ბუნებრივი კატასტროფები - როდესაც ადამიანისგან „შეწუხებული“ ბუნება სამაგიეროს გვიხდის - კვირის პალიტრა

ბუნებრივი კატასტროფები - როდესაც ადამიანისგან „შეწუხებული“ ბუნება სამაგიეროს გვიხდის

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებადა ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

ექსტრემალური სიტუაციები მოქალაქეებს მარტო ომებისა და ბრძოლების დროს როდი გვემუქრება. ბუნებასაც უყვარს "გაბრაზება" და დროდადრო ისეთ წარღვნას, ქარიშხალსა თუ მიწისძვრას მოგვივლენს, მათ კატასტროფულ შედეგებს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან დაბომბვაც ვერ შეედრება.

ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, ცხადია, მოსახლეობას მეტწილად არ გამოადგება სამოქალაქო თავდაცვის ის წესები და უნარები, რომლებიც ომის შემთხვევისთვის შეითვისა - თუ დაბომბვის დროს ადამიანი თავშესაფარს აფარებს თავს, მიწისძვრისას, ბუნებრივია, პირიქით, ნებისმიერი შენობისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს და ეცადოს, გაშლილ ადგილას გავიდეს.

ასეთივე სპეციფიკა აქვს სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს სამოქალაქო თავდაცვის მეთოდებსაც.

რა სახის ბუნებრივი კატასტროფები არსებობს

სტიქიური უბედურებები სქემატურად შეიძლება ასე დაიყოს: გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და ხანძრები.

გეოლოგიური სახის ბუნებრივი კატასტროფებია მიწის­ძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი, მთის მასის ჩამოშლა და ზვავი.

მიწისძვრას, ძირითადად, დედამიწის ქერქში მოულოდნელი ტექტონიკური ძვრები იწვევს და ამიტომაც არის ის ძალიან საშიში - მიწისძვრის პროგნოზირება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებითაც კი თითქმის შეუძლებელია და მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილებაც ვერ ხერხდება, თუმცა ყველა მიწისძვრას ახლავს განმეორებითი ბიძგები - აფტერშოკები და პირველი ბიძგით შეშინებულ ადამიანებს მათთვის თავის არიდება შეუძლიათ, თუკი დროულად გამოვლენ შენობიდან.

მიწისძვრამ შეიძლება არ გამოიწვიოს ნგრევა (თანამედროვე ცათამბჯენები 9 ბალზე მძლავრი მიწისძვრის გაძლების გარანტიით შენდება, მაგრამ მიწისძვრის მაქსიმალური სიმძლავრე -12 ბალი არათუ შენობებს ანგრევს, რელიეფსაც კი ცვლის), ხიფათი კი მაინც არსებობს, რადგან შენობების კონსტრუქციები შეიძლება ფარულად დაზიანდეს და დროთა განმავლობაში მიწისძვრის გარეშეც ჩამოიშალოს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე მიწისძვრის შედეგად მიწისქვეშა კომუნიკაციების - გაზსადენებისა თუ წყალსადენების დაზიანებაა. კორპუსის სარდაფში დაზიანებული მილიდან გაჟონილი ბუნებრივი აირი რა საშიშია, ახსნა არ სჭირდება, ხოლო დაზიანებული კანალიზაციის მილიდან სასმელი წყლის მილში ბაქტერიების მოხვედრამ შეიძლება მცხოვრებთა მასობრივი მოწამვლა გამოიწვიოს.

ვულკანის ამოფრქვევა საქართველოს მოსახლეობას, იმედია, არ ემუქრება, ამ საუკუნეში მაინც, მაგრამ მეწყერი, მთის მასის ჩამოშლა თუ ზვავი ჩვენი მთაგორიანი სამშობლოსთვის, სამწუხაროდ, უცხო არ არის და ასეთ ტრაგედიებს არაერთხელ შევჩეხებივართ, დედაქალაქშიც კი. ასეთ დროს შენობების ნგრევა და მოსახლეობის მსხვერპლი გაცილებით ხშირია, როცა კერძო სახლებიან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები მდინარისა თუ ხევის დამშრალ კალაპოტთან ახლოს, ან სულაც ამ კალაპოტშია აშენებული, რადგან ბუნებას უყვარს ციკლის გამეორება. შეიძლება იმ ხევში წყალი ორი-სამი ათეული წელი არ მოედინებოდეს, მაგრამ ერთ დღესაც წყლის უზარმაზარი მასა მოვარდეს.

ჰიდროლოგიური სახის სტიქიური უბედურებებია წყალდიდობა და ცუნამი.

წყალდიდობებიც არ არის უცხო მდინარეებით მდიდარი საქართველოსთვის, გაზაფხულზე დამშრალ კალაპოტში უზარმაზარი წყლის ნაკადის მოვარდნა­ მოულოდნელი არ უნდა იყოს, მაგრამ ასეთი წყალდიდობები ყოველწლიურად მაინც უქმნის უდიდეს პრობლემებს ადამიანებს და აზიანებს საგზაო ინფრასტრუქტურას.

cunami3-1655058083.jpg

ცუნამისგან საქართველოს შავი ზღვის სანაპირო კი დაცულია, მაგრამ ჩვენი ქალაქების სანაპიროებთან ძლიერი შტორმი არცთუ იშვიათია და ამ დროსაც შეიძლება მძიმე შედეგების თავიდან აცილება, თუკი სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება, სანაპიროზე მოეწყობა ტალღების მჭრელი ბეტონის კონსტრუქციები და მოქალაქეებიც დაუჯერებენ მაშველებს და დიდი ღელვის დროს, როდესაც ცურვა აკრძალულია, ტალღებში არ გადაეშვებიან.

ხანძრისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ როდესაც ტყის ხანძარი მძვინვარებს, შეიძლება მთელი სახელმწიფოს უსაფრთხოებასაც კი დაემუქროს საშიშროება. თავის დროზე აბასთუმნისა და ბორჯომის ტყეების ხანძრების ჩაქრობაში მიმიღია მონაწილეობა (როდესაც შუა ტყეში შენ გარშემო ხეები იწვის და აუტანელი კვამლი დგას, მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაზე ვეღარ იფიქრებ) და ვიცი, რა სახიფათოა ეს, მით უმეტეს, თუ ცეცხლს ქარიც ეხმარება და მას ტყის ახალი მასივებისკენ მიერეკება.

ამ დროს ადამიანი თითქმის უძლურია, რადგან მიუვალ მთის ფერდობზე მძვინვარე ცეცხლთან საბრძოლველად სახანძრო მანქანას ვერ მიიყვან, რეინჯერები კი ზურგზე მოკიდებული წყლის ბალონებით ტყის ხანძარს ვერ გაუმკლავდებიან.

ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი სახანძრო ავიაციის გამოყენებაა, როდესაც შვეულმფრენები და თვითმფრინავები რამდენიმე ტონა წყალს ან სპეციალურ სითხეს ასხამენ ხანძრის კერებს.

cunami2-1655058083.jpg

ამ მართლაც ურთულეს საჰაერო ოპერაციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი საფრენი აპარატი და მფრინავები ეწირებიან, ჩვენ კი მართლაც ბეწვზე გადავრჩით, როდესაც ბორჯომის ხანძრის ჩაქრობის დროს ქართველი მესაზღვრეების შვეულმფრენი მდინარიდან სპეციალური კალათით წყლის ამოღებისას მხოლოდ მცირე სიმაღლიდან ჩამოვარდა და მისი დამტვრევის მიუხედავად, ეკიპაჟი ცოცხალი გადარჩა.

მეტეოროლოგიურ სტიქიურ უბედურებებს შორის უნდა ვახსენოთ სმერჩი (ტორნადო), ციკლონი, ქარბუქი, სეტყვა, გვალვა...

ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი საქართველოს და, კერძოდ, თბილისის მუდმივი "სტუმარია", რასაც ყველაზე მეტად დედაქალაქის დიდი დიღმის მცხოვრებლები გრძნობენ. ავტობუსის გაჩერებიდან ქარის მიერ ჰაერში ატაცებული მცირეწონიანი (არამარტო ბავშვების) მოქალაქეების ხილვის ბედნიერებაც ბევრს ჰქონია, სეტყვა კი ქართული სოფლის მეურნეობის მარადიული პრობლემაა, განსაკუთრებით - კახეთსა და შიდა ქართლში, როდესაც თვეობით ნალოლიავებ მოსავალს "ბოროტი" სეტყვა წუთებში ანადგურებს.

ეროვნული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნამ (რომლის "დაბადებაში" მართალია, ირიბი და უმნიშვნელო, მაგრამ წვლილი მეც მიმიძღვის) გარკვეული შედეგი მოიტანა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტს ერთი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება ათას ლარზე მეტი უჯდება, კახეთში მნიშვნელოვნად შემცირდა დასეტყვილი ვენახების რაოდენობა, მათ კი, ვინც მაინც უკმაყოფილოა, ვურჩევთ, სეტყვისგან დასაცავად საკუთარ ვენახსა თუ ბაღს საკუთარი ხარჯით ბადეები გადააფაროს, ან სულაც მოსავალი ბანკში დააზღვიოს.

იწვევს თუ არა ბუნებრივ კატასტროფებს ადამიანის საქმიანობა?

ვინ იცის, რამდენჯერ გაუჩენია ტყის ხანძარი უპასუხისმგებლო ტურისტსა თუ მონადირეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანს უდიდესი მიწისძვრების პროვოცირებაც შეუძლია.

მაგალითად გამოდგება საბჭოთა კავშირის მიერ 1961 წელს ჩრდილოეთში 58 მეგატონაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბის ატმოსფეროში აფეთქება, როდესაც აფეთქების ტალღამ სამჯერ შემოუარა ჩვენს პლანეტას. ეს იყო ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილი და გამოცდილი ყველაზე მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნუთუ ის გავლენას არ მოახდენდა ატმოსფეროში, წყალზე, წყალქვეშ, ხმელეთსა თუ მიწისქვეშ მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე? თუმცა, მათ, ვისაც დღესაც სჯერა, რომ მოსკოვი აფხაზეთში, ზემო ეშერის მიწისქვეშა სეისმოლოგიურ სადგურში მიზანმიმართულ ატომურ აფეთქებებს ატარებდა, იმედი უნდა გავუცრუოთ - ეშერის ლაბორატორიის სიღრმეში ისეთი მგრძნობიარე სეისმოგრაფები იყო დამონტაჟებული, ახლომახლო ტრაქტორსაც არ გაატარებდნენ, რადგან მათ სრული სიჩუმე სჭირდებოდა.

ისე კი, საქართველოსთან ყველაზე ახლოს მიწისქვეშა ატომური აფეთქება ჩრდილო კავკასიაში მოხდა, როდესაც საბჭოთა მეცნიერები გაზის მიწისქვეშა საცავების შექმნას ცდილობდნენ.

სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან ტექტონიკური იარაღი შეიქმნება, ანუ მიწისქვეშა აფეთქებით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა შესაძლებელი იქნება და მერე ვნახოთ, როგორ სამაგიეროს გადაგვიხდის ბუნება.