"ძალიან განადგურებული ვიყავი. ჩემს ქმარს ვგლოვობდი, როცა მორიგი მუქარა გაისმა" - კვირის პალიტრა

"ძალიან განადგურებული ვიყავი. ჩემს ქმარს ვგლოვობდი, როცა მორიგი მუქარა გაისმა"

ქვეყანაში ბავშვის შვილად აყვანის მსურველ ადამიანებს წლების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა და უამრავი ადამიანი ამას მაინც ვერც ახერხებს, რადგან გასაშვილებელი ბავშვების რიცხვი დიდი არ არის. ამიტომ ხშირად წყვილები სხვადასხვა გზით ცდილობენ ნანატრი პატარის შვილებას და ბევრი ახერხებს კიდეც ამას. ადრეულ წლებში წყვილები ამას იოლად აღწევდნენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბიოლოგიური მშობლები შვილებს ფულზე ჰყიდდნენ და ამის ბევრი მაგალითია. ხშირად გამზრდელი მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ამბის გასაიდუმლოებას და ისე გადის წლები, შვილისთვის სიმართლის თქმა უჭირთ. ბევრი შემთხვევაა ისეთი, როცა წლების მერე სრულიად უცხოსგან იგებს ადამიანი, რომ ნაშვილებია და ამას ძალიან განიცდის.

ჩვენმა რესპონდენტმა, ახალგაზრდა ქალმა, მსგავსი ისტორია გვიამბო და ყველა დედას ურჩევს, შვილს სიმართლე არ დაუმალოს. მანანა 2 შვილის დედაა, მეუღლე რამდენიმე წლის წინ ავტოავარიით დაეღუპა და შვილებზე ზრუნვა მარტოს უწევს. მისი უფროსი ვაჟი ახლა მაგისტრატურაში სწავლობს და, პარალელურად, მუშაობს, უმცროსი კი - ჯერ სკოლის მოსწავლეა.

მანანა, 44 წლის:

- 17 წლის ასაკში სიყვარულით შევქმენი ოჯახი. მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და პირველ კურსზე რომ ჩავაბარე, იმ წელს ვიქორწინეთ. ჩემი მეუღლე 7 წლით იყო ჩემზე უფროსი. თავიდან შვილის გაჩენაზე არც მიფიქრია, მინდოდა, სწავლა დამემთავრებინა. მერე მუშაობაც დავიწყე. პედაგოგი ვარ და გავაცნობიერე, რომ შვილი ძალიან მინდოდა, მაგრამ ფეხმძიმედ ვერ ვრჩებოდი. ყველა ქალს უნდა, დედა გახდეს. ბუნებრივია, ეს მეც მინდოდა. დრო გადიოდა და ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი.

ამის შემდეგ დავიწყეთ ცოლ-ქმარმა ექიმებთან სიარული. მითხრეს, რომ შვილი არ გვეყოლებოდა, შეუთავსებლობა გაქვთო. ეს თავზარდამცემი ამბავი იყო ჩემთვის, ძალიან მძიმე. სულ ტირილში ვათენებდი და ვაღამებდი. დავდიოდით მოსალოცად სხვადასხვა ტაძარში, მაგრამ ჩვენი სურვილი აუსრულებელი რჩებოდა.

როცა დედამთილმა გაიგო, შვილი არ გვეყოლებოდა, მას მერე დაიწყო სახლშიც პრობლემები. ვხედავდი, არ უნდოდა უშვილო რძალი და ცდილობდა კიდეც ჩვენი ოჯახის დანგრევას. ჩემი ქმარი თავიდან უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ რამდენჯერმე მისი ნათქვამის გამო ცოლ-ქმარმაც ვიჩხუბეთ. შვილს უჩიჩინებდა, გამშორებოდა და სხვა შეერთო ცოლად. ასეთ დამოკიდებულებას ისე განვიცდიდი, ნერვიულობის ფონზე ლოგინადაც კი ჩავვარდი. არც ჩემი მშობლებისთვის დამიმალავს ეს ამბები და რამდენიმე თვე დედასთან ვიყავი. მერე ჩემმა ქმარმა მომაკითხა და ისევ უკან წამომიყვანა. მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი. ახლობლები იმასაც მირჩევდნენ, ბავშვი გვეშვილებინა, მაგრამ ამის გაგონება არ მინდოდა...

ერთ დღეს, დედაჩემი მოვიდა ჩემს სახლში და მითხრა, სიზმარი ვნახე და ბავშვი უნდა ვიშვილოთ, ამის შემდეგ შენ შენი ბიოლოგიური შვილიც გაგიჩნდებაო. მეგონა, მოიგონა ეს ამბავი და ამ გზით ცდილობდა ჩვენი ოჯახის შენარჩუნებას და აყალმაყალის მოგვარებას. ხედავდნენ, რა ცუდად ვიყავი და ვიფიქრე, გამოსავალს ჩემები ასე ეძებენ-მეთქი. ჩემი მეუღლე თანახმა იყო, ბავშვი აგვეყვანა, ბევრჯერ მითხრა, გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ მე მაინც ვყოყმანობდი.

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში დედაჩემმა და ჩემმა რძალმა სახლში ჩვილი მომიყვანეს. ეს საოცარი დღე იყო, ახლაც მახსოვს, მთელი სხეული სიხარულისგან როგორ მიკანკალებდა, ვტიროდი და ხელში მეჭირა პატარა ბიჭი. საოცარი გამოხედვა ჰქონდა, ახალშობილი, პატარა, უსუსური და ვიგრძენი, როგორ მინდოდა მისი გაზრდა. ასე აღმოჩნდა ჩემი ბიჭი ჩემს ოჯახში, სახელი ჩემი მეუღლის შერჩეულია, ზვიადი დაარქვა. როგორც მერე გავარკვიე, ჩემი მეუღლე წინასწარ ყველაფრის საქმის კურსში იყო და მე მიმალავდნენ, რადგან ეშინოდათ, ბავშვის შვილება რომ არ გამოსულიყო და ამ ამბავს მერე ჩემზე ცუდად არ ემოქმედა... დედის ვინაობით არც დავინტერესებულვარ. არ მინდოდა, მცოდნოდა მისი მშობლების ვინაობა.

იმ დღიდან ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ჩემს პატარას ერთად ვზრდიდით. 9 წლის იყო ბავშვი, როცა გავიგე დედამისის ვინაობა და ამის შემდეგ ძალიან ავფორიაქდი.

- რატომ?

- გავიგე, რომ ბავშვი ჩემი მეზობლის დისშვილის შვილი იყო. სტუდენტი გოგო ვიღაცამ შეაცდინა და მისმა ოჯახმა ბავშვი გააშვილებინა. ეს გოგო ორსულობის ბოლო თვეებში ჩემს მეზობელთან, დეიდასთან ცხოვრობდა, თურმე, და მეზობელმა უთხრა დედაჩემს, მანანა ხომ არ იშვილებსო. იცოდა, შვილის არყოლას როგორ განვიცდიდი. დედამ ჩემ გარეშე დაიბარა ჩემი ქმარი, გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის არ ეთქვათ, მოილაპარაკეს და ასე მომიყვანეს სახლში ჩემი ბიჭი. მერე სულ იმის მეშინოდა, რომ ეს ამბავი მაინც გასკდებოდა და ბავშვი გაიგებდა. არ ვიცოდი, ამ ამბავს როგორ მიიღებდა და ამიტომ, სულ ვცდილობდი ბავშვი ჩემი მშობლების სახლში ჩემ გარეშე არ წასულიყო. იქ მარტო არ ვტოვებდი. სათამაშოდ რომ წავიდოდა, სულ დავდევდი, არ მინდოდა, სხვისგან გაეგო ეს.

მერე ისიც გავიგე, რომ ბიოლოგიური დედა გათხოვილი იყო და შვებით ამოვისუნთქე, ვიფიქრე, ახალი ოჯახი აქვს და არ მოუნდება ამ ამბის გახმაურება-მეთქი. ჩემი რძლისგან შევიტყვე, რომ შვილებთან ერთად ეს გოგო დეიდასთან დადიოდა და ამიტომ ვარიდებდი ჩემს შვილს იქაურობას. ერთი-ორჯერ დავიჭირე მისი მზერა, როგორ უყურებდა ჩემს შვილს და როცა ვიგებდი, რომ ის იქ სტუმრად იყო, ზაფხულში, ბავშვი სხვაგან მიმყავდა და ჩემებთან არ მივდიოდი.

11 წლის იყო ზვიადი, მოულოდნელად ფეხმძიმედ რომ დავრჩი, ეს უფლის საოცრება იყო. ყველაფერზე ხელი ჩაქნეული რომ გაქვს და უცებ იგებ ფეხმძიმობის ამბავს. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მართლა უფლის სასწაული მოხდა და მეორე ბიჭი გამიჩნდა. ძალიან ბედნიერები ვიყავით მთელი ოჯახი, ზვიადი უვლიდა თავის ძმას, სულ ოცნებობდა, და ან ძმა ჰყოლოდა და ეს რომ აუსრულდა, ყველაფერში მეხმარებოდა. არც ეჭვიანობდა, პირიქით, სულ ეფერებოდა. ძალიან ბედნიერი დედა ვიყავი, ორ შვილს ვზრდიდი. არც ფინანსური პრობლემები გვქონია და რომ იტყვიან, ჩემს შვილებს ცივ ნიავს არ ვაკარებდი.

- არც გიცდიათ შვილისთვის გეთქვათ, რომ ნაშვილები იყო?

- მე და ჩემს მეუღლეს გადაწყვეტილი გვქონდა, გარდატეხის ასაკის შემდეგ გვეთქვა ბავშვისთვის ეს ამბავი, მაგრამ ამაზე რომ დავფიქრდებოდი, ვხედავდი, ფიქრიც არ მინდოდა. ერთ დღეს, როცა ორი ბავშვით ჩემს მშობლებთან წავედი, მეზობელმა ქალმა მითხრა, რა იქნება ბავშვები ერთმანეთს რომ იცნობდნენ, გავაცნოთ ზვიადს თავისი ბიოლოგიური და-ძმა და ვუთხრათ ეს ამბავიო. კატეგორიული წინააღმდეგი წავედი, დავემუქრე კიდეც, თუ ამას ჩემი შვილი გაიგებს, იცოდე, მოგკლავ-მეთქი. ისე ვთქვი ეს სიტყვები, მივხვდი, ამის გამკეთებელიც ვიყავი.

- იმის გეშინოდათ, რომ შვილი მიგატოვებდათ?

- სულ იმის მეშინოდა, რომ ბავშვი ვერ გამიგებდა და შეიცვლებოდა ჩემ მიმართ. ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, ჩემს შვილს გული სტკენოდა და ედარდა. თქვენ არ იცით, როგორ გავზარდე, გვერდიდან არ მომიშორებია, არასოდეს. ძალიან კარგი მეგობრები ვართ დღემდე და საოცარი დედაშვილობა გვაქვს. ამიტომ ამას სულ გავურბოდი, სულ იმის მეშინოდა, რომ ურთიერთობაში რაღაც ბზარი გაჩნდებოდა. ჩემმა მეუღლემაც გააფრთხილა ის ოჯახი, ეს ამბავი ბავშვისთვის არ ეთქვათ და დრო დადგებოდა, როცა პირადად ჩვენ ვეტყოდით. მეუღლეც ძალიან განიცდიდა. ისიც შევიტყვეთ, რომ ის გოგო ქმარს გაშორებული იყო და მარტო ზრდიდა მცირეწლოვან შვილებს. ეკონომიკურად უჭირდა და ფულიც შევთავაზე, ოღონდ თავი დაენებებინა ჩვენთვის.

- ამას დათანხმდა? ბავშვი რომ გააშვილა, მაშინაც ფული გადაუხადეთ?

- მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ასეა. ჩემმა მეუღლემ მას ფული გადაუხადა მაშინაც, როცა ახალშობილი წამოვიყვანეთ და მერეც გარკვეული თანხა მისცა, რომ თავი დაენებებინა ჩვენთვის და კატეგორიულად გააფრთხილა კიდეც. ცოტა ხანი მართლაც არავინ გამოჩენილა, შემდეგ მოხდა დიდი ტრაგედია, მოულოდნელად ჩემი მეუღლე ავტოავარიაში დაიღუპა და დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილები.

ძალიან განადგურებული ვიყავი. ჩემს ქმარს ვგლოვობდი, როცა მორიგი მუქარა გაისმა. ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ დამირეკა და მითხრა, ჩემი შვილისთვის სიმართლე მეთქვა, თუ არადა - ის ეტყოდა. მზად ვიყავი, ყველა ხერხისთვის მიმემართა, ოღონდ თავი დაენებებინა და ისევ თანხა შევთავაზე. მერე გავიგე, რომ ეკონომიკურად ჩემი მშობლებიც ეხმარებოდნენ. ამჯერად მე ფულის მიღებაზე უარი მითხრა.

არ ვიცი, ამდენი წლის შემდეგ რატომ მოუნდა ბავშვისთვის ამის თქმა. მოსვენებაც დავკარგე, სამსახურში ვეღარ დავდიოდი, ძალა აღარ მქონდა. ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში და სულ ვტიროდი. ბავშვები სახლში რომ ბრუნდებოდნენ, სულ მეკითხებოდნენ რა მჭირდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ვერაფერს ვეუბნებოდი მათ.

- თქვენ თავის დროზე გაშვილების დოკუმენტი შედგენილი გქონდათ?

- ოფიციალურად არაფერი გაკეთებულა. როცა იმ ქალმა იმშობიარა, პირდაპირ სამშობიაროდან ჩემთან წამოიყვანეს ბავშვი და დაბადების მოწმობაც გაკეთდა. ხელწერილი კი დააწერინეს, რომ ბავშვზე უარს ამბობს, მაგრამ ეს არ იყო ნოტარიულად გაფორმებული და დამოწმებული. ეს ხელწერილი დედაჩემს ახლაც შენახული აქვს.

ახლა რა მიზანი აქვს, არ ვიცი. ქმარს გასცილდა და ორი შვილი ჰყავს. ახლა ამბობს, მაშინ შეცდომაში შემიყვანეს და ბავშვი ისე გამაშვილებინესო. უნდა, რომ ბავშვმა დედის ვინაობა გაიგოს.

- თქვენმა შვილმა ეს ამბავი დღემდე არ იცის?

- ნამტირალევს რომ მხედავდა, მეფერებოდა და მეკითხებოდა, დედიკო, რა გჭირს, რამე ხომ არ გტკივაო?.. ვხედავდი, ისიც როგორ განიცდიდა ჩემს ცუდად ყოფნას და პატარა შვილი სკოლაში რომ იყო, ერთ დღეს დავსხედით ერთად და ყველაფერი მოვუყევი. ძალიან გამიჭირდა მოყოლა, ცუდად გავხდი, სულ მამშვიდებდა, ბოლოს მომეხვია და მითხრა, - შენ ამაზე არ იდარდო, დედაჩემი შენ ხარ, ნუ გეშინია, მე შენი შვილი ვარ და არ მაინტერესებს მისი ვინაობა, გპირდები, ის ჩემამდე ვერასოდეს მოვაო.

ამის შემდეგ იმას განვიცდი, ბავშვი ხომ არ დადარდიანდება და გული ხომ არ ეტკინება. რამე ცვლილებას ამ დრომდე ვერ ვატყობ. ისეთივე მოსიყვარულე და თბილი შვილია, ყველანაირად გვერდში მიდგას. ამ თემაზე უკვე აღარ ვსაუბრობთ. ჩვენს ურთიერთობაში ცვლილებას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, მთელი ცხოვრება ასე იქნება. ის არასოდეს გამირჩევია ბიოლოგიური შვილისგან, მას უფრო დიდ სიყვარულს ვაძლევდი და ასე იქნება მუდამ, სანამ ცოცხალი ვიქნები.

ამ საიდუმლოს გამხელის შემდეგ მეც დავმშვიდდი და ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდა. ჩემს შვილს საცოლე ჰყავს, არაჩვეულებრივი გოგონაა. მალე დაქორწინდებიან. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ჩემი შვილები კარგად იყვნენ და ჯანმრთელები იყვნენ.

მან იცის რეალური დედის ვინაობაც და შეუთვალა, არ გაბედოთ ამ საკითხზე ჩემთან საუბარი, სხვა დედა არ მყავს და არც მეყოლებაო.

ვფიქრობ, პრობლემა მოგვარდა, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ყველა დედას ვურჩევ, ბავშვს ეს ამბავი თავიდანვე არ დაუმალონ და სიმართლე ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ, პატარა ასაკიდანვე უთხრან. ვფიქრობ, ასე ნაკლებად მტკივნეული იქნება ბავშვისთვის ამ ამბის გადატანა და რაც მთავარია, უანგარო სიყვარული მივცეთ, რომ ეს სითბო სულ თან სდევდეს შვილებს. ძალიან ჭკვიანი და გონიერი შვილი მყავს, განათლებული და წარმატებულია. უდიდესი დარდი მომეხსნა და ახლა უფრო მშვიდად ვცხოვრობ, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები ბებია.

ჩემს შვილებთან ძალიან ახლოს რომ ვიყავი, ვფიქრობ, ამ ფაქტორმაც მიშველა.

(სპეციალურად საიტისთვის)