ტანკები - მოძველებული იარაღი? - "ტანკმა პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა" - კვირის პალიტრა

ტანკები - მოძველებული იარაღი? - "ტანკმა პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა"

გზის პირებზე მიტოვებული და მიყრილ-მოყრილი დამწვარი ტანკები - უკრაინულიც და რუსულიც - კონფლიქტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. სოციალურ ქსელებში, ალბათ, ბევრს უნახავს, როგორ ანადგურებენ რუსულ ჯავშანტექნიკას უპილოტო დრონები და მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული იარაღი.

უკრაინის არმიამ დასავლეთიდან ასეთი იარაღი ჯერ კიდევ რუსეთის არმიის შეჭრამდე მიიღო - ამერიკული "ჯაველინები", ბრიტანული NLAW-ები და სხვები. უკრაინას თვითონ აქვს შექმნილი მსგავსი იარაღი, "სტუგნას" სახელწოდებით. სოციალურ ქსელებში შექმნილია თვალსაზრისი, რომ "ჯაველინები" და "სტუგნები" ძალზე საიმედო იარაღს წარმოადგენენ ანუ რუსების ტანკებისთვის "სასიკვდილოს", თუმცა, არავინ იცის, რა ბედი ეწიათ იმ ტანკებს, რომლებსაც "ჯაველინი" ესროლეს - ნამდვილად დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა და განადგურდნენ თუ საბრძოლო მოქმედება გააგრძელეს. საერთოდ კი, ტანკების განადგურება უფრო იოლია დრონებით, ჩვეულებრივი არტილერიითა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით - როგორც ეს მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირების მცდელობის დროს მოხდა.

რაც უნდა იყოს, ორივე მხარის ჯავშანტექნიკის დიდმა დანაკარგებმა ბევრ სამხედრო ექსპერტს აფიქრებინა, რომ ტანკი მოძველებულ იარაღად იქცა, რომლის ადგილი ბრძოლის ველზე აღარ არის. ასე თვლის, მაგალითად, ინდოელი გენერალ-ლეიტენანტი რაჯ შუკლა - ქვეყნის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების უფროსი, რომელიც თავის სტატიაში - "უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გაკვეთილები", წერს, რომ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ტანკის ევოლუციას ბრძოლის ველზე წერტილს უსვამენ.

"რუსული სატანკო კოლონები, რომლებიც კიევს მიუახლოვდნენ, ჩასაფრებაში მოჰყვნენ და მათ დრონებმა შეუტიეს. "ბაირაქტრებმა" თავიანთი ეფექტიანობა დაამტკიცეს. ტანკები და მათი ეკიპაჟები დრონების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, უსუსურნი აღმოჩნდნენ", - წერს გენერალი.

"უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ: ტანკი უკვე მე-20 საუკუნის ისეთ იარაღად გადაიქცა, რომელიც თავის თავს 21-ე საუკუნის ბრძოლის ველზე ცდის. თუ ის ტექნოლოგიურად არ გაუმჯობესდება, პრობლემები სულ უფრო მოიმატებს.

ინდოელ გენერალ რაჯ შუკლას ექსპერტი მაქსიმ სტარჩაკიც ეთანხმება: "ტანკი სასარგებლო მხოლოდ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად შეიძლება იყოს. "ტანკები წარმატებით მოქმედებენ დამრტყმელ ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან ერთად - ცაში და მიწაზე. მაგრამ პირდაპირი სატანკო ბრძოლები აღარ ხდება, მათი შორიდან - მიწიდან და ციდან განადგურება შეიძლება. თავისი არსით, ტანკმა პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა".

თუმცა ტანკებს მომხრეებიც ჰყავთ: უკრაინელი ჯავშანტექნიკის ექსპერტი ანდრეი ტარასენკო მიიჩნევს, რომ ტანკების ბრძოლის ველზე "დამარხვა" ჯერჯერობით ნაადრევია. "თუ ეკიპაჟმა ტანკის მართვა და მოვლა-პატრონობა კარგად იცის, ის ძლიერი იარაღია. ტანკების დანაკარგები პირდაპირ უკავშირდება ეკიპაჟის შეცდომებს და სარდლობის მიერ ოპერაციების არასწორად დაგეგმვას", - ამბობს იგი.

სხვათა შორის, უკრაინის ომში ტანკების ბრძოლისუნარიანობა და სარგებლობა იმითაც ჩანს, თუ რა დაბეჯითებით ითხოვს უკრაინის არმიის სარდლობა დასავლეთისაგან მძიმე ჯავშანტექნიკის მიწოდებას. ისინი თანახმა არიან, მიიღონ "ლეოპარდის" ტიპის მოძველებული გერმანული ტანკებიც კი, 1980-ინ წლებში გამოშვებული. რუსებიც გზავნიან ფრონტზე, თავიანთი საწყობებიდან, ისეთ ტანკებს, რომლებიც 1970-იან და 80-იან წლებში არიან აწყობილნი. ნახეთ სტატია სრულად