"მიჭირდა ბევრი რამის გაანალიზება, დედა ძალიან მაკლდა" - კვირის პალიტრა

"მიჭირდა ბევრი რამის გაანალიზება, დედა ძალიან მაკლდა"

"არანაირ ქონებას არ აქვს მნიშვნელობა მშობლების გარეშე"

ერთი შეხედვით ძალიან მხიარულ ბიჭს, გიორგი მახარაშვილს, რომელმაც საზოგადოებას თავი სოციალური ქსელების საშუალებით გააცნო, არცთუ ისე უდარდელი ცხოვრება აქვს, როგორც მის სახალისო ვიდეოებში ჩანს. 13 წლიდან ბებოსთან იზრდებოდა. დედა იმისთვის, რომ შვილისთვის მომავალი შეექმნა, ემიგრაციაში წავიდა. მშობლებს ოჯახი ჯერ კიდევ მაშინ დაენგრათ, როდესაც გიორგი მცირეწლოვანი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს, გამომწერებს მხიარულების წუთები აჩუქოს. ბევრჯერ გამხდარა ბულინგის მსხვერპლიც, თუმცა, როგორც საუბრისას აღნიშნა, ამის სათავისოდ გამოყენება ისწავლა და აღარ ნერვიულობს. მან ბედი სცადა გადაცემაში „სამზარეულოს ომები“, მაგრამ კონკურსი პირველსავე ტურში დატოვა.

286358893-587659882662962-2880609602174756303-n-copy-1655280800.jpg

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ყოველთვის მინდოდა, ამ გადაცემაში მეცადა ბედი... ახლა რასაც გეტყვით, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს რეალობაა. როდესაც დავინახე, ამდენი კამერა მუშაობდა, ძალიან დავიბენი. ვნერვიულობდი და გადაცემის ჩაწერაზე ნასვამი მივედი (იცინის). არა უშავს, ამით ყველაფერი არ დასრულებულა..." "გაუცხოების შეგრძნება მაშინ უფრო მქონდა, როდესაც 3 წლის წინ საბერძნეთში, დედასთან სტუმრად ჩავედი. ახლა ასე არ არის, ძალიან ბედნიერები ვართ... ჩემი და დედას შეხვედრის ვიდეოს ბევრი გაზიარება ჰქონდა, შესაბამისად, ბევრი კომენტარი დაიწერა. მათ შორის არასასიამოვნო კომენტარებიც წავიკითხე, ისეთი, რომლის მოთმენაც სუსტი ფსიქიკის ადამიანს გაუჭირდებოდა..."

"არანაირ ქონებას არ აქვს მნიშვნელობა მშობლების გარეშე. ბებოსთან ვიზრდებოდი, თუმცა მიჭირდა ბევრი რამის გაანალიზება, დედა ძალიან მაკლდა. ახლა მამასთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ისიც ემიგრანტია, ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ როდესაც ჩამოდის, ერთმანეთს ვხვდებით..."

"საკუთარი თავი ისეთი უნდა შეიყვარო, როგორიც ხარ. ყველა ადამიანი ლამაზია, მიუხედავად კილოგრამებისა თუ სანტიმეტრებისა. ჰოდა, გიყვარდეთ საკუთარი თავი თუნდაც ცელულიტებით. ჩემზე ამბობენ, ნახევარი პორცია კაციაო (იცინის). დიახ, ვარ ნახევარი პორცია და ჩემი თავი მიყვარს, ძალიან ბედნიერი ვარ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე