ნაალაფარი "ჯაველინით" დივერსიული აქტი ევროპაში? - კვირის პალიტრა

ნაალაფარი "ჯაველინით" დივერსიული აქტი ევროპაში?

უკრაინის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთის სამხედრო დაზვერვა ამზადებს ტერორისტული აქტების სერიას ევროპის ზოგიერთ ქალაქში, სადაც გამოიყენებენ სწორედ იმ ევროპულ თუ ამერიკულ იარაღს, რომელიც დასავლეთმა უკრაინას გადასცა.

ამ სავარაუდო ტერორისტული აქტების მიზანი გასაგებია - მოსკოვი ნიშნისმოგებით განუცხადებს დასავლეთს, ხომ ხედავთ, თქვენი მიწოდებული „ჯაველინებისა“ და „სტინგერების“ ნაწილი უკრაინელებმა საერთაშორისო ტერორისტებს მიჰყიდეს და უკანვე დაგიბრუნდათო. მართლაც შესაძლებელია თუ არა ასეთი სცენარის განხორციელება დასავლეთის იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებით ყველაზე მეტად აქტიურობენ, მაგალითად, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ან სულაც - აშშ-ში?

შეუძლებელი არაფერია და ამისთვის არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც რომელიმე არაკეთილსინდისიერმა უკრაინელმა სამხედრომ საწყობიდან ან სულაც ფრონტის ხაზიდან მოიპაროს (გაცხარებული ბრძოლის დროს ვინმე დათვლის, ვინ რამდენი ერთჯერადი ყუმბარსატყორცნი გამოიყენა?!), მაგალითად, კომპაქტური გერმანული "მატადორი"“ და ეს ერთმეტრიანი ყუმბარსატყორცნი პოტენციურ ტერორისტს მიჰყიდოს.

ომის დროს და, მით უმეტეს, ასეთი ფართომასშტაბიანი ბრძოლებისას, გარდაუვალია შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის დაკარგვა, მათ შორის - სრულ საბრძოლო მდგომარეობაში მყოფისაც. როდესაც დაპირისპირებული მხარეები კრიტიკულ მომენტებში დაქოქილ, საბრძოლო კომპლექტით სავსე და სრულად გამართულ ტანკებს ტოვებენ, მაშინ "ჯაველინებისა"“თუ კორნეტებისთვის“ აღარავის სცალია.

დასავლეთისთვის შეიძლება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკვე ჩაიგდო ხელში დასავლური წარმოების რამდენიმე ასეული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, მათ შორის - რამდენიმე "ჯაველინი"“ და „"ნლავიც", ანუ მეორდება აგვისტოს ომის სიტუაცია, როდესაც რუსეთის 45-ე ცალკეული სპეცდანიშნულების პოლკის მზვერავებმა გორსა და ფოთში ალაფად აიღეს არანაკლებ ხუთი ერთეული პოლონური წარმოების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „"გრომ 2"“ და მათგან ერთ-ერთმა ოთხი წლის შემდეგ უკრაინის დონბასში "ამოყვინთა", სადაც რუსმა დივერსანტებმა აეროდრომზე დაშვებისას უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ყველაფერი კინაღამ უკრაინის მეგობარ პოლონეთს დაჰბრალდა - საზენიტო „"გრომებს"“ ხომ მხოლოდ ის აწარმოებდა!

ყველასთვის ცხადია, როგორი რეზონანსი მოჰყვება დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ცენტრალურ ქუჩაზე, სამთავრობო კორტეჟის შეჯავშნული ლიმუზინის ბრიტანული წარმოების „"ნლავით"“ აფეთქებას და როგორი მძიმე საზოგადოებრივი განწყობა შეიქმნება! ანუ შეიძლება მოხდეს ის, რასაც რუსეთმა უკრაინის რკინიგზისა და გზების დაბომბვით ვერ მიაღწია - ვერ შეაჩერა დასავლური იარაღის მოხვედრა ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინელები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოხალისეები (მათ შორის - ჩვენი თანამემამულეებიც) „"ჯაველინებითა"“ თუ "პანცერფაუსტებით"“ წარმატებით აფეთქებენ ასე ნაქებ რუსულ ტანკებს, ხოლო "სტინგერებითა"“ და „"პიორუნებით"“ რუსულ "ალიგატორებსა"“ თუ „ღამის მონადირეებს“ ყრიან.

რას ნიშნავს სამთავრობო საავტომობილო კორტეჟზე ჩასაფრებიდან თავდასხმა და შეჯავშნული „მერსედესის“ ერთჯერადი ყუმბარსატყორცნებიდან ნასროლი რაკეტებით აფეთქება, თბილისელებზე უკეთ ვის მოეხსენება! მაშინ, 1998 წლის 9 თებერვალს, პრეზიდენტი შევარდნაძე იმან გადაარჩინა, რომ „"აგლენის"“ ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „მერსედესის“ ლიმუზინის წინა მარჯვენა მხარეს, კაპოტს მოხვდა, კუმულაციური ქობინების ჭავლმა ძალა დაკარგა და მანქანის შეჯავშნული სალონის გახვრეტა ვერ შეძლო.

"ჯაველინსა"“ და „"ნლავსაც"“ კი თავდასხმა ზემო პროექციიდანაც შეუძლია. ისინი ტანკებს აფეთქებს და ყველაზე დაცული შეჯავშნული ლიმუზინის განადგურებაც არ გაუჭირდება.რუსეთ-უკრაინის ომში უკვე იმდენი ქუჩის ბრძოლა გაიმართა, რომ ქალაქის პირობებში ყუმბარსატყორცნების წერტილოვანი გამოყენებისთვის გამოცდილი მებრძოლების მოძებნაც არ გაჭირდება.