"სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს..." - კვირის პალიტრა

"სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს..."

"სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს"

გიორგი დონაძე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და 2 წელია, რაც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს, ასევე საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უდგას სათავეში, ასწავლის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტშიც. აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რა არის მისი. ქართულ სიმღერას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რომელიც გენშია და საუკუნეებს ითვლის. მე და ჩემი ძმა რომ მივედით სიმღერაზე, მაშინ ქვეყანაში არეული დრო იდგა - გარეთ გასვლაც კი საშიში იყო და სწორედ სიმღერამ შეგვიფარა და გადაგვარჩინა..."

1111-1655281276.jpg

"სიმღერა გულისხმობს ერთობას, გუნდურობას, თავდადებას, პროფესიონალიზმს, შრომას - იმას, რაც სამწუხაროდ, დღეს გვაკლია ქართველებს. ეს ყველაფერი თავმოყრილია ხალხურ სიმღერაში და თუ ამ თვისებებს ისევ გავაღვიძებთ ჩვენში, ქვეყანა წინ წავა. სიმღერა ვერ შეიქმნებოდა ზერელე, შრომის არმოყვარე ხალხისგან, რომელიც სულ სხვისკენ იყურება. სიმღერაც და გალობაც მათი შექმნილია, ვისაც სამშობლო უყვარს და მისთვის იბრძვის; ვინც ტაძარში დადის და გალობს; იცის თანადგომა და უფროსის პატივისცემა. ასეთები იყვნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომ მოგვწონს ამდენი საუკუნის შემდეგაც ჩვენი ფოლკლორი, ამიტომ ვერ ჩავწვდით და ამოვხსენით ბოლომდე. შეიძლება ახალი ვერ შევქმნათ, მაგრამ ძველი უნდა შევინარჩუნოთ. ღვთის დიდი წყალობაა, რომ სამხმოვანი სიმღერა გვაქვს..."

"მუშაობა არ გვინდა - დილით ადრე ადგომა გვეზარება, მეგობრისთვის ხელის გაწვდენა არ გვინდა, ზოგჯერ ნაცნობისთვის გამარჯობის თქმაც კი გვეზარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთი არ გვიყვარს, სოციალურ ქსელსა და ეკრანს ვართ მიჯაჭვულები დიდი თუ პატარა და ვუსმენთ, ვინ ვის ესროლა, ვინ მოკლეს, ვინ შეურაცხყვეს და ა.შ. ადრე სხვანაირად ცხოვრობდა ხალხი, სხვა ფასი ჰქონდა სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ამიტომაც გვიჭირს შევქმნათ რამე ახალი და ღირებული. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ რაც გვაქვს და ახალგაზრდებს თუნდაც "ჩაკრულოდან" ერთი აბზაცი ვასწავლოთ. მნიშვნელოვანია, ამ საქმეში მთავრობამ ხელი შეგვიწყოს და უნდა ითქვას, რომ მხარდაჭერა თეა წულუკიანის მოსვლის შემდეგ ნამდვილად გვაქვს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი