"ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს…" - რას წერს გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - კვირის პალიტრა

"ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს…" - რას წერს გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის შეკრებას საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე, ვრცელი პოსტით ეხმაურება:

"როგორ უნდა იქცეოდეს ზეპარტიული, ნატურალური, ხალხის მიერ არჩეული და მის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი?

20-ში დანიშნულია აქცია, რომელიც ერთის მხრივ ასოცირდება ოპოზიციაურად განწყობილ სამოქალაქო ჯგუფებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, უნიკალური, არა საპროტესტო, არამედ პოზიტიური დღის წესრიგით იმართება, რაც შეესაბამება მათ შორის ხელისუფლების “დეკლარირებულ მისწრაფებებსაც”.

ანუ, თავის თავში შეიცავს საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, ეროვნული თანხმობის პოტენციალს, ზეპარტიულ, სახელმწიფოებრავად მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით.

ნატურალური სახელმწიფოს მეთაური გამოიყენებდა ამ შანსს, სწორედაც რომ მის მიერვე დეკლარირებული ეროვნული თანხმობის მისაღწევად, გაუქმებისკენ კი არ მოუწოდებდა, პირიქით, შეუერთდებოდა, ინიციატივას გააძლიერებდა, თუ გნებავთ, სათავეში ჩაუდგებოდა. არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ ხელისუფლებასაც მოუწოდებდა შემოერთებისკენ და აჩვენებდა სამყაროს, რომ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა, შეგვიძლია საქართველოს სახელით გაერთიანება მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

ნაცვლად ამისა, მან დანიშნა ცალკე აქცია, ამასთანავე მოუწოდა 20-ის აქციის გაუქმებისკენ, რითაც კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი ჩააგდო საზოგადოებაში და გააშიშვლა არსებული პრობლემები.

ამით მიიღო ერთადერთი შედეგი - გაზარდა 20 ივნისის კონსოლიდაციის პოტენციალის მქონე აქციის რადიკალიზაციის მუხტი, იმ ფონზე, რომ 16-ის აქცია დიდი ვერაფერი შვილი იქნება. ანუ ითამაშა მის მიერვე დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ.

ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გავს..." , - წერს ხუხაშვილი.

15062022-0813-1655267171.38_REC.png

შეგახსენებთ, გუშინ, 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს "ევროპის მოედნიდან რიყეზე" შეკრება დაანონსა.

"16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა"

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 16 ივნისს უნდა შეიკრიბოს ყველა, როგორც რიგითი მოქალაქე იმის ნიშნად, რომ „ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“.

ამასთან, პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. მან ასევე 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა".

„ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16 ივნისს, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე ევროკავშირის წვერი ქვეყნების ელჩებს, რომ შემოგვიერთდნენ. ვთხოვთ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებული მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და ყველა სხვა დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცავებს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული, რათა ექსცესები გამოირიცხოს. მივმართავ ასევე 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.