"მზიურში" 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა - კვირის პალიტრა

"მზიურში" 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან იმ ბეჰემოთის ქანდაკება გაიხსნა, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა - ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება „მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება იყოს. ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სულ სიძლიერე ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა.

ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.

ქანდაკების ესკიზის კონკურსი 2019 წელს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

კონკურსში გამარჯვებული ავტორი თბილისის მერიის მიერ შექმნილმა, 12-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა.

IPN