"ომი თუ მშვიდობა - უკრაინა გზაგასაყარზე" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ომი თუ მშვიდობა - უკრაინა გზაგასაყარზე" - რას წერს ამერიკული გამოცემა

ამერიკულმა ჟურნალმა „ნეიშენელ ინთერესთმა“ (The National Interest) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - „ომი თუ მშვიდობა? უკრაინა გზაგასაყარზე“, რომლის ავტორია არაშ თუფჩინეჟადი, კანადის ნატოს ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან ას დღეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის საომარმა კამპანიამ ხასიათი მკვეთრად იცვალა. თავდაპირველად ე.წ. სპეცოპერაციას მრავალმიზნობრივი და სრულმასშტაბიანი გეგმები ჰქონდა, მოგვიანებით კი - რუსეთის სარდლობამ მეტი ყურადღება ქვეყნის აღმოსავლეთ პერიფერიას დაუთმო. მოსკოვმა უარი თქვა კიევის დაპყრობაზე, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები დღეს ნაკლებ რისკზე მიდიან და აქცენტს რუსეთის ტერიტორიის მომიჯნავე უკრაინის რეგიონზე - დონბასზე აკეთებენ. სტრატეგიის ცვლილების გამო, კონფლიქტის მოგვარება თითქმის ჩიხში შევიდა, ამასობაში კი რუსეთის ჯარები მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიებს ბრძოლებით იკავებენ.

რამდენადაც რუსეთის არმიას უკრაინის ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვს დაკავებული, რიგმა ცნობილმა ადამიანებმა ეჭვი შეიტანეს აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტის გაგრძელების მიზანშეწონილებაზე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა კრემლისთვისაც დაეკისრებინათ, ისინი სულ უფრო მეტად უკრაინას მოუწოდებენ კომპრომისებისკენ. ყველაზე გახმაურებული იყო აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის - ჰენრი კისინჯერის მოწოდება უკრაინის ხელისუფლებისადმი - კიევმა უნდა იფიქროს ტერიტორიულ დათმობებზე რუსეთთან, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდო.

რამდენადაა ასეთი წინადადება კიევისათვის მისაღები? პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ჰენრი კისინჯერის რჩევა 1938 წელს მომხდარ „მიუნჰენის შეთქმულებას“ შეადარა და ამით თავისი პატრიოტიზმი დაადასტურა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვათა შორის, იგივე პოზიცია აქვს უკრაინელ ხალხსაც: კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგ უკრაინელთა 82% გამოვიდა.

თუმცა, კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, ჰენრი კისინჯერის წინადადებაში მწარე რეალიზმი ჩანს: ომმა უკრაინას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. როგორც კიევის ეკონომიკის სკოლის ამასწინანდელი გამოკვლევიდან ჩანს, ადამიანთა ათასობით მსხვერპლის გარდა, საომარმა მოქმედებებმა კატასტროფულად დააზიანა ეკონომიკა, ქვეყანამ 600 მილიარდ დოლარამდე დაკარგა. ამ თანხიდან 92 მილიარდი ინფრასტრუქტურაზე მოდის: მწყობრიდან, დაახლოებით, 195 ქარხანაა გამოყვანილი. უკრაინის ბიზნესის მიერ განცდილი დანაკარგები ქვეყნის ეკონომიკას სამომავლოდ სერიოზულ სირთულეებს უმზადებს, თვით ეკონომიკის მოცულობა კი, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 45%-მდე შემცირდება. გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, დღეისათვის უკრაინის სამრეწველო საწარმოების ნახევარი დახურულია, დანარჩენი კი არასრული სიმძლავრით მუშაობს. ქვეყნის ეკონომიკის საკვანძო დარგების, მაგალითად - ფოლადსადნობი, მეტალურგიული და ხეტყის მრეწველობის ობიექტები, პრაქტიკულად, გაჩერებულია, ხოლო ქარხანა „აზოვსტალის“ და უკრაინაში უმსხვილესი, კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განადგურების შემდეგ, ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების ომამდელ დონეზე აღსადგენად, ძალზე მასშტაბური ფინანსური ინიექციები იქნება აუცილებელი.

გარდა ამისა, რუსეთის ჯარებმა ომის დროს დაანგრიეს და მწყობრიდან გამოიყვანეს 28 ათასი კილომეტრი სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, მათ აღდგენასაც წლები დასჭირდება. აშკარაა, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა სამომავლოდ უკრაინის ეკონომიკური კრიზისი იქნება, რომლის გადაწყვეტა ქვეყნის ლიდერებს მოუწევთ. თუნდაც კიევი ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს, მას წინ ეკონომიკური საფლობი ელოდება.

სადაა გამოსავალი? ვფიქრობთ, დანაკარგების შემცირებასა და ფინანსური კრიზისის ტვირთის შემსუბუქებას ცეცხლის შეწყვეტა და ზავი მნიშვნელოვნად დაეხმარება.

დღეს უკრაინა კრიტიკულად არის დამოკიდებული ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც მას შეიარაღებას აწვდიან. მაგრამ ურთიერთობის ასეთი დონე სარისკო ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნატოსა და ევროკავშირის ვალდებულებები შემცირდება. დიახ, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მილიარდობით დახმარებას და იარაღს უგზავნიან უკრაინას, მაგრამ როდემდე დააფინანსებს დასავლეთი ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის ეკონომიკას და სამხედრო მოთხოვნებს, უცნობია. ყველამ იცის, რომ თვითონ ამერიკას და ევროპას ამჟამად მრავალი რთული პრობლემა აქვთ, რაც გარდაუვლად აისახება უკრაინისადმი გაწეულ დახმარებაზე. ასევე, მოსალოდნელია, რომ, სავარაუდოდ, დასავლეთი უკრაინის ომით „დაიღლება“ [ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა]. თუ დასავლური მასმედიაც ომისადმი ყურადღებას მოადუნებს [ესეც არ არის გამორიცხული], მაშინ რუსეთს, პრაქტიკულად, „მწვანე გზა“ ეხსნება, კრემლს საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა აღარ შეაწუხებს.

თუ უკრაინის მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყნები ვერ მოძებნიან საერთო ენას, საომარი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, დროთა განმავლობაში დემოკრატიული მსოფლიოს მხარდაჭერა აუცილებლად შესუსტდება. დღეს აშშ და ნატოს სხვა წევრები უკრაინას მხარს უჭერენ, მაგრამ მათი მიზნები და მეთოდები უკვე ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ევროპელი ლიდერები, მათ შორის - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივით არიან დაკავებულნი. თავის მხრივ, უკრაინის მთავრობა და არმიის სარდლობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს იგნორირებს - ვლადიმერ პუტინისადმი უნდობლობის მოტივით: კიევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სიტუაციის მოგვარება კი არ სურს, არამედ - მისი ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტას ახალი შეტევის მოსამზადებლად გამოიყენებსო.

ლონდონი, ვარშავა და ვაშინგტონი, როგორც ჩანს, კიევის თვალსაზრისს იზიარებენ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისიც კი განაცხადა, რომ მათ, დასავლელებს, სურთ, „რუსეთი იმ დონემდე დასუსტდეს, რომ მსგავსი უბედურება აღარ გაიმეოროს“. დიდმა ბრიტანეთმაც დაინტერესება გამოხატა იმაში, რომ უკრაინამ 2014 წლამდე არსებული საზღვრები აღადგინოს, ანუ დონბასი და უკრაინა დაიბრუნოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრთა პრიორიტეტებისა და პოზიციათა სხვადასხვაობამ სიტუაცია შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ აშშ და ევროპელი პარტნიორები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ და უკრაინის სამხედრო დახმარებაში თავიანთ წვლილს შეამცირებენ. ეს კი უკრაინის ხელისუფლებისა და მისი შეიარაღებული ძალებისათვის დიდი დარტყმა იქნება.

როგორც ჩანს, ამჟამად რუსეთი უფრო შედარებით „კომფორტულ“ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე - ომის დაწყების დროს იყო. მართალია, კრემლის მცდელობა კიევში რეჟიმის შეცვლის მიზნით, ჩაიფუშა, მაგრამ რუსეთს თავისი განზრახვა არ გადაუთქვამს და ძველებურად სურს, ბოლო მოუღოს უკრაინის „თამაშებს“ ნატოსთან მიმართებით. მოსკოვისათვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა დონბასის ბუფერული „სახელმწიფოების“ შემდგომი არსებობა და განმტკიცება [მათი აღიარება დასავლეთის მიერ], თავიანთი რუსოფილური მოსახლეობით. კრემლისთვის ვადებს, პრაქტიკულად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს: რუსეთი დასავლეთმა გარიყა და, შესაბამისად, მოსკოვი შეეცდება, ადრე თუ გვიან, დაწყებული საქმე საკუთარი სურვილის მიხედვით დაასრულოს. თუნდაც ისეთ პირობებში, როცა რუსეთის ეკონომიკაც რეცესიაში შევიდა და წლის ბოლომდე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11%-ით შემცირდება. რუსეთის ეკონომიკას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რეზერვები და შესაძლებლობა, სამხედრო დატვირთვას გაუძლოს. რუსეთი - დაყოვნებით, მაგრამ თავის მიზნებს აღწევს - მისი ზეწოლა უკრაინაზე ძლიერდება. უკრაინას კი, მართალია, თანამედროვე იარაღსაც აძლევენ, მაგრამ ამ იარაღის დაუფლებას დრო სჭირდება... ამასობაში კი რუსეთის ჯარი წინ მიიწევს.

რასაკვირველია, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმება და მისი პირობების დაცვა უკრაინის ხელისუფლებისა და მოსახლეობის სურვილსაც უნდა ეფუძნებოდეს. ვლადიმერ ზელენსკი თავდაპირველად თანახმა იყო და მოლაპარაკების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა, ასევე, აცხადებდა ნატოში შესვლაზე უარის თქმას, რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად [თუმცა მისი პოზიციები სიტუაციის მიხედვით იცვლებოდა]. დღეს კი კონფლიქტის გაგრძელება უკრაინის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ჰენრი კისინჯერმა ერთხელ ასე თქვა: „როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრინციპებს ვერ დავთმობთ და ვერ ვუღალატებთ, ამ დროს უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ თუ ცოცხლები არ დავრჩებით, მაშინ პრინციპების დამცველიც არავინ არ იქნება“.

დიახ, უკრაინას შეიძლება ზავი ტერიტორიული დათმობებით დამანგრეველი მოეჩვენოს, მაგრამ ეს იქნება ბიძგი სამომავლო, შედეგიანი დიპლომატიისაკენ და სავარაუდო ეკონომიკური და ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილებისაკენ. კრემლის სწრაფვა გამარჯვებისაკენ უნდა შეჩერდეს. სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი უნდა გახდეს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ