რატომ გადაინაცვლა ბრძოლებმა უკრაინული ქალაქების ქუჩებში... - კვირის პალიტრა

რატომ გადაინაცვლა ბრძოლებმა უკრაინული ქალაქების ქუჩებში...

უკრაინული მარიუპოლი თითქმის მთლიანადაა დანგრეული, ეხლა სევეროდონეცკს ასწორებენ მიწასთან, დღედღეზე კი სლოვიანსკის ჯერი დადგება...

რატომ გადაინაცვლა ველზე და ტყეებში ბრძოლებმა უკრაინის ქალაქების ქუჩებში და, ტაქტიკური თვალსაზრისით, ვინ იგებს ამ სიტუაციიდან?

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე რაშისტები ბლიცკრიგის ტაქტიკით მოქმედებდნენ, ანუ სწრაფი შეტევების განხორცილება სხვადასხვა მიმართულებიდან ხდებოდა, რათა უსწრაფესად აეღოთ უკრაინის დედაქალაქი - კიევი, იქ პრორუსული მთავრობა დაეყენებინათ და ეს ომიც რაც შეიძლება მალე დაემთავრებინათ, სანამ დასავლეთის ბიუროკრატია გაიზლაზნებოდა უკრაინის დასახმარებლად...

შესაბამისად, რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები ასფალტირებული გზებით ჯავშანტექნიკის ურიცხვ კოლონებს შეუჩერებლივ წინ მიერეკებოდნენ, უკრაინული დიდი ქალაქების გვერდის ავლით, წინასაწარი ძლიერი საარტილერიო და საავიაციო დამუშავების გარეშე.

შესაბამისად, უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების თავდაცვითი ტაქტიკაც დაფუძნებული იყო გზებზე ჩასაფრებების მოწყობაზე, მით უმეტეს, რომ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში ხშირი ტყის მასივები საკმაოდაა.

ბლიცკრიგის ჩაშლის შემდეგ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამხედრო მეთაურობას მთავარი შეტევების მიმართულებები უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში დაუსახა, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად.

ამჯერად რაშისტები უკვე ისე აღარ ჩქარობენ, როგორც ომის პირველ დღეებში და ქვეით მოირიშე ჯგუფებს, ჯავშანტექნიკასთან ერთად, შეტევაზე მანამდე არ აგზავნიან, სანამ უკრაინელების პოზიციებს რამდენიმე საათი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტებით არ დაბომბავენ და საავიაციო დარტყმებს არ მიაყენებენ...

278525233-1655295591.jpg

დღეში რუსი არტილერისტები უკრაინის პოზიციებისკენ 5-6-ათას ჭურვამდეც კი უშვებენ, ეს კი თითქმის წარმოუდგენელი ციფრია, მაგრამ - სამწუხარო რეალობა უკრაინის დამცველებისთვის - როდესაც ადამიანი რამდენიმესაათიანი შეუწყვეტელი საარტილერიო დაბომბვის ქვეშ იმყოფება, ჭურვის ნამსხვრევიც რომ არ მოხვდეს, მისი საბრძოლო სულისკვეთება ძალიან დათრგუნვილია, ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება - ამ ბლოგის ავტორს განცდილი აქვს მსგავსი დაბომბვები აფხაზეთის ომში (რა თქმა უნდა, ბევრად მცირე ინტენსივობის), როდესაც სანგარში ჩამალული იმაზე ოცნებობ, წუილით წამოსული ჭურვი შენთან ახლოს არ აფეთქდეს...

გაშლილი მინდორზე, თუგინდ ტყის მასივში (არადა, დონბასის სტეპებში ტყის მასივები თითქმის არაა, მხოლოდ გზებს მიჰყვება ქარსაცავი ზოლები), თავდაცვითი ზღუდეების მოწყობის შემთხვევაში, უკრაინელებს რუსეთის არტილერიის ასეთი ინტენსიური დაბომბვის პირობებში, გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი დარჩებოდათ...

ამიტომაც უკრაინის გენშტაბმა თავდაცვის ზღუდეების მოწყობა გაშლილ მინდვრების ნაცვლად, ქალაქებში არჩია, როდესაც შენობა-ნაგებობები საარტილერიო და საავიაციო დარტყმებისგან მეტად იცავს.

russia-ukraine-war-79797-1655295619.jpg

გარდა ამისა, ქუჩის ახლო ბრძოლებში მრავალრიცხოვანი, უკეთესად შეიარაღებული და აღჭურვილი რუსეთის არმია მთლიანად ვერ იყენებს ამ ტაქტიკურ-ტექნიკურ უპირატესობას და უკრაინელები ახლო ბრძოლის საშუალებებით, მათ შორის - „ჯაველინებით“, „ნლავებითა“ თუ „მატადორებით“ უფრო წარმატებულ წინააღმდეგობას უწევენ და აფეთქებენ რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს.

ასე იყო მარიუპოლში, ასე ხდება სევეროდონეცკში და ეტყობა, ასე გაგრძელდება სხვა დიდ თუ პატარა უკრაინულ ქალაქებშიც...

ბრძოლების ქალაქების ქუჩებში გადატანის ტაქტიკამ მართლაც შეაჩერა რუსი დამპყრობლების შეტევების ტემპი და უკრაინელებს დროს აგებინებს ნელი დასავლეთისგან საჭირო ოდენობის მძიმე შეირაღების მისაღებად, მაგრამ ამ ტაქტიკას მეორე, ტრაგიკული მხარეც აქვს - რუსული მსხვილკალიბრიანი ჭურვებისა და საავიაციო ბომბების აფეთქებები ანგრევს და მიწასთან ასწორებს ათწლეულებით ნაშენებ უკრაინულ ქალაქებს და, რაც ყველაზე საშინელებაა, ქალაქის ქუჩებში ინტენსიურ ბრძოლებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება...

სხვათა შორის, სევეროდონეცკის ქუჩებში ბრძოლების დაწყებამდე ადგილობრივი უკრაინული ხელისუფლება ქალაქის მოსახლეობას ეხვეწებოდა, უფრო სწორად - ევედრებოდა კიდეც, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი და მათ ევაკუაციისთვის სხვადასხვა მარშრუტს სთავაზობდა.

უკრაინელი სამხედროები არ მალავდნენ, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა მათ მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად, რადგან რუს სამხედროებს ერთგვარ „ტრადიციად“ ჩამოუყალიბდათ, სოფლისა და ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფების ერთგვარ ფარად გამოყენება შეტევების დაწყებისას.