"ნატომ ფორმა დაკარგა და მოძველდა: უკრაინის საკითხში ალიანსის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა, მას კაპიტალური რემონტი სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ნატომ ფორმა დაკარგა და მოძველდა: უკრაინის საკითხში ალიანსის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა, მას კაპიტალური რემონტი სჭირდება"

ამერიკულ "ფორინ პოლისში" (Foreign Policy) გამოქვეყნებულია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის - ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით - "ნატომ ფორმა დაკარგა და მოძველდა: უკრაინის საკითხში ალიანსის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა, მას კაპიტალური რემონტი სჭირდება".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მართლაც მოკვდა ნატოს ტვინი თუ ახლა ყველაფერი წესრიგშია? სამი წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოს ცნობილი დიაგნოზი დაუსვა, თუმცა დღეს ყველა ლაპარაკობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღორძინებისა და გაძლიერების პროცესში იმყოფება. რუსეთ-უკრაინის ომმა ბლოკს ახალი სული შთაჰბერა, რომლის საკვანძო მისიას ტერიტორიის დაცვა წარმოადგენს. ნატოს წევრებმა ახალი მიზანსწრაფვა იპოვეს: ისინი კიევს იარაღს აძლევენ, ხელახლა, პრინციპულად აფასებენ რუსეთის საფრთხეს, მეტ თანხას ხარჯავენ თავდაცვისათვის და განამტკიცებენ ალიანსის აღმოსავლეთის მიჯნებს...

მაგრამ "თაფლობის თვე", როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელ ლანდბერგისმა უწოდა ნატოს წევრთა ერთიანობის პერიოდს (ომის დაწყების დროიდან), უკვე იწურება. რადგანაც უკრაინის ფრონტებზე სამხედრო მოქმედებები გრძელდება, ნატოს მხრებზე დატვირთვა სულ უფრო მძიმდება, ალიანსში კი ისევ განხეთქილება შეიმჩნევა.

დიახ, ნატომ დიდი გზა განვლო. იყო დრო, როცა რუსეთის საფრთხეს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ: ალიანსის ზოგიერთი წევრი თვლიდა, რომ ასეთი რამ, უბრალოდ, არ არსებობდა. ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო ნატოს წევრად, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, ისინი ნატოს მეორეხარისხოვანი მოკავშირეები იყვნენ: რასაკვირველია, ასეც იქნებოდა, როცა კრემლს ბრიუსელი და ვაშინგტონი მტრად კი არა, პარტნიორად მიიჩნევდნენ. შესაბამისად, ალიანსი უარს აცხადებდა პოლონეთისა და ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის მოთხოვნებზე და ანტირუსული თავდაცვითი გეგმების შემუშავებას აჭიანურებდა.

2014 წელს, როცა რუსეთი უკრაინას პირველად დაესხა თავს, ბრიუსელი და ვაშინგტონი ცოტა გამოფხიზლდნენ: ბალტიისპირეთის ქვეყნებში შემაკავებელი ძალები გაგზავნეს, პოლონეთშიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი განლაგდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან კი ჩამოთვლილ სახელმწიფოებში ნატოს ქვედანაყოფები მკვეთრად გაძლიერდა. უფრო მეტიც - ალიანსის კარზე ორმა, შედარებით პატარა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანამაც "დააკაკუნა" - ფინეთმა და შვედეთმა. თუ ვივარაუდებთ, რომ თურქეთის წინააღმდეგობა გადალახული იქნება, მაშინ ორი სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში მიღება ძირფესვიანად შეცვლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო გეოგრაფიას.

დონალდ ტრამპი მუდმივად საყვედურობდა ნატოს წევრებს - თავდაცვისათვის თანხები გენანებათ, ყველა ამერიკის ხარჯზე ხართ, კეთილი ინებეთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 2% სამხედრო ხარჯებს მოახმარეთო (ეს წესი 2006 წელს დადგინდა, მაგრამ არავინ ასრულებდა). გარკვეულ მომენტში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი შეეცადა, ანგარიშები წარედგინა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის... დღეს ნატოს ყველა წევრი სამხედრო ხარჯებს ზრდის, ვაშინგტონს სასაყვედურო მიზეზი იმდენად აღარ აქვს, განსაკუთრებით - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ: თვით გერმანია, რომელიც მუდამ "ფეხს ითრევდა" და სამხედრო ხარჯების ზრდას თავს არიდებდა, უცებ, თითქოს გონს მოეგო და, თავის დაჩაჩანაკებული არმიისათვის გამოყოფილი თანხების მოცულობა მკვეთრად გააფართოვა. არადა, ბუნდესვერს ისეთი ტანკები ჰქონდა, რომლებიც არ იქოქებოდნენ; ისეთი გემები ჰქონდა, რომლებიც ზღვაში გასვლას ვერ ბედავდნენ, ჯარისკაცებს კი სამხედრო წრთვნების დროს ხელში ავტომატების ნაცვლად ცოცხები ეჭირათ. სამხედრო ხარჯები გაზარდა ესპანეთმაც...

მაგრამ თუ სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით, მაინცდამაინც ოპტიმისტურ სურათს ვერ დავინახავთ. დიახ, როგორც უკვე ვთქვი, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით ნატოს წევრების მიზანსწრაფულობა გაძლიერდა, მაგრამ ალიანსი მაინც ფორმადაკარგულად და მოძველებულად ჩანს. მადრიდის სამიტის წინ მოკავშირეები ერთმანეთს იმ სტრატეგიული კონცეფციის თაობაზე ედავებიან, რომელშიც ალიანსის პერსპექტიული მისიაა წარმოდგენილი და რომელიც ესპანეთის უმაღლესი დონის შეხვედრის დროს უნდა განიხილონ. ყველა საკუთარ პოზიციას იცავს და უკანდახევას არ აპირებს. რას იტყვიან რუსეთზე? ჩინეთზე? რა მსხვერპლზე და რისკზე წავლენ ნატოს წევრი ქვეყნები? მზად არიან თუ არა სოლიდარულად იმოქმედონ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპტიმიზაციისათვის?

ბოლო კვირების მოვლენები ადასტურებენ, რომ ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები არ არსებობს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ალიანსი ძალიან ტლანქია, მის შემადგენლობაში უკვე 30 წევრი ქვეყანაა. სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნატოში უფრო ცოტა ქვეყანა იყოს, რა თქმა უნდა, აშშ-ის ლიდერობით. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით [რომელიც ხშირად წინ უსწრებს სამხედროს], დღეს გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს ნამცეცა ლუქსემბურგს, ისლანდიას [და მათნაირ ქვეყნებს]. უფრო ცუდია ის, რომ ნატოში კოლოსალური პოლიტიკური განხეთქილება არსებობს: რეჯეფ ერდოღანის თურქეთი, რომელიც ნახევრად ავტორიტარული ქვეყანაა, მოსკოვთან ფლირტს აბამს და, იმავდროულად, ღიზიანდება - ევროპა რატომ ერევა თურქეთის საშინაო საქმეებში ადამიანის უფლების დაცვის მოტივითო. ვიქტორ ორბანის უნგრეთსაც თავისი ამბიციები აქვს, რის შედეგადაც ძირი ეთხრება სოლიდარულ პოლიტიკას რუსეთისა და ჩინეთის ზეწოლის მიზნით. ემანუელ მაკრონს სულ პოზა უჭირავს, ოლაფ შოლცი კი თავისი დაყოვნებული ნაბიჯებით დაბრკოლებებს ქმნის და მთავარი ობიექტისადმი ყურადღებას ფანტავს. ამ ორი ლიდერის წყალობით, პოლიტიკურ ლექსიკონში ახალი ნეოლოგიზმები გაჩნდა: გერმანულად scholzen ("შოლცენ") ნიშნავს "მოყოყმანეს", ხოლო პოლონურად და უკრაინულად - makronić ("მაკრონიც") – "პოზიორს", "უსაქმურს". (...)

პოლიტიკური ნაკლოვანება სამხედრო ნაკლოვანებას იწვევს. ნატოში ამერიკა ლიდერია, ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, რასაკვირველია - სამხედრო სფეროში. ამერიკას შეუძლია, მტერს საკადრისი პასუხი გასცეს - ჩვეულებრივი იარაღით და ბირთვულითაც. დევიზი "ყველა ერთისთვის, ერთი - ყველასათვის" კარგად ჟღერს, მაგრამ, აბა, დააკვირდით, კრემლში ვინმე თუ აცახცახდება ესპანელების, კანადელების, ჰოლანდიელების მიერ უკმაყოფილების გამოვლენით, სანამ ამერიკა არ იტყვის თავის სიტყვას... მაგრამ ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ ნატოს თითქმის ყველა წევრი აშშ-ის სამხედრო პოტენციალზე დამოკიდებული გახდა... იარაღსა და საბრძოლო მასალებზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ამერიკის არმიას შეუძლია თავისი ქვედანაყოფების გადასროლა ისეთი სიჩქარით და ისეთი რაოდენობით - თავისი მოკავშირეების ტერიტორიის დასაცავად რუსეთის აგრესიისაგან - რაც სხვებს არ ძალუძთ. იმ ქვეყნებს კი, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ (ესტონეთი-ლატვია-ლიეტუვა), თავდაცვა არ შეუძლიათ. ცხადია, ეფექტიან თავდაცვას თანამედროვე იარაღი სჭირდება, ძვირად ღირებული, მათი ჯიბე კი ასეთ ხარჯებს ვერ გასწვდება. ბალტიის ქვეყნებს ბევრი მოწყვლადი ადგილი აქვთ, მაგალითად, სუვალკის დერეფანი, რომელიც მათ იარაღით გაჭედილი რუსული კალინინგრადით და ბელარუსით ემუქრება.

მაგრამ ნატოს მართვისა და დაგეგმარების სტრუქტურები აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ დისბალანსს სრულად არ (ვერ) აცნობიერებენ. ისინი ილუზიებში არიან და საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ევროპელი პარტნიორები მეტ-ნაკლებად სრულუფლებიანი პარტნიორები არიან. ნატო თანდათანობით პარლამენტის სამხედრო ვერსიას ემსგავსება, სადაც "ფულს არიგებენ". ალიანსის სამეთაურო ორგანოები ძალიან გვაგონებს "სპაგეტიან თეფშს": მხოლოდ ერთ ბალტიისპირა რეგიონში ნატოს მრავალეროვნული ძალების რამდენიმე შტაბი აქვს. ვერ გაიგებ, ვინ რას აკეთებს: ერთი დივიზიის შტაბი დაყოფილია ლატვიასა და დანიას შორის, მეორე - პოლონეთში მდებარეობს, კორპუსის შტაბი კი იმავე პოლონეთშია, მაგრამ - სულ სხვა ადგილზე. ევროპის თავდაცვის პასუხისმგებლობაც გაერთიანებული ძალების სამ შტაბს აქვს დავალებული - ერთი იტალიის ნეაპოლშია, მეორე ჰოლანდიის ბრიუნსუმში, მესამე კი აშშ-ის ნორფოლკში... და ამ დროს აშშ-ის ევროპული ძალების მთავარსარდლის შტაბ-ბინა (სამეთაურო პუნქტი) ბელგიის მონსეში მდებარეობს.

ნატოს პრობლემები აქვს საბრძოლო მომზადებასა და წრთვნების მხრივაც. ალიანსი არ ატარებს ისეთ წრთვნებს, რომლებიც რეალურ სიტუაციასთან იქნებიან მიახლოებული. არ არსებობს რუსეთთან სავარაუდო ომის დეტალური გეგმები, არ არის შემუშავებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გეგმები და, რაც ყველაზე მთავარია - სავარაუდო მოქმედებები, ვთქვათ, ბირთვული და სხვა ესკალაციის დროს. საბოლოოდ კი, არავინ იცის, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს კრიზისული ვითარების დროს. ყველა ევროპელი ფიქრობს, რომ, აი, ამერიკა მოვა და ის გადაწყვეტს რთულ ამოცანებს ყველა მიმართულებით - ზურგის უზრუნველყოფის, დაზვერვისა და საომარი მოქმედებების საკითხებს.

სამართლიანობის პრინციპით თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, ნატო დაკავებულია ამ პრობლემებით და ყველა მათგანი შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გადაწყვეტილია. ალიანსის მთავარი მანკიერება ისაა, რომ სასურველი სინამდვილედ აღიქმება.

რაც კიდევ უფრო უარესია - ნატო მზად არ არის თანამედროვე ომებისათვის, რომელთა ხასიათი სწრაფად ცვალებადია. რუსულმა ძველმოდურმა შეტევამ უკრაინის წინააღმდეგ კრემლს რაც მოუტანა, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ შემდეგ რუსების საარტილერიო სროლებმა და სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის თავდაცვა "გალეწა". და მაინც, კრემლის ყველაზე ეფექტიანი იარაღი სამხედრო კი არა, დიპლომატიურია - "გათიშე და იბატონე", აგრეთვე - ეკომომიკური და პროპაგანდისტული მეთოდები. ყველაზე ნათელი მაგალითი: შიმშილის საფრთხის გამოყენება იარაღად. რუსეთმა, დაბლოკა რა მარცვლეულის ექპორტი უკრაინიდან, ამით მილიონობით ადამიანი შიმშილისთვის გაწირა, განსაკუთრებით - აფრიკის არასტაბილურ ქვეყნებში. მასობრივი შიმშილი - ეს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა კი არ არის, არამედ - პოლიტიკური უწესრიგობები და მოსახლეობის მასშტაბური მიგრაციაა, რაც, თავის მხრივ, ევროპისათვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. ნატო ცუდად არის მომზადებული ამგვარი პრობლემების მოსაგვარებლად. ნატოს არ შეუძლია ბრძანება გასცეს მარცვლეულის ეკონომიურად ხარჯვაზე, მას არ აქვს ხორბლის რეზერვები, რომ მშიერი ქვეყნები გამოკვებოს. მას არ შეუძლია რკინიგზები დააგოს, რომ უკრაინული ხორბალი სხვა მიმართულებით იქნას გატანილი. ალიანსს იმ სავაჭრო გემების დაზღვევაც კი არ შეუძლია, რომლებიც, გარკვეული თანხის მიცემის საფუძველზე, შეეცდებიან, რუსული ბლოკადა გაარღვიონ შავ ზღვაში. ალიანსს თითქმის არავითარი გავლენა არ აქვს აფრიკისა და სხვა რეგიონების ქვეყნებზე, რომლებიც კრემლის ზღაპრებს ისმენენ - თუ თქვენ მოგშივდებათ, ამაში დამნაშავე დასავლეთი იქნებაო.

მაგრამ ნატოს შეუძლია ასეთი შესაძლებლობები ჰქონდეს ან - აღადგინოს. ცივი ომის დროს ალიანსში არსებობდა ეკონომიკური ომის წარმოების ქვედანაყოფი, ასევე, იყო მრავალმხრივი საექსპორტო კონტროლის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც საბჭოთა ბლოკს უფლებას არ აძლევდა, მისთვის სასურველი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების შეეძინა.

თუმცა პრობლემის გამოვლენა ყოველთვის არ ნიშნავს მზადყოფნას მის მოსაგვარებლად. ნატოს ძალიან ზორზოხი სტრუქტურა აქვს, ამიტომ ტყუილია იმაზე ოცნება, რომ ალიანსი მთლიანობაში სწრაფად დაიბრუნებს ცივი ომის დროინდელ ეფექტიანობას და მანევრიანობას. უმჯობესი იქნება, ყურადღება დაეთმოს ისეთი [სახელმწიფოთაშორისო] ცალკეული სტრუქტურის შექმნას, რომელიც ოპერატიულად იმოქმედებს საჭიროების შემთხვევაში - ვთქვათ, ჯარების გადასროლის დროს. სხვათა შორის, რიგ ქვეყნებში მსგავსი ორგანოები უკვე არსებობენ: დიდ ბრიტანეთში (საექსპედიციო ძალები), საფრანგეთში (ევროპული ჩარევის ინიციატივა), სკანდინავიის ქვეყნებში (ჩრდილოევროპული თავდაცვითი თანამშრომლობა) და ა.შ.

რთული, მაგრამ, იმავდროულად, ფუძემდებლური საკითხია აშშ-ის როლი და ადგილი. თეორიულად ევროპა იმდენად მდიდარია, რომ მას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა შეუძლია, მაგრამ პოლიტიკური სისუსტე ამის საშუალებას არ აძლევს. პარადოქსი ისაა, რომ მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით არის ნატო სანდო და პატივცემული ორგანიზაცია, მაგრამ, ამავე დროს, ამერიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება ალიანსის ავტორიტეტს ამცირებს, იწვევს საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას.

აშშ-ის ამოცანაა, დაარწმუნოს ევროპის ქვეყნები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასა და სტრატეგიულ აზროვნებაში. ამერიკამ, როგორც ზესახელმწიფომ, ნატოში თავისი მონაწილეობა უნდა შეინარჩუნოს - ამით ალიანსის სამხედრო უპირატესობა უზრუნველყოფილი იქნება. ამ ყველაფრის განხორციელება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ არავის არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ეს უახლოეს ხანში მადრიდში ან სადმე მოხდება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ