"ემანუელ მაკრონმა "უკრაინას უღალატა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ემანუელ მაკრონმა "უკრაინას უღალატა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"ემანუელ მაკრონის ნაბიჯები ეჭვს ბადებს, რომ იგი თავისი მოქმედებით უკრაინას ღალატობს: რუსული გაზის იმპორტი საფრანგეთში ბოლო სამ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა", - წერს ბრიტანული "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) სტატიაში - "ემანუელ მაკრონმა "უკრაინას უღალატა": სანამ უკრაინის ქალაქებზე რუსული ბომბები ცვიოდა, საფრანგეთი რუსულ გაზს იღებდა" (ავტორი - არტურ სკოტ-გედე).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსული გაზის იმპორტი = უკრაინის ღალატს

"რუსეთმა გაზის ექსპორტზე უკრაინასთან ომის პირველ 100 დღეში 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული რაოდენობაა", - აღნიშნავს თავის მოხსენებაში "სუფთა ჰაერისა და ენერგიის კვლევის ფინური ცენტრი" (Crea).

მთლიანობაში, ევროკავშირზე რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტის 61% მოდის, რაც, დაახლოებით, 57 მილიარდი ევროს ტოლფასია და ეს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე.

"საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდები კრემლის მიერ ციმბირში მოპოვებულ გაზს ისევ ყიდულობდნენ ფასდაკლებით და ეს იმ დროს, როცა სხვა ქვეყნებმა ომის დროს რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტეს", - ნათქვამია ცენტრის მოხსენებაში.

სანამ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავდა, საფრანგეთმა, მართალია, თხევადი გაზიც იყიდა სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ უპირატესობა, ძირითადად, მაინც რუსულ გაზს მიანიჭა, უკრაინაში შეჭრის შემდეგაც კი, და ამას შეგნებულად აკეთებდა. რუსული გაზის იმპორტის ზრდამ თებერვალ-მარტში 18% შეადგინა - დაახლოებით, 900 მილიონი ევროს ღირებულებით.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, "დეილი ტელეგრაფმა" საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროს კითხვები გაუგზავნა, მაგრამ უწყებამ არ უპასუხა.

გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრება უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეს - დიმიტრი ნატალიუხას. მისი თქმით, "საფრანგეთის მოქმედება მოწმობს, რომ მისი პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთს სცილდება. შექმნილი სიტუაცია ისეთია, ეჭვი მაქვს, საფრანგეთს არ სურს კონფლიქტის დასრულება უკრაინის ინტერესების სასარგებლოდ".

ევროპას უკრაინისთვის იარაღი გამოელია?!

ამასობაში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს 10-ჯერ მეტი იარაღი სჭირდება დასავლეთისაგან, თორემ ომში დამარცხდებაო. მან ჩამოთვალა იმ იარაღის რაოდენობა, რაც უკრაინას სურს, მათ შორის - 1000 ჰაუბიცა, 300 ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარი, ათასობით ჯავშანტექნიკა. ამ ეტაპზე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მხოლოდ 8 სარაკეტო დანადგარის მიწოდება აღუთქვეს.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიდნენ, მალე მისაწოდებელი არაფერი არ დარჩება.

"დეილი ტელეგრაფი" ესაუბრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს - ედგარს რინკევიჩს, რომლის თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში ამჟამად საბჭოური წარმოების ტანკებისა და სხვა იარაღის რეზერვები გამოილია და უკრაინას ვერაფერს ვეღარ გაუგზავნიან, დასავლეთ ევროპას კი თავისი იარაღი უმეტესად თვითონ სჭირდება, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ დღეს უკრაინის ბედს დონბასში მიმდინარე გააფთრებული ბრძოლები გადაწყვეტს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ