ტურბულენტური მსოფლიო - "სასურსათო ომი" და ხორბალი, როგორც იარაღი... - კვირის პალიტრა

ტურბულენტური მსოფლიო - "სასურსათო ომი" და ხორბალი, როგორც იარაღი...

ლადო პაპავა: "ახლა, როცა ომი მძვინარებს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება, ყოველგვარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია"

საქართველო ბოლო 2-3 წელიწადში ურთულეს პრობლემებს შეეჯახა: ჯერ იყო პანდემია, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, ამას მოჰყვა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ეკონომიკური კრიზისი და სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რას უნდა ველოდეთ მომავალში? - ამის თაობაზე ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა გვესაუბრება:

- იმის გასარკვევად თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში: 2020-2021 წლებში მსოფლიო მოცული იყო პანდემიით, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკაში უარყოფითი ძვრები გამოიწვია: ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, თითქმის ყველა ქვეყანამ ეკონომიკის სხვადასხვა დარგი დროებით ჩაკეტა, ამის გამო წარმოება შემცირდა, რასაც მიწოდების გლობალური ჯაჭვის რღევა მოჰყვა. მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზებულია და სახელმწიფოები ერთმანეთთან სწორედ ამგვარი ჯაჭვით არიან დაკავშირებული. შედეგი ძალზე უსიამოვნო აღმოჩნდა: 2020-2021 წლები მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისული წლები იყო, თუმცა, ვაქცინაციის წყალობით, მსოფლიომ თანდათან ამოისუნთქა - ეკონომიკა გაიხსნა და მრავალი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები თანდათან გაუმჯობესდა. ეს პროცესი საქართველოზეც აისახა, მაგრამ 24 თებერვალს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაზანზარა. პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს ახლა უკვე ომით გამოწვეული პრობლემებიც დაემატა. კერძოდ, გლობალური ეკონომიკური ჯაჭვიდან ამოვარდა უკრაინა, რომელიც თავს იცავს და რუსეთი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციები დააკისრეს. ცხადია, ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახა.

- თუმცა, საქართველოს ეკონომიკა არც პანდემიამდე გამოირჩეოდა სიძლიერით და არც ახლა გამოირჩევა.

- ჩემი აზრით, არ ღირს თვითგვემა ჩვენი ეკონომიკის გამო, რადგან მან გასულ წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, კერძოდ, 10,5%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია პანდემიის პირობებში.

- რატომ ვერ აისახა ეს ზრდა მოსახლეობის მდგომარეობაზე?

- ახლავე აგიხსნით: ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც 13,9 პროცენტს გაუტოლდა. გასაკვირი არ არის, რომ თითქმის 14%-იანმა ინფლაციამ 10,5%-ანი ეკონომიკური ზრდა "შეჭამა". სპეციალისტების ვარაუდით, 2022 წელი 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება. საბოლოო დასკვნა როგორია? - საქართველოში შესაშური სიტუაცია არ არის, მაგრამ ანალოგიური სიტუაციაა თითქმის ყველგან - მთელ მსოფლიოში. შემიძლია მკითხველი დავამშვიდო, რომ 2022 წელს ცუდი შედეგებით არ დავასრულებთ, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი სირთულეები არ გადაგვეღობება.

- ბატონო ლადო, ჩვენი საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ შეიძლება მომავალში ეკონომიკური სიტუაცია დამძიმდეს და მსოფლიოში შიმშილი დაიწყოს, ეს საშიშროება რეალურია?

- ეს საშიშროება აბსოლუტურად რეალურია, რადგან 24 თებერვლამდე ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 25% უკრაინასა და რუსეთზე მოდიოდა. უკრაინა დღეს ომშია ჩართული და ომში მყოფ ქვეყანას იმის საშუალება არა აქვს, რომ ხორბლის ექსპორტი განახორციელოს. თანაც, ეს ხორბალი უკრაინას თავისი ხალხისთვის სჭირდება, სერიოზული ფაქტორია ის, რომ შავ ზღვაზე უკრაინული პორტები რუსეთის სამხედრო ძალების მიერაა დაბლოკილი, ამიტომ, ექსპორტი ვერ ხორციელდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: რუსეთმა ხორბალი გამოიყენა, როგორც იარაღი და მსოფლიოში გაჩნდა ასეთი ტერმინი - "სასურსათო ომი". რუსეთმა ზოგიერთი მიმართულებით ექსპორტი საერთოდ აკრძალა, ხოლო ზოგიერთი მიმართულებით - გააძვირა, მოკლედ, პური გააძვირა - ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. დღეს ყველა ქვეყანა დგას "სასურსათო ომის" წინაშე და სულაც არ არის მოულოდნელი, რომ მსოფლიოში შიმშილის პრობლემა გაჩნდეს.

- თუმცა, უკვე ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსული ბაზარი სხვა ბაზრებით ჩაანაცვლოს...

- ცხადია, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის 25%-ის დაკლება უკვე ნიშნავს ახალი ბაზრების მოძიების აუცილებლობას. სხვათა შორის, ხორბლის მსხვილი მწარმოებელია ინდოეთი, მაგრამ ამ ომის ფონზე ხორბლის ექსპორტი ინდოეთმაც შეწყვიტა, თანაც, ინდური ხორბალი ხარისხით გაცილებით დაბალია, ამიტომ, 25%-იანი დანაკლისის შევსება მარტივი ნამდვილად არ იქნება.

- ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ომის შეწყვეტაა, არა?

- რასაკვირველია, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, რასაკვირველია, ამ ომში ყველას უკრაინის გამარჯვება გვინდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ომი ჯერ არ დასრულდება, ხორბლის ადგილობრივი წარმოება უნდა გაიზარდოს. კარგია, რომ საქართველოს მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის პროგრამა, კარგია, რომ მომავალში ხორბლის და სიმინდის წარმოება გაიზრდება, მაგრამ საქართველო მაინც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა იქნება, ამიტომ, პური ახლო მომავალში კიდევ გაძვირდება - ეს არის რეალობა, რომელიც მოსახლეობას არ უნდა დავუმალოთ - ეს ყველამ უნდა იცოდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ პურის ფასი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოიმატებს. არის კიდევ ერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან: მსოფლიომ უნდა იზრუნოს, რომ როგორმე განიბლოკოს უკრაინის საზღვაო პორტები და შესაძლებელი გახდეს ხორბლის გატანა შავი ზღვის პორტებიდან. სამწუხაროდ, ეს პორტები დანაღმულია და იქიდან ტვირთი ვერ გამოაქვთ. მოლაპარაკების პროცესში ჩართულია თურქეთი, ამ ურთულესი პრობლემის მოგვარებას ყველა ქვეყანა ცდილობს, მაგრამ ამაოდ: ამ პორტების ნაღმებისგან გათავისუფლება საკმაოდ სახიფათო საქმეა, რასაც აუცილებლად გამოიყენებს რუსეთის საზღვაო ფლოტი სამხრეთ უკრაინაზე ზეწოლის გასაძლერებლად.

- რას იტყოდით ოპოზიციის მტკიცებაზე, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს უპირობოდ უნდა შეერთდებოდა?

- ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა - ჩვენთან იმპორტი 2,5-ჯერ მეტია ექსპორტზე და რაიმე სანქცია რომ დავუწესოთ, რუსეთი ამას ვერც კი იგრძნობს, ამ სანქციებით პირველ რიგში თავად საქართველო და ჩვენი მოსახლეობა დაზარალდება. აქვე გეტყვით, რომ საქართველო ავტომატურად, ისედაც ჩართულია იმ სანქციებში, რომელიც დასავლეთმა შემოიღო, მრავალ სანქციას ჩვენს ისედაც მიერთებული ვართ: თუნდაც, "ვითიბი ბანკის" მაგალითი ავიღოთ, რომელსაც სანქციები მთელმა მსოფლიომ დაუწესა - ის ჩვენთან უკვე აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, დამატებით სანქციების დაწესება ჩვენგან, დიდი სიბრიყვე და გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციები, რომელიც რუსეთს ცივილიზებულმა სამყარომ დაუწესა, სრულყოფილი სულაც არ არის: ჯერ ერთი, ამ სანქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა არ შეერთებია, მათ შორის, ნატოს წევრი თურქეთიც, განსაკუთრებული თემაა ისრაელი, რომელიც აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, აღარაფერს ვამბობ ჩინეთსა და ინდოეთზე, რომლებიც ჩვეულებრივად აგრძელებენ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას. ამ სანქციების ყველაზე რთული კომპონენტი ენერგეტიკაა: ევროპა უარს ვერ ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე, რაც დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში სერიოზული "ხვრელია”. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გაზსადენი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის და ევროპას გაზით ამარაგებს, დღესაც შეუფერხებლად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ამ გაზსადენით მიეწოდება ბუნებრივი აირი უკრაინას, რომელიც თავადაც ყიდულობს რუსულ გაზს, მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს სერიოზული ხარვეზები აქვს.

- ბატონო ლადო, რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას აქ "მეორე ფრონტის" გახსნა სურს?

- მე ასე არ ვიტყოდი: ვფიქრობ, რომ აქ არიან ძალები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ სამხედრო გადატრიალების, ან რევოლუციის გზით. მათი მიზანი ომი კი არ არის, მათთვის ომი ინსტრუმენტია, რომ ქვეყნის სათავეში დაბრუნდნენ. თუ საქართველოში, მოლდოვაში, ან ყაზახეთში "მეორე ფრონტი" გაიხსნება, რუსეთს თავისი სამხედრო ძალის სხვადასხვა ადგილას გადანაწილება მოუწევს და უკრაინაზე შეტევები შემსუბუქდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია: საქართველომ საბაბი არ უნდა მისცეს რუსეთს, რომ აქ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. რუსეთს ჩვენთან შემოსვლა არც სჭირდება, რადგან უკვე აქ არის - ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ახალი კონფლიქტი საქართველოსთვის შეიძლება კატასტროფულად დასრულდეს.

- თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის ნავთობსადენი და აქ ომი არც თურქეთის ინტერესებში შედის და არც - დასავლეთისა.

- რა სურს დასავლეთს, ან თურქეთს, ამას რუსეთი დიდ ყურადღებას არ აქცევს, რაც უკრაინაში უკვე დაამტკიცა. მართალია, უკრაინას მთელი დასავლეთი ეხმარება, მაგრამ ის თანხა, რომელსაც რუსეთი ნავთობის და გაზის ექსპორტისგან იღებს, ამ დახმარებას ბევრად აღემატება. დავფიქრდეთ: გაზსადენს, რომელიც უკრაინაშია, ერთი ბომბიც არ მოხვედრია, იქ მხოლოდ ხანმოკლე ავარია მოხდა, მაგრამ მალევე აღადგინეს. ამ შემთხვევაშიც, მთავარია რუსეთს რა უნდა, რაც ამ ქვეყანამ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა.

- ოპონენტები ჩვენს მთავრობას ხშირად საყვედურობენ, რომ სატრანზიტო ფუნქციას სათანადოდ ვერ ვიყენებთ, მით უმეტეს, ახლა, როცა საქართველოს სერიოზული პერსპექტივა გაუჩნდა.

- ასეთი პერსპექტივა მართლაც გაგვიჩნდა: ყველა ის გზა, რომელიც რუსეთის გავლით ევროპისკენ მიდიოდა, დღეს პრაქტიკულად დაბლოკილია. ამიტომ, ყაზახეთმა გადაწყვიტა, გაზარდოს ნავთობის მოცულობა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობას ჩინეთიც გამოიყენებს, ეს კი, საქართველოსთვის ახალი გამოწვევაა, ოღონდ, მარტო საქართველო ვერაფერს მიაღწევს: საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის, რომ ერთიანი ლოჯისტიკა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკა შევიმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეიქმნება. ჩვენი კოზირია, რომ საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ამ "კოზირს" გამოყენება სჭირდება.

- ბოლო თვეებში საქართველოს საზღვარი ათასობით რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. რა გავლენას მოახდენს მათი შემოსვლა საქართველოს ეკონომიკაზე?

- დავიწყებ იმით, რომ აქ მარტო რუსეთიდან არ შემოსულან, შემოვიდნენ ბელორუსიდან, უკრაინიდან, არაბული სამყაროდან... როცა აქ უცხოელები შემოდიან, უცხოური ვალუტა შემოაქვთ, რაც სასიკეთოდ აისახება ჩვენს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუ ისინი ცდილობენ. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი წამოიწყონ, ესეც კარგი და სასიკეთო საქმეა, თუმცა ვიზიტორების ზრდას უარყოფითი მხარეც აქვს: მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელები, რომლებიც შემოგზავნილი არიან. აი, აქ ჩვენმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული სიფხიზლე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მათ უნდა მოახერხონ და ნებისმიერი საშიშროება დროულად აღკვეთონ, თუკი ასეთი რამ გამოიკვეთება.

- და ბოლოს, თუ შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი - რა ელის მომავალში ქართულ ეკონომიკას?

- თუკი გავიხსენებთ, რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რა ტურბულენტური პროცესები მიმდინარეობს, ამის განსაზღვრა რთულია. ახლა, როცა ომი მძვინვარებს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება, ყოველგვარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია...

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"