"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი" - ვინ არის 9 წლის ბიჭი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელები დაიპყრო? - კვირის პალიტრა

"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი" - ვინ არის 9 წლის ბიჭი, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელები დაიპყრო?

სოციალურ ქსელებს ყველა თვალყურს ვადევნებთ, იქ ახალი ამბები, სახალისო, თბილი ვიდეოები თუ ფოტოები რამდენიმე წუთში ვრცელდება და ამჯერადაც სოციალური ქსელი ერთმა პატარა ბიჭუნამ დაიპყრო, რომელიც თეთრ კლავიშებზე მთელი ემოციით დაბადების დღის სიმღერას მღეროდა. საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნა დიდი მონდომებით ასრულებდა სიმღერას. ვიდეომ ერთ დღეში იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ახლა Facebook-სა და tiktok-ზე - ყველგან მას შეხვდებით. ჩვენც ამ თბილი კომენტარების ფონზე ანდრიას დედას - თეა მალაყმაძეს დავუკავშირდით და პატარა ვარსვლავბიჭუნასა და ოჯახზე ვესაუბრეთ.

foto-1655205592.jpg

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენზე - ის, რაც გინდათ, რომ ჩვენმა მკითხველმა იცოდეს...

- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, ორი შვილის დედა. ბავშვობიდან ვარ ძალიან აქტიური, მიყვარს ცეკვა, სიმღერა, თუმცა პროფესიულ დონეზე არც ერთი მისწავლია. პატარა, მაგრამ ძალიან ხმაურიანი ოჯახი გვაქვს, რაც კარგად ჩანს ვიდეოებშიც.

ანდრია არის 9 წლის, მე-3 კლასი დაასრულა. პატარაობიდან ღიღინებს თავისებურად, როგორც კი მივხვდი, რომ სმენა აქვს, მუსიკალურ სკოლაში შევიყვანე და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს, უკვე მეორე კლასშია. მაისში მონაწილეობა მიიღო სენაკის არტფესტივალში, სადაც ვალერიან შიუკაშვილისგან დიპლომი დაიმსახურა, რაც ჩვენთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სმენით ერთად ვაწყობთ რაღაცებს, მეც სმენით ვუკრავ და ასე ვისწავლე, რამდენადაც შემიძლია ვეხმარები.

hl-13051016619-1655192524.jpg

მეორე ბიჭი, დემეტრე, 6 წლისაა, წელს ამთავრებს საბავშვო ბაღში სიარულს, ცელქი და მოუსვენარია, ისიც ძალიან მუსიკალურია, მაგრამ ცეკვა უფრო მოსწონს და, ალბათ, ამ კუთხით წავა, თუმცა ამ ეტაპზე თავისი სურვილით, რა თქმა უნდა, ვაპირებთ შევიყვანოთ მუსიკალურ სკოლაში, ასევე - ფორტეპიანოს განხრით. ბოლო პერიოდში ოჯახის რამდენიმე წევრს ჰქონდა დაბადების დღე და აწ უკვე კარგად ცნობილ სიმღერას ვღიღინებდით, ვინაიდან რამდენიმე სიმღერა აკორდებში აწყობილი გვქონდა, ანდრიასთვის მარტივი იყო ამოეცნო და დაეკრა.

hl-13051016623-1655192507.jpg

ყოველთვის ვცდილობ, აღვბეჭდო ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და მაშინაც მომარჯვებული მქონდა ტელეფონი, ჩუმად ვუღებდი, რადგანაც სხვა შემთხვევაში არ იმღერებდა, ვიცოდი. ავტვირთე "ტიკტოკზე", როგორც ბევრ სხვა მსგავს ვიდეოს ვტვირთავ და ნამდვილად არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას.

- ამ თემასაც მივადექით, რა თქვა ანდრიამ, როდესაც თავის ვიდეოზე ასობით თბილი კომენტარი ნახა?

- ანდრია ბოლომდე ვერც იაზრებს, მაგრამ გახარებული უყურებს ხოლმე სხვის მიერ გადაღებულ ვიდეოებს, კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის და ფაქტია, მოსწონს ქება-დიდება… ვის არ მოსწონს?

hl-13051016624-1655192598.jpg

- ვისაუბროთ მასწავლებლობაზე, ეს ის პროფესიაა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში...

- მე-6 წელია, ვასწავლი სკოლაში. მყავს სადამრიგებლო კლასიც, მე-5 კლასიდან ერთად მოვდივართ, წელს მე-10 კლასს ასრულებენ. ვინც გვიცნობს, იცის, რომ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებულია, მეგობრობაზე მეტიც. სკოლა არის ადგილი, სახლის შემდეგ, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. მართლაც, მასწავლებლობა ის პროფესიაა, რომელიც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, მუდმივად ძიების პროცესში ხარ, სულ უნდა განვითარდე, გაიზარდო, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე - ურთიერთობებში, ვერც გაჩერდები… ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მოზარდებთან უმნიშვნელოვანესია, გულწრფელად ვამბობ, ჩემი მოსწავლეები არიან ისინი, ვისზეც ჩემი შვილების შემდეგ მეფიქრება. ბანალურია, მაგრამ ფაქტია, სიყვარულია ყველაზე მთავარი და მერე უკვე ის საგანი, რომელსაც ვასწავლით. მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ შეუქმნა ჯანსაღი გარემო, გაუგო და მიიღო, ხან გამოგვდის, ხან არა.

hl-13051016620-1655192550.jpg

- შვილების აღზრდაში გეხმარებათ საკუთარი პროფესია?

- ვფიქრობ, მეხმარება და - პირიქით. ყველა ბავშვთან მისასვლელი გზა მარტივი არ არის, გიწევს იფიქრო - ის რომ ჩემი შვილი იყოს, როგორ მოვიქცევი-თქო.

hl-13051016615-1655192568.jpg

- ისევ ამ ვიდეოს მინდა დავუბრუნდე, რადგან დღეს ჩვენი მთავარი გმირი სწორედ ანდრიაა. მორიგ ახალ ვიდეოს, შესრულებას, როდის ველოდოთ?

- 24 ივნისს ქუთაისში ღამის შოუს ბენდთან ერთად შევასრულებთ კონცერტზე ამ სიმღერას. სხვა პროგნოზი ამ ეტაპზე არ გვაქვს, ვინაიდან ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ მუსიკალური კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ფორტეპიანოზე, ასევე - ვოკალზე.

- რამეს ხომ არ ეტყოდით ხალხს ჩვენი სტატიის მეშვეობით?

- მადლობა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ გამოვხატო მადლიერება იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ამხელა სითბო და ყურადღება აჩუქა ანდრიას, ერთი ათად დაგბრუნებოდეთ ყოველი კეთილი სურვილი და თბილი სიტყვა.

(სპეციალურად საიტისთვის)