"5 წლის წინ დავქვრივდი, დავრჩი ორი პატარა შვილით. დედამთილ-მამამთილმა და მაზლებმა დიაგნოზი დამისვეს - შენ ან გათხოვდები, ან... სახელს ვერ შეგარცხვენინებთ, საიდანაც მოსულხარ, იქ წადიო" - კვირის პალიტრა

"5 წლის წინ დავქვრივდი, დავრჩი ორი პატარა შვილით. დედამთილ-მამამთილმა და მაზლებმა დიაგნოზი დამისვეს - შენ ან გათხოვდები, ან... სახელს ვერ შეგარცხვენინებთ, საიდანაც მოსულხარ, იქ წადიო"

უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული, მეტწილად კატასტროფული ამბების შემხედვარე, როგორ უნდა თქვა, რომ ზოგი ჭირი მარგებელია, მაგრამ ის, რაც უკრაინელ დარიას (სახელი შეცვლილია) და საქართველოში მცხოვრებ ერთ, შვილმკვდარ, ხანდაზმულ წყვილს შემთხვევია, სწორედ რომ ამ ანდაზის თვალსაჩინო გამოხატულებაა. დარიას და აწ უკვე მისი ქართული ოჯახის ამბავი ნანიკომ მიამბო. თავის მხრივ, ნანიკოს ამბავიც სათქმელია. კარგა ხანია ვიცნობ, ვაკვირდები და სულ მგონია, რომ ქვეყნის მომავალი ასეთი ადამიანების, ასეთი დედების და ქალების მხრებზე დგას და მათი გულის ენერგიით იკვებება.

ნანიკო ერთი ცქრიალა ქალია, გამრჯე, დაუზარელი და საოცრად მშვიდი. შაბათობით სოფლიდან ნობათით დატვირთული ჩამოდის, ორთაჭალაში სოფლის კვერცხის, ყველის და მაწვნის, მწვანილის და ეზოში გაზრდილი ქათმის დამკვეთები ელოდებიან. როგორც თვითონ იცის თქმა, ხელს უცებ დაიცლის, თავის ძველისძველ ჯიპს მოახტება და შვილებთან ერთად ქალაქში შაბათის საქმეს იწყებს. ერთ დღეში 6 საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს ალაგებს და საღამოს სოფელში ბრუნდება. თითო სადარბაზოს დალაგებაში, ფართის მოცულობის მიხედვით, თვეში 250-დან 500 ლარამდე უხდიან და როგორც ნანიკო ამბობს, თვის ბოლოს, სოფლის ნობათის გაყიდვითა და სადარბაზოების ლაგებით იმდენი უგროვდება, რომ ბედს არ ემდურის.

ნანიკო ქვრივია. ქმარი ავარიაში დაეღუპა. როცა გავიცანი, მიამბო: "5 წლის წინ დავქვრივდი, დავრჩი ორი პატარა შვილით. დედამთილ-მამამთილმა და მაზლებმა რატომღაც უმძიმესი დიაგნოზი დამისვეს, შენ ან გათხოვდები, ან გაბოზდები და სახელს ვერ შეგარცხვენინებთ, ამიტომაც, საიდანაც მოსულხარ, იქ წადიო. ეს რომ მითხრეს, ელდა მეცა, თუმცა, მალევე თავს შემოვუძახე და სოფელი შევუყარე. ჩემი ქმრის წილი მოვითხოვე, რომ შვილებს რაც ეკუთვნოდათ, არ დაეკარგათ, პატარა სახლიც ავაშენებინე და გამოვუცხადე, ახლა შორიდან მიყურეთ, როგორ გავთხოვდები, გავბოზდები, ან ქვეყანას დავაქცევ-მეთქი. ჩემი მშობლები გვერდში ამომიდგნენ, სანამ შეეძლოთ, ძმაც თავის შვილების ლუკმას ჩემებს უყოფდა. ბავშვებიც თავიდანვე შრომაში ჩავაბი და ყველა ხედავს, რომ ურიგო ქალი არ გამოვდექი. ჩემმა დედამთილმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, დაზუსტებით დამისვა დიაგნოზი, - აქ ერიდება თავის გამოჭენებას. აი, ბავშვებს მოგვიყრის და საზღვარგარეთ წავა, იქ კიდევ, აქედან ვინ დაინახავს,რას გააკეთებსო. კი ვნანობ, რომ ასეთი უჯიგროები გამოდგნენ, მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ შვილებს ვზრდი ჯიგრიანებს. ვიცი, რომ ავს არავის უსურვებენ, არათუ არ გაუკეთებენ და ტვირთად არავის დააწვებიან. კიდევ ვაპირებთ დასალაგებელი ფართის დამატებას. შაბათს ღამით ქალაქში დავრჩებით, ერთი ღამით დაქირავებულ ბინაში, კვირას ისევ სადარბაზოებს დავალაგებთ და საღამოს შინ დავბრუნდებით. მეზობლები მეტყვიან ხოლმე, არ გერჩივნა ევროპაში წასულიყავი? იქ ამდენი შრომა არ დაგჭირდებოდა, ბავშვებსაც არ დაღლიდი და მეტ ფულს მოაგროვებდიო. მეცინება და ვპასუხობ, შვილები რომ დავყარო და გადასაკარგავში წავიდე, იქიდან დედის მზრუნველობაზე მეტი ღირებულების რა უნდა გამოვუგზავნო-მეთქი?

ნანიკო სიყვარულით იხსენებს ხოლმე ქმრის ბიძასა და ბიცოლას, რომელთა ერთადერთი ვაჟი ნანიკოს ქმართან ერთად დაღუპულა ავარიაში. ხანდაზმული და შვილმკვდარი ცოლ-ქმარი თურმე მხარში ედგნენ ნაადრევად დაქვრივებულ ქალსა და ობლებს. უთქვამთ, რომ მოვკვდებით, თუ რამ გაგვაჩნია, შენს შვილებს უნდა დავუტოვოთო. ნანიკოც თავის მხრივ ზრუნვას არ აკლებდა მოხუცებს, ხშირად ექიმებთან ჩამოჰყავდა თბილისში.

წინა შაბათს, ნანიკო რომ სადარბაზოს დასალაგებლად მოვიდა, ტრადიციულად მომიკითხა. დაღლილი, შვილებთან ერთად ყავაზე მოვიპატიჟე. ენაწყლიანი სულ თვითონ იწყებს ხოლმე ამბების მოყოლას, ძალდატანება არ სჭირდება.

- ჩემი მფარველი ძია და ბიცოლა ხომ იცი? იცი რა დაემართათ? შვილიშვილები ესტუმრნენ.

ნანიკოსგან იმდენი რამ ვიცოდი მოხუცების შესახებ, რომ გამიკვირდა, შვილიშვილები არ ჰყავდათ და საიდან ესტუმრნენ-მეთქი? აი, უკრაინის ომმა შვილიშვილები გამოუჩინა, ტაში შემოჰკრა ნანიკომ და დაიწყო: - ის ბიჭი, მათი შვილი ერთხანს რუსეთში იყო, მერე უკრაინაში გადავიდა. რომ ჩამოვიდა, მალევე ავარიაში მოყვა. შვილები ჰყოლია, ტყუპი, გოგო-ბიჭი, ჩემი ბავშვების ხნის არიან. რომანი ჰქონია დარიასთან, ბავშვები რომ დაბადებულან, მალევე მიუტოვებია ცხონებულ კაცსა. დავბრუნდებიო, დაპირებია, მაგრამ დაიღუპა საწყალი. დარიას მისი გარდაცვალება რომ გაუგია, უფიქრია, ოჯახი არ მიცნობს და რა აზრი აქვს საქართველოში ჩასვლასო. გაუზრდია ტყუპები და ცხოვრობდა მოხუც დედასთან და შვილებთან ერთად, სანამ ეშმაკის გაჩენილი პუტინი უკრაინას დააქცევდა და ამდენ ხალხს გააუბედურებდა. დარიას ყველაფერი დაუწვეს. ისეთებს ჰყვება, ყურს არ გაეგონება. რომ ჩამოვიდა და ოჯახს გამოეცხადა, საწყალი, ისე გაუბედურებული იყო, ვერ წარმოგვედგინა, ორ დღეში, გამოძინების და სულის მოთქმის შემდეგ მზესავით ქალი თუ გამოანათებდა. გვიყვებოდა, სანამ სამშვიდობოს გამოვიდოდით, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. არ მიფიქრია, მიმიღებდა თუ არა ოჯახი. მთავარი იყო, სადმე, სიმშვიდეში მყოლოდა შვილები, სადაც აფეთქებების ხმა არ დააყრუებდათ და ტყვიის და სიკვდილის შიში არ ექნებოდათ. სახლიდან იმდენი ტანსაცმლის გამოტანა მოვასწარი, შიშვლები რომ არ დავრჩენილიყავით და კიდევ, საგულდაგულოდ ვიცავდი ფოტოებს, რომელზეც მამა და შვილები იყვნენ აღბეჭდილიო.

აქ რომ ჩამოვიდნენ, ბიცოლამ დამირეკა, მიშველეო. ვერ გებულობდა ქალი რას ეუბნებოდა. დარია გამეცნო, ჩანთიდან ფოტო ამოიღო და გვაჩვენა, თან დასძინა, შემიძლია ბავშვებს ანალიზი გავუკეთო და დადასტურებით გეცოდინებათ, რომ თქვენი შვილიშვილები არიანო. ბავშვები მამის ასლები არიან. ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენს ოჯახში? სიხარული ზეიმობს. დარიამ ძალა მოიკრიბა თუ არა, სოფლის საქმეს მიადგა. ისეთი გამრჯეა, მადლიანი. საწყალი, დედა გარდაცვლია. ავად იყო და თავშესაფარში, მშივრებმა, გაყინულებმა ჩვენ კი გავძელით, მაგრამ დედამ ვერაო და ეზოში დავკრძალეთო. კი იძახიან, უკრაინაში დავბრუნდებით, როგორც კი მშვიდობა იქნება და ტვირთად არ დაგაწვებითო, მაგრამ ვინ გაუშვებს? ვხარობთ ორი ოჯახი, თითქოს გარდაცვლილი შვილი ცოცხალი დაუბრუნდათ. რა ტვირთი? დარიას გვერდში ამოვიყენებ და ორი ქვრივი უფრო დიდი ძალა ვიქნებით ორი მოხუცისა და ოთხი ბავშვისთვის, - ასეთი ომახიანია ახლა ნანიკო, ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს, რომ ვინმეს ტვირთად არ დააწვეს და დაუზარლად ირჯება.

სოფო გამრეკელი