სევეროდონეცკის ბედი გადაწყვეტილია - მტერი მორიგ უკრაინულ ქალაქს მიადგა... - კვირის პალიტრა

სევეროდონეცკის ბედი გადაწყვეტილია - მტერი მორიგ უკრაინულ ქალაქს მიადგა...

უკრაინელებს მართლაც საოცრად მებრძოლი სული ჰქონიათ! ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ მშობლიური მიწის თითოეულ გოჯს! ასე იბრძოდნენ "კიბორგები" დონეცკის აეროპორტისთვის, "აზოველები" - მარიუპოლის "აზოვსტალში" და ახლა - სევეროდონეცკის ქუჩებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალა აღმართს ხნავს და სევეროდონეცკის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. როგორც ჩანს, დღე-დღეზე მას რუსი ოკუპანტები დაიკავებენ და ჯერი სხვა უკრაინულ ქალაქებზე მიდგება. რიგში ჯერ სლოვიანსკია, რომელსაც ჩრდილოეთის ლიმანის მიმართულებიდან უკვე უტევენ, შემდეგ კი კრამატორსკის ჯერიც დადგება.

თითოეული ქალაქის ბრძოლით აღება მის თითქმის სრულად განადგურებას ნიშნავს, რადგან რუსმა ოკუპანტებმა "ჭკუა ისწავლეს" და შეტევაზე მანამდე არ გადადიან, სანამ ქალაქის დამცველ უკრაინელთა პოზიციებს არტილერიითა და ავიაციით "არ "დააუთოვებენ".

ქალაქებში თავდაცვის ზღუდეების მოწყობის ტაქტიკა უკრაინის არმიას რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მეტ-ნაკლები წინააღმდეგობისა და შედარებით ნაკლები მსხვერპლით გამოსვლის საშუალებას აძლევს, რადგან ქალაქის შენობები და სარდაფები უკრაინელ მებრძოლებს კარგად იცავს რუსული ჭურვებისა და საავიაციო ბომბებისგან.

ანალოგიური ინტენსივობის რუსულ საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებში უკრაინელები შუა მინდორში ან თუნდაც სანგრებში რომ მოყოლილიყვნენ, მათი მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. სამაგიეროდ, ამ თავდაცვით ტაქტიკას ის დიდი ნაკლი აქვს, რომ ნადგურდება უკრაინული ქალაქები და იღუპება ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც ვერ მოასწრო ან არ მოინდომა ქალაქებიდან გამოსვლა.

ომის კანონების თანახმად, შემტევ მხარეს არ აქვს უფლება, მასობრივი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნას და ჰაერიდან დაბომბოს ქალაქების საცხოვრებელი უბნები, მაგრამ კრემლი ომის წესებს როდის დაგიდევდათ?

რამდენიმეკვირიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ ქალაქების დაკარგვა კი გასაგებია, მაგრამ ღირდა კი სევეროდონეცკის თავდაცვისთვის ამხელა საბრძოლო რესურსების დახარჯვა, როცა შეიძლება უკრაინის არმიის შენაერთები ალყაში აღმოჩნდნენ, რადგან ალყის "ტომრის" შესაკრავად რუს აგრესორებს სულ 20-ოდე კმ აქვთ დარჩენილი?

ხომ არ აჯობებდა, თავიდანვე ორგანიზებული უკანდახევის შემდეგ თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა სლოვიანსკი-კრამატორსკის გაყოლებაზე ფრონტის ხაზის გასწორებით?

რა თქმა უნდა, შორიდან რჩევა ადვილია. უკრაინულ გენშტაბში ხომ ბრძოლების მთლიანი სურათი აქვთ და ამის შესაბამისად თავად განსაზღვრავენ ძალების გადანაწილებასა და კონცენტრირებას, თუმცა მერე არ აღმოჩნდეს, რომ სევეროდონეცკის დაცვას უფრო პოლიტიკური მოტივები ჰქონდა, ვიდრე - სამხედრო...

ქვეყანამ შეიძლება ბრძოლა წააგოს, მაგრამ უნდა ეცადოს, ომში არ დამარცხდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი არმიის შენარჩუნებაა საჭირო, თავისი პირადი შემადგენლობითა და საბრძოლო ტექნიკით, რისთვისაც უნდა გამოირიცხოს მოწინააღმდეგის მხრიდან არმიის მსხვილი შენაერთების საალყო "ტომარაში" მოქცევა.

სამწუხაროდ, ამჟამად სევეროდონეცკის დამცველები ასეთ რუსულ "ტომარაში" მოქცევის უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან.