"ასეთი დიდი ძალა აქვს სიყვარულს... მგონი, ირაკლის უფრო უწევს თვალის დახუჭვა" - კვირის პალიტრა

"ასეთი დიდი ძალა აქვს სიყვარულს... მგონი, ირაკლის უფრო უწევს თვალის დახუჭვა"

რის გამო უწევს თვალების "დახუჭვა" ემოციური ვერკა ჯაჯანიძის ქმარს

ვერკა ჯაჯანიძე მიზანდასახული ადამიანია. როგორც თავად ამბობს, ბევრი შრომის ფასად ყოველთვის აღწევს საწადელს. რამდენიმე თვეა, ახალი მეწყვილე ჰყავს - თემურ ცნობილაძე. მასთან ერთად ერთი ტურნირი უკვე ჰქონდა საბერძნეთში და საკმაოდ წარმატებულიც. ახლა საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც ივლისის დასაწყისში ბათუმში ჩატარდება, ზაფხულში სხვა რამდენიმე ტურნირიც აქვთ დაგეგმილი საზღვარგარეთ.

- „იმ წრეს, სადაც ბავშვი პირველ ხანიდანვე ტრიალებს, დიდი გავლენა აქვს მთელს ადამიანის მერმისზედ“ (ილია ჭავჭავაძე).

- აღზრდის მნიშვნელობაზე ხშირად ვსაუბრობთ მშობლები და ბუნებრივია, მეც მაქვს ჩემი შეხედულებები. ვთვლი, რომ მკაცრი და მომთხოვნი ვარ შვილის და მოსწავლეების მიმართაც. მიყვარს დისციპლინა. არ მომწონს, როდესაც ბავშვი ზედმეტად თავისუფლად იქცევა და თუ ეს ჩემთვის მიუღებელია, აუცილებლად ვეუბნები მშობლებს, თვითონ ბავშვს კი შენიშვნას ვაძლევ და ვარიგებ, რომ ეს სწორი არ არის. 14-15 წლამდე მოზარდი მშობლის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. XXI საუკუნეა და ბავშვი თავისუფლად უნდა აღზარდო, არაფერი დაუშალოო, ასე მიაჩნია ბევრს, მაგრამ მე არ მომწონს მსგავსი მიდგომა. რაც უნდათ, ის მაშინ უნდა აკეთონ, როდესაც საკუთარი თავის, აზრებისა და სურვილების მართვას შეძლებენ. არაფერს ვაძალებ ჩემს შვილს, მაგრამ ყველაფრის უფლებასაც არ ვაძლევ. ახლა ვეღარ გაარჩევ მოსწავლეს მასწავლებლისგან, გაქრა მორიდებისა და პატივისცემის გრძნობა უფროსის მიმართ, რაც მაღიზიანებს. ეს ყველაფერი მოდის მშობლიდან, უმეტეს შემთხვევაში, როგორიც მშობელია, ისეთივეა შვილიც.

ასეთი სიმკაცრის მიუხედავად, მოსწავლეებს ვუყვარვარ და ხშირად, მშობლებსაც მოუწერიათ ჩემთვის: მადლობა, რომ ჩემს შვილს ასწავლი ამ ყველაფერსო. ვფიქრობ, ელემენტარული დისციპლინა და მოსმენის კულტურა უნდა ჰქონდეთ, ერთმანეთს პატივს სცემდნენ, განათლებაზე უნდა იყვნენ მეტად ორიენტირებულები - ეს მთავარია. ვისაც არ უყვარს შრომა, ვაიძულებ, ბევრი იშრომოს, რადგან ჩვენი საქმე მოითხოვს შრომისმოყვარეობას.

მეც და ჩემს დასაც მკაცრად გვზრდიდნენ მშობლები. შეიძლება მაშინ არ მომწონდა, რაღაცებს რომ მიშლიდნენ და მაკონტროლებდნენ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ სწორად იქცეოდნენ.

- „ნუ კითხულობ, თუ რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანას შენთვის, არამედ იკითხე, თუ რა შეგიძლია შენ გააკეთო შენი ქვეყნისათვის“ (ჯონ კენედი).

- მიზანდასახული ადამიანი ვარ. თავი დავიმკვიდრე მხოლოდ და მხოლოდ შრომით. არავინ დამხმარებია, არც არავის იმედი მქონია და არც არაფრის მოლოდინი. ამიტომ მგონია, რომ სჯობს, ყველამ კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ქვეყანაც ბევრად განვითარებული და ძლიერი გვექნება; რა თქმა უნდა, ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

- „მე ინტუიციისა და შთაგონების მწამს. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მართალი ვარ, თუმცა ეს არ ვიცი“ (აინშტაინი).

- საოცარი ინტუიცია მაქვს, რასაც გავიფიქრებ, ამიხდება ხოლმე. ვთქვათ, რომელიღაც ტურნირზე მინდა წასვლა, ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა წავიდე, რადგან არ მექნება სასურველი შედეგი, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვამბობ და მაინც მივდივარ. არ ვუჯერებ ინტუიციას და ზუსტად ის შედეგი მაქვს, რასაც ვფიქრობდი. მაინც არაფერს ვნანობ, რადგან არასდროს მიმიღია საბედისწეროდ არასწორი გადაწყვეტილება, სამსახურს ეხება ეს თუ პირად ცხოვრებას. 8 წლის განმავლობაში არ ვცეკვავდი და ვერავინ იფიქრებდა, რომ ისევ დავუბრუნდებოდი, ვიასპარეზებდი კიდეც და წარმატებებიც მექნებოდა. მე ვიქნები ერთ-ერთ ცნობილი ტოპმოცეკვავე არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც - ასეთია ჩემი ინტუიცია და ვნახოთ, თუ გამართლდება. მე მჯერა, რომ მიზანს მივაღწევ.

- „მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო“ (უილიამსი).

- სიმართლე გითხრათ, ალბათ 1-2 წელია, რაც მშვიდი და გაწონასწორებული გავხდი, ემოციებს ვაკონტროლებ. მივხვდი, რომ წყნარადაც შეიძლება ყველაფრის მოგვარება და არ ღირს ნერვების მოშლა. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ; ვიდრე რამის დამტკიცებას ვიწყებ, მეტირება. ისეთი არაფერი დამმართნია, რომ შემდეგ ჩემი ემოცია მენანა.

- „ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- მითითება არც მჭირდება, ისედაც კარგად ვიცი. არ მომწონს თუნდაც ჩემი ზედმეტი ემოციურობა. ადვილად რომ ვფეთქდები და ამის შესახებ მეუბნებიან, ვითვალისწინებ. ალბათ არ არის სასიამოვნო, როდესაც ნაკლზე მიგითითებენ, მაგრამ არც რჩევის მიღებაა პრობლემა და ვცდილობ, გამოვასწორო.

- „ცეკვა, რა თქმა უნდა, ყველაზე ძირითადი და აქტუალურია გამოხატვის ყველა ფორმას შორის" (ლაილ უოტსონი).

- შეგვიძლია ყველა ემოცია უთქმელად გადმოვცეთ, მხოლოდ სხეულის საშუალებთ, ოღონდ ამას მხოლოდ ის შეძლებს, ვისაც ცეკვა ძალიან უყვარს და ამით ცხოვრობს.

- „ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა“ (არნოლდ შვარცენეგერი).

- საკუთარი შრომით მოპოვებული 20 ლარიც კი გემრიელია და გაბედნიერებს. არ ვარ მეოცნებე და არასდროს მინატრია, ნეტავ, 50 მილიონი მქონდეს-მეთქი. ბედნიერებისთვის ისიც საკმარისია, რაც მაქვს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბევრს ვშრომობ ამისთვის. ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც ცოტას მუშაობს და ბევრი აქვს, მე ასეთი ბედი არ მაქვს.

- „ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა, გიღალატებს მეორედაც“ (დონალდ ტრამპი).

- ერთხელ ვინც მიღალატა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, უკან აღარ დაბრუნებულა და არ ვიცი, მეორედ როგორ მოიქცეოდა. კი, იყო 1-2 ისეთი ადამიანი, ვინც გული მატკინა, მაგრამ მათთვის არც მიპატიებია, არც უკან დაბრუნების და მეორედ ღალატის შანსი მიმიცია.

- „ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა“ (ოსკარ უაილდი).

- ვეთანხმები ამ გამონათქვამს. თუმცა, მყავს ბავშვობის მეგობრები, მათ შორის არიან ბიჭებიც და არ არსებობს ლხინი ან ჭირი, ერთად არ ვიყოთ. ისე, ბიჭი მეგობრები ნაკლებად მყავს, ჩემს მეუღლესთან ვმეგობრობდი და ეს მეგობრობა ქორწინებით დამთავრდა.

- „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ (მიგელ დე სერვანტესი).

- ასეთი დიდი ძალა აქვს სიყვარულს. ძალიან რომ არ გვიყვარდეს ერთმანეთი, ირაკლი ჩემს ასეთ გრაფიკს ვერ აიტანდა. ჩვენი ახლობლები ხშირად აღნიშნავენ ამას. ნამდვილად გამიმართლა - ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, შვილი მყავს, მეუღლე მხარში მიდგას და ხელი არაფერში მეშლება.

- „წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ“ (გორდონ დინი).

- ჩვენს შემთხვევაში ასეა, კი (იცინის), ოღონდ მგონი, ირაკლის უფრო უწევს თვალის დახუჭვა, რაც ისევ და ისევ სიყვარულისა და პატივისცემის „ბრალია“. მართლაც რთულია, ერთდროულად კარგი ოჯახიც გქონდეს და წარმატებული კარიერაც.

- „ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას“ (გოტფრიდ ლესინგი)

- ვერ დავეთანხმები, ყოველ შემთხვევაში, მე არ მივეკუთვნები ასეთი ქალების რიგს. შემიძლია ბევრჯერ და ხმამაღლა ვთქვა, რომ ვიღაც ძალიან ლამაზია.

- „ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი“ (სოლომონ დოდაშვილი).

- ასეთი ადამიანები არსებობენ და ვფიქრობ ხოლმე: ნეტავ, ღმერთმა რატომ არ მისცა-მეთქი მეტი ჭკუა? ზოგჯერ ვიღაც დამირიგებია კიდეც. არ შემიძლია დავცინო ან უხეშად მივმართო, მინდა დავეხმარო და ვურჩიო, როგორ მოიქცნენ.

- „რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა,… მოკვდა“ (მიხეილ ჯავახიშვილი).

- ალბათ ბედნიერი ვარ, რადგან ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა მიწევს, რომ ვერ ვგრძნობ სიყვარულის დეფიციტს. მე თვითონაც ყურადღებიანი, თბილი ვარ და ყველა ასეთი მგონია.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"