"ამჟამად რუსები ისე ომობენ, როგორც ველოდებოდით" - რას წერს BBC - კვირის პალიტრა

"ამჟამად რუსები ისე ომობენ, როგორც ველოდებოდით" - რას წერს BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს მასალას სათაურით - "ამჟამად რუსები ისე ომობენ, როგორც ველოდებოდით": დასავლელი ექსპერტები რუსეთის არმიის მოქმედების შესახებ".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე ისე მოქმედებდა, რომ, ფაქტობრივად, საკუთარ დოქტრინას ეწინააღმდეგებოდა, დონბასში ბრძოლების დროს მისი მოქმედება გამოსწორდა. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამჟამად რუსეთის არმია ომობს ისე, როგორც სპეციალისტები ელოდებოდნენ ანუ სამხედრო ოპერაციები იგეგმება და რეალიზდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ომში გარდატეხა მოხდება? როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი ტიპის ომის მომსწრენი გავხდებით?

დასავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კიევზე რუსეთის არმიის ჩაფუშული შეტევა არ უნდა იქნეს განხილული ისე, რომ თითქოს რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანი არ არის, იმიტომ, რომ კიევზე შეტევას უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე - სამხედრო.

"ამჟამად ისინი იბრძვიან ისე, როგორც მოველოდი. რასაკვირველია, სისუსტეები ისევ ჩანს, მაგრამ ახლა რუსები საერთო-საჯარისო ხასიათის ბრძოლას ეწევიან, უკეთ იყენებენ ქვეით ქვედანაყოფებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და არტილერიას", - ამბობს "ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში რობ ლი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. მისი თქმით, "საკვირველია, რომ რუსები ომის დასაწყისში საკუთარი სამხედრო დოქტრინის დებულებებს არ იცავდნენ, არ აკეთებდნენ ისე, როგორც იწრთვნებოდნენ და არ იყენებდნენ იმ გამოცდილებას, რაც სირიაში მიიღეს".

საერთო-საჯარისო ბრძოლები გულისხმობს იმას, რომ სამხედრო ოპერაციის დროს მტკიცე კოორდინაციაა სხვადასხვა სახის ჯარების - ქვეითების, სატანკო, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, დრონების, არტილერიისა და ავიაციის ქვედანაყოფებს შორის. ისინი ერთობლივად მოქმედებენ.

"ომის პირველ ეტაპზე რუსეთის არმიას პოლიტიკურ ამოცანა ჰქონდა"

"უკვე ივნისის შუახანებისათვის რუსეთის არმია თითქმის ისე მოქმედებს, როგორც მისგან ელოდნენ", - აღნიშნავს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამების დირექტორი. "თავდაპირველად რუსეთის არმიას პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა - ეს იყო ოპერაცია უკრაინაში რეჟიმის შეცვლისათვის, საერთო-საჯარისო ბრძოლების გეგმების გარეშე. ამიტომაც არმიამ მძიმე დანაკლისი განიცადა და საკმაო დრო დასჭირდა ძალების მოკრებას", - ამბობს მაიკლ კოფმანი "ბი-ბი-სისთან“ საუბარში, - "აშკარაა, რომ ომის პირველი თვეების ბრძოლებში რუსეთის არმიის პოტენციალი მთლიანად არ გამოხატულა, რადგან კამპანიას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. ახლა კი, როცა ომის დაწყებიდან ას დღეზე მეტია გასული, ჩვენ უკვე სრულიად სხვა მონაცემები გვაქვს, რომ ობიექტური შეფასებები გავაკეთოთ".

ექსპერტის თქმით, ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთის არმიამ ტესტი ფართომასშტაბიან შეტევაზე ვერ ჩააბარა. ეს დღესაც იგრძნობა დონბასის ბრძოლებში. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მშვიდობიან დროს არმიის შესაძლებლობის შეფასება ასეთი სახის შეტევის უნარზე ძნელია და მას მხოლოდ რეალური ომის დროს თუ დაინახავ. და მაინც, მინუსების გარდა, ისიც შესამჩნევია, რომ რუსეთის არმიამ მცირე ფრონტზე ბრძოლების "გასაღები" მონახა.

რა შეიცვალა დონბასის ბრძოლებით?

"ორი თვის ბრძოლების შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვამჩნევთ რუსეთის არმიის მოქმედებაში. წინა შეფასებები ნაადრევი, ზედაპირული და, ჩემი აზრით, მცდარი აღმოჩნდა. ცხადია, რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად დიდი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ამ შეცდომების ინტერპრეტირება არასწორად მოხდა. მე, მაგალითად, დასკვნების გამოტანას არ ვჩქარობდი და სხვებსაც ვაფრთხილებდი - მოერიდეთ-მეთქი", - ამბობს მაიკლ კოფმანი.

"ომის პირველი სამი თვის განმავლობაში გაისმოდა აზრი, რომ რუსეთის არმიას საერთო-საჯარისო ბრძოლების წარმოება არ შეუძლიაო, რაც შეცდომა იყო", - ხაზს უსვამს რობ ლი, - "რუსები, უბრალოდ, ამას არც ცდილობდნენ, რადგან სხვა ბრძანებას ასრულებდნენ".

დონბასის ბრძოლების დროს რუსეთის ჯარები სულ უფრო მეტად ახდენენ დაზვერვის, ქვეითების, არტილერიისა და ავიაციის კოორდინირებას. არავინ ამბობს, რომ რუსები ავიაციას აქტიურად იყენებენ. ყველა ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში ვერ ბატონობსო, მაგრამ სინამდვილეში მას დონბასში ანუ იქ, სადაც იბრძვის, უპირატესობა ნამდვილად გააჩნია.

მართალია, რუსეთის ავიაცია უკრაინის პოზიციებს შორიდან ესვრის რაკეტებს, რადგან უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ არ შენიშნოს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ავიაციის მოქმედება უკრაინის არმიას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

ოფიციალურად, კიევი თავის ზუსტ დანაკარგს არ ამჟღავნებს, მაგრამ როგორც ჯერ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, შემდეგ კი მისმა მრჩეველმა - მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, ბოლო კვირებში უკრაინის არმია ყოველდღიურად ასეულობით ჯარისკაცს კარგავს. კიდევ ერთმა მრჩეველმა - ალექსი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ ომში უკვე 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპაო.

რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს: ოფიციალურად ამაზე მოსკოვს მარტის შემდეგ არაფერი უთქვამს, როცა 1351 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით კი, ივნისის დასაწყისისათვის რუსეთმა უკრაინასთან ომში, დაახლოებით, 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ომი ძალების გამოფიტვამდე?

"კიდევ ერთ სფეროს, სადაც ექსპერტები უკეთესობას ხედავენ, რუსეთის არმიის ქვეითი ქვედანაყოფების მოქმედება წარმოადგენს. თუ ისინი ომის პირველ ეტაპზე ქალაქების დაკავებას მათში პირდაპირი, მთლიანი შესვლით ცდილობდნენ (ტანკებთან ერთად), ახლა ისინი ჯავშანტექნიკას უკან იტოვებენ, დამხმარეს სახით, ქალაქებში კი შედიან საზღვაო ქვეითები, სადესანტო ქვედანაყოფები, "სპეცრაზმი" და სადაზვერვო ჯგუფები", - აღნიშნავს რობ ლი.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია ცდილობს, ძველი შეცდომები არ გაიმეოროს, მას მაინც თან სდევს იმ წარუმატებლობის შლეიფი, რაც პირველ ეტაპზე განიცადა. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო მოსკოვს უხდება, როგორც მოხალისეთა კონტინგენტისა და ე.წ. კონტრაქტნიკების, აგრეთვე - თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის მოლაშქრეთა აქტიური გამოყენება.

"რუსეთის ძალები არ იყვნენ მომზადებულნი გაჭიანურებული ომისათვის", - ამბობს მაიკლ კოფმანი, - “ამიტომაც ისინი ახლა პირადი შემადგენლობის უკმარისობას განიცდიან, პირველ რიგში, ეს ეხება ქვეითებს. გარდა ამისა, ომმა აჩვენა, რომ ზოგიერთი სახეობის ჯარის პერსონალის საბრძოლო მომზადების დონე საკმაოდ დაბალია".

საბოლოო ჯამში, რუსეთის გენერალურ შტაბს მხოლოდ ერთი ვარიანტი დარჩა - უკრაინასთან ომი გამოფიტვამდე აწარმოოს, რადგან მას შეტევითი მანევრების განხორციელებისათვის რესურსები აღარ დარჩა. რუსეთი თავის ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს უფრთხილდება და მათ, ძირითადად, მხოლოდ დონბასში იყენებს, ხოლო სხვა მიმართულებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

მაგრამ რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ამის პროგნოზირება უკიდურესად რთულია. იმიტომ, რომ სიტუაციაზე ბევრი უცნობი ფაქტორი მოქმედებს: რომელ მხარეს ჰყავს უფრო მეტი რეზერვისტები? ვისი რესურსები უფრო იფიტება? ვის აქვს უფრო მეტი რეალური დანაკარგი?

"ჩემი მოკლევადიანი პროგნოზი ასეთია: ალბათ, ორივე მხარის ძალები ზაფხულის ბრძოლებში იმდენად გამოიფიტება, რომ მათ მნიშვნელოვანი ოპერატიული პაუზა დასჭირდებათ", - ამბობს მაიკლ კოფმანი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ