„თქმა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ევროკავშირზეა ჯერიო, საფუძველშივე მცდარია“ - კვირის პალიტრა

„თქმა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ევროკავშირზეა ჯერიო, საფუძველშივე მცდარია“

"სწორი პოლიტიკური ხედვა და ნებაა მთავარი ცვლილებებისთვის, ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ­ ფხალაძე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის ძალზე კრიტიკულ რეზოლუციაზე.

- ნაცვლად იმისა, შეცდომები გვეღიარებინა, ვამბობდით, რომ ყველაზე საუკეთესონი ვართ და უკვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც ვუსწრებთ. ამიტომ ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, როცა არ ითვალისწინებ მეგობრების მოწოდებებსა და კეთილისმსურველთა რეკომენდაციებს.

- რეზოლუციის მიღებამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების განცხადების პროექტი, სადაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთნაირად იყვნენ მოხსენიებული. ამ ორ დღეში რა შეიცვალა ისეთი, რომ ამ სამეულს საქართველო გარკვეულწილად ჩამოშორდა?

- ბევრი რამ შეიცვალა. რაც მთავარია, არ ვაჩვენეთ, რომ შეცდომებს ვაღიარებთ და ვცდილობთ გამოსწორებას. ძალიან საგულისხმოა მეორე კომპონენტი - რეზოლუცია შეთანხმებული ტექსტია, რომელიც ხუთმა მთავარმა გუნდმა შეიმუშავა, შემდგომ იმსჯელა და მიიღო. ამ ხუთ ჯგუფში არის ის ჯგუფიც, რომელიც „"ოცნების"“ ოფიციალური პარტნიორია ევროპულ ასპარეზზე. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც „"ქართული ოცნების" პარტნიორებშიც არსებობს და ძალზე საგანგაშოა.

- ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებდა, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობსო. შესაძლებელია ევროკავშირის გადაწყვეტილება ოპოზიციას დაჰბრალდეს?

- ეს სრულიად უსუსური არგუმენტია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ ჯგუფში არის მათი პარტნიორი პარტია. თუ ოპოზიციას ჰყავს პარტნიორები, მათაც ხომ ჰყავთ? მეორე და ყველაზე მთავარი - არგუმენტად არ გამოდგება იმის თქმა, ჩემი ოპონენტი მებრძვის და მისი ბრალია ყოველივეო, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა და მისი ვალდებულებაცაა პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება, ისევე როგორც რეფორმების გატარება. ეს ვალდებულება ოპოზიციას არა აქვს. ამიტომ თქმა, საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მეგობრები არიანო, სრული აბსურდია.

- ეს დიპლომატიის კრახია თუ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლების პოლიტიკის. ამის დიპლომატიისთვის დაბრალება არასწორია. ჯერ ერთი, დიპლომატია იმაზე დაფუძნებით მუშაობს, რის საშუალებასაც ხელისუფლების პოლიტიკა აძლევს. დიპლომატია ვერ წარმოადგენს გაუტარებელ რეფორმას წარმატებად. ლაპარაკია ხელისუფლების შეცდომებზე და შემდგომ ქვეყნის გარეთ კომუნიკაციაზე. ასე რომ, დიპლომატებს ვერაფერს დავაბრალებთ.

- როგორც კობახიძემ თქვა, საქართველო 2024 წლისთვის აპირებდა განაცხადის შეტანას, ახლა არ ვიყავით მზად, ძალით შეგვატანინეს საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და შედეგიც შესაბამისიაო. რას ფიქრობთ ამაზე?

- სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ამით გადავალთ შეთქმულების თეორიებში. პოლიტიკურ კონტექსტში შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი, იმდენად რეალობას აცდენილი არგუმენტია.

- როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე საჯაროდ ამგვარ რამეს აცხადებს, არა აქვს მნიშვნელობა? ეს ხომ არ არის ვიღაცების მოსაზრება?

- მმართველი პარტიის თავმჯდომარის ნათქვამი აპრიორი არ ნიშნავს, რომ სწორია.

- რა მოჰყვება მმართველი პარტიის ასეთ განცხადებებს, დაიწყება კამპანია, რომ თავიდან მოგვიშორეს?

- ამ რეზოლუციაში არ ჩანს, რომ ევროპა თავიდან იშორებს საქართველოს. რეზოლუციაში სხვა რამეზეა წუხილი გამოთქმული - ჩანს, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო და უკმაყოფილებას სხვა რამის გამო გამოთქვამს. ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მტკივნეულია საქართველოს ამ კონტექსტში მოხსენიება, რადგან უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ქვეყანა წარმატებულად მოიხსენიებოდა. კი, იყო შეცდომებზე მითითება, მაგრამ ყოველთვის აღინიშნებოდა წინსვლის დინამიკა. ახლა სხვაგვარია ჩვენზე აზრი და ეს ევროპარლამენტის, ევროკავშირის ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია.

- ევროპარლამენტმა პირველად გააკეთა ოფიციალური განცხადება ივანიშვილის სანქცირებაზე. რა კავშირია ივანიშვილის სანქცირებასა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის?

- ეს გაფრთხილებაა და უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაშვებულმა შეცდომებმა მიგვიყვანა ამ რეზოლუციამდე. თუ „"ქართული ოცნება"“ ასე გააგრძელებს, მაშინ ეს უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებად გადაითარგმნება. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, რას გავაკეთებთ - ბავშვივით გავჭირვეულდებით თუ მივხვდებით, რომ სერიოზული შეცდომები გვაქვს დაშვებული და მათ გამოსწორებაზე ვიფიქრებთ.

- ეს შესაძლებელია დარჩენილ დღეებში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ?

- ორი რამ არის მთავარი - აჩვენო გულწრფელობა და პოლიტიკური ნება, რომ პროცესი დაიწყო, რომ ეს არ იქნება მოტყუების მორიგი ცდა. ეს არის ყველაზე მთავარი, თორემ გასაგებია, რომ ერთ დღეში არაფერი იცვლება. სწორი პოლიტიკური ხედვა და ნებაა მთავარი ცვლილებებისთვის.

- რეზოლუციის მიღების შემდეგ ხელისუფლების განცხადებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლებას საამისო ნება აქვს?

- ძალიან არასერიოზულია ეს განცხადებები და მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ შეცდომებს ისევ ვუშვებთ. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერ მხოლოდ მოწოდებაა, მაგრამ თუ არაფერი შევცვალეთ, ამას მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ქმედებები, რაც არ იქნება სასიამოვნო, რბილად რომ ვთქვათ.

- რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პროცესს ივანიშვილი უშლის ხელს და აქცენტი გაკეთებულია ქართველი ხალხის ლეგიტიმურ სწრაფვაზე - ანუ დემოკრატიზაციის პროცესში ვიღებთ გახლეჩილ ქვეყანას. ჰანტინგტონის დეფინიციას რომ დავეყრდნოთ, საზოგადოებას სურს იყოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, მიმღები ცივილიზაცია თანახმაა, მაგრამ ხელს უშლის ხელისუფლება. ამის მოგვარება როგორ შეიძლება?

- ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს ეროვნული ინტერესებით, ატარებდეს რეფორმებს და იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ემსახურება არა პარტიულ, არამედ ქვეყნის ინტერესებს.

- სტატუსის მინიჭების საკითხი ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ვერ ვიტყვით, რომ ამ სამი ქვეყნიდან რომელიმე ევროკავშირის ქვეყნების დონეზეა. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებით საქართველო რომ ჩამოშორდეს ამ სამეულს, ეს რუსეთის გავლენას უფრო არ გააძლიერებს? ეს ფაქტორი არ იქნება გათვალისწინებული?

- არავინ ამბობს, არ მიგიღებთო. ჩვენ გვეუბნებიან, თუ მითითებებს შეასრულებთ, მიგიღებთო. არაერთხელ გვითქვამს ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც, რომ ჩვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს. რუსეთის გავლენა რომ არ გაძლიერდეს, ეს უპირველესად ჩვენი საზრუნავია. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირსაც არ სურს, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს. ამიტომ რაც მეტს გავაკეთებთ, მით მეტად დაგვეხმარებიან. თქმა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ევროკავშირზეა ჯერიო, საფუძველშივე მცდარია. ეს სასურველ მიზნამდე ვერ მიგვიყვანს.

- ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმეს შეუდგეს. უპირველესად რა უნდა გაკეთდეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს?

- ყველა საკითხზე ძალიან მარტივი მითითებაა და არა მარტო ამ რეზოლუციაში. არსებობს შეფასების დოკუმენტები, რომლებშიც ყველაფერი პირდაპირ წერია. ჩვენი ნაკლი ჩვენზე კარგად ხომ არავინ იცის და აქედან გამომდინარე, ამაზე მუშაობის დაწყება დღესვე შეიძლება, თუ სურვილი გვექნება.

ხელისუფლების განცხადებები კი, განსაკუთრებით რეზოლუციის მიღების შემდგომ, სრულიად კონტრპროდუქტიულია. ასეთი რიტორიკა მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს.

- ყოველივე ამის შემდგომ გვაქვს თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი თუნდაც მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებული დათქმებით?

- არსებობს რამდენიმე პროექტი, რომლებიც უნდა იქნეს განხილული. თითოეულის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მათში არის ჩვენთვის კარგი ვარიანტიც, არცთუ ისე ცუდი ვარიანტიც და ცუდი ვარიანტიც. შანსი იმისა, რომ მივიღოთ სტატუსი, კარგი ვარიანტია, რაც წინ წაგვწევს ევროპულ გზაზე. ამისთვის საჭიროა მუშაობა და საამისო დრო ჯერ კიდევ არის.

- კარგ ვარიანტში რას გულისხმობთ.

- კანდიდატობა პირობებით შესაძლებელია. უამისოდ ძნელად წარმომიდგენია, რომ სტატუსი მივიღოთ. ყველა ვარიანტის განხილვა არ მინდა, მით უმეტეს, ცუდის. კარგი ვარიანტის საშუალება არსებობს, მაგრამ, ვიმეორებ, სამუშაოა.

რუსა მაჩაიძე