"კა-გე-ბე", შვილები, ცხოვრება კრემლში... - სად გაქრა ვლადიმერ პუტინის ცოლი განქორწინების შემდეგ - კვირის პალიტრა

"კა-გე-ბე", შვილები, ცხოვრება კრემლში... - სად გაქრა ვლადიმერ პუტინის ცოლი განქორწინების შემდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ისევ საინტერესო გახდა. დაინტერესდნენ, სად იმყოფება პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინაც. განქორწინების შემდეგ, პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა ღიად საზოგადოების წინაშე საერთოდ აღარ ჩნდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პირველი პირის პირადი ცხოვრება საიდუმლოებითაა მოცული. ის არასდროს პასუხობს ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს. პუტინის ყოფილი მეუღლის - ლუდმილას შესახებ ინფორმაცია, რომელიც ახლა ოჩერეტნაიას გვარს იყენებს, პუტინთან განქორწინების მიუხედავად, მაინც მიუწვდომელია.

ლუდმილა შკრებნევა 1958 წელს კალინინგრადში დაიბადა. გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა, თეატრალურ წრეზეც დადიოდა, თუმცა ტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა და ორ წელში სწავლა მიატოვა. მუშაობდა ფოსტალიონად, სანიტრად - ქალაქის საავადმყოფოში, ხელმძღვანელობდა პიონერთა დრამის წრესა და მუშაობდა ბორტგამცილებლადაც. მოგვიანებით ფილოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა. როგორც ცნობილია, ფლობს გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებს.

პუტინის გაცნობა

მომავალ მეუღლეს ლუდმილა შკრებნევა იმჟამინდელ ლენინგრადში შეხვდა. ისინი საერთო მეგობარმა სპექტაკლზე დაპატიჟა, ახალგაზრდებს ერთმანეთი მალევე მოეწონათ და ურთიერთობაც დაიწყეს. როგორც ცნობილია, პუტინი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რომ "კა-გე-ბეს" თანამშრომელი იყო. 1983 წლის 28 ივლისს ისინი ოფიციალურად შეუღლდნენ და ქორწილიც გადაიხადეს.

ludmila3-1655280706.jpg

მრავალწლიანი ქორწინებისას მათ ორი შვილი, მარია და ეკატერინა გერმანიაში შეეძინათ. იმ პერიოდში პუტინი გერმანიაში "კა-გე-ბეს" დავალებით მუშაობდა. გოგონებმა გერმანული კერძო სასწავლებელი სანქტ-პეტერბურგში დაასრულეს და გერმანული ენა საფუძვლიანად შეისწავლეს.

მას შემდეგ, რაც პუტინი ჯერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი - პრეზიდენტი გახდა, რუსეთის ფედერაციის პირველი ლედი მუდამ ერიდებოდა კამერების წინ გამოჩენას და თუ სადმე სიტყვით გამოდიოდა, მისი სიტყვა მკაცრად კონტროლდებოდა წინასწარ დადგენილი პროტოკოლით. მაშინ, როცა ლუდმილა ჩრდილში იმყოფებოდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინს ოლიმპიურ ჩემპიონთან, ალინა კაბაევასთან რომანი ჰქონდა. 2015 წელს კი ცნობილი გახდა, რომ კაბაევამ პუტინისგან შვილი შვეიცარიის კლინიკაში, საიდუმლოდ გააჩინა.

ludmila4-1655280706.jpg
ალინა კაბაევასთან ერთად

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კაბაევა გახდა პუტინისა და ლუდმილა შკრებნევას დაშორების მთავარი მიზეზი, ხოლო შემდეგ ამბობდნენ, რომ პუტინი და კაბაევა საიდუმლოდ დაქორწინდნენ. პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი ამ ყველაფერს ჭორი და შეთხზული ამბავი უწოდა.

განქორწინება

ლუდმილა აღიარებდა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ამასვე ამბობდა ინტერვიუებში:

„ეს საშინელებაა. ამის შემდეგ უკვე ერთმანეთს ვეღარ მივმართავთ. ვეღარ შევძლებთ თავისუფლად მოგზაურობას იქ, სადაც მოვისურვებთ, ვეღარ შევძლებთ იმაზე საუბარს, რაც გვსურს, მე კი მხოლოდ ახლა დავიწყე ცხოვრება“, - ამბობდა ლუდმილა.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ძალიან დაკავებული იყო, ლუდმილასგან მორჩილებას ითხოვდა. ამბობენ, როცა პირველი შვილი დაიბადა, ლუდმილას მისთვის ნატაშას დარქმევა სურდა, პუტინმა კი მოითხოვა, ბავშვს დედამისის საპატივცემულოდ მარია რქმეოდა.

ludmila2-1655280705.jpg
ვლადიმერ პუტინი მეუღლესთან და ახალშობილ მარიასთან ერთად

"ვლადიმერს გაცნობიდან სამი წლის შემდეგ გავყევი ცოლად. საწყენია, რომ ერთად ცხოვრების დროს ქორწინების წლისთავი არასოდეს აღგვინიშნავს... მინდოდა, რომ ჩვენი პირველი გოგონასათვის ნატაშა დაგვერქმია, ვლადიმერმა კი თქვა - "არა, იგი მაშა იქნება". ისე მეწყინა, რომ ცრემლები ვღვარე. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა და ჩვენს გოგონას სახელი მაშა დავარქვით" - ამბობდა ინტერვიუში ლუდმილა პუტინა.

მიუხედავად უამრავი მითქმა-მოთქმისა, საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო მათი განქორწინების ამბავი. 2013 წლის 6 ივნისს მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ურთიერთშეთანხმების შემდეგ განქორწინდნენ.

"მე რომ მხოლოდ ჩემს პირად ბედზე მეფიქრა, ქმარს ასე ვეტყოდი: ვალოდია, გემუდარები, არ გვინდა პოლიტიკა, ნუ ჩავერევით, გვერდზე დავრჩეთ, სხვანაირად ვიცხოვროთ-მეთქი... მაგრამ მე ეს არ მითქვამს. პოლიტიკა არ მაინტერესებს, ის ჩემთვის ძალიან მოსაწყენი სფეროა. როცა იგი პირველად ვნახე სამსახურში, პირდაღებული ვიჯექი: ვალოდია პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ისტორიაზე, იურისპრუდენციაზე ლაპარაკობდა. ვუსმენდი და ვფიქრობდი: "საიდან იცის ეს ყველაფერი?". საერთოდ, მისი მჯეროდა: საქმე ბევრჯერ ნულიდან დაუწყია და მიზანი შეუსრულებია".

მოგვიანებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი და ეკლესიური კავშირი არ დაურღვევიათ.

„ჩვენი ქორწინება იმიტომ დასრულდა, რომ ჩვენ თითქმის ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ვლადიმერი საქმეშია ჩაფლული. ჩვენი შვილები გაიზარდნენ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, მე კი ძალიან არ მიყვარს საჯაროობა“, - განაცხადა პუტინის ყოფილმა მეუღლემ.

კრემლში ცხოვრების შემდეგ

განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, 2016 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პუტინის ექსმეუღლე გათხოვდა და არტურ ოჩერეტნიზე იქორწინა, რომელიც ლუდმილაზე 21 წლით უმცროსია.

ludmila5-1655280706.jpeg

ამჟამად სად ცხოვრობს ლუდმილა ოჩერეტნაია უცნობია, თუმცა ის ფლობს უძრავ ქონებას როგორც სანქტ-პეტერბურგში, ასევე - მოსკოვსა და კალინინგრადში. ფლობს ვილას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

ბოლოს ის რეპორტიორებმა ჰითროუს აეროპორტში, შემდეგ კი - საფრანგეთში, მეუღლესთან ერთად დააფიქსირეს. (წყარო)