"ჩარლი ჩაპლინის, სოფი ლორენის, მერილ სტრიპის და სხვების ხელმოწერილი ფოტოები აუქციონზე შევიძინე" - ვინ არის უნიკალური ფოტოების მფლობელი კოლექციონერი? - კვირის პალიტრა

"ჩარლი ჩაპლინის, სოფი ლორენის, მერილ სტრიპის და სხვების ხელმოწერილი ფოტოები აუქციონზე შევიძინე" - ვინ არის უნიკალური ფოტოების მფლობელი კოლექციონერი?

შოთა გუჯაბიძის უნიკალური ფოტოკოლექცია

პროფესიით რეჟისორი ბათუმელი შოთა გუჯაბიძე ბოლო 15 წელია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. სხვადასხვა პოზიციაზე უმუშავია - კორესპონდენტად, ოპერატორად, ტელეწამყვანიც ყოფილა, თითქმის ყველა რგოლი ათვისებული აქვს. რამდენიმე წელია, დოკუმენტურ ფილმებს იღებს.

მის კოლექციაში ათი ათას უნიკალურ ფოტოზე მეტია და - სოფი ლორენის, ჩარლი ჩაპლინის, მერილ სტრიპის, მარლონ ბრანდოს ხელმოწერით დამშვენებული ფოტოები მხოლოდ უმცირესი ჩამონათვალია.

რეჟისორი და ფოტოგრაფი თავისი უმდიდრესი კოლექციის შესახებ გვიამბობს.

- საკუთარი თავი აღარც კი მახსოვს, როცა ძველი ბათუმის მიმართ ინტერესი არ მქონდა. ბავშვობაში სულ მაინტერესებდა ძველი შენობები და მერე აღმოვაჩინე - თურმე რა განსაკუთრებული არქიტექტურისა და ისტორიული ღირებულების ყოფილა.

მამა მშენებელი იყო, მეც, რეჟისორობამდე, საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. მამა ბევრს მიყვებოდა ძველ შენობებზე, მათ შორის მის აშენებულებზეც. დიდ განსხვავებას ვხედავდი საბჭოთა პერიოდისა და მეცხრამეტე საუკუნის არქიტექტურას შორის. საბჭოთა გაზეთებში სულ ვეძებდი ძველი ბათუმის ფოტოებს, ახლაც კი მაქვს შენახული გაზეთიდან ამოჭრილი სურათები. კატასტროფული ხარისხისაა, მაგრამ გადასაყრელად მენანება, თან შემდეგ იმ ფოტოების ორიგინალებიც მოვიპოვე, რომლებსაც გაზეთიდან ვჭრიდი... ცივილიზაციამ შესაძლებლობები გაზარდა და დღეს ყოველდღიურად მთელი მსოფლიოდან მაქვს შემოთავაზებები. ჩემი შემოსავალი ჩვეულებრივი ხელფასია არცთუ ისე მდიდარი ტელევიზიის და ამ სახსრებით ყველა სურვილს ვერ ვწვდები. ფოტოკოლექციონერები მიხვდებიან, რა დასანანია, უნიკალურ ფოტოს რომ ნახავ და ვერ ყიდულობ. ცხოვრების ბოლომდე გამყვება ის სინანული, რომელიც იმ წუთებში განმიცდია.

ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი დრო ფოტოების ძიება-შეგროვებას მიაქვს... ლამის კვლევითი ინსტიტუტი სჭირდება ყველაფრის მოძიებას, იდენტიფიცირებას და ასე შემდეგ... ყველაფერს მუზეუმები და არქივები უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ ამ მხრივ ძალიან მოვიკოჭლებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით...

მხოლოდ ძველი ბათუმის შენობების ფოტოები კი არა, მთელი საქართველოს უნიკალური ფოტოები მაქვს, მათ შორის თბილისის უმდიდრესი ფოტოკოლექციაა. შემიძლია ასი ტოპონიმი მაინც ჩამოვთვალო, რომლის ისტორიული ნაგებობების ფოტოებიც ჩემს კოლექციაშია. მუდმივი პროცესია ძიების და შეძენის. დღესაც ორი კონვერტი ფოტოები მივიღე. მართალია, ცოტაა შემორჩენილი, მაგრამ არის ფოტოები, რომლებიც ასი წლისა და მეტი ხნისაცაა... ფოტოების გარდა, უწინ ღია ბარათებიც იბეჭდებოდა, რომლებიც მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. არის კერძო ფოტოგრაფის გადაღებულები, რომლებიც შეიძლებოდა, მხოლოდ ერთი-ორი ცალი დაებეჭდა; ნეგატივი, რომელიც მხოლოდ ერთია. არაერთი ასეთი ნეგატივი მაქვს და საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია.

sofi-loren-1655366889.png

- ყოფილა შემთხვევა, სურვილის მიუხედავად ვერ შეგიძენიათ?

- დიახ, რამდენჯერ მინანია, რამე თუ ძალიან მინდოდა და ვერ ვიყიდე! განსაკუთრებულად მახსენდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ფასიანი ქაღალდი, რომელიც საზღვარგარეთ ერთ-ერთ აუქციონზე იყიდებოდა. რომ ვერ შევიძინე, საშინლად დამწყდა გული - მასზე ილია ჭავჭავაძის ხელმოწერა იყო...

- რომელი ცნობილი ქართველის ორიგინალი ფოტოები გაქვთ?

- ჩემი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგჯერ მთელი თანხა გადამიხდია და მერე რამდენიმე თვე მიშიმშილია. ბევრი ცნობილი ქართველის ორიგინალი ფოტო მაქვს - ვაჟა-ფშაველასი, აკაკი წერეთლის, პეტრე მელიქიშვილის, ნიკო ნიკოლაძის... ვაჟა-ფშაველა როინაშვილის მიერ არის გადაღებული და დაბეჭდილი მისსავე სტუდიაში, 120 წლის წინ. აკაკი წერეთლის ფოტო ჭიათურაშია გადაღებული... ყოველი ფოტოს მიღმა ცალკე ისტორიაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა. არ მახსოვს ფოტო, რომელსაც უინტერესო ისტორია ახლდა. თუნდაც ის მატებს დიდ ღირებულებას, რომ უკვე ძალიან ძველია. ეს ფოტოები ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ან საერთოდ არავის ახსოვს.

ერთგვარი პროექტი მაქვს, რომელიც საკუთარ თავს გამოვუგონე. როგორც მოგახსენეთ, ბევრი ფოტო მაქვს საქართველოს ქალაქების, ქუჩების, ნაგებობების, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. შემდეგ ამ ადგილებს ვეძებ. თავადაც ფოტოგრაფი ვარ და იმ ხნის, რომ ჩემი გადაღებული ფოტოებიც უკვე ისტორიაა. ძველი ბათუმის საჩვენებლად საკუთარი ფოტოებიც კი გამომიყენებია.

- ამდენ უნიკალურ ფოტოს როგორ ყიდულობთ?

- სხვადასხვანაირად. ბათუმში ერთი ფოტოგრაფია, რომელიც სულ ახლახან 70 წლის გახდა. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია, თან - ძალიან კარგი მოქალაქე. მას არც ერთი ხელისუფლებისთვის ტაში არ დაუკრავს და ამიტომაც, სულ გაჭირვებულ მდგომარეობაშია. სწორედ ამის გამო, რამდენიმე წლის წინ მთელი არქივის გაყიდვა გადაწყვიტა. არქივი მოიცავდა: ძველ ბათუმს, ეროვნული მოძრაობის პერიოდს - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია მეორის ნეგატივებს... ელემენტარულად, პურის ფული არ ჰქონდა და სამინისტროში ან სადაც კი მივიდა, არათუ უარით გამოისტუმრეს, არამედ დასცინოდნენ კიდეც... პირველად ჩემთან იმიტომ არ მოვიდა, რომ იცოდა, არც მე მქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობა, მაგრამ ბოლოს მაინც შემომთავაზა... ერთგვარ ხელფასზე შევთანხმდით ანუ - ყოველთვე ჩემი ხელფასიდან გარკვეულ თანხას მივცემდი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში არქივის საფასურს ვიხდიდი. არქივი 1500 ნეგატივს მოიცავს. ჯერჯერობით დაუსკანერებელია და რეალურად, ეს ფოტოები არც ვიცი.

- უნიკალური ფოტოები შემთხვევით თუ გიპოვიათ?

- დიახ... კულტურული მემკვიდრეობის აქტიური დამცველი ვარ და ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომ ბათუმში უნიკალურ შენობებს ანგრევენ და კერძო კორპუსებს დგამენ... დაახლოებით ათი წლის წინ, ბათუმში ერთ ძველ სახლს ანგრევდნენ, რომლის ადგილზეც კორპუსი უნდა დაედგათ. სახლიდან სამშენებლო ნარჩენები რომ გამოჰქონდათ, ერთ-ერთ ტომარაში ნეგატივები აღმოვაჩინე და მეორეშიც რომ ჩავიხედე, იქაც ნეგატივები იყო... ცხადია, ყველა წამოვიღე... ახლახან ფოტოების დასკანერება დავიწყე. 2300 კადრი უკვე დასკანერებული მაქვს. მსურს, ამ ფოტოების გამოფენა მოვაწყო, ხოლო ფოტოგრაფის ვინაობას გამოფენამდე არ გავამხელ. უნიკალური ფოტოები იმდროინდელი ქალაქის ყოფა-ცხოვრებას ასახავს. უამრავი ფოტოა ედუარდ შევარდნაძის, ჯუმბერ პატიაშვილის, ცნობილი ფეხბურთელების, სპორტსმენების... 1970-80-იანი წლებია ასახული.

- მრავალმხრივია თქვენი ფოტოკოლექცია. არ გქონიათ სურვილი, ლამაზი ქალების ფოტოები შეგეგროვებინათ?

- ლამაზი ქალის ინტერესი გამუდმებით მაქვს. ჩამოვთვალე, რამდენ რამეს ვაგროვებ და ასევე, სტუდიურ ფოტოებსაც. მაშინ "ატელიე" ეწოდებოდა, სადაც მიდიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. იმდენად რთული პროცესი იყო, ადამიანს შეიძლებოდა, ერთი ფოტო გადაეღო ან - ვერც ერთი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

უნიკალური ფოტოები რომ დამიგროვდა, შემდეგ შესწავლა დავიწყე, რომელ ქალაქში რომელი ფოტოგრაფები იყვნენ. სხვათა შორის, იმ პერიოდის ევროპისა და ამერიკის ფოტოებსაც ვყიდულობ, რომ შევადარო, როგორი ხარისხითა და ტექნოლოგიით მუშაობდნენ, ჩამოვრჩებოდით თუ არა, რადგან ძალიან ბევრი ბეჭდვის მეთოდოლოგია არსებობს. ეპოქის მოდა მხოლოდ არქიტექტურაში კი არა, კინოშიც, ფოტოგრაფიაშიც აისახება - ფოტოების გაფორმება, სტილი და ასე შემდეგ... გადაწყვეტილი მქონდა, ლამაზი ქალების ფოტოების გამოფენა მომეწყო, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია და თან ჩემს ინტერესებში ნაკლებად შედის: უკვე ბევრი გამოფენა მქონია, თანაც, არა მხოლოდ საქართველოში. აქამდე საკუთარი ფოტოების გამოფენას ვაწყობდი.

merilstrip-1655366860.jpg

ლამაზი ქალების ფოტოებს რაც შეეხება, მაქვს - მაკო საფაროვა-აბაშიძის, ტასო მაჩაბლის, რომელიც ვანო მაჩაბლის მეუღლე იყო... მერი შერვაშიძის ფოტო იყიდებოდა, ვერ მივწვდი საყიდლად და გული მწყდება... თან, მერი შერვაშიძე ბათუმშია დაბადებული და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია მისი პიროვნება. ბევრი ისეთი ფოტოა, სადაც ისიც უცნობია, თუ ვინ არის გამოსახული და ფოტოს ავტორიც. ადრე ფოტოგრაფები რეკლამის მიზნით, ფოტოებს თავიანთ გვარებს აწერდნენ, რამაც მკვლევრებს საქმე გაგვიადვილა. მაგალითად, მაქვს ვანო მაჩაბლის შვილის - შალვას ფოტო... შვილსაც, მამის მსგავსად, საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს, წამებით მოკლეს ციხეში 1938 წელს. იგი მაჩაბელი არ იყო, დედის გვარზე - ქართველიშვილი გახლდათ. სხვათა შორის, ილიას მკვლელობას იძიებდა და რაღაც მომენტში მასალები გაქრა... მის შესახებ გარკვეული ამბები მოვაგროვე. მსურდა, ფილმი გამეკეთებინა. ადამიანი თითოეულ ფოტოს თუ ჩაუღრმავდები, ფილმი გამოვა, იმდენ საინტერესო რამეს აღმოაჩენ.

- სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებთ უნიკალურ ფოტოებს. არ გეშინიათ, რომ შეიძლება მოგპარონ და მიისაკუთრონ?

- ძალიან ბევრი ფოტო მომპარეს და უკვე რეაქციაც აღარ მაქვს. მხოლოდ არქივის ფოტოები კი არა, ჩემი გადაღებული ფოტოც ბევრია მოპარული.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"