11 სექტემბერი - თავის კვეთა იოანე ნათლისმცემლისა - კვირის პალიტრა

11 სექტემბერი - თავის კვეთა იოანე ნათლისმცემლისა

მოახლოებულიყო ჟამი მესიის განკაცებისა, რადგან სამყაროს თავისი დაცემის უკიდურეს ზღვრამდე მიეღწია. წინასწარმეტყველების თანახმად კი, სწორედ ამ დროს უნდა შობილიყო მხსნელი, ზეცისკენ რომ წარუძღვებოდა დაცემულ კაცობრიობას. მაგრამ მანამდე, კვლავ წინასწარმეტყველების თანახმად, უნდა დაბადებულიყო ის, ვინც განამზადებდა კაცთა გულებს მაცხოვრის მისაღებად.

...და იშვა იოანე ნათლისმცემელი.

იოანეს შობიდან გავიდა რამდენიმე თვე და უსჯულო ჰეროდემ, იესო ქრისტეს მოკვლის მიზნით, ბეთლემში ყველა ორ წლამდე ასაკის ვაჟის ამოწყვეტა ბრძანა. 14 000 ყრმა მოისრა იმ დღეს ბეთლემში და 14 000 უბიწო სული ქრისტესთვის წამებულთა პირველ დასად იქცა. ზაქარიამ, იოანე ნათლისმცემლის მამამ, ცოლ-შვილი უდაბნოში გახიზნა, თავად კი იერუსალიმში დარჩა მღვდელმთავრის მოვალეობის აღსასრულებლად. იგი ჰეროდეს მეომრებმა საკურთხეველს დააკლეს იმის გამო, რომ არ გაამხილა გახიზნული შვილის ადგილ-სამყოფელი. ელისაბედი და იოანე კი უდაბნოში დარჩნენ. ელისაბედი იქვე აღესრულა, ანგელოზისაგან დაცული "ყრმაი იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელის მიმართ"(ლუკა, 1, 80); იკვებებოდა თაფლითა და მკალით, "ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა" (მათე, 3, 4).

გამოეცხადა ისრაელს, რათა ექადაგა ნათლისღება სინანულისა, ცათა სასუფევლის მოახლოება და ნათელ-ეცა თავად განკაცებული მაცხოვრისათვის. ქადაგებდა, სინანულით განეწმინდათ გზანი უფლისათვის, მონანულთ ნათელ-სცემდა იორდანეს წყლით, ხოლო ფარისეველთ და ღვთის მებრძოლთ ამხელდა: "ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლვაი მერმისა მისგან რისხვისა?" (მათე, 3, 7)

წინასწარმეტყველების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს ისევე უნდა ეუწყებინა უფლის მოსვლა ჯოჯოხეთში მყოფ მიცვალებულთა სულებისათვის, როგორც აუწყა დედამიწაზე მყოფთ. ამიტომაც მოახლოებულიყო მისი მოწამებრივი აღსასრული.

ჰეროდე დიდის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც 14 000 ბეთლემელი ყრმა ამოწყვიტა), რომაელებმა პალესტინა 4 ნაწილად დაყვეს და თითოეულს ცალკე მმართველი დაუნიშნეს. ჰეროდეს შუათანა ვაჟს, ჰეროდე ანტიპას, გალილეა ერგო. მან გააძევა უფროსი ძმა, ფილიპე, გვარის მამამთავარი გახდა და ძმას, ტიტულთან ერთად, ცოლიც წაჰგვარა - საკუთარი ცოლი, არაბეთის მეფის ასული, გააგდო და რძალი, ჰეროდიადა, გაადედოფლა. ამგვარი ქორწინების უფლება მეფეს მხოლოდ მაშინ ჰქონდა, თუკი ქალი ქვრივი და უშვილო იქნებოდა, მაგრამ ჰეროდიადას კანონიერი ქმარიც, ფილიპეც, ცოცხალი იყო და მისგან შვილიც ჰყავდა - მშვენიერი სალომეა. ასე რომ, ჰეროდემ საშინელი ცოდვა ჩაიდინა და იოანე ნათლისმცემელმაც ყველას წინაშე ამხილა იგი. მეფემ მისი შეპყრობა ბრძანა, მაგრამ არ მოაკვლევინა, რადგან მართალ და წმიდა კაცად თვლიდა, თანაც, ხალხის ამბოხისა ეშინოდა.

იბარებდა ხოლმე პყრობილს, ესაუბრებოდა და, მისგან შთაგონებული, მრავალ სიკეთესაც აღასრულებდა.

ჰეროდიადა კი მრისხანებდა და იოანეს მოკვდინება სურდა, მაგამ ვერ ახერხებდა, რადგან თავად ჰეროდე იცავდა იოანეს. დადგა ჰეროდეს დაბადების დღეც. მოიწვიეს გალილეის ყველა წარჩინებული უხუცესი და ოლქის მმართველი. დიდებული ნადიმი გაიმართა. ბოლოს სალომეამ იცეკვა და აღფრთოვანებულმა მამინაცვალმა გერს ყველაფრის მიცემა აღუთქვა, რასაც კი მოისურვებდა.

დედისაგან წინასწარ დარიგებულმა სალომეამ წმ. იოანეს თავი მოითხოვა. ჰეროდე შეწუხდა, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო პირობა ვეღარ გატეხა და ბრძანებაც გასცა - წმ. იოანეს გვიან ღამით საპყრობილეში თავი მოჰკვეთეს.

ბინძური სერი ჯერ ისევ გრძელდებოდა, როდესაც გამომთვრალ სტუმრებთან ლანგრით წმ. იოანეს ჯერ ისევ სისხლმდინარე თავი შეიტანეს. როგორც ზოგიერთები გვამცნობენ, მოკვეთილმა თავმა კვლავ ჰეროდეს მამხილებელი სიტყვები წარმოთქვა: "არა ჯერ არს შენდა, ვითარმედ ცოლად გესუა ძმის ცოლი შენი". ყველა შიშმა შეიპყრო, სალომეამ კი თავი ლანგრით დედას მიართვა. ჰეროდიადამ სიცილით წმიდა თავს ჯერ ენა დაუჩხვლიტა ქინძისთავით, ხოლო შემდეგ უწმინდურ ადგილას ჩაფლა.

წამებულის სხეული მოწაფეებმა ცალკე დაფლეს, ხოლო თავი სასახლის სახლთუხუცესის ცოლმა, ჰუზიმ, მალულად ამოთხარა, ჭურჭელში ჩადო და ელეონის მთაზე დაკრძალა. ღვთის რისხვამ არ დაახანა: ერთხელ, ზამთარში, სალომეა მდინარეზე გადადიოდა, ფეხქვეშ ყინული ჩაუტყდა და ჩავარდა ისე, რომ ტანი ყინულქვეშ, წყალში ჩაეკიდა, თავი კი ყინულს ზემოთ დარჩა. კვლავ "ცეკვავდა" სალომეა, რომ ფეხი როგორმე ფსკერისათვის მიეწვდინა, მაგრამ ვერ შეძლო. მანამდე ფართხალებდა, ვიდრე ყინულის ბასრმა პირმა ყელი არ გადაუჭრა. მისი თავიც ისევე მიართვეს ჰეროდიადას, როგორც ოდესღაც წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი.

არაბეთის მეფემ საკუთარი შვილის შეურაცხყოფა არ აპატია ჰეროდეს, მის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაამარცხა. განრისხებულმა იმპერატორმა ჰეროდე ცოლთან ერთად ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი ცოცხლად შთანთქა მიწამ.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი სამგზის სასწაულებრივად იპოვეს. ბოლოს კონსტანტინოპოლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს.

11 სექტემბერი მძიმე მარხვის დღეა.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)