"რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინაში გააკეთა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ" - კვირის პალიტრა

"რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინაში გააკეთა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ"

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ის ტერიტორია, რომლის ოკუპირება 24 თებერვლის შემდეგ განახორციელა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, ბორელმა აღნიშნა, რომ არ აპირებს „თეოლოგიურ მოსაზრებებს“ მიმართოს.

„მე არ მივმართავ თეოლოგიურ მოსაზრებებს. ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ისინი ომს აწარმოებენ არა ბანკნოტებით, არამედ ქვემეხებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას. ამავდროულად, ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს იმ ტერიტორიების ოკუპირება, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ აქვს მიტაცებული და ოკუპირებული”, - აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, მან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის დამცირება არ შეიძლება. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია ასახავს არა იმდენად საფრანგეთის ლიდერის პოზიციას, რამდენადაც არსებულ რეალობას: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგაც გააგრძელებს არსებობას და საჭირო იქნება იმ გზის განსაზღვრა, რომლითაც ევროპა გეგმავს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას.

„ეს თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში. შეჭრა, აგრესია, უკრაინის ნგრევა – ამ ყველაფერს ყოველ საღამოს ტელეეკრანიდან ვხედავდით და საკუთარი თვალითაც ვნახე ადგილზე. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ ამ კონტინენტზე რუსეთთან თანაარსებობა“, – განაცხადა ბორელმა.

IPN