წლის ბოლომდე ქართული დრონებიც "დაფრთიანდებიან"... - კვირის პალიტრა

წლის ბოლომდე ქართული დრონებიც "დაფრთიანდებიან"...

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმოს შექმნა და 2023 წლის დასაწყისამდე სადაზვერვო და კამიკაძე დრონების თბილისში სერიული წარმოების დაწყება დააანონსა

გასულ კვირას პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე და მათ შორის - თბილისში ქართული დრონების წარმოების დაწყების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

"ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ საქართველოში დაიწყოს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს. ეს ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს Delta-WB წლის ბოლომდე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აგვისტოს ომის შემდეგაც სცადეს, თბილისში, "დელტას" ბაზაზე, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების აწყობა დაეწყოთ და მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ახალაიამ ტელევიზიით მოსახლეობას საზეიმოდ აუწყეს ამბავი, თუმცა ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის გვერდითაც მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი პოზირებდნენ, რატომღაც ძალიან ჰგავდა ესტონური წარმოების დრონს, მიუხედავად იმისა, რომ ფრთაზე ქართული ხუთჯვრიანი დროშა ეხატა.

ესტონური სადაზვერვო დრონის ქართულად გასაღება მაშინ არ გამოუვიდათ, ისევე, როგორც მისი სერიული წარმოება და ეს ყველაფერიც პიარკამპანიად დარჩა.

იმედია, დღეს იგივე არ განმეორდება. ისიც კარგია, რომ მომავალ დრონს მთლად "ქართულობას" არ აბრალებენ და თავიდანვე აცხადებენ, რომ ის ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმოს "პირმშო" იქნება.

რატომ უნდა გამოიგონო ველოსიპედი, როდესაც არსებობს აპრობირებული სადაზვერვო თუ კამიკაძე დრონები, მათ შორის - პოლონური წარმოების?

თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, წლის ბოლომდე რომელი ტიპის პოლონური სადაზვერვო და კამიკაძე დრონების სერიული წარმოება იგეგმება, თუმცა ჩვენ ვცადეთ, ხელმისაწვდომ წყაროებში მოგვეძებნა, რა სახის სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებენ პოლონელები და რომელი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს ქართველი მებრძოლების არსენალში.

19 მაისს თბილისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო Delta-WB დაიწყებს პოლონური დრონების წარმოებას. საგულისხმოა, რომ პოლონური მხარიდან ხელშეკრულების ხელმომწერია კომპანია Grupa WB.

ეს პოლონური კომპანია ცნობილია FLYEYE-ს ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებისა და WARMATE-ს ტიპის დრონი-კამიკაძეების სერიული წარმოებითა და ექსპორტით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - უკრაინაშიც.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ორი კონკრეტული დანიშნულების პოლონურ უპილოტო საფრენ აპარატს გულისხმობდა თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე, როდესაც პარლამენტარებს წლის ბოლომდე საქართველოში სამხედრო დანიშნულების დრონების სერიული წარმოების დაწყებას ჰპირდებოდა.

რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და როგორ შეუძლიათ მათ გააძლიერონ თანამედროვე ომის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობები?

alada2-1655058962.jpg
დრონი-კამიკაძე WARMATE საკბილოს ეძებს

მრავალჯერადი გამოყენების FLYEYE -ს ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი განკუთვნილია ბრძოლის ველის სათვალთვალოდ, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რადიოსიგნალების რეტრანსლირებისთვის, სასაზღვრო ზოლის პატრულირების ან, სულაც, ტყის ხანძრების მონიტორინგისთვის.

პოლონური "მფრინავი თვალის" ერთ-ერთი ღირსება ისიც გახლავთ, რომ ის მხოლოდ 12 კგ-ს იწონის და მის გაშვებას ერთი ადამიანი ხელით ახერხებს, ანუ არ არის საჭირო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც პირველი სამიზნე ხდება მოწინააღმდეგის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში.

უპილოტოს 60-120 კმ/სთ სიჩქარით 2,5 საათზე მეტხანს შეუძლია სადაზვერვო ფრენა პირდაპირი ხედვის 50 კმ-იან რადიოკავშირის ზონაში. როდესაც შენი "მფრინავი თვალი"" 20-30 კმ-ზე მყოფ მოწინააღმდეგეს ზემოდან დასცქერის"და საათების განმავლობაში თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს გაცნობებს, წესით, აღარც თავდაცვისა თუ შეტევის დაგეგმვა უნდა გაგიჭირდეს და აღარც - შენი არტილერიის ცეცხლის ზუსტად მართვა.

"მფრინავი თვალის"" კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის, რომ მას ამოძრავებს არა - შიდაწვის, არამედ ელექტროძრავა, შესაბამისად, უპილოტოს სითბური კვალიც უმნიშვნელოა, რაც საგრძნობლად ამცირებს სითბური დამიზნების საზენიტო "იგლების" საშუალებით მისი ჩამოგდების ალბათობას.

მწარმოებლების მტკიცებით, მათი უპილოტოს მართვის სისტემა მდგრადია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების მიმართაც.

"მფრინავ თვალს" ფიუზელაჟის ქვეშ აქვს ორი მოძრავი კამერა - დღის ხედვის სატელევიზიო და ღამის ხედვის სითბური, შესაბამისად, ამ სადაზვერვო დრონის დანიშნულებისამებრ გამოყენება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება.

თავის დროზე ქართულ არმიას შეიარაღებაში ჰქონდა (შეიძლება კიდევ შემორჩა) მცირე რაოდენობით ამერიკული მინისადაზვერვო დრონები RQ-11 ღავენ. ამ "ყვავების"" გაშვებაც ხელით შეიძლებოდა და, იმედია, ქართველი მებრძოლების ნაწილს ასეთი სადაზვერვო დრონების გამოყენების გამოცდილება შემორჩა, თუმცა პროფესიონელების მოსამზადებლად საჭიროა სპეციალური სასწავლო ცენტრის შექმნა (რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილიც გახლავთ), რომ ვინმემ აღარ სცადოს დრონის საშუალებით მდინარის ერთი ნაპირიდან მეორემდე ბაგირის გადატანა, რასაც ამ დრონის დაკარგვა მოჰყვა.

alada3-1655058962.jpg
უფრო მძლავრი დრონების გასაშვები მობილური და თანაც შეჯავშნული ასეთი და უკეთესი პლატფორმის შექმნა "დიდგორის" ბაზაზე ჩვენც შეგვიძლია

პოლონელების მეორე უპილოტო შემოთავაზება ერთჯერადი დრონი-კამიკაძეების კლასს განეკუთვნება.

ერთი მეტრი სიგრძის WARMATE 5,7 კგ-ს იწონის. ის სტარტს ორიგინალური კატაპულტიდან შეკუმშული ჰაერით უხმაუროდ იღებს და თითქმის ასევე გრძელდება ფრენის დროს, რადგან მასაც ნაკლებადხმაურიანი ელექტროძრავა აქვს. გაიხსენეთ ყარაბაღის ბოლო ომში როგორ ასწრებდნენ რეაგირებას სომეხი სამხედროები, როდესაც მათკენ აზერბაიჯანელთა შიდაწვისძრავიანი, ისრაელის წარმოების "ჰაროპის" ტიპის დრონი-კამიკაძეები მოექანებოდნენ.

კამიკაძე "WARMATE-ს" აკუმულატორების ენერგია საკბილოს ერთსაათიანი ძებნისთვის ჰყოფნის და აღმოჩენისთანავე მას 150 კმ/სთ სიჩქარით ეცემა.

საბრძოლო დავალებიდან გამომდინარე, WARMATE-ს ეცვლება საბრძოლო ქობინი და უმაგრდება მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური ან თერმობარული მოქმედების.

დრონი-კამიკაძეს მსხვრევად-ფუგასური ქობინი ერთ კგ-ს იწონის, მასში 300 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაა მოთავსებული და აფეთქებისას ნამსხვრევები 10 მეტრის რადიუსში ინარჩუნებს დამაზიანებელ ენერგიას.

კუმულაციური მოქმედების ქობინი 120-დან 220 მმ-მდე სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას გარანტირებულად აფეთქებს, თუმცა ტანკის კოშკურაზე ზემოდან მოხვედრისას (თუკი კოშკურაზე ზემოდან არ არის დამონტაჟებული დინამიკური დაცვის ელემენტები) ასევე არსებობს ტანკის ზედა, შედარებით მცირე სისქის ჯავშნის გარღვევისა და ტანკის საბრძოლო კომპლექტის - ჭურვების (განსაკუთრებით - 125 მმ-იანი ჭურვების ჰილზების) დეტონაციის ალბათობა.

უკრაინელი მებრძოლები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომის პირველივე დღეებიდან აქტიურად და წარმატებით იყენებენ პოლონურ დრონი-კამიკაძეებს, საბრძოლო გამოცდილება კი იწვევს ამ დრონების ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოდერნიზაციის დაწყებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმოსთვის, რომელსაც შეეძლება ბრძოლებში დახვეწილი დრონების სერიული წარმოება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და, ვინ იცის, იქნებ საექსპორტოდაც კი.

ჩვენ კი ერთი რამ შეიძლება შევთავაზოთ ამ ერთობლივ საწარმოს: იქნებ სცადონ როგორც მზვერავი FLYEYE -ის, ისე კამიკაძე WARMATE -ს სისტემების შერწყმა ჯავშანმანქანა "დიდგორის" მრავალფუნქციურ ბაზასთან, რომ ამ დრონების გაშვება მობილური და კარგად დაცული პლატფორმიდან მოძრაობის დროსაც შეიძლებოდეს.

"დიდგორის" ბაზის გამოყენება შეიძლებოდა ხუთიოდე წლის წინ საფრაგეთისგან ნაყიდი საზენიტო "მისტრალების"" დანადგარის დასამონტაჟებლადაც (მათ შორის - დისტანციური მართვით), მაგრამ რატომღაც ამ "მისტრალების" გამშვები ოპერატორის სკამის დასამაგრებლად ასევ ფრანგული სატვირთო (გაითვალისწინეთ - შეუჯავშნავი) ავტომობილები შეიძინეს, რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა ეს კონტრაქტი.