ნუ კაიტიპობთ, რა, ორ აქციაზე მისვლის მოწოდებით, ხალხო! ანუ, მკვეთრი კრიტიკა პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

ნუ კაიტიპობთ, რა, ორ აქციაზე მისვლის მოწოდებით, ხალხო! ანუ, მკვეთრი კრიტიკა პოლიტიკოსებს

პრეზიდენტის ბრიფინგის დასრულებისთანავე ნაც. არხებზე იმ წამიდანვე დაიწყო პროპაგანდა, რომ 16-ში პროტესტისთვის მივიდეთ, 20-ში „ევროპელობისთვისო.“ ევროკავშირის ღირსია ხალხი, ჩვენი მოსახლეობაო. უფრო სწორად, ჩვენ და მოსახლეობა, არა ხელისუფლებაო. ოპოზიციას გეკითხებით: რომელი ხალხი ვართ ღირსი ევროპელობის, ბრბოს და ბიო-მასას რომ გვეძახით, ის ხალხი? ქართველი ხალხი რომ ძალიან ბნელია, ის ხომ არა? ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ „ოცნების” ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საქართველოს თავისუფალი მომავალი რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, მაგრამ ნაც. ოპოზიცია არანაკლები საფრთხეა ქვეყნისთვის და შეუძლებელია ეს არ თქმულიყო.

რა თქმა უნდა არ მივალ 20-ში აქციაზე იმ ხალხთან, ვინც თავშივე გატყუებს, რომ აქცია არ არის ნაც-პოლიტიკური, ვითომ აქცია არის თავისუფალი და პროევროპული. არ მივალ იმ ხალხთან რომელიც წლებია თამაშობს ქვეყნის რეგრესისთვის, ხალხის გახლეჩისა და მიზანმიმართული ქაოსისთვის, დაუღალავი დემაგოგიისთვისა და ქვეყნის სახელის დისკრედიტირებისათვის.

ჰო, მართლა, ქვეყნის სახელის გაფუჭებაზე გამახსენდა. ოპოზიციას სასაცილოდ, რომ არ ჰყოფნის, ვეკითხები - როგორ ხვდება საერთაშორისო დასკვნებში ესა თუ ის შეფასებები? ძალიან კარგად იცით სპეციფიკა და ხელში გაქვთ აღებული ამ მხრივ მოწინავეობა.

რა იშოვეთ ამ დუხჭირ საქართველოში კეზერაშვილ-სააკაშვილმა რომ ჯერ კიდევ უხდით ლობისტებს, ჯერ კიდევ თქვენი ჯგუფები ახდენენ გავლენას უცხოელ პარტნიორებზე, ჯერ კიდევ აქვეყნებთ ანონიმურ წერილებს უცხოურ მედიაში, დემაგოგობთ საკუთარ მოქალაქეებთან და ეს პირდაპირ მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესზე.

დამიჯერეთ ხალხო ნაც. მოძრაობა არ დაიხევს უკან, რადგან წლების მანძილზე გაუვიდა ეს სიბინძურეები! მორალს გვიკითხავენ და დამნაშავეებს გმირებად წარმოადგენენ. ამასთანავე, თამაშობს ორივე მიმართულებით, თუ ვერ მივიღეთ სტატუსი მხოლოდ ხელისუფლებას დააბრალოს და კიდევ ერთხელ იზრუნოს არეულობაზე. და, თუ მივიღეთ, სწორედ „ნაცები“ იბრძოლებენ სტატუსის მიღების საკუთრებისთვის და კიდევ ერთხელ შეეცდებიან არეულობას.

ცალ-ცალკე აქციების მოწყობა ქვეყნის იმიჯს აზარალებს. სიყალბეა ყველგან. თუკი ამბობთ, რომ ერთხელ მაინც საერთო, უსიტყვო გამოსვლა ყოფილიყო, დაე, ამაზე შევთანხმებულიყავით. სინამდვილეში ევროპელებს აშინებთ ასეთი ქცევები. ჩვენ შეგვეძლო შიგნით გვეკამათა, გარეთ არ გაგვეტანა ამბავი, მაგრამ ამ ორი პოლიტიკური ძალის ბრძოლა ხომ ქვეყნის პროგრესისთვის არ ხდება! ამიტომ გვაქვს აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარება ქვეყნის შიგნით და გარეთ. და, ეს პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა!

ხელისუფლებავ, აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ, ერთხელ, ყასიდად, ჩემნაირი მოქალაქეების გამო მაინც დაგესვა შეკითხვა საკუთარი თავისთვის - რა გამოგვრჩა? რა ვერ მივიტანეთ ადრესატამდე? რა მხრივ არის საჭირო მუშაობის გაორმაგება? არა, შენც არ მომიკვდე, აიღეთ და პირდაპირ მიადექით „ნაცებს“. მათ, ხელმოცარულებს ხომ ეძახით, თქვენ რატომ არ გამოდექით საქმიანები? რატომ ხართ მუდამ თავის მართლების პოზაში? რატომ არ გადაიტანეთ კონსტრუქციულ კალაპოტში ინტეგრაციის პროცესი? უცხოელ პარტნიორებს რომ მიადექით, ის მაინც გეკითხათ როგორ ხდება შეფასებები და რეზოლუციები?

პოლიტიკოსები ევროპელობასთან მიმართებაში ათას სისულელეს რომ გვიმტკიცებთ, დარწმუნებული ვარ არ იცით, რომ პირველ რიგში ევროპელობა არის საკუთარი შეცდომის, მით უფრო დანაშაულის აღიარება. აღიარეთ თქვენი დანაშაულები, რასაც ხალხს აბითურებთ ამ ხნის მანძილზე. როგორც ინარჩუნებთ გაღატაკებული ადამიანების გარკვეულ ფენას, რომ ერთმანეთისთვის წამოსაძახებელი სულ გქონდეთ. არ გაქვთ ხედვა ქვეყანაში რა და როგორ განავითაროთ, გამჭვირვალე სისტემის გეშინიათ...

არ გვავიწყდება „ნაცებისგან“: ხალხის მასიური შევიწროება, გამოსახლებები, ძალადობები, მიკერძოებული სასამართლო, გადავსებული ციხეები, რუსეთისთვის გადაცემული მთელი რიგი ობიექტები, სახურავზე შემოდებული გვამები, დარბეული მიტინგები და ტელევიზიები, ტოტალური მოსმენები, სამსახურებიდან გაყრილების ტკივილები, დაკარგული ტერიტორიები... რომელი ერთი ჩამოვთვალო? და, ამ ფონზე მუდმივად იმის დამადლება, რომ 21 საუკუნეში შუქი აგვინთეთ, ან ფასადურად ალამაზებდით ქუჩებს, სულ ცოტა უხერხულია.

არც ხელისუფლებისგან გვავიწყდება, რომ სამართალი ვერ ვიზეიმეთ, არაფერი კეთდება ქვეყნის პროგრესისთვის, ყოველი მეორე ადამიანი, რომელსაც არანაირი უფასო ფული არ მისცემია ბანკის ვალით ცხოვრობს, სოფლები გააღატაკეთ, წამლები გაუძვირეთ, ხალხს სამსახურებისთვის საზღვარგარეთ გაქცევისკენ უბიძგებთ, ანგარიშვალდებულება არა გაქვთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არ გათავისუფლებულხართ კორუფციისაგან, სისტემური დარღვევებისგან, არ გამოხატავთ დემოკრატიული რეფორმების გატარების პოლიტიკურ ნებას...

ორივე „ძალა“ შეჩვეული ხართ აქციებით თქვენი ეგო აიმაღლოთ. სინამდვილეში კი თავისუფლება არის გათავისუფლდე საკუთარი ეგოისტური სურვილების მონობისაგან.

განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკა ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას ნიშნავს და არა ბრძოლას ხელისუფლებაში დარჩენისთვის ან მოსვლისთვის. თუკი იქნებოდა აქცია არაპოლიტიკური განცხადებებით, ელჩებით, მხოლოდ მოქალაქეების მონაწილეობით, აბსოლუტურად ნორმალურია გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია. მაგრამ, თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი არჩევანი.

და, თქვენ? თქვენ აბსოლუტურად დაკარგეთ კონტაქტი უბრალო ადამიანთან, თავისთავად ქვეყნის რეალობასთან…და, ის რაც ხდება, ზოგადად, ქვეყანაში ჩვენი ხალხი ამას არ იმსახურებს. დღეს, ყველაზე მთავარია პოლიტიკური სტაბილურობა და ამ დროს, როცა ერის პოლარიზებისთვის ყველაფერს აკეთებთ, ეს პრორუსული სვლაა.

სახელმწიფოს თუ მოქალაქის თავისუფლება პასუხისმგებლობით დასტურდება და არა თვითნებობით. დაფიქრდით, ვინ რა პასუხისმგებლობას იღებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, თორემ ერთ დღეს პასუხი მწარედ მოგეთხოვებათ!