დაიწყებს თუ არა საქართველოც უკრაინის დახმარებას შეიარაღებით... ამერიკელების თხოვნით? - კვირის პალიტრა

დაიწყებს თუ არა საქართველოც უკრაინის დახმარებას შეიარაღებით... ამერიკელების თხოვნით?

"მე მივესალმები საქართველოს, მოლდოვასა და ეკვადორს, რომლებიც შემოგვიერთდნენ "რამშტაინ-3"-ის ფორმატში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკონტაქტო ჯგუფში" - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებისა და შტაბების მეთაურების მორიგ, მესამე შეხვედრაზე.

პირველი და მეორე ასეთი შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის ნატოს სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, თუ რომელი ქვეყანა რა შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს გაუგზავნიდა უკრაინის არმიას დასახმარებლად რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში.

"რამშტაინის" ფორმატი მესამე თვეა, მეტ-ნაკლები წარმატებით ფუნქციონირებს (მეტი იმიტომ, რომ სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილებებს ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე ღებულობენ, ნაკლები კი იმიტომ, რომ უკვე გამოყოფილი შეიარაღების რაოდენობა მაინც მცირეა და, თანაც, დიდი დრო სჭირდება უკრაინაში ჩატანას), თუმცა მასში მონაწილე ქვეყნების რიცხვი მუდმივად იზრდება.

საქართველოში ოპოზიცია იმას საყვედურობდა ხელისუფლებას, თუ რატომ არ მონაწილეობდა ქვეყნის თავდაცვის უწყება "რამშტაინის" ფორმატში და, აი, მესამე შეხვედრაზე საქართველო მოლდოვასთან ერთად შეუერთდა უკრაინის სამხედრო დახმარების საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის მუშაობას...

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო ამ საკონტაქტო ჯგუფის სხვა წევრი სახელმწიფობის მსგავსად დაიწყებს შეიარაღებითა თუ აღჭურვილობით უკრაინის არმიის დახმარებას?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად - "საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც ამ ეტაპზე 50-მდე თანამოაზრე სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიწვევის საფუძველზე შეუერთდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ".

ამ განცხადებაში სიტყვა არაა ნათქვამი საქართველოს მიერ უკრაინისთვის რამე კონკრეტული სამხედრო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი დახმარების გაწევის შემთხვევაშიც კი, მისი ფართოდ აფიშირება, გასაგები მთავარი საფრთხის გამო, არ ღირს...

მაგრამ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რა პოტენციალი გააჩნია იმ პატარა საქართველოს, რომელიც თავის დროზე სწორედ უკრაინისგან ყიდულობდა საბჭოთა სტანდარტის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს (მათ შორის - გაზრდილი ფასითაც, რაც იმდროინდელ მაღალი დონის ქართველ ჩინოვნიკებს აუცილებლად უნდა მოეკითხოთ)?

უკრაინის ომი ერთგვარი დიდი ჭაობია, რომელიც ყველანაირ სახისა და ტიპის შეიარაღებას მიიღებს და შთანთქავს - იქიდან გამომდინარე, რომ 2 450 კმ საერთო სიგრძის ფრონტის ხაზზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები 1 100 კმ-ზე მაინც მიმდინარეობს (ეს უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ოფიციალური რიცხვებია), მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგების გამო, უკრაინის არმია მოხარულია, დახმარების სახით მიიღოს საბჭოთადროინდელი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო და საზენიტო დანადგარები და, რა თქმა უნდა, დამრტყმელი შვეულმფრენები და მოირიშე თვითმფრინავები.

1-1655374152.png
ქართული არმიის ტანკების დიდი ნაწილი თავის დროზე უკრაინაში იქნა შეძენილი, თუმცა დღეს ომში მყოფი უკრაინელები ამ ტანკებს დიდი სიამოვნებით უკან დაიბრუნებდნენ...

შეიარაღების ეს ნომენკლატურა საქართველო თავდაცვის ძალების არსენალში კი მოიძებნება, მაგრამ ჩვენც, როგორც ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყანას, ხვალ ძალიან რომ დაგვჭირდეს, ვინ დაგვეხმარება?

ეს საბრძოლო ტექნიკა ქართველ სამხედროებს, ასე თუ ისე, კარგად აქვთ ათვისებული და, საჭიროების შემთხვევაში, მათი საბრძოლო გამოყენება შეუძლიათ.

არის მოსაზრება, რომ ეს საბჭოთა სტანდარტის შეიარაღება მთლიანად გადავცეთ უკრაინელებს, სამაგიეროდ კი... ამერიკელები თუ ნატოს სხვა წევრი ქვეყნები უფრო თანამედროვე, დასავლური წარმოების შეიარაღებას მოგვცემენ საკომპენსაციოდო...

ამ სქემის განხორციელება დღეს საქართველოსთვის ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ნატოს წევრი ქვეყნები თვით უკრაინას ვერ უზრუნველყოფენ სამხედრო დახმარების საჭირო დონით და საქართველო ვის გაახსენდება ასეთ რთულ სიტუაციაში?

უფრო ლოგიკური იქნებოდა უკრაინის არმიისთვის ქართული წარმოების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების - ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების პარტიის გაგზავნა, პირველ ეტაპზე - არალეტალური სამხედრო აღჭურვილობით დახმარების სახით, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ თავის გენშტაბს სახალხოდ მკაცრად მოსთხოვა, თუ რატომ არ ყოფნით წინა ხაზზე მყოფ უკრაინის დამცველებს ჯავშანჟილეტები...

"რამშტაინის" ფორმატში მომუშავე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმომჩენი საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის მთავარი საქმიანობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ, პოულობენ, გამოისყიდიან და უკრაინაში აგზავნიან საბჭოთა სტანდარტის ტანკებს, ჯავშანმანქანებსა თუ მოიერიშე თვითმფრინავებს და ვინ იცის, აღმოსავლეთ ევროპის არმიების საწყობების საბჭოთა შეიარაღებისგან "გაწმენდის" შემდეგ მათ თვალი ქართული არმიის საბჭოთადროინდელ არსენალსაც დაადგეს?!