ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი: "კანონი არ ითვალისწინებს მედიადირექტორის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას“ - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი: "კანონი არ ითვალისწინებს მედიადირექტორის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას“

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ მისი საქმის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ასეთი დაუსაბუთებელი განაჩენი არასდროს უნახავს. მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, თუმცა ბევრი თვლის, რომ ახლა გვარამიას ციხიდან გამოშვება ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება. მით უფრო, რომ ევროკავშირის რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა სწორედ "მთავარი არხის" დამფუძნებლის სასჯელსა და "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მფლობელების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს. გვარამიას ხმაურიანი საქმის დეტალებსა და პროკურატურის პოზიციაზე პროკურორი ვლადიმერ ვექილიანი გვესაუბრება.

- ბატონო ვლადიმერ, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა, ბევრს ლაპარაკობენ მისი განაჩენის პოლიტიკურობაზე. დასაბუთებული იყო პროკურატურის ბრალი?

- გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკურ კომპონენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს შეფასება დაცვის მხარის პოზიციის გამეორებაა. არსებითი განხილვის ეტაპზეც დაცვის მხარე ამას ამტკიცებდა, თუმცა ობიექტური შეფასებით, გვარამიას და სხვათა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში პოლიტიკური კომპონენტი არ იკვეთება და ხელოვნური ჩარევა, რაც ამ ტიპის პროცესებისთვის არის დამახასიათებელი, არ მომხდარა. რაც შეეხება ბრალდების დასაბუთებას, მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება ყველა ეპიზოდში დასაბუთებული იყო. საქალაქო სასამართლომ სამი ეპიზოდიდან მხოლოდ ერთ ეპიზოდში ცნო ნიკა გვარამია უდანაშაულოდ, დანარჩენი ორი ეპიზოდი სასამართლომ გაიზიარა, თუმცა ერთ შემთხვევაში ქმედებას ბრალდებისგან განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. ეს ფაქტიც უარყოფს პოლიტიკური კომპონენტის არსებობას, ვინაიდან სასამართლო კრიტიკულად აფასებდა საქმესა და მტკიცებულებებს.

- ხშირად ისმის კითხვა: თუ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობდა, სად იყო აქამდე პროკურატურა?

- ბრალდების წარდგენას და სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას დასჭირდა ზუსტად იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იყო შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისა და განხილვისათვის მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით. საქმის გამოძიების დაწყება არ იყო პროკურატურის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს ინიცირებული საკითხი. გამოძიება დაიწყო "რუსთავი 2"-ის მეწილის განცხადების საფუძველზე, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა.

- პროკურატურას, ალბათ, გააზრებული ჰქონდა ისიც, რომ მის დაკავებას დიდი ხმაური მოჰყვებოდა. ხომ შეგეძლოთ გაგეთვალისწინებინათ ეს პოლიტიკური კონტექსტი და მისი პატიმრობა არ მოგეთხოვათ?

- ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კანონი უნდა აღსრულდეს, მიუხედავად უარყოფითი თუ დადებითი გამოხმაურებისა. რაც შეეხება სასჯელს, ეს სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლოც შეზღუდულია კანონის მოთხოვნებით.

- სახალხო დამცველი ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენი დანაშაულის გარეშე გამოიტანეს და რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღებას ან სხვა დანაშაულს...

- სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ეს პოზიცია არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ნიკა გვარამიას დაინტერესება უტყუარად არის დადგენილი და ასახული განაჩენში. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი ვერ გაერკვა ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდების არსში და მისი დასკვნებიც სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით არაკომპეტენტური და უსაფუძვლოა.

სახალხო დამცველი ეყრდნობა მხოლოდ დაცვის მხარის მიწოდებულ ინფორმაციასა და მათ მიერ შეთავაზებულ უსაფუძვლო ვერსიას, რომელიც არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. იგი ნიკა გვარამიას ბრალდების ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდს აფასებს მტკიცებულებებისა და დასაბუთების თვალსაზრისით და არ განიხილავს ქმედების სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციას; მიიჩნევს, რომ ხსენებულ ეპიზოდში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა ამბობს, რომ იზიარებს პოზიციას, რომლის თანახმად, საწარმოსთვის დირექტორის მიერ მიყენებული ზიანი ზოგჯერ შეიძლება სისხლის სამართლებრივად დასჯადიც იყოს. სახალხო დამცველის გამოძიების ეტაპზე გამოთქმული მოსაზრების თანახმად, „დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ასეთია: იგი საკუთარი ან კორპორაციისთვის მოგების მიღების მიზნით უნდა სჩადიოდეს დანაშაულს, ხელშეკრულება ფიქტიურად უნდა იყოს დადებული და მას შეცნობილი უნდა ჰქონდეს, რომ დანაშაულს სჩადის. იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორს სწამს, რომ კორპორაციის სასარგებლოდ მოქმედებს, იგი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ დაექვემდებარება, თუ მის მიერ განხორციელებული ქმედება თავისთავად არის დანაშაული... დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელია დირექტორს შეცნობილი ჰქონდეს, რომ დანაშაულს სჩადის. მის მიერ ჩადენილი ქმედება თავისთავად უნდა წარმოადგენდეს დანაშაულებრივს და იგი პირადი გამდიდრებით უნდა იყოს ნაკარნახევი.

ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას მიმართ გამოყენებული მტკიცებულებები აკმაყოფილებს შემოთავაზებულ სტანდარტს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას სისხლის სამართლის საქმე და მათ მიმართ ბრალდება არც ერთ ეპიზოდში, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ მოიცავს ბიზნესრისკის შემცველი მენეჯერული გადაწყვეტილების პოსტფაქტუმ შეფასებას სამართალდამცავი ორგანოების მიერ და აპელირება საკითხზე, რომ ბრალდება/მსჯავრდება განხორციელდა სარისკო ხელშეკრულების დადებისა და რისკების გადაზღვევის გამო, მინიმუმ, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა. ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის ყველა კომპონენტი (განზრახვა, ქმედება, შედეგი) განხილულია როგორც კორპორაციული, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჭრილში, მათ შორის - ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით. სახალხო დამცველი თავისი შეფასების ერთ-ერთ ეპიზოდში განაჩენის პრობლემად მიიჩნევს ფაქტს, რომ სასამართლომ არ განიხილა, რა გამოარჩევს განსახილველ შემთხვევას ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისგან; ასევე - რით განსხვავდება ბრალდებულთა მიერ დადებული ხელშეკრულებები ბაზარზე არსებული ხელშეკრულებებისგან. სწორედ საქმის ამ ნაწილში იკვეთება ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას აშკარა დევიაციური ქმედება. შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული პირადი მოტივებით გამოწვეული დევიაციაა ამ საქმის ლაიტმოტივი და სახალხო დამცველის შეფასება, თითქოს განაჩენით ეს საკითხი იგნორირებულია, არის უსაფუძვლო და ფაქტების არასწორად აღქმა/გაგება.

- რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასამართლო ბრალდების მხარის სამართლებრივ კვალიფიკაციას არ დაეთანხმა...

- მიუხედავად იმისა, რომ ე.წ რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში, სასამართლო სამართლებრივ კვალიფიკაციაში ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და ბრალდებულთა მიმართ ბრალდება შეცვალა, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით და განაჩენით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია: მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელი "რუსთავი 2"-მა უპრეცედენტო მოგებით დაასრულა, ნიკა გვარამიამ ე.წ გაყიდვების სახლთან“(კომპანია "ინტერმედია") გაწყვიტა ურთიერთობა და 2015 წლის იანვარში საეთერო დროის გასხვისების ხელშეკრულება გამოცდილების არმქონე, ერთი თვით ადრე დაფუძნებულ საწარმო "ინტერმედია პლუსს"“ გაუფორმა, რომლის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ამ პროცესში "რუსთავი 2"“იღებს შემოსავლის დაახლოებით 90%-ს, ხოლო კონტრაქტორი - დაახლოებით 10%-ს. ეს არის წლების განმავლობაში აპრობირებული პრაქტიკა არა მხოლოდ „"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, ქართულ სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე. თავად ნიკა გვარამიასა და მისი ადვოკატების მტკიცებით, 2014-2015 წლებში ისინი ელოდნენ, რომ „"რუსთავი 2"-ის ყოფილი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა. სწორედ მესაკუთრის შეცვლის მოლოდინი გახდა საფუძველი იმისა, რომ საკუთარი სარეკლამო დროის გასხვისების, ფაქტობრივად, მონოპოლისტმა "რუსთავი 2"-მა 2015 წელს თავისივე ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულება გააფორმა ახლად შექმნილ „"ინტერმედია პლუსთან".

- რაც შეეხება სახალხო დამცველის შეფასებას ავტომანქანის ეპიზოდთან დაკავშირებით...

- ავტომანქანის ეპიზოდთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველის შეფასება არასწორია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საკითხის დასმა იმგვარად, თითქოს მენეჯერის პასუხისმგებლობა დადგა საბაზრო ფასზე ნაკლები ანაზღაურების მიღების გამო, არასწორია. ამ ეპიზოდშიც მთავარია მენეჯერის მოტივაცია და არა - მისი ქმედების პოსტფაქტუმ შეფასება. კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2019 წლის თებერვალში გვარამიამ თბილისის "პორშეს" ცენტრის ხელმძღვანელებს ტელეკომპანია "რუსთავი - 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ მათგან ძვირად ღირებულ ავტომობილს შეიძენდა ტელეკომპანია "რუსთავი - 2"-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, რაც მასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას"“ მეშვეობით მოხდებოდა. 2019 წლის 27 თებერვალს "პორშეს" ცენტრსა და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის გაფორმდა ავტომანქანა Porche Macan S-ის (ღირებულება 76 700 ევრო) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია"“ დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ "პორშეს" ცენტრი კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას"“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, არსებითად, ამცირებდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისათვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას. ნიკა გვარამია ავტომობილის საფასურს იხდიდა „"რუსთავი 2"-ში განსათავსებელი სარეკლამო დროის ღირებულების სანაცვლოდ. ხსენებულ ავტომობილს ტელეკომპანია „რუსთავი 2"“-თან შეხება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მისი ღირებულება „"რუსთავი 2"“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულებით იფარებოდა. ნიკა გვარამიას ამ ქმედებით, 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა განიცადა დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი Porche Macan S. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის შეფასება, თითქოს ხსენებულ ეპიზოდში ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობა დადგა სარეკლამო დროის საბაზრო ფასზე ნაკლები ანაზღაურების მიღების გამო, უსაფუძვლო და გაუგებარია.

- სახალხო დამცველი დასკვნაში მიუთითებს, რომ ბოლო წლებში 220-ე მუხლით მსჯავრდებისას არც ერთ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელი არ გამოუყენებიათ...

- ბოლო წლების განმავლობაში სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არაერთი პირის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა.

- სახალხო დამცველმა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა. ის ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მან პრეზიდენტს მიმართა, რადგან ბოლო წლებში მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი არ უნახავს. რა მტკიცებულებებით ამყარებს პროკურატურა ამ ბრალდებებს?

- ეს არის ომბუდსმენისა და პრეზიდენტის ურთიერთობა და ამ უკანასკნელის პრეროგატივა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გეტყვით, რომ მტკიცებულებები სასამართლო პროცესზე საჯაროდ არის შესწავლილი; ბრალდების თითოეული ეპიზოდი დასტურდება ობიექტური მტკიცებულებებით; დადასტურებულია როგორც უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედება, ისე - მისი მოტივი და შედეგი, შესაბამისად, სახალხო დამცველის პოზიციას ვერ გავიზიარებ.

- პროკურატურას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ თქვენ დაკვეთა შეასრულეთ.

- ჩვენ ვასრულებთ მოთხოვნას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვიწესებს. კანონი არ ითვალისწინებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრისა თუ თანამგრძნობის ან მედიადირექტორის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. პოლიტიკურ დაკვეთას თვალნათლივ გამორიცხავს სასამართლოში საჯაროდ, ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერით გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს დანაშაულის ფაქტს და დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია ყველაფერი შეაფასოს.