ც-ვილის ფიგურები
დღევანდელ წერილს სწორედ ვილი სანიოლზე ლაპარაკით დავიწყებ. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მწვრთნელზე, რომლის დანიშვნასაც, გულშემატკივრის უმეტესობის მსგავსად, მეც გვარიანი პესიმიზმით შევხვდი. კაცზე, რომელიც ფეხბურთელებსაც ცვლის (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!) და თავადაც იზრდება. საქართველოს ნაკრები ჩვენ თვალწინ ყალიბდება გუნდად, როგორზეც წლებია ვოცნებობთ. ცვილზე კი... ცვილზე მადამ ტიუსოს გაშეშებული ფიგურები ნუ გაგახსენდებათ. პირიქით - ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი პლუსი სწორედ მუდმივი მოძრაობაა, სწრაფი, გუნდური თამაში, ფეხბურთი, სადაც საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი მოედნის ორივე ნახევარზე იბრძვის.
ახალგაზრდა ფრანგის ხელში ცვილის ფიგურებმა ბევრჯერ იცვალეს ფორმა. მორიგი იმედგაცრუების გემოც არაერთხელ გვაგრძნობინეს და დიდი ანგარიშით წაგების სიმწარეც, თუმცა ხანგრძლივი ძიებისა და "ძერწვის" შემდეგ სანიოლმა მიაგნო იმ ტაქტიკასა და შემადგენლობას, რომელიც... ზედიზედ რვა მატჩია არ აგებს (7 გამარჯვება და 1 ფრე), უეფას ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში, მიჯრით მოიგო სამი შეხვედრა (12 ივნისს გამართული საქართველო-ბულგარეთის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - რ.შ.), გაიტანა 12 ბურთი და ქვეჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.
სანიოლს არ ჰყავს ამოჩემებული მოთამაშეები. არც შემადგენლობის როტაციას ერიდება და არც წინა თამაშის გამორჩეული ფეხბურთელების სათადარიგოთა სკამზე გამწესებას. რაც მთავარია, ამას ისე ახერხებს, რომ უკმაყოფილო არავინ რჩება! სანიოლის გუნდი ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვის - თითოეულმა მოთამაშემ იცის, რა ევალება მოედანზე და ბოლომდე იხარჯება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ცუდად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ეს ნაკრები მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გამოიყურება.
ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ შორი გზაა, მაგრამ უკვე იმედიც გვაქვს და საკმაოდ ბევრი ქულაც იმისთვის, ჯგუფში პირველი ადგილი და პლეი-ოფის საგზური რომ დავიბევოთ.მთავარი კი მაინც ის არის, რომ საქართველოში ფეხბურთი დაბრუნდა! გვყავს გუნდი, რომელიც არა მარტო იგებს, ლამაზი, შემტევი ფეხბურთით იმარჯვებს და ლამის ყოველ მატჩში გვანებივრებს გოლების ფეიერვერკით. ერთ მუშტად შეკრული ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც იციან, როგორ ითამაშონ, ბოლო წუთამდე იბრძვიან და რაც მთავარია, სიამოვნებას იღებენ თამაშით! "მე ვარ საქართველო" - ჩვენი ეროვნული გუნდების ახალი დევიზია. ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების დაწყებამდე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდპლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობაც და ფილოსოფიაც, ამიერიდან, ეროვნული გუნდები უნიკალური დიზაინის მაისურებით თამაშობენ, ყურს სასიამოვნოდ ხვდება ახალი სლოგანიც. "მე ვარ საქართველო!" დიახ, ზედიზედ რამდენიმე მატჩია, ამ სიტყვებს ომახიანად ამბობს გუნდი, რომელმაც სტადიონზე - მაყურებელი, გულგატეხილ ქომაგთა უმეტესობაში კი იმედი დააბრუნა.
"ცვლილება იწყება ჩვენით" – ესეც ჩვენი ნაკრების ახალი კონცეფციის ნაწილია, ცვლილებები კი ვილი სანიოლის მოსვლისთანავე დაიწყო. ბევრჯერ შეიცვალა შემადგენლობაცა და ტაქტიკაც, ფრანგმა მწვრთნელმა პირდაღებულიც არაერთხელ დაგვტოვა, სანამ იდეალურ ტაქტიკას მიაგნებდა. დღეს კი საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელმაც იცის, რა უნდა, რომელსაც გრძელი სათადარიგოთა სკამიც აქვს და თითოეულ პოზიციაზე ასე მონატრებული და საჭირო კონკურენციაც.დღევანდელი საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. ცხადია, შეცდომასაც უშვებს, ადრე თუ გვიან, წააგებს კიდეც, მაგრამ ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს, მწვრთნელიც კარგი ჰყავს, ფეხბურთელებიც და ქომაგიც. გუნდი, რომელიც იცდის, თავის შანსს ელის და დაწინაურების შემდეგ სწრაფი კონტრშეტევებით საბოლოოდ ასამარებს მეტოქეს. 4, 5, 3... გათვლა არ გეგონოთ - ერთა ლიგის საწყის სამ ტურში საქართველოს გატანილი ბურთებია (ვიმეორებ, ბულგარეთთან კვირას გამართული მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის!). 12 გოლი ერთა ლიგის გათამაშების საწყის სამ მატჩში. სხვათა შორის, ამდენი გავიტანეთ სამი წლის წინ - ერთა ლიგის პირველი გათამაშების დროსაც, და დარჩენილი მატჩების გათვალისწინებით, ცხადია, რეკორდი აუცილებლად შეიცვლება და დიდი შანსია, ეროვნული ნაკრების ყველა დროის მაჩვენებელიც გავაუმჯობესოთ: ერთ შესარჩევ ციკლში ყველაზე მეტი - 16 ბურთი ჩვენმა გუნდმა "ევრო-2008"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ 12 შეხვედრაში გაიტანა.
სანიოლს დავუბრუნდეთ. ფეხბურთი(ც) წვრილმანებისგან შედგება და ბოლოდროინდელი წარმატება აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნაბიჯებს გავიხსენებთ: საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება, ბათუმში მატარებლით ჩასვლა (ფეხბურთელების უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელსო), უთამაშებელი გიორგი ჩაკვეტაძისთვის შანსის მიცემა, სათამაშო დისციპლინის დარღვევაზე მკაცრი რეაგირება, გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლა და სხვა. ფრანგმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელების ხასიათსაც რამდენიმე თვეში აუღო ალღო და თვითონაც მათთან ერთად იზრდება. რაც მთავარია, ერთი შეხედვით, ალოგიკური შემადგენლობითაც კი სანიოლის გუნდი ზედიზედ ამარცხებს პრინციპულ მეტოქეებს და თუ სასწაული არ მოხდა, პლეი-ოფის საგზურს ვერავინ უნდა შეგვეცილოს.
ფეხბურთმა გაგვაერთიანა. თამაშის წინ და შემდეგაც ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს. ბოლოს როდის გახსენდებათ ასეთი რამ? ალბათ, 2020 წლის ნოემბერში, როცა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ცხვირწინ აგვაცალა ევროპის ჩემპიონატის საგზური... ბალკანელებთან რევანში რამდენიმე დღის წინ ავიღეთ, მაგრამ "საუკუნის მატჩში" გაშვებული შანსი დღემდე მწარედ გვახსოვს.
ნაკრებთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა. დრო იყო, მხოლოდ ჩვენების გატანილი გოლის შემდეგ ავხმაურდებოდით ხოლმე, ახლა ნაკრები სულ გრძნობს ქომაგების მხარდაჭერას: მატჩამდეც, ნამატჩევსაც და თამაშის დროს - მით უმეტეს! ბოლო მატჩებია, "დინამო არენა" ბოლომდე ივსება, ათეულობით ქომაგი გასვლით თამაშებზეც ამხნევებდა საყვარელ გუნდს - ბულგარეთ-მაკედონიაში ზოგმა სახმელეთო, სხვებმა საჰაერო გზით ჩააღწიეს, მატჩების დაწყებამდეც ამხნევებდნენ გუნდს, მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩუმებულან და განსაკუთრებული მადლობაც დაიმსახურეს.
მადლობა მათ. მადლობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებისთვის მუშაობს.
"მე ვარ საქართველო". გუნდი, რომელმაც ფეხბურთის თამაში გაიხსენა და გაგვახსენა. ეროვნული ნაკრები, რომელმაც დაგვავიწყა ის დრო, როცა მხოლოდ დიდი ანგარიშით არწაგებაზე ვფიქრობდით და შეტევის წამოწყებას ვინ ჩივის, ორი-სამი პასის "გადაბმაც" სანატრელი გვქონდა. დღეს მეტოქეებს არა მარტო ტაქტიკა/ტექნიკურად, გამძლეობითაც ვჯაბნით. აკი ნამატჩევს ამოიკნავლა კიდეც მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ, ქართველებმა ფიზიკური მომზადებით გვაჯობესო...
0:3 წაგების მიზეზი მხოლოდ ეს თუ ჰგონიათ, მილევსკიმ და მისმა ამქარმა წიტაიშვილის პასი, კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და ქართველების სხვა მომენტებიც გაიხსენონ.
ჩვენ კი, ჩვენ ისევ ვილი სანიოლის სიტყვები გავიხსენოთ, მორიგი გამარჯვების შემდეგ რომ ამბობს ხოლმე: დღეს ვიზეიმოთ, ხვალიდან შრომა გავაგრძელოთო... "ხვალ"... წლების განმავლობაში ქართველი ქომაგისთვის ეს სიტყვა მორიგ იმედგაცრუებასთან ასოცირდებოდა. ბოლო თვეებია, ყველაფერი შეიცვალა. ახალგაზრდა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს! დღეს, როცა ევროკავშირის წევრობაზე მხოლოდ ვოცნებობთ, ევროპაში დაბრუნების ყველაზე მოკლე გზა ფეხბურთზე გადის...ნაკრების ბოლო მატჩები ის შემთხვევაა, როცა რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა არც გინდა და არც არის საჭირო. მეც ბევრჯერ დამიწერია, რომ ამხელა აჟიოტაჟი მხოლოდ ვნებს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ "ვაცალოთ ხვიჩას ფეხბურთის თამაში", მაგრამ... კვარაცხელია მაინც უნდა ვახსენოთ, რადგან სანიოლის გუნდის სული და გულია, ლიდერი, იმედი, მონდომებული და თავმდაბალი ბიჭი უმაღლესი კლასითა და ტექნიკით. გაიხსენეთ, რამდენჯერ შეიცვალა ფლანგი ივნისის მატჩების დროს? რამდენჯერ ჩავიდა მცველების დასახმარებლად, რამდენ მოწინააღმდეგეს დაახვია თავბრუ? სკოპიეში გატანილი მეორე გოლი კი დარკო ჩურლინოვსა და მის ამფსონებს დიდხანს არ დაავიწყდებათ: ხვიჩამ ერთი მოძრაობით ისეთი რეტი დაახვია მასპინძელთა მცველს, რომ... მას შემდეგ ჯორდანო ბრუნოზე მეტადაც კი სჯერა - "ის მაინც ბრუნავს"...
მხოლოდ ჩურლინოვი კი არა, მაკედონიელთა მეკარე დიმიტრიევსკიცა (თამაშამდე რომ იქადნებოდა, ქართველებს გოლგაუშვებლად მოვუგებთო და ბოლოს სათვალავიც კი აერია, იმდენჯერ გამოიღო ბურთი თავისი კარიდან!) და მაკედონიის მთელი დედაქალაქიც გაოგნებული დავტოვეთ.
სკოპიე, რომელიც მატჩის დაწყებამდე დიდ გულზე იყო, მიკროსკოპიედ ვაქციეთ!
ამ წერილში არ მიცდია საქართველოს ნაკრების თამაშის გარჩევა. არც იმ შეცდომებზე მილაპარაკია, სამივე თამაშში რომ ვნახეთ (ბულგარეთთანაც აუცილებლად იქნებოდა!), რადგან ეს არ არის რომელიმე მატჩის, ფეხბურთელის ან მწვრთნელის შეფასება. გამოძახილია. ემოცია. მადლობაა იმ ყველაფრისთვის, რასაც ბოლო მატჩებში ვხედავთ.
მე ვარ საქართველო. სულ საქართველო ვიყავი, მაგრამ...
დღეს ამაყი საქართველო ვარ! წელში გამართული და იმედიანი.