"დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, რა ომიო - ერთი კვირა იძახა" - კვირის პალიტრა

"დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, რა ომიო - ერთი კვირა იძახა"

ახლახან სოციალურ ქსელში ფოტოები გამოჩნდა, სადაც მსახიობი ზურა ყიფშიძე ყოფილ რძალთან კრისტი ყიფშიძესთან ერთად თეთრებში გამოწყობილი პოდიუმზე გადის. ინტერვიუს დაწყებასაც ამ თემით ვაპირებდით, მაგრამ ჩვენი გეგმები გენიალური და განუმეორებელი თემურ ჩხეიძის გარდაცვალებამ თავდაყირა დააყენა.

თემურ ჩხეიძე

- თემური ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჭირისუფალი ვარ. წარმოიდგინეთ, მიხაილ ივანიჩი (თუმანიშვილი - ავტ.) რომ წავიდა, იმის მერე 10 წელი გაკეთებული რომ არაფერი გაქვს და უცებ კაცი, როგორც მსახიობს, მეორე სიცოცხლეს გჩუქნის. აი, როგორც მიშა გომიაშვილს აჩუქა, როცა "მარადი ქმარი" დადგა. მაშინ მიშაც ხელჩაქნეული, აეროპორტში იპოვა და სთხოვა, მოდი გავაკეთოთო. აჰყვა მიშაც და გააკეთეს. იგივე მოხდა ჩემთანაც - გამოჩნდა თემური და "სტრიმბერგის „მამა" დავდგით, მერე - „"არტ-ხელოვნება". მერეც შემომთავაზა რაღაც - მითხრა, პიესა ვიპოვე ორკაციანი და ძალიან მომწონს, მინდა ავთო მახარაძესთან და შენთან ერთად გავაკეთოო. სიამოვნებით-მეთქი, ვუთხარი... ვერ მოვასწარით... ცუდად ყოფნას არავის აგრძნობინებდა, არადა მე რომ გამიჭირდა და ჩემს ცოლს და შვილს ანევრიზმები აღმოაჩნდათ, პირველი, ვინც გვერდში დამიდგა, თემური იყო.

სტუდენტობიდან ვიცნობდი. მოდას არ აჰყოლია არასოდეს. თვლიდა, რომ ხელოვნებას აქვს უფლება, არ იჩქაროს... ახლობელი, საყვარელი ადამიანი იყო, რომელსაც თავის აზრი ჰქონდა ყველაფერზე და თუ გამოთქვამდა, ისე გამოთქვამდა, რომ არავის აწყენინებდა. ფაქიზად ეპყრობოდა შეფასებებს. ჭკვიანი კაცი იყო, არაჩვეულებრივი რეპეტიციები ჰქონდა.

ზურა პოდიუმზე

- როდესაც მოდაში იყო რაღაც ერთი, ვაკეთებდი მეორეს - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგრე იყო. როცა ქუჩის ბიჭობა იყო მოდაში, მეც ამას ვიყავი აყოლილი, უცებ საპირისპირო გავაკეთე და მოდელი გავხდი, თან დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, თან ჰიპი ვიყავი. 14-15 წლის ასაკში ვიყავი მოდელი, დავდიოდი მოდელების სახლში... ყოველ წელს რომელიმე ქალაქს ირჩევდნენ, სადაც მთელი საბჭოთა კავშირის მოდების ჩვენება ტარდებოდა და მეც გამოვდიოდი. მერე გავბრაზდი - "ნივიიზნოი" აღმოვჩნდი, ავსტრიაში არ გამიშვეს.

- რატომ იყავით "ნივიიზნოი"?

- ჰიპი ვიყავი-მეთქი, ხომ გითხარით? ანტისაბჭოთა ელემენტი... ახლაც გამახსენეს ის პერიოდები - კრისტიმ და დათუნა სულიკაშვილმა მთხოვეს, პოდიუმზე კიდევ ერთხელ გადიო და კი ბატონო, გავიარ-გამოვიარე პოდიუმზე და წავედი სახლში...

- ძალიან კარგი დუეტი იყო - ყოფილი რძალ-მამამთილი... როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ და ახლანდელ რძლებთან?

- არაჩვეულებრივი... ვცდილობ, ვიყო მეგობარი. გამომდის თუ არა, მათ უნდა ჰკითხოთ. ვცდილობ, რაც შემიძლია, ყველანაირად შევუწყო ხელი და ისინიც ისე მოიქცნენ, რომ ღირსეული ურთიერთობა გვქონდეს.

სულ სხვა ისტორია

- მომავალი მეუღლე პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე დავინახე. 1972 წელი იყო. მე და დედაჩემი ვიყავით მისულები. როგორც იტყვიან, გულში ჩამივარდა. მაშინ ვსწავლობდი. თბილისში რომ ჩამოვდიოდი, რატომღაც დიდუბის პანთეონთან დავდიოდი - მეგონა, იქ გამოივლიდა, არადა, თურმე ნახალოვკელი ყოფილა. ვასიკო ჭიჭინაძე მისი კურსელი იყო და სადისტი ლელას ტელეფონის თითო ციფრის თქმას თითქო დღეს ანდომებდა... ასე გავიცანი ლელა. მერე გავიგე, რომ გათხოვდა, მერე გამოთხოვდა... ამის შემდეგ დავუკავშირდით ერთმანეთს და 45 წელია, ერთად ვცხოვრობთ. კი ვჯაჯღანებ, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეგვიძლია.

ზურა ბაბუ

- შვილიშვილები გადასარევები არიან, სჯობიან შვილებს... ჩვენი პატარა კოსმონავტი ვერცხლისწყალივითაა. საკმარისია, ყურადღება მოადუნო და ისეთ რამეს იზამს!.. გოგო, ლუნა, თბილი და არაჩვეულებრივია. ის არ არის კოსმოსავით მოძრავი, თუმცა ფეხს რომ აიდგამს, მერე რა იქნება, კაცმა არ იცის. ბავშვს დევნა და ყურადღება სჭირდება. ხერხემალი რომ გაგეკვეხება, მას ეს არ ესმის. ვეღარ იყვან იმდენჯერ და ისე მარდად, რამდენჯერაც სჭირდება...

უფროსი შვილიშვილი ნიკოლოზი, უკვე 21 წლისაა, კალათბურთელი, ორმეტრიანი... კარგად სწავლობს, კარგად იქცევა. კაცია, არაჩვეულებრივი ტიპი. ყველაფერს სწორად აკეთებენ, იციან, რაც უნდათ და ვერაფერში ვერ ჩაერევი. შეიძლება მიუთითო, მაგრამ თავისი გზა აქვს ყველას და თავიანთ შეცდომებზე უნდა ისწავლონ...

ნატალია ულამაზესი გოგოა, ვითომ უფრო გახსნილია, მაგრამ ყველაფერს არ გეუბნება. მოკლედ, დამოუკიდებელი კუნძულები არიან, მაგრამ - კარგები.

ალექსანდრე ჩემი სუსტი წერტილია. შედარებით იშვიათად ვხედავ და ძალიან მაწუხებს ეგ ამბავი. იმედი მაქვს, ცოტა რომ წამოიზრდება, უფრო გამოიხედავს ჩვენკენ. ჩვენი ბრალია, გიორგისი - პირველ რიგში. ბავშვი განიცდის, უნდა კონტაქტის დამყარება, მაგრამ ჯერჯერობით მყარი კონტაქტები არ გამოდის... იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება...

ჩემი როლები...

- ბოლოს რუსულ სერიალში მივიღე მონაწილეობა, ფილმს "იანიჩარი" ერქვა. მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე. გადაღებისას ვფიქრობდი, რომ ცუდი არ გამოვიდოდა. კოსტიუმირებული ფილმები ძალიან ძვირი და რთულია. რომ დამონტაჟდება, მერე კაცმა არ იცის, რა გამოვა. სერიალს თავისი კანონები აქვს, მე კი სერიალისტი არ ვარ. "იანიჩარის"” გარდა ვიღებდით ფილმს "მირ, ჟივაჩკა, ლიუბოვ". 90-იანი წლების რუსეთის რომელიღაც ქალაქის ავტორიტეტს ვთამაშობდი. ამ ფილმის გაგრძელება მოუნდათ და დამირეკეს... მე ვუთხარი, არ მოვდივარ, დამთავრებულია ეგ ამბავი-მეთქი. რა გითხრათ... რუსეთი მორჩა, დამთავრდა, აქ კი ახალი არაფერი ხდება. ზაზა ურუშაძე და ზაზა ხალვაში - ორივე ძალიან მიყვარდა და ორივე ახალგაზრდა წავიდა. ძალიან მეწყინა და მეტკინა. ახლახან ზაზას შვილმა დამირეკა, ახალი სცენარი მაქვს, მინდა გაგაცნოთო. რაც შეეხება თეატრს, ახალი მოსულები გვპირდებიან, სექტემბრიდან ამას დავდგამთ, იმას დავდგამთო... ვნახოთ...

რუსეთ-უკრაინის ომი

- ეს არის საშინელება! რუსეთის და ამერიკის დაპირისპირების გამოხატულება. სამწუხაროდ, ჩვენ - ერთი მხარეც და მეორეც, გაუგებარ და საშინელ დღეში ვართ... ერთი კვირა იძახა პუტინმა, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, რა ომიო და 24 თებერვალს ომი დაიწყო...

რუსეთში ვსწავლობდი. უამრავი მეგობარი მყავს, მარტო რუსი კი არა, სირიელი, ესპანელი, ლათინოამერიკელი და რა ვიცი... ჩვენ გვერდით უკრაინელების სახელოსნო იყო, იმის გვერდით - სერგეი ბონდარჩუკის, ბელორუსების კურსი ბატალოვს მიჰყავდა... სტუდენტური მოგონებები მაკავშირებდა ყველა ამ ადამიანთან და ამ ომმა ეს ყველაფერი წამართვა: სამსახურიც, შემოსავლის წყაროც და, რაც მთავარია, ხალხიც. ახლა ზოგი ჩუმადაა, ზოგი გაბრაზებულია, ზოგი არ გაჩუმდა, სათქმელი თქვა და წავიდა. ჩულპან ახმატოვა ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია - ასე თვლის ის და მეც ასე ვთვლი. პირველი როლი ჩემთან ერთად ითამაშა. მაგ ფილმში მომცეს "ნიკა". არაჩვეულებრივი მსახიობია. მეორე ფილმშიც ერთად ვიყავით... მან, პროტესტის ნიშნად, ბავშვთან ერთად დატოვა რუსეთი. კარგად თქვა, ადამიანმა, რომლისაც მჯეროდა და ვენდობოდი, ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინიო და მიატოვა ქვეყანა. ლია ახეჯაკოვაც არ აკლებს კრიტიკას რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ რუსული პროპაგანდის ტყვეც ბევრია. ისეთიც ბევრი ვიცი, დაბნეულები რომ არიან და აღარ იციან, რა თქვან.

პოლიტიკა

- მე მგონია, ევროპაში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე ვცხოვრობთ. ქართველები ევროპელები ვართ. პოლიტიკა მაღიზიანებს, არადა პოლიტიკა ყოფილა ყველაფერი: სიგარეტი რომ მიდევს პირში, პოლიტიკაა, ახლა რომ გელაპარაკებით, ისიც პოლიტიკაა, ტელეფონი ხელში რომ მიჭირავს, ესეც პოლიტიკაა, გესმით?! ყველას თავისი აზრი აქვს და ვინც მას გამოხატავს, ხან პოლიტიკოსებში წერენ, ხან მტრად აქცევენ, ამიტომ ჩუმად ვარ. „უცნობთან“ ხმა ამოვიღე და ატეხეს ერთი ამბავი, კარგი ტიპი გვეგონა და თურმე მიშას სიკვდილი უნდაო. არავის სიკვდილი არ მინდა. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში რომ იცხოვრონ ჩემმა და თქვენმა შვილიშვილებმა, ეს მინდა მხოლოდ.