გერმანული "პანტერა" რუსული "არმატას" წინააღმდეგ... - კვირის პალიტრა

გერმანული "პანტერა" რუსული "არმატას" წინააღმდეგ...

გუშინ მსოფლიოს ტანკმშენებლობის ისტორიაში შეიძლება ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - საფრანგეთში გახსნილ შეიარაღების ტრადიციულ გამოფენაზე - Eurosatory 2022 -ზე პირველად წარდგენილი იქნა ახალი გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკი KF51 Panther.

სიტყვები "ტანკი " და "პანტერა" სამხედრო საქმესა და ომების ისტორიებში ჩახედულ პირებს, ბუნებრივია, მეორე მსოფლიო ომის გერმანულ საშუალო ტანკებთან - "პანტერებთან" ასოციაციას გაუჩენს - ჰიტლერის ვერმახტი მძიმე ტანკების - "ტაიგერების" გარდა, ხომ, შედარებით მსუბუქი "პანტერებითაც" ებრძოდა საბჭოთა თუ ამერიკულ ტანკებს, მაშინდელი გრანადიოზული ომის ორივე ფრონტზე...

მეორე მსოფლიო ომში, კაპიტულაციის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, გერმანელები ყველანაირად ერიდებოდნენ ანალოგიური სახელების ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული სამამულო წარმოების ჯავშანტექნიკისთვის დარქმევას და ამიტომაც უწოდეს ძირითად საბრძოლო ტანკს კატისებრთა ჯგუფის სხვა მტაცებლის - "ლეოპარდის" სახელი...

მაგრამ ეტყობა, დრო იცვლება და ცნობილმა გერმანულმა საიარაღო კონცერნმა Rheinmetall-მა ისევ, "პანტერას" სახელის დაბრუნება არჩია და ეტყობა, გამიზნულად, რადგან ახალი "პანტერა" ასოცირდება, როგორც რუსების ნაქები "არმატას" უშუალო კონკურენტი, ჯერ შეირაღების მსოფლიო ბაზარზე და მერე ვინ იცის, შეიძლება ბრძოლის ველზეც?

ჯერ ერთი დღეც არ გასულა, რაც გერმანელებმა "პანტერა" გამოფინეს და მის სრულ ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებზე ამომწურავი ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ ამის გარეშეც პირველი შთაბეჭდილება მან უკვე მოახდინა თავისი დახვეწილი დიზაინით და, თუ შეიძლება ითქვას ასეთი სიტყვები - "ლამაზი" და "მომხიბვლელი" - ტანკზე, მაშინ ახალმა "პანტერამ" ეს ნამდვილად დაიმსახურა...

2-1655191708.png
მისი წინამორბედი - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული „პანტერა“

ახალ გერმანულ პანტერაში რამდენიმე რევოლუციური გადაწყვეტილებაა ჩადებული

პირველი - ცეცხლის მართვის ულტრათანამედროვე ციფრული სისტემა, როდესაც რამდენიმე საბორტო კომპიუტერი "ხელოვნური ინტელექტის" გამოყენებით აერთიანებს მეთაურისა და დამმიზნებლის ელექტროოპტიკურ ხელსაწყოებს და საშუალებას იძლევა ზეზუსტი სროლების განხორციელებას ეკიპაჟის ამ ორივე წევრის მიერ.

ტანკზე დამონტაჟებულია მაღალმგრძნობიარე კამერები, რომლებიც ეკიპაჟის წევრების დისპლეებზე გამოსახავენ სრულ სურათს, თუ რა ხდება ტანკის გარშემო - 360 გრადუსით, დღეღამის ნებისმიერ პერიოდში.

ვისაც ტანკით ერთხელ მაინც უვლია, დამეთანხმება, რომ მისი სათვალთვალო ტრიპლექსებიდან თუ სამიზნე ოპტიკური მოწყობილობების ოკულარებიდან, გარეთა სივრცის მხოლოდ ვიწრო სექტორი თუ მოჩანს და ამიტომაც არიან დღევანდელი ტანკების ეკიპაჟები თითქმის განწირულები, თუკი მოწინააღმდეგე ყუმბარსატყორცნით ტანკს უკნიდან მიეპარა - ეს მწარე გაკვეთილი ცხინვალის ქუჩებში ქართველმა ტანკისტებმა უკვე გაიარეს...

მეორე - პირველად გერმანელებმა სამამულო წარმოების ტანკზე დააყენეს ავტომატური დატენვის მექანიზმი, რომელშიც 20 ჭურვია თავიდანვე მოთავსებული, რაც ზრდის ტანკიდან სწრაფსროლის ტემპს.

ისე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ავტომატური დატენვის მექანიზმი სერიულად წარმოებულ ტანკზე პირველად საბჭოთა კავშირმა ჯერ კიდევ 60(!) წლის წინ დაამონტაჟა T-64-ზე, ხოლო ფრანგები თავის Leclerc-ზე 1992 წლიდან აყენებენ.

ქვემეხის ავტომატური დატენვის მექანიზმის დანერგვამ გერმანელ კონსტრუქტორებს საშუალება მისცა, ჭურვების დამტენი ეკიპაჟის მეოთხე წევრი "პენსიაზე" გაეშვათ, თუმცა ახალი "პანტერას" კორპუსში, მძღოლ-მექანიკოსის გვერდით მაინც დატოვეს ადგილი, თუკი ბრძოლის დროს "პანტერათი" "გასეირნების" სურვილი რომელიმე ზემდგომს, მაგალითად - ასეულისა ან ბატალიონის მეთაურს გაუჩნდება.

მესამე - მაქსიმუმამდეა გაზრდილი "პანტერას" დაცვის ხარისხი - დინამიკურ (პასიურ) დაცვას დამატებული აქვს აქტიური დაცვის სისტემაც, მათ შორის - ზემოდან თავდასხმის მოგერიების საშუალებებით, ანუ იმავე "ჯაველინებისგან" ან მისი რუსული პერსპექტიული ანალოგებისგან (თუკი რუსი მეიარაღეები, საერთოდ, ოდესმე შეძლებენ "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპით მოქმედი, მესამე თაობის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების შექმნას).

ტანკის მაღალმგრძნობიარე სენსორები ადრეულად აღმოაჩენენ მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილ რაკეტას და აამოქმედებენ აქტიური თავდაცვის სისტემას.

მეოთხე - პირველად სატანკო მრეწველობაში, ახალი გერმანული "პანტერა" აღჭურვილია HERO 120 ტიპის დრონი-კამიკაძეს გასაშვები მოწყობილობით, რათა დრონმა ტანკის ეკიპაჟის დისპლეებზე გადმოსცეს ვიზუალური გამოსახულება, წინ, სადმე, ჩასაფრება ხომ არ ელოდებათ, და თავადვე გაანადგუროს ის...

მეხუთე - და ბოლოს, მთავარი პლუსი, რაც ახალ გერმანულ "პანტერას" ყველა არსებულ ტანკზე მაღლა აყენებს - იგი 130 მმ კალიბრის გლუვლულიანი ქვემეხითაა აღჭურვილი, რომელიც "აბრამსისა" თუ "ლეოპარდ-2"-ის 120 მმ-იან ქვემეხებზე 50%-ით უფრო შორს და ზუსტად ისვრის.

აი, ის ძირითადი უპირატესობები, რაც ახალ, 59-ტონიან გერმანულ "პანტერს" გააჩნია დღეს არსებულ რუსულ თუ ნატოს წევრ, ასევე - სამხრეთკორეულ, იაპონურ თუ ჩინურ ტანკებთან შედარებით.

3-1655191755.jpg
რუსული „არმატა“, რომელიც გერმანული „პანტერას“ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს...

"პანტერას"ყველაზე ღირსეულ კონკურენტად რუსული "არმატა" მოჩანს, რომლის კონსტრუქციასაც ათ წელზე მეტია, ხვეწენ რუსები, თუმცა დიდი სერიით მისი წარმოების დაწყება დღემდე ვერ შეძლეს.

"არმატას" მთავარი განსხვავება ყველა დანარჩენი ტანკისგან ისაა, რომ მისი სამკაციანი ეკიპაჟი ტანკის კორპუსში, კარგად დაცულ ჯავშანკაფსულაში ზის, ხოლო ტანკის კოშკურაში დისტანციურად მართვადი შეიარაღებაა დამონტაჟებული, 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხითა და ჭურვების ავტომატური დატენვის მექანიზმით. "არმატაც" ასევეა აღჭურვილი აქტიური თავდაცვის სისტემით, თუმცა ზემოდან "ჯაველინის" დარტყმის მოგერიება მას, სავარაუდოდ, არ შეუძლია.

სხვათა შორის, ახალი "პანტერას" შემქნელები აცხადებენ, რომ მომავალში ტანკის კოშკურაში აღარ იჯდება მეთაური და დამმიზნებელი, ცეცხლის მართვას კი განახორციელებს ტანკის კორპუსში, მძღოლ-მექანიკოსის გვერდით განთავსებული ოპერატორი.

ახალი ტანკის პრეზენტაცია არ ნიშნავს, რომ მისი სერიული წარმოება ხვალვე დაიწყება, ისევე, როგორც რუსულ "არმატას", გერმანულ "პანტერასაც შეიძლება გამოუჩნდეს არა ერთი პრობლემა გამოცდების დროს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ "პანტერას" კორპუსი კარგად ათვისებული "ლეოპარდ-2"-ის ბოლო მოდიფიკაციებზეა აგებული, პრობლემები სავალ ნაწილთან დაკავშირებით გერმანელ კონსტრუქტორებს ნაკლებად უნდა შეექმნათ, თუმცა ცეცხლის მართვის ულტრათანამედროვე და ულტრართულმა ელექტრონულმა სისტემებმა შეიძლება გაუჩინოს თავის ტკივილი...

ის, რომ გერმანიის ბუნდესვერი სერიოზულ პრობლემებს განიცდის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონესთან დაკავშირებით, დაამტკიცა გერმანიის ახალი კანცლერის - ოლაფ შოლცის ინიციატივამ, უახლოეს პერიოდში 100(!) მილიარდი ევრო გამოჰყოს გერმანიის შეიარაღებული ძალების სასწრაფოდ გადასაიარაღებლად.

მისმა წინამორბედმა - მერკელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნატოს წევრი გერმანია სამხედრო მიმართულებით დასუსტებულიყო, ტყუილად როდი აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მერკელს იმისთვის, რომ გერმანია თავდაცვისუნარიანობისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1 %-საც კი არ ხარჯავდა, არადა ნატოს მოთხოვნა იყო, ალიანსის წევრებს საკუთარი არმიებისთვის მშპ-ს არანაკლებ 2%-ი მაინც გამოეყოთ...

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როდის მიიღებს ულტრათანამედროვე "პანტერებს" შეირაღებაში გერმანიის ბუნდესვერი, მაგრამ ფაქტია, რომ ბერლინი უკრაინისთვის არათუ "ლეოპარდ-2"-ების, არამედ მოძველებული "ლეოპარდ-1"-ების გადაცემასაც კი ბლოკავს, მათ შორის - ესპანეთიდანაც...