"ჩემ შემდეგ, ალბათ, მხოლოდ ის დარჩება, რომ მართლა მიყვარდა უამრავი ადამიანი და მათაც ვუყვარდი“ - კვირის პალიტრა

"ჩემ შემდეგ, ალბათ, მხოლოდ ის დარჩება, რომ მართლა მიყვარდა უამრავი ადამიანი და მათაც ვუყვარდი“

ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც თემურ ჩხეიძის სინდისის ადამიანებს უკვე სანთლითაც ვერ მოვძებნით. მის გარეშე მთელ თეატრალურ სამყაროს ძალიან გაუჭირდება. ძალიან დიდმა სიცარიელემ დაისადგურა, თუმცა საოცარი თაობები და დიდი შემოქმედება დატოვა..."კვირის პალიტრის" სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ თეატრალურ სამყაროს. ჩვენს მკითხველს კი მისი მეგობრებისა და კოლეგების მოგონებებს ვთავაზობთ.

"როგორ მაბედნიერებდა, რომ მისი თანამედროვე ვიყავი"

დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:- 12 წლის ვიყავი, პირველად მარჯანიშვილის თეატრის კულისებში რომ შევიხედე. პიონერთა სასახლის თამარ თეთრაძის ჯგუფის ბავშვები ექსკურსიაზე წაგვიყვანეს და ექსკურსიამძღოლობას გვიწევდა ბატონი თემურ ჩხეიძე, რომელიც ახალი დანიშნული იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მაშინ რამხელა მეგონა, არადა, სულ რაღაც 38 წლის იყო. ამ ორმოცწლიან პერიოდში ჩაეტია ნაცნობობის, შემდეგ გაცნობის, ასისტენტობის, გულშემატკივრობის, დამეგობრებისა და მისით აღფრთოვანების წლები. როგორ მაბედნიერებდა, რომ მისი თანამედროვე ვიყავი. ამას წინათ "დონ სეზარის" პრემიერა მქონდა მოზარდში, სწორედ იქ, სადაც ზუსტად 54 წლის წინ თავად მან დადგა "დონ სეზარი". იმ ექსკურსიაზე "დონ სეზარის" რეპეტიციას დაგვასწრო. მახსოვს, კოტე მახარაძე და მერაბ თაბუკაშვილი ფარიკაობის სცენას სწავლობდნენ. შემდეგ თავის კაბინეტში გვიამბო, როგორ აპირებდა "ოტელოს" დადგმას. ჩვენც ბავშვური გულუბრყვილობით შეკითხვებს ვუსვამდით და ისიც დაუზარებლად გვპასუხობდა. იმ დღეს გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება თეატრისთვის დამეკავშირებინა. თემურ ჩხეიძე და ის ექსკურსია საკონტროლო გასროლასავით იყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.ერთ-ერთი პირველი თეატრი ხომ მისთვის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი იყო, უკანასკნელი იუბილეც აქ გაიმართა. ნამდვილი მასტერკლასიც ჩაატარა, სწორედ ისეთი, უკიდურესად თავმდაბალ ბუმბერაზს რომ შეეფერება. დილით, სანამ ამ უმძიმეს ამბავს გავიგებდი, ჩვენს უნივერსიტეტში მისულს აფიშა დამხვდა - 6, 7, 8 ივნისი "სეილემის პროცესი", რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მისი კიდევ ერთი ჯგუფი ამთავრებს სამსახიობო ფაკულტეტს, ისინი მუდამ იამაყებენ, რომ თქვენი სტუდენტები იყვნენ და თქვენს უკანასკნელ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.

"ოცნება ვერც ერთმა ვერ ავისრულეთ"

რეზო ჩხიკვიშვილი, მსახიობი: - სულ გინდოდა გესმინა მისთვის... სითბოს, სიყვარულს, მშვიდობას, სიკეთეს ასხივებდა და ეს გაბედნიერებდა. თემურთან შემოქმედებითი ურთიერთობა იყო ცხოვრების ბედნიერი მომენტები. ერთ რამეზე მწყდება გული - თემურმა ჩაიფიქრა ჩემთან ერთად "ჰამლეტზე" მუშაობა. მახსოვს, მოვუბოდიშე, ბატონო თემურ, ერთი წლის მერე რომ იყოს-მეთქი? მაშინ ერთი წლით გერმანიაში მივდიოდი და ეს ერთი წელი დღეს უკვე 28 წელი გახდა. ასე რომ, ეს ოცნება ვერც ერთმა ვერ ავისრულეთ.ერთი ამბავი მახსენდება: ერთხელ გერმანიაში გასტროლების დროს "ოტელოს" ვთამაშობდით შექსპირის ფესტივალზე და ავტობუსით ვმგზავრობდით. ავტობუსი სასტუმროსთან გაჩერდა. მე წყლის საყიდლად ჩავედი და რომ მოვბრუნდი, ავტობუსი აღარ დამხვდა. ვინერვიულე, სპექტაკლი უჩემოდ ჩაიშლებოდა. არ ვიცოდი, სად წავიდნენ, არც ენა ვიცოდი, ვდგავარ გაშეშებული. ამ დროს ავტობუსმა წრე დაარტყა და ჩემსკენ შემოტრიალდა. ვნერვიულობ, თემური რას მიზამს-მეთქი. უცებ ისეთი იუმორითა და სითბოთი მომიტრიალდა და მეუბნება, კი მაგრამ, რომ არ მოტრიალებულიყო ეს ავტობუსი და აგვცდენოდი, ჩვენ რას გვიპირებდიო. ისეთი ამბავი ატყდა ავტობუსში, ვის ახსოვდა დაღლილობა. აი, ასე გამოჰყავდი ნებისმიერი უხერხული სიტუაციიდან ბატონ თემურს.

"ბატონი თემურის წასვლით ჩემთვის ქართული თეატრის კარი დაიკეტა!"

ნინო ჩხიკვიშვილი, ლიტერატორი, მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლე: - ერთხელ ვუთხარი, რომ არ ყოფილიყო თემურ ჩხეიძე, არ იქნებოდა ნოდარ მგალობლიშვილი-მეთქი. კაი, ჩემო ნინო, ეგ არ უთხრა ნოდარს, ეწყინებაო. ნოდარს მაგას მე ყოველდღე ვეუბნები-მეთქი. ნოდარში მან დაინახა ის, რაც მანამდე არც ერთ რეჟისორს არ დაუნახავს. ნოდარი რთული პიროვნება იყო, ფსიქოლოგიური თეატრისაკენ მიდრეკილი, რაც სხვა რეჟისორებმა ვერც დაინახეს, არც დაინახეს, არც დასჭირდათ, თემურმა კი ჯერ „"მოჩვენებანში"“ ათამაშა, მერე "ჰაკი აძბაში", შემდეგ იყო თეიმურაზ ხევისთავი, "მარადი ქმარი" და ასე შემდეგ....როცა ბატონი თემური სპექტაკლის დადგმას აპირებდა, 10 მცნებიდან ირჩევდა რომელიმეს და იმ ერთზე აწყობდა მთლიანად სპექტაკლს. ჩემთვის ბატონი თემურის წასვლით დაიკეტა ქართული თეატრის კარი!

"ვერაფერი შემიცვლის მასთან გატარებულ წლებს"

ბადრი წერედიანი, რეჟისორი: - ბატონი თემური არ იყო მხოლოდ გენიალური რეჟისორი და პედაგოგი, დიდი ადამიანი იყო, ძალიან განიცდიდა აფხაზეთიდან დევნილების ბედს და, ალბათ, ამიტომაც ყოველთვის ვგრძნობდით მის დიდ ყურადღებას. სარეჟისორო ფაკულტეტის რამდენიმე კურსდამთავრებულს გვერგო უდიდესი ბედნიერება მასთან გაგვეტარებინა სასწავლო პროცესის ორი წელი. მახსოვს, როგორ აკეთებდა ერთ-ერთი მომავალი სპექტაკლის მორიგ სცენას. ვსხედვართ და ვუყურებთ, როგორ აწყობს კონკრეტულ სცენაში მამა-შვილის დიალოგს. თითქოს დიდი არც არაფერი ხდება, ვერც ვხვდები საით მიჰყავს სცენა, და უცებ ისეთი რამ გააკეთა, მოულოდნელობისა და აღფრთოვანებისაგან თავბრუსხვევა ვიგრძენი. ასე დამემართა ჯერ კიდევ მასთან უცნობს "მარადი ქმრის" ნახვის შემდეგ. დიდხანს ვერ ვივიწყებდი ნანახსა და განცდილს. შემდეგ მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი ასისტენტი სპექტაკლში "ზღვა, რომელიც შორია". ფინალურ სცენას მივადექით და, თითქოს არაფერიო, გვერდით დამისვა და იმ ცნობილი სცენის კეთებას შეუდგა, სადაც აფხაზეთში "ქართველი სტუმარი" (დიმა ჯაიანი) ზღვის სანაპიროზე ემშვიდობება ზღვის კენჭებს. ნანახისაგან ცრემლები წამსკდა და ვგრძნობ, რომ თავს ვერ ვაკონტროლებ, ისევე როგორც თეატრის თანამშრომლები, რომლებიც დარბაზში სხედან. შემომხედა, თავზე ხელი გადამისვა და ჩამილაპარაკა: "მგონი, უნდა დავტოვოთ, არა?" გადახედა თეატრის თანამშრომლებს და თითქოს არაფერიო, ისე გამოაცხადა, ყავას დავლევთ და მოვალთო. მანიშნა, გამომყევიო და დავტოვეთ ეს გაოგნებული ადამიანები. დრო დაგვჭირდა ყველას, რომ რეპეტიციის გაგრძელება შეგვძლებოდა. ვერაფერი ვეღარასოდეს შემიცვლის იმ წლებს... ლიეტუვაში წამოსვლის შემდეგ თავიდან ხშირად ვურეკავდი, შემდეგ მორიდება გამიჩნდა, ვიცოდი, უამრავი საქმე ჰქონდა სახელოსნოში, თეატრში და ვცდილობდი ხშირად არ შემეწუხებინა, თვითონ კი ჩვეული იუმორით მსაყვედურობდა, იმხელა შუალედებს აკეთებ, ძალიან ბევრი წლისა ვარ და რა იცი, რა ხდებაო... მახსოვს, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასეთი რამ თქვა, ჩემ შემდეგ, ალბათ, მხოლოდ ის დარჩება, რომ მართლა მიყვარდა უამრავი ადამიანი და მათაც ვუყვარდიო. ასე თავმდაბლად და გულწრფელად თქვა, რასაც ფიქრობდა. რა ბედნიერებაა, რომ მასთან ურთიერთობა გვქონდა. ძნელია გააზრება, რომ აღარ არის. ყველას ძალიან მოგვენატრება!

რუსუდან შაიშმელაშვილი