთ ევროპის გვერდით, ვიყოთ მათი სწორი და ტოლი ქვეყნის შვილები. საქართველოს ყველა კუთხეს ჰყავს გმირი, რომელთაც ჩვენი სამშობლო ევროპულ ოჯახს გააცნეს და საქართველოთი დააინტერესეს.რუბრიკაში "ქართველები ევროპაში" სწორედ ასეთ ადამიანებზე გიამბობთ, ამჯერად კი ფორე მოსულიშვილზე მოგიყვებით, მის ოჯახზე, გმირობასა და იტალიელ ქალზე, რომელმაც ქიზიყელი ბიჭის სიყვარული საფლავში ჩაიტანა და არასოდეს მოუხსნია ნიშნობის ბეჭედი, რომელიც გმირის დედამ საქართველოში აჩუქა.

fore3-1655041543.jpg

სიღნაღში, სოფელ ქვემო მაჩხაანში, იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმში მეგზურობა გაგვიწია მარინა მოსულიშვილმა, რომელიც მუზეუმის ფონდის მცველია.

- ფორე მოსულიშვილის ძმისშვილის მეუღლე ვარ. მუზეუმი ჩვენი სახლის ეზოშია. სწორედ ამ პატარა ქოხში ცხოვრობდა ფორე მოსულიშვილი საბჭოთა არმიაში წასვლამდე. ჯარში ყოფნის დროს ფორე ხშირად სწერდა დედას წერილებს. თებრო ბაბომ უკანასკნელი წერილი 1941 წლის მაისში მიიღო - დედას და მთელ ოჯახს მოკითხვას უთვლიდა და ამინდის ცვლილებას ატყობინებდა. როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ფორე ომის მოახლოებას გულისხმობდა.

fore2-1655041543.jpg
ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ქვემო მაჩხაანში

ომი მალე დაიწყო და ფორე ბალტიისპირეთში გადაიყვანეს. მალე დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ ოჯახს მის შესახებ აღარაფერი გაუგია. ომში წავიდნენ ფორეს ორი ძმა, მაგრამ ორივე დაბრუნდა, ფორე კი დიდხანს ითვლებოდა შინმოუსვლელად. 1971 წელს ცნობილი გახდა ფორეს გმირობის ამბავი. სწორედ მაშინ გაიხსნა ჩვენს ეზოში, ფორეს სახლში, მისი მუზეუმი.

1944 წლის 3 დეკემბერს, როცა იტალიაში ფორე მოსულიშვილმა პარტიზანები იხსნა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ის მაშინვე წარუდგენიათ მხედრული მამაცობის ჯილდოზე - ოქროს მედალზე, რომელიც იტალიაში უმაღლესი ჯილდოა.

ომი შემდგომ პარტიზანული ბრძოლების მეთაური ერალდო გასტონე იტალიის პარლამენტის წევრი გახდა. სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო ფორეს ამბის მოკვლევა. აღმოჩნდა, რომ ფორეს გვარი შეცდომით იცოდნენ - მოსულიშვილის ნაცვლად, მუზორლიშვილს წერდნენ, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. იმ პერიოდში ჟურნალისტი ედუარდ სიხარულიძეც დაინტერესდა მუზორლიშვილის ვინაობით და მიაკვლია ფორე მოსულიშვილს. ჟურნალისტმა საგარეჯოში იპოვა ფორეს უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი ძამანაშვილი, რომელმაც ბევრი რამ უამბო ჟურნალისტს.

- ჯარისკაცის დედა როგორ შეხვდა შვილის გმირობის ამბავს?

- ფორეს დედა შანშიაშვილის ქალი იყო. მოსულიშვილები 6 შვილით ცხოვრობდნენ ერთოთახიან სახლში. ამ სახლში გადაუხდიათ უფროსი ძმის ქორწილიც, სადაც ფორე მაყარი ყოფილა. ამბობდნენ, ცხენი პირველმა შემოაგელვა ოთახში და გაშლილ სუფრაზე წინა ფეხებით დააყენა, უებრო მხედარი იყოო.

თებრო ბაბოს თანასოფლელები ოთარაანთ ქვრივს ეძახდნენ. ახალგაზრდას გარდასცვლია ქმარი - ლეღვის ხიდან ჩამოვარდნილა. შვილებს მარტომ უპატრონა და გზაზე დააყენა. ამბობენ, მუდამ წელში გამართული და ომახიანი დადიოდა, დარდს არ იტყობდაო. სანამ ფორეს ელოდებოდა, მის ტანსაცმელსაც სათუთად ინახავდა, მერე კი დაასაფლავა სოფლის სასაფლაოზე. ქვემო მაჩხაანში ფორეს სიმბოლური საფლავი ახლაც არის.

fore4-1655041543.jpg
1971 წელს სოფელში იტალიის დელეგაცია ჩამოვიდა. მათთან იყო ფორეს საცოლე, ტერეზინაც. ფორეს დედამ და შვილებმა ქვემო მაჩხაანში ქართული ადათ-წესით გადაიხადეს ქორწილი და ტერეზინას ხელზე ნიშნობის ბეჭედი გაუკეთეს. ქალი ისე გარდაიცვალა, ფორეს დედის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი თითიდან არ მოუხსნია

თებრო ბაბო 1983 წელში გარდაეცვალა და შვილის საფლავის გვერდით დავკრძალეთ. ამის შემდეგ გამოცხადდა ტელევიზიით, რომ ფორე მოსულიშვილი იტალიის მთავრობამ მხედრული მამაცობისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა და ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭა. ფორეს ძმებს ჯილდო მოსკოვში გადასცეს. ის ახლა ჩვენს ოჯახში ინახება.

ედუარდ სიხარულიძემ იტალიაში მიაკვლია ფორეს საცოლეს, ერთ-ერთი პარტიზანის ქალიშვილს, ტერეზინას. იტალიელების დელეგაცია საქართველოში, ფორეს სახლში, პირველად 1971 წლის მაისში ჩამოვიდა. მათ შორის იყო ფორეს საცოლე, ტერეზინაც. ტერეზინაც პარტიზანი იყო და ფორესთან ერთად არაერთი დავალება შეუსრულებია. ფორეს დედამ და შვილებმა ქვემო მაჩხაანში ქართული ადათ-წესით გადაიხადეს ქორწილი და ტერეზინას ხელზე ნიშნობის ბეჭედი გაუკეთეს. ქალი ისე გარდაიცვალა, ფორეს დედის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი თითიდან არ მოუხსნია.

ფორეს იმის გამო, რომ ქართველი იყო, თავდაპირველად საბჭოთა კავშირის გმირის წოდება არ მისცეს, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე ედუარდ შევარდნაძის მონდომებით გორბაჩოვმა დააჯილდოვა.

თავდაპირველად ფორე იტალიაში, პატარა სოფელში დაუკრძალავთ. იმ სოფელში ცხოვრობდა ტერეზინაც და საქმროს საფლავს ყოველდღე უვლიდა. ტერეზინასთან ფორეს ოჯახს ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. მისი სიყვარულით ჩემს ერთ-ერთ ქალიშვილს ტერეზინა დავარქვით. 2010 წელს გარდაიცვალა ფორეს საცოლე.

იტალიაში 22 აპრილი განთავისუფლების დღეა და იქაურები ჩვენს სოფელში თითქმის ყოველ წელს ამ პერიოდში ჩამოდიოდნენ. ზვიად გამსახურდიას დროსაც სურდათ სტუმრობა, დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა, რომ საქართველოში გამომგზავრებულიყო, მაგრამ ჩვენი ქვეყნიდან უარი შეუთვალეს. მას შემდეგ განაწყენებულები აღარ ჩამოსულან.

1970 წელს ფორე ქალაქ არონაში ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს. მის საფლავს ამშვენებს საქართველოდან ჩატანილი გრანიტის მემორიალი განგმირული ლომის გამოსახულებით. მემორიალურ დაფას კი ქართულ და იტალიურ ენებზე აწერია: ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".

საქართველოში ტანკერსაც ერქვა ფორე მოსულიშვილის სახელი, მაგრამ ასლან აბაშიძის დროს თურქებს მიჰყიდეს. იტალიასა და თბილისში ამჟამადაც არის ფორე მოსულიშვილის სახელობის ქუჩები. ელდორადოში, მეტყევის იმ სახლში, სადაც ფორემ თავი მოიკლა, დღეს მუზეუმია და იქაურები ,,თავისუფლების ქოხს" უწოდებენ.

- ფორეს თავგანწირვის ამბებიც მოგვიყევით.

- ფორე 1939 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მასთან ჯარში გერმანულის პედაგოგიც მსახურობდა, რომელმაც ფორეს სასაუბრო გერმანული ასწავლა. ომის დროს მძიმედ დაიჭრილი ფორე ტყვედ ჩავარდა. პოლონეთის ტყვეთა ბანაკიდან ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი იტალიაში გადაიყვანეს. იტალიის ტყვეთა ბანაკის ხელმძღვანელს ერთხელ ფორესთვის დაჩოქება უბრძანებია. ტყვე ქართველს არ შეუსრულებია ბრძანება და ბანაკის უფროსს ფორესთვის შეუფურთხებია, პასუხად კი ფორეს მუშტი მოხვედრია. გერმანელებს ფორეს დახვრეტა დაუპირებიათ, მაგრამ ისინი ბანაკის ხელმძღვანელს შეუჩერებია, არ ესროლოთ, მის თვალებში სიამაყე დავინახე, ამისთვის ბედნიერება იქნება სიკვდილიო.

ტყვეთა ბანაკიდან ბიჭებმა გაქცევა შეძლეს და იტალიის ტყეებში თავშეფარებულ პარტიზანებს შეუერთდნენ. ფორეს გერმანულის ცოდნა იტალიაში ძალიან გამოადგა - ქერა, მაღალი და თეთრი ვაჟკაცი გერმანელებს ჰგავდა. ამით სარგებლობდა და მტერს იოლად ატყუებდა.

ფორეს სიკვდილის წინაღამეს 16-მდე პარტიზანს ტერეზინას ოჯახში უვახშმია. იმისთვის, რომ გერმანელებს არ შეეტყოთ მათი იქ ყოფნა და არ აეწიოკებინათ ოჯახი, მთებში, მეტყევის სახლს შეაფარეს თავი, მაგრამ ვიღაცამ გასცა - როცა გამოიღვიძეს, გერმანელების ალყაში იყვნენ. ფაშისტებმა მოითხოვეს, მეთაური ჩაგვბარდეს და დანარჩენებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთო. ედო დელ გრანდომ, პარტიზანული დაჯგუფების მეთაურმა გერმანელებთან წარდგენა ვერ გაბედა, მაშინ დაჭრილი ფორე ქოხიდან გავიდა, მე ვარ მეთაური, მაგრამ თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნიაო და ყველას თვალწინ თავი მოიკლა. ასე გადაარჩინა ფორემ 16 თანამებრძოლი.

- მუზეუმში ფორეს ნაქონი ნივთებიც გაქვთ?

- გვაქვს აკვანი, რომელშიც ფორე და მისი და-ძმები გაიზარდნენ; მისი ხალათი. ყველა ნივთი ოჯახის დანატოვარია. ოთახის გვერდით არის მარანი. იქ ყველაფერი ისეა, როგორც ფორეს ახალგაზრდობის დროს იყო. მუზეუმში ინახება ფორეს ჯილდოებიც, იტალიელების ჩამოტანილი საჩუქრები და ნახატები.

ფორემ თავისი თავგანწირვით საქართველოს ევროპაში გაუთქვა სახელი. ძალიან ბევრმა იტალიელმა დღესაც იცის ამბავი ქართველი ფორეს შესახებ.

ნელი ვარდიაშვილი