სინამდვილეში რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება - რას ამბობენ ექსპერტები - კვირის პალიტრა

სინამდვილეში რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება - რას ამბობენ ექსპერტები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა - სიმბოლური.

„რაც შეეხება სტატუსს, სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ, ჩვენ ახლა ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ჩვენს ხალხთან. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ - სიმბოლური, ასე ვთქვათ, მატარებელი. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის, ჩვენს ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული.“ - ასეთია პრემიერ ღარიბაშვილის მოსაზრება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე.

სინამდვილეში რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რა პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდების მიღება შეგვიძლია ამით და რა გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით სტატუსის გარეშე? - ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრებიან.

23574330-553987508282678-1000245141-n-1517316208-1655284232.png

ანდრო გოცირიძე:

- ასეთი განცხადებები ემსახურება პარტიულ ინტერესს. სინამდვილეში, სტატუსი სიმბოლურიც რომ იყოს, მისი მინიჭება ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას ნიშნავს, არმინიჭება კი - დამაზარალებელია საერთაშორისო იმიჯის, ასევე, საინვესტიციო გარემოსათვის. ეკონომიკური თვალსაზრისით კი სტატუსი დახმარებების ხარისხობრივად სხვა ეტაპზე და მოცულობაზე გადასვლას ნიშნავს, მაგრამ ეს პოლიტიკური თუ ფინანსური დახმარება დიდწილად იქნება განპირობებული რეფორმების მიმდინარეობით და საჯარო მმართველობის ღიაობით.

- თქვენი შეფასებით, რით არის განპირობებული მმართველი გუნდის აგრესიული რიტორიკა ევროპარლამენტის კრიტიკის საპასუხოდ?

- რასაკვირველია, ეს არის თავდაცვითი ინსტინქტის გამოვლინება იმ შემთხვევისთვის, თუ არ მოგვანიჭებენ სტატუსს. მმართველი გუნდი ცდილობს, მოახდინოს პრევენცია იმ ნეგატიური შედეგისა, პარტიული რეიტინგისთვის, რასაც სტატუსზე უარი მოიტანდა. ამის მისაღწევად ის ცდილობს, მოქალაქეთა გაუცნობიერებელ ნაწილს მიაწოდოს საკუთარი ნარატივი, რომ ეს პრობლემა ყველას ბრალია, გარდა მმართველი პარტიის არასწორი მუშაობისა. სინამდვილეში, მიუტევებელია, რატომ ვერ მოხდა, თუნდაც, ევროპარლამენტში ამ განწყობის პრევენცია, რატომ არ მოხერხდა სწორი კომუნიკაცია პარტნიორებთან, რატომ შეფერხდა რეფორმები და რატომ ვისმენთ მუდმივ კრიტიკას მსოფლიოს დედაქალაქებიდან, ნაცვლად იმისა, რომ ინტეგრაციის, დეოკუპაციისა და თავდაცვის სქემებზე ვსაუბრობდეთ. გაუგებარი და ყოვლად მიუღებელი ტყუილია ომში ჩაურევლობის გამო დასჯით აპელირება: ჯერ ერთი, საქართველო ისედაც ომშია რუსეთთან და ნეიტრალური ვერ იქნება, მეორეც, არავის უთხოვია „მეორე ფრონტის გახსნა“ და აქტიური მოქმედებები. პარტნიორებთან ურთიერთობები სწორედ რეფორმების შეფერხებამ, გაუწონასწორებელმა განცხადებებმა და არასწორმა პოზიციამ გამოიწვია. ასევე, არასწორია იმის განცხადება, რომ მიღებული რეზოლუცია სტატუსის მინიჭებასთანაა კავშირში. რეზოლუციაში გამოთქმული რეკომენდაციები შესაძლოა, პირობები იყოს სტატუსის შემდგომ ინტეგრაციის პროცესის გასააქტიურებლად.

- საბოლოოდ, როგორ გგონიათ, ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით სტატუსის საკითხს იმის მიხედვით გადაწყვეტს, ჩვენ როგორ ვიმსახურებთ, თუ პოლიტიკურ ინტერესებს გაითვალისწინებს?

- რთულია პროგნოზირება, მითუმეტეს, რომ, იქმნება შთაბეჭდილება, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ სტატუსის მისაღებად, გარდა შიდა აუდიტორიაზე გათვლილი კომუნიკაციისა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება. ერთი ცხადია: ნებისმიერი წარუმატებლობა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციით გამყარებული სურვილიდან გადახვევაა. ამასთან, ეს ოკუპანტთან მარტო დარჩენას ნიშნავს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, რაც აუცილებლად უნდა აისახოს მმართველი პარტიისადმი ნდობის ხარისხზე. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ ამოწურა პარტნიორებთან ურთიერთობის ლიმიტი და ინტეგრაციის პროცესის კონსტრუქციულ კალაპოტში გადატანის რესურსი აღარ გააჩნია. ეს მესიჯი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, პარტნიორები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და არა - ხელისუფლების ნაბიჯების მიხედვით.

tengizfxalaze-1-1655284153.jpg

- ბატონო თენგიზ, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას კარგავს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში, თუ სტატუსზე უარს გვეტყვიან?

- პირველ რიგში, მოდი, ამ ყველაფერს ცივი გონებით შევხედოთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დეკლარირებული აქვს ევროატლანტიკური კურსი. ნატოს და ევროკავშირში გაწევრება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, რაც კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული. ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწევრების პროცედურა ვერ დაიწყება. შესაბამისად, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ.

- და რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღება რიგითი მოქალაქისთვის?

- კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანას, საიდანაც უკვე იწყება დროის ათვლა, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად. ნატოს ალიანსში შეიძლება, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა წევრი გახდეს. ევროკავშირში ასეთი რამ არ ხდება.

- რა სიკეთეებს მიიღებს რიგითი მოსახლეობა ევროკავშირის გაწევრების პროცესში?

- ევროკავშირში გაწევრების პროცესი თავისთავად ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან დაგვაახლოებს. ევროკავშირი მოგვეხმარება რეფორმების გატარებაში და სხვადასხვა დარგის მოდერნიზაციაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი მართლმსაჯულება, გაუმჯობესებული ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა, გაზრდილი ხელფასი და პენსია, დაფინანსდება განათლების სექტორი, შემოვა გაცილებით მეტი ინვესტიცია და შეიქმნება სამუშაო ადგილები. ინვესტიციები ჩაიდება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში და ა.შ. თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ დროს, ჩამოვრჩებით განვითარების პროცესს და ჩვენი შვილები პერსპექტივას მხოლოდ ქვეყნიდან გაქცევაში დაინახავენ.