"მე დარწმუნებული ვარ, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივიღებთ ალბათ სერიოზული დათქმებით" - კვირის პალიტრა

"მე დარწმუნებული ვარ, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივიღებთ ალბათ სერიოზული დათქმებით"

არ მინდა ის სცენარი დავუშვა, რომ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ "ტრიოს" მიღმა - ვერ დავეთანხმები საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვართ სხვა გეოპოლიტიკა, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, რომლის კონტურები დიდი ხანია მოხაზულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი ხელისუფლებამ დააზიანა, თუმცა, იმედი აქვს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ხალხი ამას იმსახურებს.

"მე დარწმუნებული ვარ, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივიღებთ ალბათ სერიოზული დათქმებით. "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ ეს პროცესი დაეზიანებინა და დავშორებოდით ევროპას. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას არ აღიქვამენ რომელიმე პარტიის სახით, არამედ აღიქვამენ ქართველი ხალხის სახით. ქართველი ხალხის შრომა, თავგანწირული ბრძოლა, სისხლი, რაც ჩვენ გავიღეთ იმსახურებს იმას, რომ ვიყოთ იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რასაც ევროპა და თავისუფალი სამყარო ჰქვია.

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, ცოტა შოკის მომგვრელია, სიმართლე გითხრათ. ჩვენ არ ვართ სხვა გეოპოლიტიკა, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, რომლის კონტურები დიდი ხანია მოხაზულია და ვერ დავეთანხმები ამ შემთხვევაში მის შეფასებას. ქართველი ხალხი არის ღირსი რომ იყოს თავისუფალი სამყაროს და ევროპის ნაწილი", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს და ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც “გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.

"ინტერპრესნიუსი"