„თუ საქმე სანქციების დაწესებამდე მივიდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური და დეკლარირებული კურსი განსხვავებულია“ - კვირის პალიტრა

„თუ საქმე სანქციების დაწესებამდე მივიდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური და დეკლარირებული კურსი განსხვავებულია“

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების, ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, მათზე ძალადობისა და დევნის შემთხვევების გამო. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება. რატომ მივიღეთ ევროპელი პარტნიორებისგან კრიტიკული შეფასება, რას ნიშნავს ეს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის და რა შანსი გვრჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ამ საკითხებზე საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- ფაქტია, მედიასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე ევროპარლამენტის განხილვის საგანი გახდა. ამას სჭირდება მეტი ფიქრი, თუ რა არის გამოსასწორებელი და რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა რეალობის ადეკვატურად შეფასება. არ შეიძლება ქვეყნის მმართველი პოლიტიკური კლასი მუდმივად თავს იმართლებდეს და კრიტიკას კონტრბრალდებებით პასუხობდეს. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკა მიიღონ, გააანალიზონ და აღმოფხვრან პრობლემები. ამ შემთხვევაში შიდაპოლიტიკურ ბატალიასთან კი არა, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ქვეყნის პრესტიჟთან გვაქვს საქმე. არ არის საჭირო, ყველა ბრალდებას კონტრპასუხი დაუბრუნო, მით უფრო მაშინ, როცა სასწორზე დევს სახელმწიფოს იმიჯი და დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის შესრულებაზეც ამ პოლიტიკურ ძალას ვალდებულება აქვს აღებული. ხელისუფლების, როგორც ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ძალის, როლი გაცილებით მნიშვნელოვანია.

- მედიაგარემოს ოპოზიციისეული შეფასება ნიკა გვარამიას მაგალითით რამდენად ლოგიკურია?

- ერთი რამ შემიძლია ვთქვა - როდესაც ხელისუფლებისა და სასამართლოს ნდობა ძალზე სუსტია როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, რაც უნდა დამნაშავენი იყვნენ ეს ადამიანები, კითხვები მაინც ჩნდება.

- რას ცვლის ჩვენი ქვეყნისთვის ეს რეზოლუცია?

- ჩვენ თანდათანობით გადავდივართ არათავისუფალი ქვეყნების რიგში, რაც ნიშნავს, რომ ვეღარ ვისარგებლებთ იმ სიკეთეებით, რითაც დემოკრატიული ქვეყნები სარგებლობენ. თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, მაშინ საქართველო არ უნდა იყოს გამორჩეული მედიასაქმიანობის შეზღუდვით. არსებობს სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდე, რათა დემოკრატიულ სამყაროში მიგიღონ.

- მაგრამ თქვენ ამბობდით, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის სტატუსის მონიჭების შესახებ პოლიტიკური იქნებოდა. საერთაშორისო პოლიტიკიდან კონკრეტული მაგალითებიც კი მოგყავდათ, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს მსგავს ორგანიზაციებში პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მიიღეს, ვიდრე დამსახურების მიხედვით.

- დიახ, ასეა, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც სჭირდება ლეგიტიმური საფუძველი. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას შევუშლით ხელს, ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ამ ორგანიზაციის წევრობა და ძალით ხომ არ შეგვათრევენ? პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ იდეალურად არ ვაკმაყოფილებთ დემოკრატიის სტანდარტებს, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. თუ კავკასიურ თურქმენეთად გადავიქცევით, აღარც დაისმება ჩვენი საკითხი. ვის აქვს იმის ილუზია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ?! ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი რამდენჯერმე ჩამოვრჩებით ეკონომიკის განვითარებისა და დემოკრატიის ხარისხით. ამ ყველაფერს ჩვენ კიდევ ვამატებთ პრობლემებს.

- რაც შეეხება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვას, თქვენ ამბობდით, რომ დასავლეთმა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე პიროვნული სანქციები ისეთ ტირანსაც კი არ დაუწესა, როგორიც მუჰამედ ბინ სალმანია. ახლა რა შეიძლება შეიცვალოს, დასავლეთის პოლიტიკური ინტერესი თუ ივანიშვილის პიროვნების აღქმა?

- სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მმართველი ელიტისა და დასავლელი ლიდერების ურთიერთობის ხარისხზე. თუ საქმე სანქციების დაწესებამდე მივიდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური და დეკლარირებული კურსი განსხვავებულია. ძალიან ძნელია ამ ამბის შედეგის პროგნოზირება, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რა დასკვნას გამოიტანს მმართველი გუნდი, დღეს არსებული რეალობიდან და დასავლელი პარტნიორების შეფასებებიდან. რა დასკვნას გამოიტანს მმართველი გუნდი ამის ვარაუდი შეუძლებელია. ბოლო დროს ქართული პოლიტიკური კლასი ირაციონალურ და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ვგულისხმობ.

- ჩვენ ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას ომი თავიდან აარიდა. თქვენი აზრით, მართლაც იდგა თუ არა დღის წესრიგში საქართველოს ომში ჩათრევა და თუ უახლოეს მომავალში მოსკოვი საქართველოში "გამოსეირნებას" გადაწყვეტს, რა დიპლომატიური რესურსი გვაქვს რუსული აგრესიის შესაჩერებლად?

- დავიწყოთ იმით, რომ უკრაინის ხელისუფლებას ომის თავიდან არიდების საშუალება არ ჰქონდა. მას ჰქონდა თავისი, რუსეთისგან დამოუკიდებელი დღის წესრიგი, მაგრამ კრემლში გადაწყვიტეს, რომ ასე არ უნდა გაგრძელებულიყო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთი უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, ტერიტორიულ დანაკარგად მიიჩნევს და ცდილობს დაიბრუნოს. ხშირად ამბობენ, რომ უკრაინა გლობალურ თამაშს ეწირება. უკრაინა ეწირება რუსეთის უაზრო აღქმას მსოფლიოში საკუთარი როლისა და ადგილის შესახებ. კი, უკრაინა მთავარი მსხვერპლია მთელ ამბავში. როგორც უნდა დამთავრდეს ომი, სულაც რომ მოსკოვი აიღოს უკრაინის არმიამ, იმ ასეულობით დაღუპულ ადამიანს, ბავშვებს აღარაფერი ეშველება. ამასთან, უკრაინის თავიდან აშენებას ათწლეულები დასჭირდება. ვინმეს აქვს ილუზია, რომ რაც უნდა ბევრი ფული ჩაიდოს უკრაინის აღმშენებლობის საქმეში, ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა ან სხვადასხვა ჯგუფი ყველაფერს საქმეს მოახმარენ და კორუფციულ გარიგებებში არ გაეხვევიან?! სამწუხაროდ, ყველა ომი გარკვეული ჯგუფებისთვის ყოველთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობაა. დღეს ეს ომი არის ყველასათვის შესაძლებლობა, გარდა უკრაინელი ხალხისა.

- თუ ომი რუსეთის გამარჯვებით დამთავრდება, გახდება თუ არა მოსკოვი საკუთარი გამარჯვების მძევალი?

- აუცილებლად, უფრო მეტიც, რუსეთი ომის მძევალი მაშინ გახდა, როდესაც უკრაინაში შეიჭრა. რატომ? იმიტომ, რომ უკვე დაკარგა საერთაშორისო პოზიცია, რომელიც მას უპირატესობას ანიჭებდა. რუსეთს შეეძლო ყოფილიყო მთავარი მოთამაშე და დამაბალანსებელი ჩინეთ-დასავლეთის მომავალ დაპირისპირებაში, მკვეთრად დაეზიანებინა უკრაინა ომის გარეშეც და არ დაეშვა მისი გაწევრება ნატოში. ასევე შეეძლო ნატოს უფუნქციო ორგანიზაციად გადაქცევა. ახლა კი პუტინის ასეთი მოქმედების წყალობით ნატო მკვეთრად ანტირუსული ორგანიზაცია გახდა. რუსეთი გლობალური პოლიტიკის პერიფერიაზე გადავა, ცენტრალურ მოთამაშეებად კი ჩამოყალიბდებიან ბეიჯინგი და ვაშინგტონი. აი, საბოლოოდ ეს მოხდება, სულაც მთელი უკრაინის ტერიტორია რომ წაიღოს მოსკოვმა. ახლა მოსკოვისთვის საკითხავი მხოლოდ ის არის, ომის შედეგი რუსეთისთვის იქნება მძიმე თუ ძალიან მძიმე.

უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებას ანალოგი არა აქვს. 2008 წელს ამის მეათედით რომ დაგვხმარებოდნენ როგორც სამხედრო საშუალებებით, ასევე პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, აგვისტოს ომი, დიდი ალბათობით, სხვა შედეგით დამთავრდებოდა. აქედან გამომდინარე, არ მესმის პოზიცია, რომ დასავლეთი უკრაინას არ უწევს საკმარის სამხედრო დახმარებას. ჩნდება კითხვა: რასაც აძლევენ, რატომ არ არის საკმარისი? შეხედეთ ამ ყველაფერს ამერიკელი გადამხდელის პოზიციიდან - სურს კი მისი გადახდილი ფული მიედინებოდეს უკრაინის შეიარაღებაში? ამერიკელი ხალხის დიდ ნაწილს არც აინტერესებს სად არის უკრაინა. ასეთივეა ევროკავშირის მოსახლეობის განწყობაც, დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი მთავრობებს ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ.

- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ვერსია რამდენად რეალური შეიძლება იყოს?

- აბსურდია. ჯერ ერთი, რატომ ან როგორ უნდა გავხსნათ?! 12 ათასი ჯარისკაცის ომში ჩართვამ რა უნდა შეცვალოს, როდესაც ნახევარი მილიონი მეომარი იბრძვის დღეს ფრონტის ხაზზე.

- მაშინ როგორ ახსნით საქართველოს ომში ჩართვის თაობაზე ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მოწოდებას და საყვედურს?

- იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების პოზიცია, რომლებიც ომისკენ მოგვიწოდებენ, ძალიან ბევრ საეჭვო გარემოებას ქმნის. მათი განცხადებები ემსახურება საერთაშორისო არენაზე უკრაინისა და საქართველოს დაზიანებას - ჩვენ ყველა ერთ პაკეტში განგვიხილავს და უცებ ერთმანეთს ვწიწკნით. ვინ არის ამით დაინტერესებული? რა თქმა უნდა, რუსეთი. როგორ წარმოგიდგენიათ, რუსული სპეცსამსახურები უკრაინელ პოლიტიკოსებზე არ მუშაობენ?! ქართველებსაც ძალიან გვიყვარს თავზე ნაცრის წაყრა, სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ უკრაინას არ ვეხმარებით. 3 ათასი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინაში. როგორ გგონიათ, ქართულ სპეცსამსახურებს არ შეუძლიათ მათი შეზღუდვა?! სირიაში მოხალისეთა გადინება რამდენიმე თვეში ნულამდე დავიდა ამათ მაინცდამაინც იმაზე ჰქონდათ პრეტენზია, რატომ არ გაფრინდნენ თბილისიდან ჩარტერული რეისით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის იყო თუ არა ეს თვითმფრინავი სამიზნე და ეძლეოდა თუ არა საბაბი თბილისის აეროპორტი დაებომბა?! ყველაფრის საჯაროდ ლაპარაკი ხომ არ შეიძლება?! სიმართლე ვთქვათ - უკრაინისთვის იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეგვეძლო ან ვიდრე ეკუთვნოდა. კაცი, რომელმაც პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი არჩევნების შედეგად დატოვა და პროკურატურამ მასზე საქმე აღძრა, თანამდებობაზე დანიშნეს. მიეცათ პოლიტიკური თავშესაფარი, არავინ არაფერს იტყოდა, მაგრამ მე მაინტერესებს, მეგობარი ქვეყნიდან ძებნილი კაცის თანამდებობაზე დანიშვნა დიპლომატიაში როგორ იკითხება? იანუკოვიჩი რომ ღარიბაშვილის თანაშემწედ დანიშნონ, რა რეაქცია ექნებათ უკრაინელებს?! ალბათ, ძალიან ცუდი!

ხათუნა ბახტურიძე