"კომფორტული ეპოქის დასასრული: რუსეთ-უკრაინის ომის ხუთი გაკვეთილი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისათვის" - კვირის პალიტრა

"კომფორტული ეპოქის დასასრული: რუსეთ-უკრაინის ომის ხუთი გაკვეთილი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისათვის"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიa "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - "კომფორტული ეპოქის დასასრული: რუსეთ-უკრაინის ომის ხუთი გაკვეთილი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისათვის".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"დიდი ომების ეპოქა წარსულში არ დარჩენილა - აი, ის ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომლის სწავლაც მოუწევთ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითზე. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეს პირველი მსხვილი კონფლიქტია ორ, ტექნოლოგიურად ერთმანეთის მსგავს შეიარაღებულ ძალას შორის.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უკრაინის ქალაქებთან - ხერსონთან, ხარკოვთან და სევეროდონეცკთან წარმოებული ბრძოლების გათვალისწინებით, სამხედრო აკადემიებისათვის თანამედროვე სახელმძღვანელოები დაიწერება.

"ბი-ბი-სიმ" შეარჩია თანამედროვე ომების ხუთი ასპექტი, რომლებშიც საომარი მოქმედებების გაკვეთილებია წარმოჩენილი და სამხედრო ექსპერტებთან ერთად განიხილა თითოეულის სავარაუდო ცვლილება, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების გამოცდილების გათვალისწინებით.

ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ითვლებოდა

მეორე მსოფლიო ომის დროიდან და უფრო ადრეც ჰაერში ბატონობა საბრძოლო მოქმედებების მნიშვნელოვან ასპექტად რჩება. ყველა ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ მთავარი მიზნის - ჰაერში ბატონობის მიღწევას. მაგრამ ჰაერში რომ გაბატონდე, აუცილებელია მტრის ავიაცია გაანადგურო და მისი მიწისზედა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დაბლოკო.

უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ომის დაწყებიდანვე რაოდენობრივად და ხარისხობრივად უკრაინულს ბევრად აჭარბებდა. გარდა ამისა, უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უფრო სუსტი კომპლექსებით იყო შეიარაღებული, რუსულთან შედარებით (მაგალითად, საშუალო სიშორის С-300ПС რაკეტებით, 1980-იანი წლებში წარმოებულით, ასევე - Бук-М1, Тор-М, С-125 და ჩვეულებრივი საარტილერიო სისტემებით).

ამასთან, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემას ეშელონირებული ხასიათი ჰქონდა ანუ ახლო, საშუალო და შორი რადიუსის კომპლექსები ერთ კონტურში იყვნენ გაერთიანებულნი, სამეთაურო ცენტრებით და რადიოლოკაციური სადგურებით. მათ მოუწიათ არა მარტო რუსული ავიაციის, არამედ - ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგობაც, რომელთა ნაწილი ჩამოგდებული იქნა.

რუსეთმა ჰაერში გაბატონებას ვერ მიაღწია, შესაბამისად, დღეს რუსული ავიაცია მხოლოდ ფრონტისპირა ზონაში "მუშაობს", ხშირად თვითმფრინავები დაბალ სიმაღლეზე მოქმედებენ, რომ უკრაინულმა სარაკეტო კომპლექსებმა არ გაანადგურონ.

14062022-1023-1655187915.34_REC.png

რუსი სამხედრო ექსპერტის - ილია კრმანიკის თქმით, რუსეთი არ გეგმავდა უკრაინის ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ჩახშობას. "რუსეთი ომისათვის ნატოს ბლოკის მსგავსად ემზადებოდა, ნატოს კი, პრაქტიკულად, არ აქვს უკრაინის მსგავსი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ეშელონური მიწისზედა სისტემა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპირველესად ავიაციას ეყრდნობა - ავიაგამანადგურებლებს", - ამბობს ექსპერტი.

უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ თითქოსდა თეორიულად მოძველებულ ეშელონირებულ სისტემას თავისი უპირატესობა მაინც აქვს. შესაბამისად, ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.

რასაკვირველია, ეს წარმატება კითხვის საბაბს აჩენს: რამდენად არიან ნატოს ქვეყნები მზად ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის გადასალახავად?

რუსეთი, მაგალითად, უფრო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით არის შეიარაღებული, ვიდრე - უკრაინა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი-ნატოს ჰიპოთეტურ კონფლიქტში ალიანსს ნაკლები იმედი უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას იოლად ჩაახშობს.

აშშ, ჯერ კიდევ ვიეტნამის ომიდან მოყოლებული, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ჩასახშობად სპეციალურ შეიარაღებას იყენებს. რუსეთსაც აქვს ანტირადიოლოკაციური რაკეტები, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვმა მაინცდამაინც მასშტაბურ წარმატებას ვერ მიაღწია.

ამასთან, ძნელია თქმა, თუ რა დასკვნა გაკეთდება გამანადგურებელი ავიაციის შესახებ. ჯერჯერობით კი, როგორც ბელფასტის უნივერსიტეტის საერთაშორისო თავდაცვითი პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი - მაქსიმ სტარჩაკი ამბობს, უკრაინის კონფლიქტში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიწისზედა სისტემები ავიაციას პირწმინდად უგებს: "უკრაინა თავის მცირერიცხოვან ძალებს უფრთხილდება. ავიაციისათვის საჰაერო ბრძოლები ძალიან სარისკოა ორივე მხარისათვის. ომი გვიჩვენებს, რომ სარაკეტო კომპლექსების ეფექტიანობა ავიაციის წინააღმდეგ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე - "თვითმფრინავი თვითმფრინავის წინააღმდეგ".

საინფორმაციო ქსელი: უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ინტერნეტი

მსოფლიო საინფორმაციო ქსელი - ინტერნეტი, უფრო სწორად, მისი წინამორბედი, ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ამერიკული სამხედრო პროექტის მიზანს მონაცემთა გადაცემის საიმედო საშუალების შემუშავება წარმოადგენდა. ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ომების, საზოგადოებრივი პროტესტებისა და სამოქალაქო კონფლიქტების დროს ინტერნეტის გამორთვა დაიწყეს, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანმა 2020 წელს, ყარაბაღის ომის პერიოდში და ბელარუსმა - 2021 წლის ზაფხულში მომხდარი საზოგადოებრივი მღელვარების დროს. ინდოეთის კონფლიქტურ შტატ ჯამუ-ქაშმირში ინტერნეტი ნახევარი წლით იყო გამორთული.

"მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ასე არ მოხდა - ორივე მხარე ინტერნეტით სარგებლობს და ვერც ერთმა ვერ შეძლო მეორე მხარისთვის ინტერნეტის დაბლოკვა რადიოელეტქრონული ბრძოლის საშუალებებით", - ამბობს გენერალი რიჩარდ ბერონსი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, - "ინტერნეტს ორივე მხარე იყენებს ჯარების მართვის მიზნით და დიდი ძალისხმევით ცდილობენ მის შენარჩუნებას".

რამდენადაც ცნობილია, უკრაინა იყენებს ლოკალურ საინფორმაციო სისტემას - GIS Arta-ს, რომელიც უკრაინელმა პროგრამისტებმა ბრიტანულ კომპიუტერულ-კარტოგრაფიულ კომპანიებთან ერთად შექმნეს. მისი საფუძველია გეოსაინფორმაციო სისტემა, ამა თუ იმ ადგილმდებარეობის ელექტრონული ონლაინ-რუკების საფუძველზე. სისტემა კრებს ინფორმაციას მრავალი წყაროდან, მათ შორის - დრონების მეშვეობით, რადარებით და ა.შ. გადაამუშავებს და სამიზნეების სახით აწვდის საარტილერიო ბატარეებს. როგორც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, სწორედ GIS Arta-ს მეშვეობით განადგურდა რუსული ქვედანაყოფები მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირების მცდელობის დროს (თუმცა ომის დროს ასეთი ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია).

14062022-1025-1655188039.32_REC.png
ტერმინი STRARLINK-ი ხშირად გამოიყენება უკრაინის არმიაში

ასეთი ქსელის შექმნა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას თანამგზავრული ინტერნეტის - Starlink-ის ასობით ტერმინალი (აპარატი) გადასცა. ეს ტერმინალები კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით უკავშირდებიან მიწისზედა სადგურებს, რომლებიც ინტერნეტში არიან ჩართულნი.

Starlink-ის ტერმინალებს (აპარატებს) უკრაინის შეიარაღებული ძალები ფართოდ იყენებს. ისინი ჰქონდათ "აზოვსტალის" დამცველებსაც, რომლებიც მათი მეშვეობით შეუფერხებლად გადასცემდნენ ვიდეორგოლებს, ფოტოსურათებს და სხვა ინფორმაციას.

Starlink-ის ტერმინალები ნამდვილი მაშველი რგოლი აღმოჩნდა უკრაინის არმიისათვის რუსეთის ჯარის შეჭრის პირველ ეტაპზე, როცა მასობრივი ჰაკერული შეტევით მწყობრიდან იქნა გამოყვანილი Viasat-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელი, რომლითაც უკრაინელი სამხედროებიც სარგებლობდნენ. ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, ჰაკერული თავდასხმა რუსულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს.

რადიოელექტრონული ბრძოლა - გამალებული შეიარაღების ახალი სფერო

"უკრაინაში შეჭრის მომენტში არ იყო ცნობები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენების თაობაზე რუსეთის არმიის მიერ", - ამბობს ინტერვიუში უიტნი მაკნამარა, ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთი იმედოვნებდა, უკრაინის არმია სუსტ წინააღმდეგობას გაუწევდა და რადიოელეტქრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება არ დასჭირდებოდა. მაგრამ ახლა, როცა ომი სამი თვეა უკვე მიმდინარეობს, სპეციალისტები ხედავენ, რომ ბრძოლა ამ სფეროშიც მწვავეა.

რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა რადიოელექტრონული ბრძოლის გამოცდილება სირიაში მიიღეს. რუსეთის არმიას საკმაოდ ძლიერი საბრძოლო საშუალებები გააჩნია. სხვათა შორის, რუსები ცდილობდნენ Starlink-ის სისტემის ჩახშობასაც, მაგრამ SpaceX-ის სპეციალისტებმა შეძლეს ამ პრობლემასთან გამკლავება. "უბრალოდ, Starlink-მა კოდს ორიოდე სიმბოლო დაამატა და ჩახშობის მცდელობებიც შეწყდა. ეს ფანტასტიკური შედეგია. ძალიან მიკვირს, თუ როგორ შეძლეს ეს ყველაფერი ამერიკელმა სპეციალისტებმა", - ამბობს დეივ ტრემპერი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რადიოელექტრონული ბრძოლის სფეროში რუსეთი დიდ თანხებს ხარჯავდა და ომის დაწყების შემდეგ ბევრი სამხედრო ექსპერტი ელოდა, რომ რუსეთის არმია წარმატებით გაუწევდა წინააღმდეგობას უპილოტო მფრინავ აპარატებს, მათ შორის - თურქული წარმოების "ბაირაქტრებს". გენერალ რიჩარდ ბერონსის თქმით, რუსებს უნდა გაეთვალისწინებინათ ყარაბაღის ომის გამოცდილება, რომლის დროსაც თურქულმა "ბაირაქტრებმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ რუსეთი დრონების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ფაქტობრივად, მზად არ აღმოჩნდა: უკრაინელები რეგულარულად აქვეყნებენ ვიდეოკადრებს, თუ როგორ ანადგურებენ დრონები რუსულ ჯავშანტექნიკას. რიჩარდ ბერონსის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის არმია ამ შეცდომას სამომავლოდ გაითვალისწინებს.

14062022-1026-1655188112.55_REC.png
უპილოტოების როლი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მათთან საბრძოლველად სპეციალური იარაღიც კი გამოჩნდა

"ძნელია იმის თქმა, რა მოხდა - შეცდომა დაუშვეს საომარი ოპრაციების დაგეგმვის დროს თუ რუსული საშუალებები მთლად ისეთი ეფექტიანი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით", - ამბობს რობ ლი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. თუმცა იგი აზუსტებს, რომ რუსებიც უკვე აქტიურად სარგებლობენ კომერციული დრონებით და რომ უპილოტო საფრენი აპარატები სამომავლო ომებში დიდ როლს შეასრულებენ. ნატო ამისთვის უნდა მოემზადოს.

დაზვერვა და ახალი გამჭვირვალე მსოფლიო

უკრაინის კონფლიქტი პირველია იმ მხრივაც, რომ მისი მიმდინარეობის დროს სადაზვერვო საშუალებების უზარმაზარი პოტენციალია ამოქმედებული.

თანამგზავრული ფოტოსურათები, დრონების მონაცემები, მზვერავი თვითმფრინავები და ინფორმაციის სხვა წყაროები - ეს საშუალებები სამხედროებისთვის საკმაო ხანია, ცნობილია, მაგრამ ახლა მათ სოციალური ქსელებიდან ამოკრეფილი ინფორმაციაც ემატება.

უკრაინის ომის პირველი გაკვეთილი ისაა, რომ მსოფლიო გამჭვირვალე გახდა, - თვლის რიჩარდ ბერონსი. ყველას შეუძლია პირდაპირი ჩართვებით უყუროს აფეთქებებს, შეტევებს, ჯარების თავმოყრას და მათ განადგურებას. სოციალურ ქსელებში ომის წინ ფართოდ ვრცელდებოდა ფოტოსურათები რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრაციის შესახებ: "წავიდა ცივი ომის დრო, როცა შეიძლებოდა ჯავშანტექნიკის ან საავიაციო შენაერთის შეუმჩნევლად გადაადგილების იმედი გქონოდა".

14062022-1028-1655188182.12_REC.png
ინტერნეტთან ერთად, სადაზვერვო საქმიანობა "ლეპტოპ" კომპიუტერებითაც შესაძლებელია

სადაზვერვო მასალების შეკრებას ღია წყაროებიდან ეწოდება OSINT (Open Source Intelligence). სწორედ ამას ეძღვნება ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის მიერ მომზადებული მოხსენება, რომლის თანახმად, ასეთი მეთოდი დაზვერვის ყველაზე იაფ მეთოდს წარმოადგენს.

ომის დროს ფართოდ იქნა გამოყენებული (და ახლაც იყენებენ) კოსმოსური თანამგზავრების მიერ მოპოვებული მასალები ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების სახით. ჯაშუში თანამგზავრებით მოპოვებული ინფორმაციით სარგებლობა 1960-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. თავდაპირველად ძნელი იყო ინფორმაციის გადმოცემა კოსმოსიდან დედამიწაზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ადრე ფოტოფირებს კაფსულებით აგდებდნენ ციდან და შემდეგ, ან ჰაერში იჭერდნენ, ან ჩამოვარდნის ადგილზე, გრუნტზე ეძებდნენ.

მოგვიანებით ტექნოლოგიები გაუმჯობესდა: გაიოლდა თანამედროვე კოსმოსური ჯაშუში თანამგზავრებიდან ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სენსორით. მონაცემების დამუშავებაც შედარებით სწრაფად ხდება.

ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ აშშ (პენტაგონი) უკრაინას კოსმოსიდან მიღებულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის. ამ მიზნით გამოიყენება კომერციული თანამგზავრებიც. მთლიანობაში აშშ-ის ხელისუფლება ინფორმაციას კოსმოსიდან 200-მდე კომერციული თანამგზავრით იღებს და ეს მონაცემები პირდაპირ უკრაინის არმიის სარდლობას გადაეცემა.

რასაკვირველია, ეს საკმაოდ უხერხული თემაა და მას პოლიტიკური გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. მონაცემების გადაცემის ბოლოდროინდელი ყველაზე სკანდალური ფაქტი უკავშირდება სარაკეტო კრეისერ "მოსკოვის" დაღუპვას, რომელიც, როგორც პრესის მასალებით ირკვევა, უკრაინელებმა აშშ-ის მიერ გადაცემული მონაცემების გამოყენებით ჩაძირეს: აშშ-მა ზუსტად დაადგინა ხომალდის კოორდინატები, მონაცემები უკრაინას გადასცა, მათ კი რაკეტები ესროლეს.

მოკლედ, უკრაინა უძვირფასეს სადაზვერვო ინფორმაციას იღებს, რომელიც კონფლიქტის განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს - ისეთს, რომ თავს ვერავინ შეიკავებს რაკეტის გამშვები ღილაკზე თითის დაჭერისაგან, სამიზნის გასანადგურებლად.

რამდენად ზუსტია "მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი"?

უკრაინის ომმა აჩვენა, რომ მაღალი სიზუსტის მქონე იარაღით (ფრთოსანი რაკეტებით) არა მარტო ტანკებისა და გემების განადგურება შეიძლება, არამედ - სამხედრო შტაბების, სამთავრობო შენობების დანგრევაც, თანაც - მრავალი ასეული კილომეტრის დაშორებით. პრინციპში, ამაში რამე სიახლე არ არის, მაგრამ მაღალი სიზუსტის მქონე იარაღმა, გამჭვირვალე მსოფლიოში, თანამგზავრული მონაცემების საფუძველზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, როცა სარაკეტო დარტყმა ყოველ პოლიტიკურ სამიზნეს შეიძლება მიაყენო. ამასთან, მხოლოდ ფრთოსან რაკეტებზე იმედად ყოფნა არ გამოდგება, რადგან ასეთი რაკეტები ცოტაა და ძვირად ღირებული, მათი რეზერვები სწრაფად ილევა. მასშტაბურ ომში ზუსტი იარაღი ჩვეულებრივ იარაღთან ერთად კომბინაციაში უნდა იქნეს გამოყენებული.

როგორც მაქსიმ სტარჩაკი ამბობს, ბელფასტის უნივერსიტეტიდან, ის ფაქტი, რომ რუსეთმა სამი თვის ბრძოლებით ვერ შეძლო უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, ფრთოსანი რაკეტების მასობრივი გამოყენებითაც კი, იმას ნიშნავს, რომ რუსული რაკეტები დაბალხარისხოვანია: "დიახ, ისინი დაბალი ხარისხისანი არიან და - არასაკმარისად ეფექტიანები. ზოგჯერ მათი გაშვება ჭირს და ჰაერში ნაადრევად ფეთქდებიან ან სამიზნემდე ვერ მიდიან. სუსტი სიზუსტე - რუსული სარაკეტო მრეწველობის სუსტი ადგილია", - თვლის ექსპერტი.

გარდა ამისა, როგორც რობ ლი ამბობს, ფრთოსანი რაკეტით დარტყმას ყოველთვის არ შეუძლია ინფრასტრუქტურის სრული განადგურება. დანგრეული ხიდი შეიძლება სწრაფად იქნეს აღდგენილი, ქარხნებსაც შეუძლიათ დაბომბვის შემდეგ მუშაობა გააგრძელონ. შესაბამისად, ძვირად ღირებული რაკეტით მიყენებული ზარალი მისი ფასის ეკვივალენტური არ არის.

ქვეყნის სიღრმეში მდებარე ქარხნებისა და ხიდების გასანადგურებლად უმჯობესია, ავიაცია გაგზავნო, ვიდრე - რაკეტები ესროლო, მაგრამ, აბა, რას იზამ, როცა რუსი მფრინავები მხოლოდ ფრონტისპირა ზონაში დაფრინავენ და შორს არ მიდიან?

ტანკები - მოძველებული იარაღი?

გზის პირებზე მიტოვებული და მიყრილ-მოყრილი დამწვარი ტანკები - უკრაინულიც და რუსულიც - კონფლიქტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. სოციალურ ქსელებში, ალბათ, ბევრს უნახავს, როგორ ანადგურებენ რუსულ ჯავშანტექნიკას უპილოტო დრონები და მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული იარაღი.

უკრაინის არმიამ დასავლეთიდან ასეთი იარაღი ჯერ კიდევ რუსეთის არმიის შეჭრამდე მიიღო - ამერიკული "ჯაველინები", ბრიტანული NLAW-ები და სხვები. უკრაინას თვითონ აქვს შექმნილი მსგავსი იარაღი, "სტუგნას" სახელწოდებით. სოციალურ ქსელებში შექმნილია თვალსაზრისი, რომ "ჯაველინები" და "სტუგნები" ძალზე საიმედო იარაღს წარმოადგენენ ანუ რუსების ტანკებისთვის "სასიკვდილოს", თუმცა, არავინ იცის, რა ბედი ეწიათ იმ ტანკებს, რომლებსაც "ჯაველინი" ესროლეს - ნამდვილად დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა და განადგურდნენ თუ საბრძოლო მოქმედება გააგრძელეს. საერთოდ კი, ტანკების განადგურება უფრო იოლია დრონებით, ჩვეულებრივი არტილერიითა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით - როგორც ეს მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირების მცდელობის დროს მოხდა.

14062022-1029-1655188261.23_REC.png
განადგურებული ტანკი

რაც უნდა იყოს, ორივე მხარის ჯავშანტექნიკის დიდმა დანაკარგებმა ბევრ სამხედრო ექსპერტს აფიქრებინა, რომ ტანკი მოძველებულ იარაღად იქცა, რომლის ადგილი ბრძოლის ველზე აღარ არის. ასე თვლის, მაგალითად, ინდოელი გენერალ-ლეიტენანტი რაჯ შუკლა - ქვეყნის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების უფროსი, რომელიც თავის სტატიაში - "უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გაკვეთილები", წერს, რომ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ტანკის ევოლუციას ბრძოლის ველზე წერტილს უსვამენ.

"რუსული სატანკო კოლონები, რომლებიც კიევს მიუახლოვდნენ, ჩასაფრებაში მოჰყვნენ და მათ დრონებმა შეუტიეს. "ბაირაქტრებმა" თავიანთი ეფექტიანობა დაამტკიცეს. ტანკები და მათი ეკიპაჟები დრონების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, უსუსურნი აღმოჩნდნენ", - წერს გენერალი.

"უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ: ტანკი უკვე მე-20 საუკუნის ისეთ იარაღად გადაიქცა, რომელიც თავის თავს 21-ე საუკუნის ბრძოლის ველზე ცდის. თუ ის ტექნოლოგიურად არ გაუმჯობესდება, პრობლემები სულ უფრო მოიმატებს.

ინდოელ გენერალ რაჯ შუკლას ექსპერტი მაქსიმ სტარჩაკიც ეთანხმება: "ტანკი სასარგებლო მხოლოდ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად შეიძლება იყოს. "ტანკები წარმატებით მოქმედებენ დამრტყმელ ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან ერთად - ცაში და მიწაზე. მაგრამ პირდაპირი სატანკო ბრძოლები აღარ ხდება, მათი შორიდან - მიწიდან და ციდან განადგურება შეიძლება. თავისი არსით, ტანკმა პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა".

თუმცა ტანკებს მომხრეებიც ჰყავთ: უკრაინელი ჯავშანტექნიკის ექსპერტი ანდრეი ტარასენკო მიიჩნევს, რომ ტანკების ბრძოლის ველზე "დამარხვა" ჯერჯერობით ნაადრევია. "თუ ეკიპაჟმა ტანკის მართვა და მოვლა-პატრონობა კარგად იცის, ის ძლიერი იარაღია. ტანკების დანაკარგები პირდაპირ უკავშირდება ეკიპაჟის შეცდომებს და სარდლობის მიერ ოპერაციების არასწორად დაგეგმვას", - ამბობს იგი.

სხვათა შორის, უკრაინის ომში ტანკების ბრძოლისუნარიანობა და სარგებლობა იმითაც ჩანს, თუ რა დაბეჯითებით ითხოვს უკრაინის არმიის სარდლობა დასავლეთისაგან მძიმე ჯავშანტექნიკის მიწოდებას. ისინი თანახმა არიან, მიიღონ "ლეოპარდის" ტიპის მოძველებული გერმანული ტანკებიც კი, 1980-ინ წლებში გამოშვებული. რუსებიც გზავნიან ფრონტზე, თავიანთი საწყობებიდან, ისეთ ტანკებს, რომლებიც 1970-იან და 80-იან წლებში არიან აწყობილნი.

კომფორტული ეპოქის დასასრული

რუსეთის არმიამ უკრაინაში თავი უფრო უარესად გამოავლინა, ვიდრე ექსპერტები ელოდნენ. ამაში ერთმანეთს ეთანხმებიან როგორც დამკვირვებლები, ასევე - პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, თუმცა ისინი სხვადასხვა დასკვნას აკეთებენ.

"დასავლეთის ბევრი ქვეყნის მთავრობებში და განსაკუთრებით - სახელმწიფო საფინანსო სტრუქტურებში ბევრს სურს, ისე იფიქროს, რომ რუსეთის არმია სუსტია და თავისი თავი საკმაოდ უუნაროდ აჩვენა; რომ რუსეთმა უკრაინის ომით ძალა დაკარგა და ამიტომ სამხედრო ხარჯების გაზრდის არავითარი საჭიროება არ არსებობს", - ამბობს გენერალი რიჩარდ ბერონსი. იმავდროულად, იგი იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების სხვა არმიების ისტორიებს, მაგალითად, აშშ-ის არმიის შემთხვევას, რომელიც ვიეტნამის ომის ბოლოს, 1979 წელს, ძალიან ცუდ დღეში იმყოფებოდა, თუმცა უკვე 1991 წლისათვის, სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, მსოფლიომ სულ სხვა არმია დაინახა - მცოდნე სარდლობით, უმაღლესი დონის მომზადებით, აღჭურვილობით და ლოჯისტიკით.

ამიტომაც დასავლეთის სტრატეგიული დაგეგმვა უნდა გამომდინარეობდეს არა იმ პოზიციიდან, თუ როგორ იმოქმედა რუსულმა არმიამ უკრაინის ომში, არამედ - იმ სავარაუდო პოტენციალიდან, რომელსაც რუსეთის არმიამ შეიძლება მიაღწიოს, საკუთარ შეცდომებზე სწავლისას. და დასავლეთი სწორედ მაშინ დაინახავს, თუ რა აუცილებელი იქნება საკუთარი ჩვეულებრივი შეარაღებული ძალების მოდერნიზება.

სამომავლოდ პოტენციური მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არა მარტო რუსეთი, პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, არამედ - ჩინეთიც, რომლის საფრთხეც უკვე რიგმა ქვეყნებმა თავიანთ სამხედრო დოქტრინებში "ძირითად საფრთხედ" მიიჩნიეს. "მოვიდა კომფორტული ეპოქის დასასრული, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო ცივი ომის დამთავრებისას", - ამბობს სერ რიჩარდ ბერონსი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ