"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვობაში რაღაც დაკარგა, იმ დაკარგულს ჩემს სკამში პოულობს" - კვირის პალიტრა

"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვობაში რაღაც დაკარგა, იმ დაკარგულს ჩემს სკამში პოულობს"

იტალიელი დიზაინერი, მხატვარი და სკულპტორი კარლა ტოლომეო ცნობილია თავისი უნიკალური სავარძლებით. ამჟამად მისი გამოფენა მილანში იმართება. ტოლომეოს არაორდინარული სავარძლები მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სალონებშია, როგორც დეკორის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თუმცა მოდის ბრენდების გარდა ტოლომეოს სკამებს ნახავთ არნოლდ შვარცენეგერის, სოფი ლორენის, მონაკოს პრინცესას, იორდანიის პრინცისა თუ ბილ გეიტსის სახლებში. კარლა ტოლომეომ ერთი შეხედვით ინტერიერის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი - სკამი სრულიად განსხვავებულ, ეგზოტიკურ ჭრილში დაანახვა საზოგადოებას. ყოველდღიური ატრიბუტის ამ ფორმით მიღება თავიდან გაუჭირდათ ხელოვნების კრიტიკოსებს, თუმცა შემდეგ გაჩნდა აღტაცებული მომხმარებლების ნაკადი. ბევრი ფიქრობდა, რომ ტოლომეოს ბუმი მალე დასრულდებოდა და გადაივლიდა, თუმცა შეცდნენ. ტოლომეოს აქსესუარები გარემოსა და მფლობელის გემოვნებას ააშკარავებს. მიუხედავად საგამოფენო სამზადისისა, კარლა ტოლომეო ინტერვიუზე დამთანხმდა და სრულიად მოულოდნელად საქართველოს სიყვარულზეც მესაუბრა. საიდან იცის იტალიელმა დიზაინერმა ქართველების შესახებ და როგორ ქმნის დღეს ყველაზე მოდურ და უკვე კლასიკად ქცეულ სკამებს, ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

"ყველა სკამი ბავშვობის მოგონების ანარეკლია"

- საოცარი ბავშვობა მქონდა. ჩემი მთავარი მონაპოვარი მოგონებებია და იმ წლების მძაფრი განცდა. დედა იყო არაორდინარული ადამიანი, ესთეტი, გატაცებული პოეზიით, რომელიც მუდამ სიახლეს ეძებდა. რა არის ინსპირაცია? ალბათ, ყველაფერი - ფერები, მუსიკა, ქსოვილი... თითქოს ეს კადრები ჩემშია და მე უნდა გავაცოცხლო. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიპოვო ბალანსი. წონასწორობის დაცვა იაპონური ფერწერის შესწავლის პერიოდში გამოვიმუშავე, როდესაც ჩემთვის ევოლუციის პერიოდი დადგა. ნახატებიც და სკულპტურაც ინსპირირებული იყო ბორხესის პოეზიით. ყველა სკულპტურა მისი ნაწარმოებების ანარეკლია. ყოველთვის ვიგონებდი საგნებს და მათ ტრანსფორმაციას ვცდილობდი. მგონი, მხოლოდ ამის გაკეთება ვიცი კარგად. პირველი ჩემი სკამი რომში გამოვფინე სახელწოდებით "მეტამორფოზა".

wifuria2-1655054348.jpg

გედი-სკამი და დაბნეული ხელოვანები

- ერთ-ერთი პირველი გამოფენა იყო რომში, გამოვფინე ნახატები, სადაც რეალობა პარალელურ რეალობად გარდაისახებოდა. მაშინ ტახტი გედად გადავაკეთე, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. ვმუშაობდი ღამით დურგალთან ერთად, რომელმაც დამარწმუნა, რომ თუ მინდოდა დამხმარებოდა, თეთრი ღვინით უნდა გავმასპინძლებოდი, მაგრამ მუდამ ნასვამმა თავისი საქმე ვერ გააკეთა. ჩემი "გედი" დროს უსწრებდა, საზოგადოების, კოლექციონერების წინაშე იყო რაღაც უცნობი, რომელსაც ვერ ათავსებდნენ ხელოვნების აქამდე ნაცნობ ჩარჩოებში. დიდი ხანი დამჭირდა მათ დასარწმუნებლად. მერე უცებ სკამები გახდა საკულტო საგნები. ცნობილმა ბრენდმა „ნეიმან მარკუსმა“ მთხოვა 10 სკამი იტალიის ფესტივალისთვის; "ბლუმარინმა" ვარდი-სკამი დადო ყველა თავის მაღაზიაში მთელ მსოფლიოში; "მისონმა" თავისი ლამაზი ქსოვილი დამითმო; "ჰერმესს" სურდა პარიზში, სენტ-ონორეს ქუჩაზე, მისი 18 ფანჯარა გამეფორმებინა ჩემი დეკორაციით... მოკლედ, ჩემმა სკამებმა მსოფლიო დაიპყრო, თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს ფენომენი გადაივლიდა, რამდენიმე წელში ინტერესი გაქრებოდა, მაგრამ შევცდი. ჩემმა სკამებმა მამოგზაურა პარიზში, ნიუ-იორკში, პეკინში, მოსკოვში, შემდეგ - უდიდეს გამოფენაზე სანკტ-პეტერბურგში და პუშკინის მუზეუმში მოსკოვში. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ხანგრძლივი თამაში აღმოჩნდა. ხარკს ვუხდი ჩემს ზღაპრულ ბავშვობას და ვაღიარებ, რომ რაც მთავარია, სულ ვმხიარულობ. მას შემდეგ, რაც ჩემი სკამი საკულტო ნივთი გახდა, ბევრ გალერეასთან ვთანამშრომლობ იტალიაშიც და სხვაგანაც.

"მიყვარს მოგონებები საქართველოზე"

- საქართველო ყოველთვის იყო ჩემს გულში. ჩემი ქმარი მწერალი იყო და მას ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ის ქართველი პოეტების თაყვანისმცემელი გახლდათ და პირადად იცნობდა ბევრ მათგანს, გიორგი ლეონიძესთან კი მეგობრობდა. ჩემი მეუღლე ჩემზე გაცილებით უფროსი იყო, ამიტომ მე ვერ გავხდი საქართველოში მისი იმდროინდელი თავგადასავლების მონაწილე, მაგრამ მსმენია მისი მონათხრობი ულამაზეს მხარეზე - ფშავზე, მის მეგობარ აბაშიძეზე, ლეონიძეზე... მათთან სტუმრობის შესახებ ისეთი აღფრთოვანებით ჰყვებოდა, რომ ის სახლი, რომელსაც სტუმრობდა, სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. არაჩვეულებრივი და მამაცი ხალხი ხართ ქართველები. ჩვენ გარეგნულადაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. დიდი ხნის წინ ქართული დასი ჩამოვიდა მილანის თეატრში, "კავკასიური ცარცის წრე“" ერქვა სპექტაკლს. მათ მე მომძებნეს, რადგან იმ დასის რამდენიმე წევრი ჩემს ქმარს იცნობდა, ჩამომიტანეს საჩუქრები და ჩვენ ერთად გავიხსენეთ ძველი ამბები. ეს არის ჩემი პირადი ისტორია, რომელიც საქართველოსთან მაკავშირებს, რომელსაც გულით დავატარებ და მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავამდიდრებ საქართველოზე ჩემს მოგონებებს.

wifuria3-1655054348.jpg

ობობა-სკამი ბილ გეიტსისთვის

- ყველა სკამს თავისი სახელი აქვს და ეს სახელებიც ჩემი ბედნიერი ბავშვობის ანარეკლია. ეს არის გართობისა და სიცოცხლით სიხარულის ზეიმი. სწორედ ამას ვთავაზობ ადამიანებს, რომლებიც ჩემს სკამებთან შეჩერდებიან. ჩემი სკულპტურების მყიდველები განსხვავებული ადამიანები არიან და ყველა, გარკვეულწილად, ჩემი ინსპირაციაა. ბილ გეიტსისთვის ობობა-სკამი გავაკეთე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვობაში რაღაც დაკარგა, იმ დაკარგულს ჩემს სკამში პოულობს.

მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, მეპოვა ძველი სკამები და ტახტები, მარტოობისა და დაღუპვისგან მეხსნა და მათთვის სიცოცხლის ახალი შანსი მიმეცა. ახალი ნაწილების ძებნის პროცესი ჩემთვის გართობაა. მართალია, დამღლელი, მაგრამ ისეთი მიმზიდველი და აღმაფრთოვანებელი, რომ დაღლა გავიწყდება. უზბეკეთში აღმოვაჩინე ულამაზესი ავთენტური ქსოვილები, რომელთაც ახლა ვიყენებ. ვპრინტავ ველვეტზეც... ჩვეულებრივი სავარძლისგან, რომელსაც არანაირი ისტორია არ აქვს, ვქმნი სამეფო ტახტს და ის უნიკალური ხდება. ეს არის თავგადასავლების საწყისი. შედევრები ჩემი ცხოვრებაა და მეც მათ სიცოცხლეს შთავბერავ. ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციაა იტალიელი მწერალი, ავანტიურისტი ჯაკომო კაზანოვა. ჩემი მეუღლის, ოჯახისა და ძაღლების შემდეგ კაზანოვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი ბიოგრაფიის შესწავლის შემდეგ ვისწავლე, რომ ცხოვრება მუდმივი თავგადასავალია, ყოველდღიურად შენ უნდა გამოიგონო ბილიკი, რომელსაც გაჰყვები და რომელიც მიზანთან მიგიყვანს.